მთავარი > ქრისტიანული ოჯახი > ჭეშმარიტი ქრისტიანული მეუღლეობა და როგორია ის ჩვენთან
ჭეშმარიტი ქრისტიანული მეუღლეობა და როგორია ის ჩვენთან25-10-2012, 12:48 |
ცოლ-ქმარს საკუთარი სხეულივით უნდა უყვარდეთ ერთმანეთი; უნდა ჰქონდეთ ყველაფერში ნდობა და გულწრფელობა; ერთად უნდა გაიზიარონ ცხოვრებისეული სიხარული და მწუხარება; წმინდად შეინახონ ცოლ-ქმრული ერთგულება; საერთო ძალებით იშრომონ ქრისტიანულ რწმენასა და კეთილზნეობაში სრულყოფისათვის; თუ ბავშვები ჰყავთ, იზრუნონ მათ ჩაცმა-დახურვაზე, კვებაზე, აღზრდაზე ჭეშმარიტი სარწმუნოებითა და ქრისტიანული კეთილზნეობრივი ცხოვრებით. დიდებულად აღწერს ქრისტიანული ეკლესიის ერთი ძველი მასწავლებელი ჭეშმარიტ მეუღლეობრივ ცხოვრებას: „როგორი სასიამოვნოა ორი გული შეერთებული ერთი იმედით, ერთი სწავლებით, ერთი კანონით!.. არ არის მათ (მეუღლეებს) შორის არავითარი უთანხმოება არც სულში და არც ხორცში... ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად ასრულებენ მუხლმოდრეკას, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს რჩევა-დარიგებას აძლევენ, ერთად დადიან ეკლესიაში, ერთად ითმენენ დევნას, ერთად ტკბებიან სიმშვიდით... ერთად გალობენ ფსალმუნებს და ერთმანეთს აღაგზნებენ ღვთის სადიდებლად" (ტერტულიანე). ასეთი უნდა იყოს ცოლ-ქმრული ცხოვრება, მაგრამ რას ვხედავთ სინამდვილეში? აი, როგორ მეუღლეობას აქვს ადგილი ჩვენთან: ორი პიროვნება წუთიერი გატაცებით ან რაიმე მოუფიქრებელი ანგარიშით ქორწინდება ერთმანეთზე. ჯვარს იწერენ უფროსებთან შეუთანხმებლად და რა ხდება შემდეგ? ცხოვრობენ ერთი-ორი წელი, გაწბილდებიან ერთმანეთზე და ისევ გაიყრებიან, არც კი მოიკითხავენ ერთმანეთს. ან კიდევ, შემოიღეს რაღაც „სამოქალაქო ქორწინება". ღმერთო დაგვიფარე ასეთი უსახო ქორწინებისაგან! მაგრამ კანონიერ ოჯახებშიც არ გვაქვს უკეთესად საქმე. ჩვენს ოჯახებში ერთმანეთს შორის ისმის მხოლოდ ფუჭი კამათი, ურთიერთ დადანაშაულება, გინება, ჩხუბი, ყვირილი, ტირილი და მისთანანი. ეს ყველაფერი ხდება ყოველდღე ბავშვების თვალწინ, მეზობლებისა და თითქმის მთელი სოფლის გასაგონად... ნუთუ არ არსებობს ჩვენს შორის ჭეშმარიტად ქრისტიანული ოჯახი? მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს შორისაც არის ბედნიერი ცოლ-ქმრობა, - ოღონდ ცოტა. დავივიწყეთ ღმერთი, არ ვასრულებთ მის წმინდა კანონს და აი, უფალი გვსჯის ხან ერთი, ხან მეორე განსაცდელით. გვსჯის სხვათა შორის ოჯახური უბედურებებითაც.
გაზეთ „ხარებას" ბიბლიოთეკიდან უკან დაბრუნება |