მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ადამის ცოდვა ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილებისა და დეკანოზ ი. მეინდორფის სწავლების მიხედვით

ადამის ცოდვა ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილებისა და დეკანოზ ი. მეინდორფის სწავლების მიხედვით


12-02-2017, 00:07

 

   მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა წერილის, კერძოდ, წმ. პავლე მოციქულის სწავლებისამებრ აღიარებს, რომ ადამის ცოდვის შედეგად ცოდვა „სოფლად შემოვიდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5, 12). ე.ი. პიროვნული დანაშაული არ უნდა ვეძებოთ ადამიანში, ვინაიდან ადამის ცოდვის შედეგად დაეუფლა კაცობრიობას სიკვდილი, ადამში შევცოდეთ ყველამ. ამგვარ დაცემულ მდგომარეობაში მყოფი პირველი ადამიანები შობდნენ შვილებს, მათი შვილები ჩასახვისთანავე ხდებოდნენ წინაპართა ცოდვებისა და უსჯულოების ზიარნი (ფს. 50. 7). წმ. თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს წმ. პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლის აღნიშნულ სიტყვებს და დასძენს: „ცოდვა და სიკვდილი სამყაროში ერთი ადამიანისაგან - ადამისაგან შემოვიდა და კვლავ ერთი ადამიანით - ქრისტეში იქნება ძლეული". რას ნიშნავს სიტყვები: „რომლითა ყოველთა შესცოდეს? - იმას, რომ ადამში ყველამ შესცოდა. როგორც კი ადამი დაეცა, მაშინვე ჩვენც, ყველანი, ვისაც არ გვიგემია აკრძალული ნაყოფი, მოკვდავნი გავხდით, თითქოს იმგვარადვე დავეცით, იმიტომ რომ, ის დაეცა".1

   მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კრებსითად მიღებული განსაზღვრება ადამის პირველქმნილი ცოდვის შესახებ ამასვე ადასტურებს.

   აღმოსავლეთის პატრიარქები თავის ეპისტოლეებში (მეექვსე წევრი) ამბობენ:

   „გვწამს, რომ ღვთის მიერ შექმნილი პირველი ადამიანი სამოთხეში დაეცა, როდესაც არ დაემორჩილა ღვთის მცნებას და გველის მზაკვრულ რჩევას დაექვემდებარა; აქედან პირველქმნილი ცოდვა მემკვიდრეობით მთელ შთამომავლობაზე ისეთნაირად გავრცელდა, რომ ხორცში შობილთა შორის არავინაა თავისუფალი ამ ტვირთისაგან, არავინაა, ვინც არ შეიგრძნო დაცემის შედეგი თავის ცხოვრებაში".2

   „მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" (Православное исповедание) ვკითხულობთ:

   „ვინაიდან ადამში ყველა ადამიანი უმწიკვლოდ იმყოფებოდა, როგორც კი მან შესცოდა, მყისიერად ყველამ შესცოდა მასში, და ცოდვისმიერ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამდენად, არა მარტო ცოდვას დაექვემდებარნენ, არამედ სასჯელსაც - ცოდვისათვის. სასჯელის რაობა ღვთის შემდეგ განსაზღვრებაში განცხადდა: „მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან, როგორც კი შეჭამ, მოკვდები" (დაბად. 2, 17). იმავეს ამბობს მოციქული: „ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5, 12). ამრიგად, ამ ცოდვით ვისახებით დედის საშოში. დავით მეფსალმუნის სიტყვისამებრ: „რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა, და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" (ფს. 50). ამ ცოდვას „პირველქმნილი" ეწოდება, პირველყოვლისა იმიტომ, რომ აქამდე ადამიანი არ იყო ცოდვით დამძიმებული: მართალია თავისი ცოდვით უკვე გახრწნილი იყო ეშმაკი, რომლის შთაგონებითაც გაჩნდა ადამიანში ე.წ. პირველქმნილი ცოდვა, რომელსაც დაექვემდებარა მისგან (ადამისგან) შობილი ყველა ჩვენგანი, მეორეც: იმიტომ ეწოდება პირველქმნილი, რომ ადამიანი არ იბადება ცოდვის გარეშე".3

   წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი გვასწავლის:

   „კაცობრივი ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია. ღმერთს არ შეუქმნია ცოდვილი ადამიანი, არამედ წმინდა და უმწიკვლო შექმნა იგი. მაგრამ როდესაც ადამმა დაკარგა სიწმინდის სამოსი, ...გახდა ხრწნადი და მოკვდავი, მაშინ ყველა, ადამის თესლისაგან შობილი, ჩასახვისთანავე წინაპრის ცოდვის თანაზიარი გახდა. შობილმა ადამიანმა, თუგინდ ცოდვის არჩამდენმა, უკვე სცოდა პირველქმნილი ცოდვით".4

   იმავე სწავლება, რომ ჩვენ ვღებულობთ არა მხოლოდ შედეგს ცოდვისა, არამედ თავად ადამის ცოდვას, უმრავლესი წმინდა მამის ერთსულოვანი ხედვა გახლავთ.

   მიუხედავად ამისა, ჰუმანისტურ პრინციპებზე აღზრდილი ადამიანები მიიჩნევენ, რომ ეს უსამართლობაა: განა ადამის შთამომავალნი არიან მის ცოდვაში? ჩვენ ხომ არ ვყოფილვართ მაშინ, როცა ადამი იყო და როგორ შევცოდავდით ადამთან ერთად? ასევე საუბრობენ ადამის ცოდვის იურიდიულ გაგებაზე და ა.შ.

