მთავარი > ლიბერალიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალის შენიღბული ფანატიზმი
ლიბერალის შენიღბული ფანატიზმი2-02-2017, 00:07 |
თანამედროვე ლექსიკონებში ფანატიზმის სხვადასხვაგვარ განმარტებებს ვხვდებით: რაიმე რწმენით (რელიგიით და სხვ.) უკიდურესი გატაცება, ბრმადმორწმუნეობა, თავშეუკავებლობა, რწმენისადმი და იდეისადმი სიკვდილამდე ერთგულება, სხვისი შეხედულებისადმი თუ მოსაზრებებისადმი შეუწყნარებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვის განმარტების ზოგიერთი მნიშვნელობა არანაირ ნეგატიურ აზრს არ შეიცავს, ჩვენს რეალობაში ფანატიზმი მაინც არასასურველ მოვლენად აღიქმება და ყოველგვარი იდეოლოგიური გადახრა სწორედ ამ სიტყვასთან არის ასოცირებული. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ფანატიზმს შემდეგნაირად განმარტავს: „მე ფანატიზმი მესმის, როგორც საკუთარ თავზე ორიენტირებული სულიერი სიამაყე, რწმენა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი აზრის მართებულობისა და არა ჭეშმარიტებისა. ფანატიზმი არის სხვებისადმი სიყვარულის დეფიციტი, მისი არარსებობაც კი. იგი თვითდარწმუნებაა, გარკვეული პოზა, როდესაც არ არსებობს სხვისი გაგების სურვილი. ფანატიზმი გაუმტარი სულიერი გარსია, რაც საშუალებას არ აძლევს ადამიანს, სხვა რამ დაინახოს; ფანატიზმი გარკვეული თვალსაზრისით თვითრელიგიაა, ხოლო მის მაღიარებელთა მრწამსია: „ჩემი აზრი მუდამ სწორია!" დღეს, განსაკუთრებით, თანამედროვე ლიბერალ-მოდერნისტები, ურყევი შეხედულებების მქონე პიროვნებას ხშირად ფანატიკოსს უწოდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მას გააჩნია მყარი მსოფლმხედველობითი პოზიცია," რომლის შეცვლა არც სურს და არც ზნეობა აძლევს ამის ნებას. სიტყვა „ფანატიზმს" ისევ იყენებენ, რათა გარკვეულწილად სახელი გაუტეხონ, ჩირქი მოსცხონ ადამიანს, რომელსაც საკუთარი შეხედულებები აქვს და მათ ხელთათმანებივით არ იცვლის, არც ქამელეონივით იღებს სხვა ფერს გარემო პირობების მიხედვით" (არქ. რაფაელი). რა თქმა უნდა, მორწმუნეთა წრეში არიან ადამიანები, რომელთაც ხიბლისა და უგუნური მოშურნეობის გამო გადაუხვიეს მართალ გზას და მათი მოქმედება აშკარად ფანატიზმის კატეგორიას მიეკუთვნება. ეს სენი დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს საზოგადოებისთვის და გარკვეულწილად ეკლესიის დესკრედიტირებასაც ახდენს. თუმცა, ფანატიზმი, როგორც ყალბი სულიერი მდგომარეობა და ამავე დროს იდეოლოგიური პროპაგანდის ეფექტური იარაღი იოლად ირგებს ნიღაბს, რომელიც თანამედროვე ლიბერალ-მოდერნისტებმა დიდი ხანია მოირგეს. საინტერესოა თავად ლიბერალური იდეოლოგიის არსი, რომელიც დღითიდღე პოპულარული ხდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე რელიგიურ წრეებში. ამ იდეოლოგიის დაჟინებითი პროპაგანდით განსაკუთრებით გამოირჩევიან თანამედროვე ჟურნალისტები, მწერლები და კულტურისა და სპორტის მრავალი გამოჩენილი წარმომადგენლები. თუ კარგად დავაკვირდებით ამ ადამიანთა რიტორიკას, ადამიანებისადმი და სიწმინდისადმი დამოკიდებულებას, დღევანდელი ლიბერალები, მამა რაფაელის ფანატიზმის მახასიათებლებში იოლად თავსდებიან. დაკვირვებული ადამიანი შენიშნავდა, ტელედებატების ან სხვა დისკუსიების დროს როგორ შენიღბულად იწყებენ ლიბერალ-მოდერნისტები საუბარს სიყვარულზე, ურთირთგაგებაზე, მოთმინებაზე და მშვიდობაზე, მაგრამ როგორც კი მცირედი წინააღმდეგობა შეხვდებათ ან მათ გააკრიტიკებენ, უმალვე იხსნიან ნიღაბს და აგრესიულ შეტევაზე გადადიან. თითქოს დაკვეთა ჩაეშალათ, გამოუსწორებელი მოვლენა მოხდა ან არნახული ტრაგედია დატრიალდა. სიყვარულზე და მოთმინებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია, კმაყოფილნი უნდა ვიყოთ თუ ხელის შეხებით არ დასრულდა ამგვარი შეხვედრა. იგივე სურათია, როდესაც ლიბერალიზმის მამხილებელ წერილს გამოაქვეყნებ, მოწერილი კომენტარების სიბილწე კი იმდენად ამაზრზენია, რომ წესიერი ადამიანი ვერც გაიმეორებს მათ. სამწუხაროდ, ზოგიერთი ლიბერალი სასულიერო პირი მართლმადიდებლობის პრინციპული დამცველების მიმართ ისეთ ეპითეტებს იყენებს, რომ ამას სხვა ვერაფერს დაარქმევ თუ არა - ლიბერალ-მოდერნისტების ფანატიზმს. ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დღეს შენიღბულია სიყვარულის, თავისუფლების და ტოლერანტობის ნიღბით, დიდებულად ამხილა ბოლო დროის გამოჩენილმა მოძღვარმა მღვდელმონაზონ სერაფიმემ (როუზი). იგი ლიბერალიზმს ნიჰილიზმის ერთ-ერთ საწყის სტადიად მიიჩნევს, რომელიც შემდეგი სიტყვებით ხასიათდება: „აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს. ყველაფერი შეფარდებითია. და შესაბამისად ნებადართულია", მას მოჰყვება „რეალიზმი", ანუ გონებისა და სულის დაყვანა გაცილებით დაბალ ანუ „საწყის" საფეხურამდე: მატერიამდე, შეგრძნებამდე, ფიზიკურამდე. შემდეგ საფეხურს ის უწოდებს: „ვიტალიზმს", ანუ იდეას, მატერიალური რეალობის გარდა ყველაფრის დახშობის შესახებ. და ბოლოს, „ნგრევის ნიჰილიზმი" რაც ხასიათდება ღვთის ქმნილებისა და ცივილიზაციის მიმართ გამძვინვარებით, რომელიც მანამდე არ დაცხრება, სანამ აბსოლუტურ ნგრევას არ მოიტანს. ამრიგად, ლიბერალიზმის, როგორც ნიჰილისტური პროგრამის საწყისი ეტაპის, ძირითადი მიზანია - განცხადებული ჭეშმარიტებისადმი რწმენის ნგრევა და „ახალი წესრიგისთვის" მზადება, სადაც ძველი შეხედულებების კვალიც კი არ იქნება და „ახალი ადამიანის" ფორმირება მოხდება. აქვე უნდა ითქვას, რომ ნიჰილიზმის განსაზღვრება უკვე დიდი ხანია ჩამოაყალიბა ნიჰილისტური ფილოსოფიის ფუძემდებელმა - ნიცშემ: „არ არსებობს ჭეშმარიტება, არ არსებობს არავითარი აბსოლუტური მდგომარეობა. ყველაფერი შეფარდებითია". სწორედ ეს იდეა ამოძრავებთ თანამედროვე ლიბერალებს (ზოგს გააზრებით, ზოგს კი გაუაზრებლად), რომელიც, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, აყვანილია ფანატიზმის ხარისხში. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ბევრი მათგანი უკვე დიდი ხანია იმყოფება ნიჰილიზმის მომდევნო საფეხურებზე და ძველი წესრიგის ნგრევის აქტიური მონაწილეა. მართლაც, სხვა რა უნდა უწოდო ამ იდეოლოგიას თუ არა ლიბერალ-მოდერნისტული ფანატიზმი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფანატიზმის ერთ-ერთი მახასიათებელი სწორედ მხოლოდ საკუთარი მართებულობის რწმენაა და არა ჭეშმარიტებისა. ლიბერალურ მსოფლმხედველობაში, ანუ მის თეოლოგიაში, მის ეთიკაში, მის პოლიტიკასა და სხვა სფეროებში, ჭეშმარიტების შესუსტების, შერბილების და კომპრომისის იდეოლოგიური ზეწოლა და ზეგავლენა შეინიშნება. ამ მხრივ, ლიბერალ-ფანატიკოსები განსაკუთრებულ ზეწოლას თანამედროვე ახალგაზრდებზე ახდენენ, უმეტესად თინეიჯერული ასაკის ბავშვებზე, რომელთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არა აქვს მსოფლმხედველური შეხედულებები მყარად ჩამოყალიბებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ლიბერალს არ ადარდებს თავისი ფილოსოფიის ძირეული ნაკლოვანებები და წინააღმდეგობები, რადგან სინამდვილეში მისი ინტერესი სულ სხვა მხარესაა მიმართული. რაკი მას პოლიტიკური და საზოგადოებრივი სისტემის საღმრთო ჭეშმარიტებაზე აგება არ აინტერესებს, რაკი მისთვის სულერთია, არსებობს თუ არა სამოთხე და ჯოჯოხეთი და ღმერთს მხოლოდ ინდივიდუალობას მოკლებული, რაღაც გაურკვეველი ძალის იდეად აღიქვამს, ამიტომაცაა უმეტესად ორიენტირებული უშუალოდ ამქვეყნიურ მიზნებზე. წმიდა იუსტინემ (პოპოვიჩი) ამ სულიერ მდგომარეობას, დროის სულის თაყვანისცემაში რომ გამოიხატება, კერპთაყვანისმცემლობა უწოდა. იგი თვლიდა, რომ გამიწიერებულ სულისკვეთებას ფანატურად ახვევენ თავს ადამიანებს: „დაქანცული ევროპელები დღედაღამ ეთაყვანებიან მას და მსხვერპლად სწირავენ საკუთარ სინდისს, ცხოვრებას, სულსა და გულს. მათი ვნებიანი ფანატიზმი სხვა კონტინენტებზეც ვრცელდება. ისინი ცდილობენ თავიანთი ღვთისათვის მსხვერპლის შემწირველებად აქციონ დანარჩენებიც". ლიბერალ-მოდერნისტის შენიღბული ფანატიკური აზროვნება და განწყობა ადამიანს თრგუნავს და ახშობს მასში არსებულ მნიშვნელოვან თვისებებს. მისი გონება თითქოს ვიწროვდება და მარტივდება, ხოლო ემოციური და ინტელექტუალური ცხოვრება ხდება პრიმიტიული. ლიბერალ-ფანატიკოსს რეალურად არ წამს ღვთის ხატება ადამიანში, არ ენდობა ღვთის განგებას, მისი ჭეშმარიტების ძალას და ფაქტობრივად არ სწამს ღმერთის. იგი ჩვეულებრივ შეპყრობილია ერთი აკვიატებული იდეით, და შეუბრალებელია ყველაფრის მიმართ, რასაც არასწორად მიიჩნევს. ლიბერალ-ფანატიკოსს არ გააჩნია ჭეშმარიტი თავისუფლება, თუმც მას ეჩვენება, თითქოს ზუსტად ის არის თავისუფლების სიმბოლო. იგი ფაქტობრივად მოწყვეტილია სულიერ ცხოვრებას. მას არასოდეს ძალუძს კრიტიკულად შეაფასოს თავისი მდგომარეობა, რადგან მასში ღრმად ჩაბუდებული ამპარტავნება და ეგოიზმი არ აძლევს საშუალებას ცნოს თავისი ცდომილება. თუმცა ლიბერალ-ფანატიკოსი თვლის საკუთარ თავს მორწმუნედ, მაგრამ მისი რწმენა იმდენად განსხვავდება ჭეშმარიტი მართალი რწმენისაგან, როგორც მიცვალებული ცოცხალი ადამიანისაგან. მის რწმენას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან. ლიბერალ-მოდერნისტები თავის ფარულ აგრესიას და ფანატიზმს ეკუმენისტური მსოფლმხედველობის გავრცელების დროსაც ამჟღავნებენ. ისინი მართლმადიდებლებს ფანატიკოსებად ან ფუნდამენტალისტებად მოიხსენიებენ და ბრძოლის შეწყვეტას ურჩევენ. ცნობილი ბერძენი ღვთისმეტყველის არქიმანდრიტ გიორგის (კაფსანისი) თქმით: „ეს შეცდომაა, ვინაიდან: 1) ფანატიკოსები სწორედ უკიდურესი ეკუმენისტები არიან, რომლებიც ანტიეკუმენისტების მოზიდვას ცდილობენ. 2) ასევე ფანატიკოსია ის უკიდურესი ეკუმენისტიც, ტოტალური სულისკვეთებით რომ ცდილობს ეკლესიაში პირადი მოსაზრების დამკვიდრებას საპირისპიროდ წმინდა მამებისა, რომლებიც გამოხატავენ ეკლესიის კრებით აზრს". როგორც ვხედავთ, ლიბერალური ფანატიზმი საკმაოდ აგრესიულად მოქმედებს თითქმის ყველა სფეროში. ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს და უნდა შეგვეძლოს განვასხვავოთ სარწმუნოებრივი პრინციპულობა და ფანატიზმი. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ამბობს: „რაც შეეხება რწმენასა და პრინციპულობას, ეს სულ სხვა რამ არის. საკუთარი რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანს ძალუძს მათი ახსნა და დაცვა; ხელეწიფება უპასუხოს, თუ მაინცდამაინც ისინი რატომ მიაჩნია ჭეშმარიტებად და ცხოვრებად. პრინციპულ ადამიანს, ოღონდ არა ფანატიკოსს, ზუსტად შეუძლია მიუთითოს საკუთარ შეხედულებათა არსზე, მათ საფუძველზე. მათი შეუორგულებლად შენარჩუნება, ჭეშმარიტების არჩანაცვლება სარგებლით ანუ პრაგმატიზმით ფანატიკოსობას სულაც არ ნიშნავს".
დავით ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |