მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ეკლესია შენი და შენი შვილების დედაა!
ეკლესია შენი და შენი შვილების დედაა!21-03-2017, 00:07 |
ყრმობიდანვე შთააგონეთ შვილებს მართლმადიდებელი ეკლესიის სიყვარული
ბავშვის გული რბილი სანთლის მსგავსია, რომელიც მშობლებს შეუძლიათ საკუთარი შეხედულებების მიხედვით დაამუშაონ. ისურვებენ მისგან კეთილი ადამიანის შექმნას? - პირველი დღეებიდანვე ჩაუნერგონ კეთილი ზნე. დროის დაკარგვის შემთხვევაში ბავშვი მოექცევა ბოროტების გავლენის ქვეშ. უგუნურება კი გამოუსწორებელია. როგორც ვერ გაასწორებ მრუდე ხეს, ისე ვერ გამოიყვან უგუნური, ბოროტი, გახრწნილი ყმაწვილისაგან მაღალი ზნეობის ადამიანს. ეს უკვე ადამიანურ ძალებს აღემატება და ღვთის განსაკუთრებული მადლის საქმეა. მაშ ასე, გაუფრთხილდით თქვენი ბავშვების პირველდაწყებით აღზრდას. თავიდანვე ასწავლეთ ბავშვებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული. დაე, თქვენი ბავშვების პირველი სიტყვები იყოს ღმერთი და სიყვარული, ხოლო პირველი მეცადინეობა - ლოცვა. ყრმობიდანვე ჩააგონეთ შვილებს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი სწავლების სიყვარული. ეკლესია შენი და შენი შვილების დედაა. მიაჩვიეთ ბავშვები მარხვასა და თავშეკავებას. ნუ იფიქრებთ, რომ სამარხვო საჭმელი, როგორც მცირე კვებითი ღირებულების მქონე, მავნეა თქვენი შვილებისათვის. შეხედეთ ღვთის სათნომყოფელებს და დაინახავთ, რომ მარხვის წყალობით, ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ ჯანმრთელობით და უმტკივნეულოდ აღწევდნენ სიბერეს. შემდეგ შეხედეთ ადამიანს, რომელიც თვლის სამარხვო საჭმელს ჯანმრთელობისთვის მავნედ და ამიტომ მუდმივად ხმარობს ცხოველურ ნაწარმს. თქვენ იშვიათად ნახავთ, რომ ასეთი ადამიანი ფლობდეს სრულ ჯანმრთელობას. პირიქით, ის უჩივის კუჭის ტკივილს და ჰაერის უკმარისობას. მაშასადამე, ყრმობიდანვე მიაჩვიეთ ბავშვები თავშეკავებას.
თავიდანვე მიაჩვიეთ ბავშვები ღვთის ტაძარში გაცდენების გარეშე სიარულს
იქ მაღალი ზნეობის თესლებია, რომლებიც ჩაითესება რა ოჯახში, თქვენი ბავშვის გულში გაღვივდება, გაიზრდება და მოგვცემს კეთილ ნაყოფს. როცა, ღვთის შეწევნით, თქვენს ბავშვებს სკოლაში გაუშვებთ, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი მონაწილეობა მათ აღზრდაში ამით დამთავრდა. იცოდეთ, რომ სკოლა მხოლოდ მაშინ მოუტანს თქვენს ბავშვებს სასურველ სარგებელს, როცა ოჯახი მოამზადებს ბავშვთა გულებს სკოლაში შესასწავლი ღვთივსათნო და სასარგებლო ცოდნის აღქმისათვის; როცა ოჯახი მხარს დაუჭერს და განამტკიცებს ბავშვისათვის სკოლაში მიწოდებულ ქრისტიანულ სწავლებას. ყმაწვილობიდანვე მოარიდეთ შვილებს ყოველგვარი საცდური, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უბიწოება და გახრწნას ნორჩი გულები (საჭიროა მოძღვრის კურთხევით გადაცემების გაკონტროლება და შერჩევა). გახსოვდეთ, რომ რასაც თქვენი შვილები ისწავლიან ბავშვობაში, ყველაფერი ეს რჩება მათთან მთელი ცხოვრების განმავლობაში, მიჰყვებათ საიქიო ცხოვრებაში და იქ მრისხანე მსაჯულის საყდრის წინ დაამოწმებენ თქვენს შესახებ, რომ ბოროტად არ გამოგიყენებიათ მშობლის უფლება და მოვალეობა.
ვაი, იმ მშობლებს, ვისგანაც ბავშვები მხოლოდ ცუდს სწავლობენ!