   მსგავსი მოსაზრებების ეკლესიის წიაღში დამკვიდრების მიზნით, მავანი წმინდა მამათა თხზულებებს სათავისოდ იყენებს. მეტიც: მისი მოდერნისტული ინტერპრეტაცია ე.წ. „პარიზის სკოლის" წარმომადგენლებმა დაისახეს მიზნად. მისი თვალსაჩინო თეოლოგები, როგორებიცაა ა. მეინდორფი, ლარს კოენი, ადამის ცოდვის რაობის საკითხს სულ სხვა, მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპირისპირო კუთხით ავითარებენ. მათ ნაშრომებში რომაელთა მიმართ ცნობილი მუხლის (რომ. 5, 12) განმარტებისას შეინიშნება ნეტარი ავგუსტინეს მართებული სწავლების კრიტიკა, ტექსტის თარგმანების ვერსიებზე ყურადღების გადატანა საიმისოდ, რომ ეკლესიის ერთიან სწავლებაში შემოიტანონ ეჭვი და ბუნდოვანება. ლარს კოენი ამბობს, რომ ნეტარი ავგუსტინეს ეპისტოლის სიტყვების - „რომელშიც ყველამ შესცოდა" (რომ. 5, 12) განმარტებისას შეცდომაში იერონიმესეულმა თარგმანმა შეიყვანა. შემდეგ წერს, რომ „ეს მცდარი განმარტება აღმოსავლეთის უმრავლესმა მამამ მიიღო".

   აღმოსავლეთის მამების უმრავლესობა იყო ერთსულოვანი (რომ. 5, 12) ტექსტის განმარტებისას. ნეტარი ავგუსტინე აღმოსავლეთის წმინდა მამების მსგავსად ირწმუნოებოდა, რომ ადამიანის ბუნება მთლიანად დაზიანდა და ყოველი ადამიანი თანაბრალეულია არა მხოლოდ პირველქმნილი ცოდვის შედეგისა და სასჯელის, არამედ - თავად ადამის ცოდვის.

   დეკანოზი ა. მეინდორფი კი მიიჩნევს, რომ ნეტარი ავგუსტინე თავის შეხედულებებს ლათინულ თარგმანზე ამყარებს, რომელშიც სიტყვას „ε φ ω" განსხვავებული შინაარსი მიენიჭა. ი. მეინდორფი მიიჩნევდა, რომ ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი არის მისი ინდივიდუალური ცოდვების შედეგი, და გამორიცხავს მემკვიდრეობით ბრალეულობას:

   „ვერ ვიტყვით, რა არის უპირატესი ადამიანის ხრწნადი მდგომარეობა თუ მისი ბუნების უძლურება. ადამისაგან მემკვიდრეობით მივიღეთ დაცემული ბუნება, მაგრამ არ ვაგებთ პასუხს ადამის ცოდვისათვის, ვინაიდან ის ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენ არ ვართ ბრალეულნი პირველქმნილ ცოდვაში, არამედ მხოლოდ საყოველთაო კოსმოსური მონობის მდგომარეობის თანაზიარნი ვართ".5 სხვა ადგილას ი. მეინდორფი ამბობს:

   „აქ (ადამის ცოდვის სწავლებაში - ავტ.) არსებობს დასავლური ავგუსტინიზმისაგან განსხვავებული პერსპექტივა, რომელიც დაცემულ ბუნებას კოლექტიური ბრალეულობის განხრით განიხილავს... ამაში იკვეთება იურიდიული დოქტრინა ცხონებისა, რომელიც, სხვათა შორის, პავლე მოციქულსაც გააჩნდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის რჯულის ცნობიერებაზე დაფუძნებულ რაბინისტულ მიდგომებს იყენებდა".6

   როგორც ვხედავთ, დეკანოზი ი. მეინდორფი არა მხოლოდ ნეტ. ავგუსტინეს, არამედ პავლე მოციქულსაც სდებს ბრალს რაბინიზმის ზეგავლენაში.

   დავასკვნით: ადამის პირველქმნილი ცოდვის საკითხის ირგვლივ მთელი ქრისტიანული სწავლება მოიაზრება. სწორედ ამიტომ გახდა ის მოდერნისტების მხრიდან დარტყმის ობიექტი. ძველი (პელაგიანელები) და ახალი დროის (მოდერნისტები) ოპონენტების მოსაზრება, თითქოს პირველქმნილი ცოდვის შესახებ ნეტარი ავგუსტინეს მცდარი სწავლება გაითავისა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, გაუგონარი სიყალბეა და ის თავად ნეტარმა ავგუსტინემ გააბათილა: „მე კი არ მოვიგონე პირველქმნილი ცოდვა, რომელსაც კათოლიკე სარწმუნოება ოდითგანვე აღიარებს, არამედ შენ, ამ დოგმატის უარმყოფელმა, უდავოდ, ახალმა ერეტიკოსმა".7

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

  

 

 

 

1Св. Феофилакт Болгарский. Толкования посланий. Ап. Павла. М. 2001.

2ციტ. წიგნ. Грех Адамов. არქ. ლაზარე (აბაშიძე). თბ. 2001. გვ. 23-24.

3Православное Исповедание. О Вере Ч. 1. Вопр. 24. Стр. 29.

4Слова Преподогного. Св. Свимеона Нового Богослова. М. 2006. Ч1. გვ. 443.

5Наследие Адама с точки зрения О. И. Меиндорфа. azbuka.ru.

6იქვე. azbuka.ru.

7ციტ. Митр. Макарий Булгаков. Православно-догматическое богословие. Т1. §92.


უკან დაბრუნება