მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > რა მიზანს ისახავს არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) საღვთისმეტყველო წერილების კრიტიკა

რა მიზანს ისახავს არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) საღვთისმეტყველო წერილების კრიტიკა


31-01-2017, 09:14

 

   1. გამოსყიდვის დოგმატს მართლმადიდებელი ეკლესიის ქრისტოლოგიაში, ეკლესიოლოგიასა თუ სოტეროლოგიაში ცენტრალური ადგილი უკავია. მრავალი კონფესიისთვის ის გადაულახავ დილემად იქცა.

   არქიმანდრიტმა რაფაელმა (კარელინი), წმინდა მამათა სწავლებაზე დაყრდნობით, არაერთი ნაშრომი მიუძღვნა ამ საკითხს. თავის წერილში „გამომსყიდველი მსხვერპლი - ცხონების ერთადერთი იმედი" („Искупительная жертва – единственная основа спасения" (karelin.ru)) არქიმანდრიტი სხვადასხვა რელიგიასა თუ კონფესიაში (იუდაიზმი, ისლამი, ბუდიზმი, ინდიუზმი, გნოსტიციზმი, მონოფიზიტობა, ნესტორიანელობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი) გამოსყიდვის დოგმატის დამახინჯებასა ან არარსებობაზე საუბრობს.

   ცნობილია, რომ მოდერნისტ თეოლოგებს ძალიან აღიზიანებთ მართლმადიდებელი ეკლესიის ეს დოგმატი, მით უფრო აღიზიანებთ ის ღვთისმეტყველები, რომლებიც თავიანთ თხზულებებში დაუღალავად იცავენ ამ მართლმადიდებლურ სწავლებას.

   სოციალურ ქსელებში ვრცელდება არაერთი ცილისმწამებლური წერილი არქიმანდრიტ რაფაელის მისამართით. ამის მიზანი, რა თქმა უნდა, პატივცემული მოძღვრის ნაშრომების დისკრედიტაციაა. ერთ-ერთ სტატიაში მამა რაფაელს მონოფიზიტობისა და ნესტორიანელობის ერესების მხილებას უწუნებენ შემდეგი სიტყვებით: „კარგად არ იცნობს ამ არამართლმადიდებლურ სწავლებას", „ფანატიზმის ზღვარზე მდგარი ბანალური მხილება", „ავტორის წარმოდგენიდან გამომდინარე ეს სწავლება საკმაოდ პრიმიტიული ჩანს" და მისთ.

   არქიმანდრიტი რაფაელი თავის წერილში სხვადასხვა რელიგიებსა და კონფესიებში გამოსყიდვის დოგმატისადმი დამოკიდებულების მოკლე შეფასებას იძლევა და არა მონოფიზიტობისა და ნესტორიანელობის სრულ საღვთისმეტყველო ანალიზს. რაც მთავარია, კრიტიკოსი ვერც ერთ სერიოზულ საღვთისმეტყველო შეცდომას ვერ გვითითებს, ყურადღებას მხოლოდ საკითხის გადმოცემის „პრიმიტიულობაზე" ამახვილებს. ეს კი არაჯანსაღ ოპონირებაზე, არქიმანდრიტ რაფაელის დისკრედიტაციის მცდელობაზე მიგვანიშნებს და არა სიყვარულით ნაკარნახევ ნაბიჯზე, გამოასწორებინოს მოყვასს შეცდომა (საკითხავი სწორედ ეგაა - არის კი შეცდომა?).

   ამდენად მონოფიზიტურ და ნესტორიანულ ცრუსწავლებათა განსაზღვრება, ციტატების სიუხვე კრიტიკის ადრესატს კი არა, თავად კრიტიკის ავტორს აგდებს უხერხულ მდგომარეობაში - „ცოდნის დემონსტრირება" სრულიად უადგილო და უდროოა მოცემულ ვითარებაში.

   ავტორსო ვამბობთ, მაგრამ ფაქტია: მასში უნდა ვიგულისხმოთ არა ერთი ადამიანი, არამედ გარკვეული მსოფლმხედველობის პიროვნებათა ჯგუფი. ჩვენ მათ მოდერნისტებს ვუწოდებთ. აშკარაა მათი მიზან - დანიშნულება. ეს გახლავთ ტრადიციული მართლმადიდებლური სწავლების მოდერნისტული მსოფლმხედველობით ჩანაცვლება. ამ ჯგუფს, რა თქმა უნდა, მარტო პატივცემული არქიმანდრიტისათვის სახელის გატეხა არა აქვს განზრახული, მეტის მიღწევა ამოძრავებს - შეფარული სურვილი აღნიშნულ კონფესიებთან ლოიალური დამოკიდებულებისა, მათთან ერთობისა. სწორედ ამ სურვილითაა გამსჭვალული წერილის მეორე ნაწილი, სადაც საუბარია „ბიზანტიურ - სომხურ საეკლესიო მოლაპარაკებებზე", „ეკლესიების გაერთიანების თაობაზე". სტატიის ავტორი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ განსხვავება ჩვენსა და მონოფიზიტებს შორის მხოლოდ „ქრისტოლოგიის", უფრო ზუსტად კი ტერმინის - „ბუნება" და „იპოსტასის" გაგებაში და ა.შ.

   იმავე პათოსით საუბრობენ მოდერნისტები ნესტორიანელობაზე და ეძებენ კავშირს მასსა და აღმოსავლეთის ასურეთის კონფესიებს შორის; ციტირებენ მაგვაი დიდი-ს (682) ტრაქტატის „ერთიანობის შესახებ". შემდეგ ამბობენ, რომ  მართლმადიდებელი ეკლესია გაერთიანების მიზნით ურთიერთობას განაგრძობს აღმოსავლეთის ასურელ ეკლესიასთან (ისევე როგორც ანტიქალკედონურ ეკლესიებთან), რომ ჯერ კიდევ გასარკვევია როგორ გვესმის ჩვენ და მათ ქრისტოლოგიური ტერმინების აზრი, რაც მომავალში ქრისტიანობის ერთობას მნიშვნელოვნად დაეხმარება; „ჩვენ მშვიდობასა და ერთობას ვეძებთ, რადგან მშვიდობისა და ერთობისკენ მოგვიწოდებს უფალი (იონ. 17, 21-22)" - ამბობენ ისინი. აქ პატივცემულებმა ჩამოიხსნეს „ორთოდოქსის" ნიღაბი და აშკარად წარმოაჩინეს თავიანთი სახე.

   2. მართლმადიდებელმა ეკლესიამ IV მსოფლიო კრებაზე (ქალკედონი 451) ექვსას ოცდაათი წმინდა მამის ბაგით ანათემას გადასცა მონოფიზიტობა. მონოფიზიტობის შიგნით მრავალი ცრუხედვა არსებობდა. ზოგი უკიდურესი მონოფიზიტობა იყო (ევტიქიანელობის სახით), ზოგიც - „ზომიერი" (დეოსკორეს, სევერის სახით). მაგრამ ყველა მათგანს ერთი საერთო სწავლება გააჩნია: ის (მონოფიზიტობა) უფალ იესო ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ ასწავლის, რომ მასში (ქრისტეში), როგორც სრულყოფილ ღმერთში, ღვთაებრიობამ დაჩრდილა და თავის თავში შთანთქა ადამიანური. ადამიანური ბუნება შეერწყა ღვთაებრივს (არსებითი მნიშვნელობა არა აქვს უკიდურესი თუ ზომიერი სახით). სწორედ ამგვარად დარჩა ერთი, ღვთაებრივი - „მონო ფიზის", აქედან - „მონოფიზიტობა" (დეკ. მ. პამაზინსკი). ეს სწავლება გახლდათ ერთგვარი რეაქცია წინამორბედ ნესტორის ერესზე, რომელიც იესო ქრისტეში ადამიანური ბუნებისკენ ძლიერ გადაიხარა და ქრისტეს საკუთარ თავში ღვთაებრიობის მატარებელ ადამიანად წარმოაჩენდა. ამიტომაც VI მსოფლიო საეკლესიო კრების (ტრულის, სხვაგვარად V-VI) განსაზღვრებაში (1 კანონი) ქრისტოლოგიური დოგმატის დარღვევის ყველა სახის მხილება: „... ხოლო ნესტორის უგუნურ გაყოფას, როგორც საღვთო განგებულებისაგან განშორებულს, უარვყოფთ, რამეთუ ის ასწავლის, რომ ერთი ქრისტე არის ცალკე ღმერთი... მართლმადიდებლები ვაღიარებთ: ექვსას ოცდაათი ღვთივრჩეული მამის მიერ ჩამოყალიბებული რწმენის აღმსარებლობას, რომლითაც მთელ ქვეყნიერებას საზეიმოდ ეუწყა ერთი ქრისტე ძე ღვთისა, ორი ბუნებისაგან შემდგარი და ამ ორ ბუნებაში განდიდებული, ხოლო ამაოდმბრძნობი ევტიქი, რომელიც ამბობდა, რომ „საცხოვრებელი განგებულებაჲ საიდუმლოებისაჲ" შედგა მოჩვენებითად, როგორც რაღაც საზარელი და როგორც ჭირი, ამ კრებამ ეკლესიის წმინდა ზღუდეთგან განთხია; მასთან ერთად ნესტორიცაა და დიოსკორეც, რომელთაგან ერთი ქრისტეში ბუნების გაყოფის დამცველი და ქომაგი იყო, მეორე კი პირიქით - ბუნებათა შერევის, და რომლებიც უსჯულოების ურთიერთსაწინააღმდეგო ქვეყნებიდან უღმერთოებისა და წარსაწყმედელის ერთ უფსკრულში შთავარდნენ".

   ორივე უკიდურესობა (მონოფიზიტობა და ნესტორიანელობა) ამახინჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვის შესახებ. საქმე ისაა, რომ ადამიანის დაცემის შემდეგ, ცოდვამ დაანგრია თავდაპირველი განგებულება - ადამიანის პირდაპირი და უშუალო აღმასვლა ღმერთთან. ვლ. ლოსკის თქმით, „კოსმოსში გაჩნდა კატასტროფული ნაპრალი, ამ ჭრილობას მკურნალობა ესაჭიროებოდა. ამიტომ კაცობრიობის გამოსყიდვა მხოლოდ ღმერთის განკაცებით იყო შესაძლებელი, ვინაიდან საკუთარი თავის ხსნა ადამიანს არ შეუძლია. სწორედ ეს სწავლება გადმოგვცა მოკლედ პატივცემულმა და ღვაწლმოსილმა არქიმანდრიტმა რაფაელმა.

   მოდერნისტები ცდილობენ სომხურ მონოფიზიტობასთან კავშირის არსებობაშიც დაგვარწმუნონ, სევერის მწვალებლობა უფრო რბილ ფორმებში წარმოაჩინონ. სევერის ერესის შესახებ იერუსალიმის წმინდა პატრიარქი სოფრონი მოწმობს, რომ „თუგინდ მონოფიზიტობის ინტერპრეტატორი სევერი ანტიოქიელის სწავლება ავიღოთ - ერთიანი, ერთი ქრისტეს რთული ბუნების შესახებ. მას უდავოდ მივყავართ მარადიულ წარწყმედამდე. (Св. Софроний иерусалимский. Луч духовный. СПБ. 2001).

   რაც შეეხება სომეხ მონოფიზიტებს - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი წერს: „ისინი კონტექსტიდან ამოგლეჯილად და არასწორად განმარტავენ წმ. კირილე ალექსანდრიელის ცნობილ გამონათქვამს (განხორციელებული სიტყვის ერთიანი ბუნება), სწამთ, რომ IV მსოფლიო საეკლესიო კრებამ უარყო წმ. კირილეს სწავლება და წმ. ლევის რომის პაპის ნესტორიანული სწავლება შემოიღო. ერთი რამ უდავო ფაქტია: სომხურმა მონოფიზიტობამ უარყო IV, V, VI, VII მსოფლიო კრებები. ეს დაადასტურა სომხეთში ვანკარშაპატში (491 წ) და დვინაში (527 წ) შემდგარმა ეპისკოპოსთა კრებებმა. სომხებს შორის იყვნენ ქალკედონის მსოფლიო კრებების მომხრენი, მაგალითად, კათოლიკოსი იოანე მანდაკუნი (478-490 წ) შემდეგშიც იყვნენ ისეთები, რომლებიც უარყოფდნენ მონოფიზიტურ ერესს, მაგრამ საბოლოო ჯამში (სომხურმა) „ეკლესიამ" უარყო ქალკედონის დოგმატური განსაზღვრება".1

   აქვე უნდა გავიხსენოთ რუის-ურბნისის ძეგლისწერაც: „მათი ღვთისმგმობი მწვალებლობის ანათემირებაში, ვითარ „მომხდურნი" იწოდებიან: „რომელნიცა ღმრთის მავნებლობისა მის წვალებისაგან ხაზეთარცაისა, რომელ არიან სომეხნი, მართლისა და უზაკველისა სარწმუნოებისა მოუხდებიან და წმინდა კათოლიკე ეკლესიისა შეერთებიან".2

   მოდერნისტები მონოფიზიტობისა და ნესტორიანელობის განსაზღვრისას ყველანაირად ცდილობენ არ გამოიყენონ სიტყვა „ერესი", „მწვალებლობა". არადა „ერესი არ არის სალანძღავი სიტყვა, - ამბობს წმ. ათანასე დიდი, - ის საეკლესიო ტერმინია, რომელიც გულისხმობს დოგმატური სწავლების დამახინჯებას. ერესი - სიცრუეა ღმერთის შესახებ, ვინაიდან ღმერთი არის ჭეშმარიტება (იონ. 14. 6). ცხონება კი ღმერთთან ერთობას ნიშნავს. შედეგი: ერეტიკოსის ცხონება ისევე შეუძლებელია, როგორც სიცრუის შეერთება ჭეშმარიტებასთან".

   სწორედ სიცრუის ჭეშმარიტებასთან შეერთების მცდელობაა ზემოაღნიშნული წერილის აფრიალება საზოგადოებაში განსასჯელად. ესეც არახალია ეკლესიის ისტორიაში.

   3. მსოფლიო კრებების (IV, V, VI) მიერ ერთხმადაა მიღებული და დადასტურებული დოგმატური განსაზღვრებები - ოროსები. და მაინც, მართლმადიდებელ ეკლესიაში ეკუმენისტური მოძრაობის, სხვადასხვა კონფესიათა შერეული კომისიების მეშვეობით გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები ერეტიკოსებთან (მონოფიზიტები, ნესტორიანელები და სხვა) შერიგების მიზნით. ეს მოხდა დოგმატური მინიმალიზმის ან საერთოდ ადოგმატიზმის საფუძველზე. ამით უარყოფილია აღნიშნულ მსოფლიო კრებათა და წმინდა მამათა გადაწყვეტილებები.

   საკითხის მიმართ მოდერნისტების დამოკიდებულება, მეთოდი ორნაირია:

   1) ქალკედონს არ გააჩნია სულიერი, დოგმატური მნიშვნელობა, არამედ მისტიკური თვალთახედვით უნდა განიხილებოდეს. ვლ. სოლოვიოვისა და მის მიმდევართა, ე.წ. „პარიზის სკოლის" წარმომადგენელთა სწავლებით, ქალკედონის დოგმატი ქრისტეში მთელი კაცობრიობის, მეტიც, მთელი მატერიის გაერთიანებას მოიაზრებს. ამგვარი მოდერნისტული დამუშავების შედეგად ოროსის დოგმატური მნიშვნელობა აბსოლუტურად აბსტრაქტული ხდება. დეკ. ს. ბულგაკოვი წერდა, რომ ქალკედონის დოგმატური შინაარსიდან უნდა გამოვიდეს „ახალი სიტყვა", ახალი განლაგება ქრისტიანული თემატიკისა".3 „პარიზის სკოლის" მომდევნო თაობის გამოჩენილი წარმომადგენელი დეკანოზი ი. მეინდორფი თავის სტატიაში „ქალკედონისტები და არაქალკედონისტები: ნაბიჯები გაერთიანებისკენ" შენიშნავს, რომ მართლმადიდებლები და მონოფიზიტები აღიარებენ ეკლესიის ბუნებრივ, ერთიან სარწმუნოებას. ფუნდამენტური ეკლესიურობა ერთი და იგივე გვაქვს".4

   2) მონოფიზიტები თითქოს ყველაზე ახლოს არიან მართლმადიდებლებთან, რადგან მათ საერთო დოგმატური მემკვიდრეობა გააჩნიათ. პირველი ნაბიჯები ამ თვალსაზრისით „პარიზის სკოლის" წარმომადგენლებმა გადადგეს, რამაც მომდევნო ეპოქის მოდერნისტებს გზა გაუკვალა მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური ცნობიერების ნგრევისკენ.

   შედეგად, შეიქმნა ე.წ. შერეული კომისია (კომისიები) მართლმადიდებლებისა და მონოფიზიტებისა (თუ სხვა კონფესიებსა და რელიგიებს შორისაც).

   დამაგვირგვინებელი სიტყვა 1990 წ. შამბეზში (შვეიცარია) მართლმადიდებლებისთვის სამარცხვინო ხელშეკრულებით (უნია) ითქვა. განცხადებაში წერია: მართლმადიდებლები თანახმა არიან აღმოსავლეთის მართლმადიდებლებს (მონოფიზიტებს მართლმადიდებლები უწოდეს - ავტ.) ჰქონდეთ თავიანთი ტრადიციული, კირილესეული ტერმინოლოგია - „განხორციელებული სიტყვის ერთი ბუნება", ვინაიდან მასში იგულისხმება სრული ერთობა სიტყვასთან (ქრისტესთან), რასაც უარყოფდა ევტიქი. ასევე თანახმა ვართ მოვუხსნათ მათ ანათემები და ბრალდებები, მსოფლიო კრებებისა და წმინდა მამების მიერ მიღებული".5

   ფაქტობრივად, აი რა თქვეს მათ ამ განცხადებით: მხოლოდ ჩვენთვის და კიდევ რამდენიმე „ექსპერტისთვის" გაცხადდა ის, რაც არც წმიდა მამებს მსოფლიო კრებებზე (IV, VI), არც უდიდეს ღვთისმეტყველებსა და წმინდანებს, როგორებიც არიან წმ. სოფრონი იერუსალიმელი, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი, ღირსი ანასტასი სინელი, ღირსი იოანე დამასკელი თუ სხვა წმინდანები, არ განუცხადა სულიწმიდამ. და ... აღმოჩნდა, რომ „ზომიერ" მონოფიზიტობასა და მართლმადიდებლობას შორის არსებული განსხვავება... არ არსებობს.

   ცხადია, ამ უმსგავსობას მოჰყვა უდიდესი პროტესტი მართლმადიდებელ სამყაროში. ყურადსაღებია ათონის წმინდა მთის კინოტის მემორანდუმი, სადაც დაიგმო შამბეზის შეთანხმების შედეგად მიღებული დადგენილებები.6

   4. დავასკვნით: სრულიად უშედეგო და საზიანოც კი აღმოჩნდა დიალოგი მონოფიზიტებთან (ასევე სხვა კონფესიებთან), რომლებსაც „ანტიქალკედონელები", „აღმოსავლეთის ძველი ეკლესია", და ბოლოს „მართლმადიდებლებიც" კი უწოდეს. ამ დიალოგში ითქვა შეუწყნარებელი განცხადებები. მაგალითად: მონოფიზიტები დიოსკორე და სევერი თურმე არასაღვთისმეტყველო მიზეზებით იყვნენ ბრალდებულნი ერესში, რაც მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის ყოვლად მიუღებელია. კიდევ: მსგავსმა დიალოგებმა და ხელშეკრულებებმა ეჭვქვეშ დააყენა ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის არსებობა, რადგან მიღებულ იქნა მსოფლიო კრებათა და წმინდა მამათა სწავლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. მართლმადიდებლური რწმენის თანახმად არა მხოლოდ ევტიქის უკიდურესი მონოფიზიტობა, არამედ სევერისა და დიოსკორეს ზომიერი მონოფიზიტობაც ერესია.

   მოდერნისტულად მოაზროვნე თეოლოგებს შევახსენებთ: „მშვიდობა და ერთიანობა" ვერ განხორციელდება, ვერ მიიღწევა დოგმატური მინიმალიზმის, სარწმუნოებრივი კომპრომისისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებათა დაკნინების, შეურაცხყოფის ხარჯზე, ვინაიდან ყოველგვარი მშვიდობა და ერთიანობა არ არის ღვთისთვის სათნო.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1Прот. Ф. Зисис. Являются ли Армяне Православными?

2რჯულის კანონი. თბ. 2004. რუის-ურბნისის კრება. გვ. 300

3Прот. С. Булгаков. Агнец Божий.

4И. Меиндорф. Халкидонисты и не-халкидонисты: шаги к единству".

5Пагубное Единомыслие. Житомир 2003. стр. 90.

6Меморандум Священного собрания Святой Горы Афон. Относительно диалога между Православными и Монофизитами.


უკან დაბრუნება