მამებო და დედებო! იზრუნეთ, რომ როგორც კი თქვენი შვილები დაიწყებენ სიტყვების წარმოთქმას, უკვე იცოდნენ რამოდენიმე საღვთო სიტყვაც. ყოველ დილა-საღამოს მიეჩვიონ პირჯვრის გამოსახვასა და ლოცვას, რამდენსაც შეძლებენ, ორი-სამი მუხლმოდრეკაც საკმარისი იქნება. მთავარია მშობლები ასწავლიდნენ ბავშვებს ლოცვას საკუთარი მაგალითით. ბავშვები მეტად მიმბაძველნი არიან. ვაი, იმ მამას, რომლისაგანაც შვილი გადაიღებს მხოლოდ ბილწსიტყვაობას, ხოლო ლოცვას - არცერთს! ვაი, იმ დედას, ვისგანაც მისი ქალიშვილი ისწავლის მხოლოდ უსირცხვილო სიმღერებს, ხოლო ყველაზე აუცილებელი - ლოცვების სწავლისათვის არ იზრუნებს! ღვთის წინაშე ისინი საშინლად აგებენ პასუხს. ახლა ასეთი აღზრდა, სამწუხაროდ, არაა იშვიათი. ამჟამად აქებენ არა იმ ვაჟს, რომელიც ხშირად დადის ტაძარში და იცის ბევრი ლოცვა, არამედ იმას, რომელსაც შეუძლია სხვების სიტყვაში მოგება, გამოლანძღვა, დაცინვა, წყენინება. ახლა ქებაშია არა თავმდაბალი, წყნარი და მორცხვი გოგონა, არამედ ენაწყლიანი, ჩქარი და სიმღერების კარგად მომღერალი... საბრალო აღზრდა! შეძლებენ კი მათი მშობლები აგონ პასუხი შვილების ასეთი აღზრდისათვის?!
როგორ აღვზარდოთ ბავშვები?
წმ. ეპისკოპოსი თეოფანე ამბობს: დაუდევრობა შვილების მიმართ არის უდიდესი ყველა ცოდვათა შორის და უკიდურესი ხარისხი ურჯულოებისა... ერთი დედა, დროებით გადაყვანილი იმქვეყნიურ ცხოვრებაში, დაისაჯა უფრო მეტად თავისი ვაჟიშვილის, ვიდრე თავისი ცოდვების გამო... ბავშვებს უნდა ვაპატიოთ ცელქობა და უყურადღებობა და არა ბოროტება და მზაკვრობა... იმ შვილებისაგან, რომელთა ატირებისაც ეშინიათ მათი ცუდი საქციელის გამო, შემდგომში ხშირად თვითონ მშობლები ხდებიან იძულებულნი, იტირონ... აღზრდაში არ მოგვეთხოვება არც ზედმეტი სირბილე, არც ზედმეტი სიმკაცრე. მოგვეთხოვება გონიერება... ის კი არ არის გონიერი, ვისაც დასჯა შეუძლია, არამედ ის, ვისაც ცუდი საქციელისაგან დაცვა შეუძლია... შენს ვაჟიშვილს დაუტოვე არა სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი, არამედ ქრისტიანული სიბრძნე; არა მდიდრული სახლი, არამედ მოთმინების ნიჭი; არა წარჩინებული, არამედ კეთილი და მორწმუნე მეგობრები (წმ. იოანე ოქროპირი).
მშობლებმა შვილის მთელი ცხოვრება უნდა შეავსოს ეკლესიური ჩვევებით
ეპისკოპოს თეოფანეს აზრით, ამ ჩვევებს მიეკუთვნება: ბავშვების ხშირი ტარება ტაძარში, ჯვრის, ხატების, სახარების, ამბორისყოფა, ხშირი პირჯვრის გამოსახვა, წმინდა წყლის სხურება, საკმევლის კმევა, ჯვრის გადასახვა აკვანზე, საჭმელზე და ყველაფერზე რასაც ბავშვი ეხება, მოძღვრისაგან კურთხევის აღება, ლოცვები... ხდება, ხოლმე, რომ მოიყვანს დედა შვილს საზიარებლად ტაძარში და წინდაწინ არაფერს ეუბნება არც ღმერთზე, არც იმაზე, თუ სად და რისთვის მიიყვანა. დგას დედა, ლოცულობს და ბავშვს სრულებით არ აქცევს ყურადღებას - დარბის, თუ ზურგით დგას ხატებთან, თუ ათვალიერებს გვერდით მდგომთ. უდიდესი სიმდიდრე, რაც შეიძლება ჩვენს შვილებს მივცეთ, არის ის, რომ კარგად აღვზარდოთ, რათა ისინი ზნეკეთილნი იყვნენ.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |