მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა
კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა20-05-2017, 00:07 |
"გამარჯვებაო” რამდენჯერმე ვუთხარ დიდს, საზარელს კლდეს, მაგრამ ყური არ მიგდო, იდგა თავისთვის დინჯად, ყურსაც არ იბღერტყდა, თითქოს ბუზიც არ აჰფრენოდეს. - ხომ არ გეძინა, შავ-კლდეო, ბოღმა-ნაღველით შედედებულო, უბედურო, უდაბურო, გულღრძუვო! – გავუმეორე კვალად, - კაცი ვარ, სალამს გაძლევ, რატომ ბოდიშს არ იხდი?... - ბოდიში? - სთქვა კლდემ და შუბლშეკრულმა გადმომხედა მაღლიდან, - რას ეძახით კაცნი ბოდიშს? ... ჰო, ვიცი, ვიცი... ერთმანეთს სულ მუდამ დღე გამარჯვებას ეუბნებით ენით, ხოლო საქმით ერთურთის დაღუპვაზე სდგეხართ. კლდე იმით არის კლდე, რომ ენას არ ალაკლაკებს წაღმა-უკუღმა. როგორ გაგეხარდებოდა, როგორ მადლობელი იქნებოდი, როგორ ქება-დიდებით მომიხსენებდი, შენს "გამარჯვებაზე” გაგიმარჯოს, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, თავს შემოგევლეო, რომ მეთქვა, არა? უმეცარო! არ გესმის, გამოუცდელი ხარ, ჯერ ბევრი რამ გაკლია, ბევრისაგან ბევრი... - ჩვენ კაცნი ამას ზრდილობას ვეძახით. ბოდიშის მოხდა ვალად გვაქვს ადამიანის შვილთა. - ჰმ, ჰმ, ჰმ! - გაიღიმა უგემურად, - უზრდელთ ვინ მოგცათ ზრდილობა?! ერთმანეთს სჭამთ, ერთმანეთსა ჰჟლეტთ. ვითომ კლდე ბრიყვია, არ იცისო, გგონიათ? ვიცი, ყრმაო, ვიცი! დიდი ხანია აქედან დავყურებ ქვეყანას... რაც იქ სისხლი და ცრემლი დაღვრილა და იღვრება, აქ ჩემს გულში გუბდება, აქა გროვდება. ბუნებაში ჩემზე უშნო ერთი ქმნილებაც არ გგონიათ. მთას რომ უცქერით კაცნი, მე მუდამ თვალს გადამაცილებთ თავზე, რათა ჰპოვოთ რამ სხვა თვალისათვის საამური – ყვავილი, ბალახი და სხვა. უნდა გაიცნოთ ჩემი გული, უნდა ჩაიხედოთ შიგ, იქნება მაშინ აღარ გეუშნოვოთ, აღარ შემიჯავროთ. თუ ვინმე სასოებამიხდილი, თავმობეზრებული დამადგება თავსა და ამბობს: აქედან უნდა გადავვარდე, რომ მოვრჩე ტანჯვას, მოვისპო სიცოცხლეო, - თვალებსწინ საზარელს სურათს დავუყენებ სიკვდილისას, ვაგრძნობინებ – ნუო; დაიშლის – ხომ კარგი, არა და – ჩემს კალთაზე სიკვდილს ჰპოვებს. იმის სულის დალევის წამი გულში ჩამეწვეთება და ტანჯვად მექცევა. მე რას ვიტყვი ისეთს, შენც არ შეგეძლოს იმისი თქმა? - რისა, მაგალითად? - მხოლოდ სამი სიტყვისა: გიყვარდეთ კაცნო, ერთმანეთი! შენ გგონია, საკვირველს, ახალს რასმე გასწავლი და ან ვასწავლი ქვეყანას? ხოლო ამ სიტყვებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, შინა და კარში ეს ხმა უნდა ისმოდეს, პირველი მცნება ეს უნდა იყოს, დედა ამას უნდა ჩასჩიჩინებდეს შვილს აკვანში, ისე გამუდმებით, რომ ეს ჩაძახილი ვეღარა გზით ვერ ამოიშალოს ადამიანის გულიდან, როგორც ჩემს მკერდზე ვერაფერი ამოჰშლის წყალთა და ზვავთა ნაკვალევს. ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, ის პატარა ბუშტი ლეშისა, რომელსაც თქვენ გულს ეძახით, იქცეს ერთ, მხოლოდ ერთ სიტყვად – გიყვარდეს. სთქვა ეს და სდუმდა. მერე კიდევ მოვდივარ ხშირად კლდესთან იმ იმედით, რომ გამოვესაუბრო, მაგრამ ამაოდ. დიაღ, ამაოდ, აღარ იღებს ხმას და აღარც მეჩვენება. გადიცვამს ტანზე ჯავშნად შავს ჯანღს და მემალება.
ვაჟა - ფშაველა Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |