მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ჭეშმარიტი ეკლესია - მართლმადიდებლურია (არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე)

ჭეშმარიტი ეკლესია - მართლმადიდებლურია (არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე)


23-03-2017, 00:07

 

 

   მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი ღვთისშემეცნება და ღვთისთაყვანისცემა, მართლმადიდებლობა არის ღმერთის სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა, მართლმადიდებლობა არის ღვთის განდიდება მისი ჭეშმარიტი შეცნობითა და მისადმი თაყვანისცემით, მართლმადიდებლობა არის ღვთის მიერ ადამიანის განდიდება, ჭეშმარიტი ღვთის - მსახურისა, ყოვლადწმიდა სულის მინიჭებით. სულიწმიდა არის ქრისტიანთა დიდება, სადაც არ არის სულიწმიდა, იქ არ არის მართლმადიდებლობა.

   მართლმადიდებლობა - სულიწმიდის სწავლებაა ღვთისაგან მონიჭებული ადამიანთა საცხოვნებლად. „ვისაც ცხონება სურს, მას უპირველესად უნდა ეპყრას კათოლიკე სარწმუნოება, ხოლო ვინც მას მთლიანად და უცვლელად არ იცავს, საუკუნოდ დაიღუპება" - ამბობს ათანასე დიდი (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი). „წმ. მართლმადიდებელი ეკლესია არის მაცხოვნებელ ნიჭთა საგანძური. ყოველივეს, რაც ცხონებისათვის გვჭირდება - მხოლოდ მართლმადიდებლობაში იპოვი. თვით უფალი მის გარეშე მადლს არ გვანიჭებს. ღმერთმა ინება ამგვარად მოწყობა. გახდა რა თავი ეკლესიისა, იგი მოქმედებს ჩვენს საცხოვნებლად მხოლოდ მისი სხეულის საშუალებით. და ნუ ეძებ ცხონების საგანძურთან სხვა მიმყვანებელ გზას, იგი არ არსებობს.

   უფალმა მაცხოვარმა, როგორც ჰიპოსტასულმა სიბრძნემ, სამჰიპოსტასური ღვთაების საიდუმლოთაგან, თვითონ მოიტანა დედამიწაზე სრული მაცხოვნებელი სიბრძნე. მაგრამ საკუთარ თავში კი არ ეპყრა იგი მოციქულებს, რომელთაც ყველ ერისთვის უნდა ექადაგათ ღვთაებრივი სიბრძნე. მოციქულებმაც გადასცეს იგი მთელ მორწმუნე სამყაროს, თავიანთ მემკვიდრეებს კი მცნებად დაუტოვეს მისი უცვლელად დაცვა. და გახდა ეკლესია სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა, რომელიც არის ეკლესიაში და იქნება ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. „გსურს შეიცნო ჭეშმარიტება? წადი მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელმაც უცვლელად დაიმარხა მოციქულთა სწავლება - და მისგან ისწავლე ჭეშმარიტება" (წმ. თეოფანე დაყუდებული).

   „ყოვლადსახიერი ღმერთი მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულების ხსნას მართლმადიდებელი სარწმუნოებით, კეთილი საქმეებითა და თავისი მადლით ახორციელებს. მართლმადიდებელი სარწმუნოება არის ის რწმენა, რომელიც ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას უპყრია და ამ რწმენის გარეშე ვერავინ ცხონდება. კეთილი საქმენი - სახარებისეული მცნებებია, რომელთა გარეშე, ისევე, როგორც მართლმადიდებელი სარწმუნოების გარეშე, შეუძლებელია ადამიანის ცხონება: მართლმადიდებელი სარწმუნოება კეთილ საქმეთა გარეშე მკვდარ არს, ისევე როგორც, კეთილი საქმენი მართლმადიდებლობის გარეშე მკვდარია. ცხონების მსურველმა უნდა შერწყას ერთიცა და მეორეც. და ამგვარად ქრისტე ღმერთის მადლით, რომელმაც ბრძანა: „რამეთუ თვინიერ ჩემსა არარა ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოან. 15, 5) – „მივაღწიოთ ცხონებას" (ღირსი პაისი ველიჩკოვსკი).

   მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების შემეცნება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მთელი ცხოვრების მანძილზე.

   „მართლმადიდებელ ეკლესიაში ისწავლება სწორედ ის სწავლება, რომელიც ღვთისაგან არის განცხადებული, როგორც წმიდა წერილში, ასევე წმინდა გადმოცემაში; რომელიც გამჟღავნდა და განმარტებულია ეკლესიის წმიდა მამათა მიერ შვიდ მსოფლიო და ცხრა ადგილობრივ კრებებზე, და რომელსაც ყოველთვის უცვლელად ეპყრა და დღესაც უპყრია მართლმადიდებლური სწავლება სრული სიწმინდითა და შეუცვლელად".



არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე 

წიგნიდან: „რა უნდა იცოდეს თანამედროვე მართლმადიდებელმა ქრისტიანმა" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება