მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > მირქმა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მირქმა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი15-02-2017, 00:06 |
მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი ერთ-ერთია თორმეტ დიდ დღესასწაულთაგან. შობიდან მეორმოცე დღეს ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მოსეს სჯულის თანახმად, როცა ქალი მამრობითი სქესის ყრმას შობდა, ორმოცი დღის შემდეგ ჰქონდა უფლება ტაძარში შესვლისა. ოჯახი ამ დღეს ვალდებული იყო, რაიმე შესაწირავი მიერთმია ღვთისათვის. ღვთისმშობელმა და იოსებმა უფალს მადლობის ნიშნად მტრედის ორი ხუნდი შესწირეს. მიუხედავად იმისა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს განწმენდა არ სჭირდებოდა, მაინც სიმდაბლით დაემორჩილა სჯულის მოთხოვნას. იმ ხანებში იერუსალიმში ცხოვრობდა მართალი მოხუცი სვიმეონი. იგი ძველი აღთქმის წიგნებს ებრაულიდან ბერძნულად თარგმნიდა. როდესაც იესოს დაბადების შესახებ ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები ამოიკითხა, დაეჭვდა. მან ჩათვალა, რომ სიტყვა „ქალწული" შეცდომით ეწერა და მოინდომა მისი შეცვლა „ქალით", მაგრამ ამ დროს ღმერთმა მას ანგელოზის პირით აუწყა, რომ, მანამ არ გარდაიცვლებოდა, სანამ ქალწულისაგან შობილ ქრისტეს საკუთარი თვალით არ იხილავდა. ისიც ელოდა ამ დღეს. ღვთის შთაგონებით, მოხუცი ტაძარში იმ დროს მივიდა, როცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო მიიყვანეს. სვიმეონმა ხელში აიყვანა ღვთაებრივი ყრმა, აკურთხა ღმერთი და თქვა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი" (ლუკ. 1, 39). იმ დროს ტაძარში იმყოფებოდა 84 წლის ქვრივი დედაკაცი ანნა წინასწარმეტყველი. იგი ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა და ადიდებდა უფალს. ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში (ლუკ. 2, 37). ანნა და სვიმეონი ღირს იქმნენ, მიგებებოდნენ ახალი აღთქმის მომტანს - ყრმა იესოს. მირქმის დღესასწაული არის ზეიმი ადამიანის მიგებებისა, შეხვედრისა უფალთან - იესო ქრისტესთან. ეს დღესასწაული გვასწავლის, რომ ვინც სჯულის მიხედვით ცხოვრობს, მის მოთმინებას და იმედს უფალი სიხარულს, მშვიდობას და ბედნიერებას მიაგებებს.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |