მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ნელთბილობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ნელთბილობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე24-04-2020, 22:43 |
აპოკალიფსი ლაოდიკიელებს სწორედ სულიერი ნელთბილობის გამო ამხელს. ნელთბილი არ ნიშნავს საშუალოს, გამოსწორებულს, მით უფრო სამეუფო გზას. ნელთბილობა მერყეობაა ჭეშმარიტებასა და სიცრუეს, სიკეთესა და ბოროტებას შორის. ასეთ ადამიანს თითქოს შეგნებულად არ სურს შეურაცხყოს ღმერთი. იგი, შესაძლოა თავს კეთილსინდისიერ ადამიანადაც მიიჩნევდეს, მაგრამ ძლიერი განსაცდელის ჟამს გაუგონარ დათმობასა და კომპრომისზე მიდის ანუ... ღალატობს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. მღვდელმოწამე ბასილი (კინეშემსკი) ლაოდიკური ნელთბილი ქრისტიანების რამდენიმე კატეგორიას გამოყოფს. 1. ზედაპირული შთაბეჭდილებებით მცხოვრები ქრისტიანები. მათი ფსიქოლოგიური პროტესტის არსია ამაო ცნობისმოყვარეობა. ის იოლად მოიპოვება, მაგრამ მიღებული შთაბეჭდილება ასეთ ქრისტიანს სულაც არ სჭირდება სულიერი საფუძვლების გასამყარებლად. სარწმუნოებრივი საკითხებისადმი მსგავს დამოკიდებულებას არანაირი შედეგი არ მოაქვს: ის მიზანმოკლებული და უადგილოა. ასეთი ტიპის ადამიანზე ერთნაირად მოქმედებს ნებისმიერი ემოცია. ამიტომ მისთვის სულერთია, ისმენს კარგი მქადაგებლის სიტყვას თუ უსმენს გამოჩენილ ტენორს, რელიგიურ პროცესიას უცქერის თუ ინგლისურ კრივს. ღვთივშთაგონებულ მქადაგებელს, სახარებისეულ ჭეშმარიტებაზე, მის სიწმინდესა და სინათლეზე რომ საუბრობს, აქებენ სიტყვებით: „ოჰ, რა ლამაზად საუბრობს!" ან: „რა მშვენიერი ტემბრი და რიტორიკა აქვს!" ეს ყველაზე დამამცირებელი ქებაა მქადაგებლისა, ხოლო თუ იგი სინანულისკენ მოუწოდებს, იტყვიან: „ოჰ, დრამატურგის ნიჭი აქვს!" თითქოს ჩვენ წინაშე თეატრის მსახიობი გამოდიოდეს. ასეთი ტიპის ქრისტიანები სახარების სიტყვებს ისე ეკიდებიან, თითქოს მათ ეს საერთოდ არ ეხება. 2) კიდევ არიან გონებაგაფანტული ტიპის ადამიანები. მათში არაფერია მუდმივი, საფუძვლიანი, რაც შეიძლება გამოდგეს ცხოვრების ორიენტირად. რითი ცხოვრობენ ეს უპრინციპო ადამიანები? ერთი სიტყვით ამის თქმა რთულია. მათში ყველაფერი ცვალებადი და არამდგრადია. დღეს ერთი, ხვალ მეორე, ზეგ მესამე. ცხოვრების მიზანი მათ არ გააჩნიათ. ისინი წამიერი კაპრიზის მონები არიან. მათი მისწრაფებები არასაიმედო და მსწრაფლწარმავალია. ღვთის სიტყვა მათთვის ლამის უაზრობაა. ქადაგება კი იგივეა - დაწერო წყალზე, დათესო გზაზე: გათელავენ გამვლელები, ე.ი. ესაა სოფელი თავისი სიახლეებითა და პროგრესით. ღვთის სიტყვა მათ გულს არ ეხება, ის (გული) ნელ-ნელა კარგავს აღქმის უნარს, რაოდენ სერიოზულიც არ უნდა იყოს საკითხი. 3) შემდეგი ტიპის ადამიანები მრავლად არიან ჩვენ გარშემო. ერთი შეხედვით, მათში არსებობს მისწრაფება სიკეთისა და სიყვარულისკენ. ღვთის სიტყვა სწრაფად ჰპოულობს გამოძახილს, მაგრამ არ მკვიდრდება იმდენად, რომ ცხოვრებაში დანერგოს სახარებისეული პრინციპები. როგორი სისწრაფითაც იღებენ ღვთის სიტყვას, ისეთივე სისწრაფით კარგავენ მას. ამ ტიპის ქრისტიანი განცდით იმეორებს: „ვიყვარებოდეთ ურთიერთარს", მაგრამ როგორც კი სათნო სიტყვებიდან საქმეზე გადასვლის ჟამი დგება, მყისიერად გრილდება მისი რელიგიური გრძნობები. აღმოვაჩენთ, რომ ეს იყო მოჩვენებითი ქრისტიანობა და არა ნამდვილი სიღრმისეული