მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ღვთივსათნო მოშურნეობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ღვთივსათნო მოშურნეობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


22-04-2020, 16:12

 

   სულის ცხონება კაცობრიობისათვის მონიჭებული უდიდესი მადლია. მის მისაღწევად ყველა ჩვენგანმა მთელი თავისი სულიერი და ფიზიკური ძალები უნდა გაიღოს. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ქრისტიანმა, პირველყოვლისა, საკუთარ ცხონებაზე უნდა იზრუნოს, შემდეგ მოყვასზე, ყველა დანარჩენზე. მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გამოვლენაა მისი დამოძღვრა, ჭეშმარიტი ცხონების გზისკენ მითითება.

   კაცობრიობის არსებობის ჭეშმარიტი მიზანიც სწორედ ამაში მდგომარეობს - ეკლესიის მეშვეობით მიეცეს ადამიანებს ცხონების შესაძლებლობა. ამ მიზნით დააარსა ქრისტემ წმინდა ეკლესია, მიჰმადლა მას მაცხოვნებელი სწავლება, რომლის დაცვა ყველა ჩვენგანს ევალება.

   როგორც მოგახსენეთ, მოყვასის სიყვარული, პირველყოვლისა, საკუთარ სულზე ზრუნვაში ვლინდება, ვინაიდან ჭეშმარიტებაში (ჭეშმარიტების სწავლებასა და ჭეშმარიტი ცხოვრების წესში) საფუძვლიანი წვდომით, თავდაპირველად საკუთარ თავს, მერე კი მოყვასს ვუხსნით, ვუკვლევთ გზას ცხონებისაკენ. საშინელ ეშმაკისეულ ცდომილებაში იმყოფება ის, ვინც, უდებებაში მყოფი, ყველანაირად ცდილობს იბრძოლოს სხვისი გადარჩენისთვის, ამას ხიბლში ყოფნა ეწოდება.

   ქრისტეს ჭეშმარიტებას ვერავის მოახვევ თავს ძალით, პირიქით - მისი (ჭეშმარიტების) დადასტურება, მოყვასის დარწმუნება ჭეშმარიტებაში, ჩვენთვის უხილავად, თავისთავად, მადლმოსილი სულისკვეთების შედეგად ხორციელდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მცნებების გულდასმით დაცვით, თავმდაბლური ღვაწლით, საკუთარი ცხონების იმედით ეცდება. სწორედ ამას ნიშნავს ღირსი სერაფიმე საროველის სიტყვა: „მოიხვეჭე მშვიდობის სული და შენს ირგვლივ ათასობით ადამიანი ცხონდება".

   ამრიგად, ქრისტიანის მიერ საკუთარ სულსა და მოყვასზე დაუღალავი შრომისა და ზრუნვის შედეგად სასურველი მიზანი მიიღწევა. საამისოდ საჭიროა როგორც ზნეობრივი ცხოვრების, ისე მართალი სარწმუნოების აღიარება.

   მაცხოვნებელი ჭეშმარიტების მოშურნე მცველი, მართალი სარწმუნოების ხმამაღლა, უშიშრად აღიარებით უდიდეს სიყვარულს ავლენს მოყვასისადმი. ეს სიყვარული უწინარესად იმით ვლინდება, რომ თავად გვსურს ვიცხოვროთ სიმართლისამებრ, რათა თავად ვიყოთ ცოცხალი ნიმუში წმინდა და მართალი ცხოვრებისა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოროტი ყველა ხერხს მიმართავს ჭეშმარიტების დასამახინჯებლად, გაანადგურებდა. მას სურს, რომ ვერც ერთმა ადამიანმა ვერ მოიპოვოს ცხონება. სწორედ ამიტომ, მართლმადიდებლური სწავლების უმწიკვლო დაცვა ქრისტიანული სიყვარულისა და თავდადების უმნიშვნელოვანესი გამოვლინებაა. შესაძლოა ეს იყოს ადამიანისთვის მისაწვდომ ღვაწლთა შორის უზენაესი. სარწმუნოებრივი საკითხებისადმი გულგრილი ქრისტიანები - ლაოდიკიელები ხშირად ამბობენ: „ეკლესია არასდროს დაზარალდება, მას არ სჭირდება დაცვა, ის უძლეველია, ნუ გეშინიათ და მისთ". ცხადია, ეკლესია არ განადგურდება, ის ცოცხალი სხეულია ქრისტესი, ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, რომელსაც „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან" (მათ. 16. 18). საფრთხე ეკლესიას კი არ ემუქრება - მას დაცვა არ სჭირდება, ვინაიდან ის უკუნისამდე იარსებებს. საფრთხე, თვინიერ ჭეშმარიტი სწავლების უკომპრომისო დაცვისა, ეკლესიის წევრებს ემუქრება - ადვილმოსალოდნელია მართლმადიდებლური რწმენისა და აღმსარებლობის ფსევდომართლმადიდებლობით ანუ ეკუმენიზმით ჩანაცვლება.

   ამდენად, მართლმორწმუნე ქრისტიანს, უპირველესად, ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლების სიყვარული, დაცვა, თავმდაბლური მორჩილება მართებს, ევალება, შემდეგ - მოყვასის სიყვარული, რომელიც მისთვის მაცხოვნებელი სწავლების დამოწმებაში გამოიხატება.

