მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, ადოგმატიზმი, მთავარი გვედის ფოტო > პარიზის საღვთისმეტყველო სკოლა

პარიზის საღვთისმეტყველო სკოლა


5-02-2017, 00:07

 

   როდესაც ვსაუბრობთ პარიზის სკოლის ღვთისმეტყველებაზე, მასში მოვიაზრებთ იმ რუს თეოლოგებს, ფილოსოფოსებს, მოაზროვნეებს, რომლებიც ემიგრაციის შედეგად გადასახლდნენ ევროპაში. მათ პარიზში დააარსეს ღირსი სერგი რადონეჟელის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, რომელიც შემდგომში „პარიზის სკოლის" სახელწოდებით გახდა ცნობილი.

   რუსი ღვთისმეტყველები და ფილოსოფოსები უცქერდნენ რა დასავლურ კულტურაში ჰუმანისტური პრინციპების გაბატონებას, დიალოგი გამართეს დასავლეთის სხვადასხვა რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობებთან, რითაც ცდილობდნენ მათთვის დახმარება გაეწიათ. ანუ მათ გამოხატეს იმის განხორციელების პრეტენზია, რაც წმინდა მამებმა მეოთხე საუკუნეში განახორციელეს, ე.ი. მართლმადიდებლური თვალსაწიერის კუთხით პასუხი გაეცათ დასავლეთელი ადამიანის ფილოსოფიურ, ანთროპოლოგიურ თუ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც არსებობდა დასავლეთში.

   ცხადია, მათ ბევრი გააკეთეს დასავლელი ადამიანის სულიერი წყურვილის დაკმაყოფილების კუთხით. „მაგრამ აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, მეოთხე საუკუნის წმინდა მამები, გამოჩენილი ღვთისმეტყველები მართლმადიდებლური გამოცხადების პერსონალურ განცდას ფლობდნენ, - შენიშნავს მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი), - რომელიც გულის განწმენდის, გონების განათლებისა და განღმრთოების შედეგად მიიღწევა. მხოლოდ ამგვარად იყო შესაძლებელი ამ ამოცანის შესრულება. რუსი ღვთისმეტყველები და ფილოსოფოსები არ გამოირჩეოდნენ ამგვარი პერსონალური მონაცემებით, ამიტომ მრავალ საკითხზე მათ ვერ შეძლეს კომპეტენტური პასუხის გაცემა, მეტიც, მრავალ საკითხში თავად განიცადეს დასავლური ტრადიციისა და პრინციპების მხრიდან ზეგავლენა".1

   პარიზის სკოლის წარმომადგენლები უკიდურესი ავტონომიზმით გამოირჩევიან, სადაც ცენტრალური ადგილი „საკუთარ" შემოქმედებას, სამყაროს შემოქმედებით აღქმას, გამოცდილებას უკავია. მისი წარმომადგენლების რელიგიურ-ფილოსოფიური, „მეცნიერული მიდგომების", „საღვთისმეტყველო" ნაშრომების ანალიზი იძლევა იმის საშუალებას, რომ დავინახოთ მათში ანტიეკლესიური, მოდერნისტული, ეკუმენისტური, გნოსტიკური, ოკულტური მსოფლმხედველობების ნიშნები.

   ცხადია, ხელის ერთი გადასმით ვერ უგულებელყოფ პარიზის საღვთისმეტყველო სკოლის ყველა წარმომადგენელს ვლ. სოლოვიოვის, ნ. ბერდიაევი, ს. ბულგაკოვის და სხვათა (რომლების ნაშრომებს ერეტიკულ - გნოსტიკური ელფერი დასდევს). იქვე მოღვაწეობდა მთლიანობაში მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ვლ. ლოსკი, მღვდ. გიორგი ფლოროვსკი, რომლის თხზულებებში მრავალი მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო შეფასება გვხვდება. (ამის შესახებ მომდევნო თავებში ვისაუბრებთ).

   ამრიგად, ტერმინში პარიზის ღვთისმეტყველება, „პარიზის სკოლა" უნდა მოვიაზროთ პიროვნებათა რთული კონგლომერანტი, ერთგვარი გონივრულ - ფილოსოფიური ღვთისმეტყველება, რომელიც ნელ-ნელა შორდებოდა ეკლესიის წმინდა მამათა ღვთისმეტყველების პრინციპს.

   მისი გამოჩნილი წარმომადგენლების ნაშრომებში შეინიშნება მისწრაფება, აჯობოს ბიზანტიურ ღვთისმეტყველებას, რომ თითქოს რუსული ემიგრაციის საღვთისმეტყველო სკოლა მრავალ საკითხში წმინდა მამების ბერძნულ-რომაული ღვთისმეტყველების წინ წავიდნენ. (ა. ხომიაკოვი). სინამდვილეში, სახეზეა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების რევიზია, წმინდა წერილისა და წმინდა გარდამოცემის ახლებური ხედვა. მათ განსაზღვრებებში იპოვით ფრაზებს: „მითი", „გვიანდელი ჩამატება", „წმინდა მამების ეგზალტირებული გარემოცვის კვალი", „კათოლიციზმიდან გადმოღებული", „მოძველებული გაგება" და მისთ.

   პარიზის სკოლის მიერ 1997 წ. გამოცემულ „მართლმადიდებლურ კატახიზმოში" ვკითხულობთ: „პირდაპირ უნდა ითქვას: მარადიული ჯოჯოხეთის იდეა, მარადიული ტანჯვა ერთისთვის, სხვისი ტანჯვისადმი გულგრილი მარადიული ნეტარება მეორესთვის, აღარ შეიძლება ქრისტიანულ ცნობიერებაში კვლავ დარჩეს ასეთი სახით, როგორადაც ოდესღაც აირჩია ჩვენმა კატახიზმომ ოფიციალურ საღვთისმეტყვლო წიგნებში. ეს მოძველებული გაგებაა. დიდი ხანია, მოვიდა დრო ბოლო მოეღოს გასული საუკუნეების ამ შემზარავ მტკიცებულებას. „შეშინების პედაგოგიკა" უკვე აღარაა ეფექტური, ის ხელშემშლელია ეკლესიაში მოსვლის მსურველთა უამრავ ერებისათვის, რომლებიც ეძებენ სიყვარულის ღმერთს". აღნიშნული სწავლება პირდაპირ ექვემდებარება მეხუთე მსოფლიო კრების მეთორმეტე ანათემიზმს. მათ სწავლებებში ხშირად გვხვდება პირდაპირი ერესები სწავლებები (მაგ. მღ. ს. ბულგაკოვის „სოფიოლოგიის ერესი", ვლ. სოლოვიოვის ქალკედონის კრების ადოგმატური განსაზღვრება და სხვა).

   მთლიანობაში პარიზის ღვთისმეტყველებას უკიდურესი ორაზროვნება და ბუნდოვანება ახასიათებს. ორაზროვნება - მათი „სკოლის" საფირმო ნიშანია, რაც ხელთ აძლევს მათ კლასიკური მეთოდებით განავრცონ თავიანთი ცრუ სწავლებები და მსოფლმხედველობა.

   ცხადია, „პარიზელები" მკითხველს ცალსახად ერესს რომ უქადაგებენ, მაშინ მათი წიგნები უარყოფილი იქნებოდა მართლმადიდებელი საზოგადოების მიერ. მაგრამ ერეტიკული იდეები აქ, როგორც წესი, ოსტატურადაა შენიღბული წმინდა მამებისა და წმინდა წერილის ტექსტებით. როდესაც 10% სიცრუეზე 90% სიმართლე მოდის, ამ ვითარებაში სიცრუე კარგად ვრცელდება.

   საქმე ისაა, რომ მოდერნიზმის სენი, წმინდა ტექსტური თვალსაზრისით, არ არის ერესი, ამიტომ მისი უტიფრობა იოლად გადაედება იმ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მისგან დასაცავი იმუნიტეტი.

   საკმარისია რეალური სულიერი ცხოვრება, საღვთისმეტყველო შეფასება გამიჯნო მეოცნებობისგან და ყველაფერი რიგზე იქნება. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ საღი აზროვნება, განსჯის უნარი დარღვეულია ირაციონალური აზროვნებით, რამაც მრავალი კეთილსინდისიერი მართლმადიდებელი ქრისტიანი დაასნეულა, არაფერს ვამბობთ მოდერნიზმის მომხრეებზე. ადამიანი ეძებს ფშვინვიერ მშვიდობას და თავს არ იწუხებს ღვთაებრივზე ფიქრით, სულიერი განსჯით, არამედ მორიგ სიზმარში, უტოპიაში, „მეორე რეალობაში" ეფლობა, რომელიც უფრო აღმატებულად ეჩვენება.

   ამდენად, პარიზის სკოლის მოდერნისტულ - ეკუმენისტური „აპოლოგია", სულაც არ არის ღვთისმეტყველება, ღვთის სიტყვა, არამედ ადამიანური და ადამიანების შესახებ ნაამბობია. შესაბამისად, ისეთი მნიშვნელოვანი საეკლესიო - საზოგადოებრივი პერსონები, როგორებიც არიან „პარიზის სკოლის" გამოჩენილი წარმომადგენლები: მიტრ. ანტონი სუროჟელი, დეკ. ა. შმემანი, ა. მეინდორფი, ა. მენი თუ სხვები, შემთხვევით არ გამხდარან პოპულარულნი საზოგადოებაში. ეს ჩვენი შინაგანი სულიერი ცხოვრების დასუსტების შედეგია და არა მათი „ცოცხალი" ქადაგებისა. (გაგრძელება...)

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

 

1Митр. Иорофей Влахос. Православное Церковное богословие.


უკან დაბრუნება