განცდები. მათ უყვართ წმინდანთა ცხოვრების კითხვა (განსაკუთრებით სასწაულებზე), როგორც ბავშვებს ზღაპრები და აღმაფრთოვანებლი ისტორიები, მაგრამ აქაც სიტყვიერი აღფრთოვანების იქით არ მიდის საქმე. მათ არაფერი აქვთ ზნეობრიობისა და ასკეტიზმის საწინააღმდეგო, მაგრამ ერთი პირობით: მათ არ მოეთხოვოს რაიმეზე თავშეკავება, აკრძალვა და მისთ. ღვთის სასუფეველში მათ უმაღლესი კლასის ვაგონით სურთ შესვლა".1 როგორც ვხედავთ, ნელთბილი ლაოდიკიელი არ გამოირჩევა მკაფიო ბოროტმოქმედებით. ის შესაძლოა საკმაოდ ზრდილობიანი ქრისტიანიც ჩანდეს, მაგრამ ის არასდროს გამოიჩენს თავდადებას. მას ეშინია ჭეშმარიტებისთვის დევნის, არ არის მზად იმისთვის, რომ დაითმინოს სიძნელეები, დევნა... მარტივად რომ ვთქვათ, არ სურს „პრობლემები". წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობდა, რომ „ცოდვილის განმასხვავებელი ნიშან-თვისებები ყოველთვის არ არის აშკარა მანკიერება, არამედ ღვთის ნების აღსრულების სული აღმძვრელი თავდადებითი მოშურნეობის ნაკლებობაა".2 ნელთბილი ადამიანი ფარისეველია. გარეგნულად უნაკლოა, შინაგანად კი სიბინძურის ნიმუშია, არ ძალუძს შინაგანი მოუწესრიგებლობის და სიშიშვლის დაფარვა. მისი გონება დახშულია ღვთაებრივისთვის. ის სულიერ ძილში იმყოფება, ამიტომაც ვერ ხედავს საკუთარ სახიფათო მდგომარეობას. ნელთბილი ლაოდიკიელის სარწმუნოება ხელოვნურია. მისთვის ღმერთი არის არა ცოცხალი ჭეშმარიტება, მთელი შეგნებით რომ უნდა მიიღო, არამედ მხოლოდ ცნობიერების დონემდე საინტერესო. ლაოდიკიელი ქრისტიანები ჰგვანან ადამიანებს, რომლებიც ერთგულებასა და მეგობრობას გვეფიცებიან, მაგრამ განსაცდელში როგორც კი დგება მეგობრობის დადასტურების დრო, მათ ვერ იხილავთ თქვენს გვერდით. ისინი ვერ იტევენ ღვთის სიტყვებს; რომ შეუძლებელია „ორთა უფალთა მონობა... ღვთისა და მამონასი" (მათ. 6, 24); „სიყვარული სოფლისა ამის მტერობა არს ღმრთისა" (იაკ. 4, 4). ისინი თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მაგრამ მოსწონთ ქრისტეს სწავლების მხოლოდ მაამებელი სიტყვები, როგორც კი მაამებელს მოისმენენ, მყისიერად გარბიან. ლაოდიკიელების ბრალდების შემდეგ მაცხოვარი ამბობს: „ნეტავ ცივი ან ცხელი იყო!" ე.ი. რომელიმე მათგანი: ან უნდა იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი, მთლიანად ერთგული ღვთისა და მისი მცნებებისა, ან საერთოდ ცივი, ე.ი. საერთოდ არ იცოდე ქრისტეს შესახებ. (შეად. 2. პეტ. 2. 21 „უმჯობეს იყო მათდა, ეცნავე თუმცა არა გზაჲ იგი სიმართლისა, ვიდრე ცნობასა და მართლუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა"). მართლმადიდებლობის არცოდნა თუმც უმძიმესი, მაგრამ როგორც ჩანს ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე ქრისტეს ღალატი და მისი უარყოფა. როგორც ლუკა მახარებელი ბრძანებს: „ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თვისისა და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად, ხოლო რომელმან არ იცის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისა, იგუემოს მცირედ, რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰხადონ მას" (ლუკ. 12. 47-48).
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
1Св. Муч. Василий (Кинещемский). Беседы на Евангелие от Марка. М. 2013. с. 337. 2Св. Феофан Затворник. Душеполезные получения. М. 1998. გვ. 136. უკან დაბრუნება |