   მართლმადიდებლობის გაყალბება, ჩანაცვლება, მასზე ვით რიგით რელიგიაზე საუბარი, ნიშნავს გაამართლო ეკუმენისტური მსოფლხედვა - მოჩვენებითი ბრძოლა ათეიზმთან. სინამდვილეში, ეს ფარული ურწმუნოება და ჭეშმარიტების სიძულვილის გამოვლინებაა. ღვთისა და მოყვასის სიძულვილია, როცა ცდილობენ დაუფარონ ადამიანებს მართლმადიდებლობის მაცხოვნებელი სიმართლე.

   ასე რომ, სულიერ ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოშურნეობის ღვაწლს. წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს: „ვიდრე საღმრთო მოშურნეობა ძლიერადაა მორწმუნეში, მტერი არ უახლოვდება მას, ვინაიდან მოშურნეობა - მადლის მოწმობაა, ნიშანია, რომ მადლი განუყრელად მკვიდრობს თქვენში, რომელიც მადლმოსილ მდგომარეობასა და ცხოვრებას აყალიბებს. ვიდრე მოშურნე ხარ, მანამდე სულიწმინდის მადლის მოქმედებაში იმყოფები. მოშურნეობა - ცეცხლია, ცეცხლი შეშით უნდა შეინარჩუნო, სულიერი შეშა კი ლოცვაა.

   როგორც კი შევამცირებთ მოშურნეობით მოღვაწეობას, მტერი ნელ-ნელა მოგვიახლოვდება, შეეცდება საერთოდ გააგრილოს მოშურნეობითი სული და ძველ ცოდვებში ჩაგვაგდოს. ჩააქრობ მოშურნეობის ცეცხლს, ვერცერთ სათნო საქმეს ვერ დაუდებ გულს. შედეგად - მთლიანად გულგრილი ხდები სარწმუნოებრივი საკითხების მიმართ".1

   ამიტომ გვმოძღვრავს წმინდა ანტონი დიდი: „ვიფხიზლოთ, სისტემატურად აღვძრათ სათნო მოშურნეობა ჩვენში, ჩვენი გონების სახლში, რათა არ გვიწოდონ უდები და ზარმაცი. მოშურნე, მხნე ქრისტიანზე ვნებები ვერასდროს გაიმარჯვებს. ვინაიდან, თუნდაც დაეცეს ეშმაკის მახით, მოშურნეობითა და მხნეობით მყისიერად ადგება".2

   წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: „სიკვდილამდე მოშურნეობით იბრძოლე ჭეშმარიტებისათვის და უფალი იბრძოლებს შენთვის".3

   ჩვენ დროში ადამიანები ქრისტიანულ შეხედულებას ატარებენ ლამაზი კოსტიუმივით, ჯენლტმენის ელფერს რომ იძლევა. მაგრამ ეს მხოლოდ მანამ, სანამ სარწმუნოება აშკარა მოქმედებას არ დაგვავალდებულებს. როგორც კი ამ შეხედულების გამო გვიწევს მწუხარების ატანა, კეთილდღეობის მოკლება, უმალ გვიმძაფრდება თავმოყვარება და საკუთარი თავი გვებრალება. მერე საკუთარი ნელ-თბილობის გამამართლებელი არგუმენტების პოვნაც ადვილია.

   ჩვენს ცნობიერებაში რაღაცნაირად შემოიჭრა და მყარად მოიკიდა ფეხი აზრმა, რომ ქრისტიანობამ, სახარების ქადაგებამ მარტოოდენ ტკბილი, მაამებელი განწყობა უნდა მოგვგვაროს. წმინდა წერილი კი სულ სხვა სწავლებას გვაწვდის. მაცხოვარი არაერთგზის საკმაოდ მკაცრი, მამხილებელი სიტყვით მიმართავს ფარისევლებს, მწიგნობრებსა და საზოგადოების სხვა წევრებს. პავლე მოციქული კორინთელებს ეკითხება: „რა გსურთ? არგნით მოვიდე თქუენთან თუ სიყვარულით და თავმდაბლობის სულით?" (1 კორ. 4, 21), შემდეგ განმარტავს: „ამიტომ ვწერ ამას შორიდან, რათა მოსვლისას არ მოვიქცე მკაცრად იმ ძალაუფლებისამებრ, რომელიც უფალმა მომცა აღსაშენებლად და არა დასანგრევად" (2 კორ. 10, 8). მოშურნეობის გაღვივების მიზნით იმავე პავლე მოციქულთან ვკითხულობთ: „განა არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ" (1 კორ. 9, 24). აქ პავლე მოციქული თითქოს ამბობს: უფალმა მოგიწოდა, მაგრამ უგულებელყავი მოწოდება, იზარმაცე, განლაღდი. შედეგად, სხვამ „ირბინა", იმოღვაწევა და დაიკავა პირველი ადგილი, შესაბამისად ჯილდოც სხვამ მიიღო თავისი მოშურნეობის გამო. წარმოიდგინეთ, მოგვიწოდა და უგულებელვყავით, მაგრამ კიდევ უფრო ცუდია წახვიდე და შუაგზიდან მობრუნდე უკან. ამიტომ, ლაოდიკიელების სულისკვეთება ნელ-თბილობა სძაგს უფალს.

   ამრიგად, შევიმოსოთ საღმრთო მოშურნეობით, რათა მოვიპოვოთ ცხონება და სხვებისთვისაც გავხდეთ მოღვაწეობის მაგალითი.

   მაგრამ წმ. იოანე ოქროპირის თქმით, „არსებობს ცრუ მოშურნეობაც - სურვილი სათნომყოფელი განაშორო სათნოებას".

 

 

დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

1Св. Феофан Затворник. Душеполезние поучения. Оптина пустынь. 1998.

2Сокровище духовной мудрости. О Ревности.

3იქვე.


უკან დაბრუნება