მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო!
ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო!14-05-2017, 00:07 |
მშვიდობა და ცხონება მოგმადლოს ღმერთმა. ღვთის წყალობა და ღვთისმშობლის წილხვედრი ათონის წმიდა მთის კურთხევა იყოს თქვენ და თქვენი ოჯახის თანა უკუნისამდე. თქვენ, ღვთისმოყვარენო ი. ფ. ჩემგან სულის სასარგებლო რჩევებს ელით, მაგრამ რადგან თქვენ კითხულობთ მამებისეულ წიგნებს, თქვენთვის უცნობი არ იქნება მაცხოვნებელი სწავლება. თუმცა, მსურს რა შეძლებისამებრ შევასრულო თქვენი თხოვნა, მოგცემთ სულისათვის სასარგებლო რამდენიმე რჩევას. უპირველეს ყოვლისა, რამდენადაც სამსახური გაძლევთ ამის საშუალებას, შეეცადეთ აღასრულოთ ღვთის პირველი მცნება ღვთისა და მოყვასის სიყვარულის შესახებ. ეცადეთ განუწყვეტლივ ილოცოთ, ღვთის სიტყვისამებრ: „იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა" (მათ. 26. 41). ხშირად დაესწარით წირვა-ლოცვას, განსაკუთრებით კვირასა და დღესასწაულის დღეებში. წესად დაისახეთ მწუხრისა და ცისკრის ლოცვებზე დასწრება. და თუ შესაძლებელია, ნუ გამოტოვებთ ნურცერთ დღესასწაულს, და საერთოდ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ გახსოვდეთ ღმერთი. ყოველი საქმის დაწყების დროს მოუხმეთ ღმერთს. ყოველივე მიიღეთ მადლიერებით, როგორც ღვთის ხელთაგან, რადგან ყოველივე ღვთისაგანაა. ასევე, ლოცვის დროს ხშირად მოუხმეთ ზეციურ დედოფალსა და კაცობრიობის მფარველს, რათა ის შეგეწიოთ თქვენ და იყოს თქვენი მეოხი ღვთის წინაშე. რადგან ბევრი შეუძლია ღვთისმშობლის ლოცვას. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს ცხოვრება მოკლეა და ის სხვა არაფერია, თუ არა სამზადისი მარადიულისათვის. იმიტომ, რომ რასაც დასთესს ადამიანი ამ ცხოვრებაში, იმასვე მოიმკის მარადისობაში. იშრომეთ, სანამ დღეა, მოვა ღამე, ანუ სიკვდილი. მაშინ „მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელეწიფოს საქმედ" (იოან. 9. 4). ყველა ადამიანის მიმართ სიყვარული იქონიეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი - ერთი ზეციერი მამის შვილები ვართ. შეძლებისამებრ შეეწიეთ გაჭირვებულთ და მწუხარებაში მყოფნი ანუგეშეთ კეთილი რჩევით. შეეცადეთ ყველაფერში სარგებელი მოუტანოთ მოყვასს, დაე, ამგვარად აღსრულდეს თქვენზე სახარებისეული სიტყვები: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათ. 5, 7) იმიტომ რომ მოყვასისადმი გაწეულის ტოლფასია, მაცხოვრის სიტყვებისამებრ: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათ. 25, 40). რისი ღირსიც გაგხადოს მრავალმოწყალე ღმერთმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვით. ამგვარი გულახდილი სურვილებით გემშვიდობებით თქვენთვის მლოცველი ათონის წმიდა მთაზე.
მღვდელსქემმონაზონი იერონიმე (1841 წ.) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |