მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > აღმსარებლური ღვაწლი
აღმსარებლური ღვაწლი24-01-2017, 00:07 |
მართლმორწმუნე ქრისტიანი ვალდებულია არა მხოლოდ შინაგანად მიაგოს პატივი სახარებისეული სწავლების ჭეშმარიტებას, არამედ სიტყვით და საქმით, ღიად დაამოწმოს სხვათა წინაშე ის, როცა ამა მოითხოვს ვითარება - როცა მისი დუმილი შეურაცხყოფს ღვთის სიდიადეს ან ამის გამო ზნეობრივი ზიანი ადგება მოყვასს. ამ ვალდებულების თანახმად, ქრისტიანმა არამარტო უნდა დაიცვას ქრისტეს სწავლება და სარწმუნოება მისი მაგინებლებისაგან, რომლებიც დროის სულისკვეთებისაგან იმართებიან, არამედ, საჭიროებისას, დევნა და წამებაც უნდა აიტანოს მისთვის. მაცხოვარმა ბრძანა: „რომელსა-იგი სირცხვილეულ უჩნდეს ჩემი და სიტყვათა ჩემთა, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თვისისათა ანგელოზთა თანა წმიდათა" (მარკ. 8. 38). ღვთისმეტყველების პროფესორი, დეკანოზი ნიკოლოზ სტელიცკი ამბობს: „სარწმუნოების აღმსარებლობა ქრისტიანისაგან სულიერ სიმამაცეს მოითხოვს. აღმსარებლისთვის უცხოა ცბიერი გათვლები, კომპრომისული გადაწყვეტილებები სარწმუნოებრივ საკითხებში. ის მზად არის თვით საკუთარი ცხოვრება გასწიროს ჭეშმარიტებისთვის. შეუვალი, პრინციპული აღმსარებლობა უფრო მეტი ზნეობრივი სიმამაცეა, ვიდრე სხვა სათნოებათა აღსრულება. ამიტომ ბრძანებს მაცხოვარი: „ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა"1 (მათ. 10. 32). უდიდესია სარწმუნოების აღმსარებლობის მნიშვნელობა აშკარა დევნის დროს. ქრისტეს მხედარს ევალება აღიჭურვოს განსაკუთრებული სიმამაცით, სარწმუნოებრივი აღმსარებლობის ღვაწლით. ქრისტიანი მწერლები გვაუწყებენ, რომ სწორედ მოწამეთა მოწამეობრივმა და აღმსარებლურმა ღვაწლმა განაპირობა ქრისტიანობის გავრცელება წარმართულ და ღვთისმბრძოლ გარემოში. თავდადებამდე მისული ერთგულება ჭეშმარიტებისა საოცრად მოქმედებს ადამიანზე, რომელსაც არ დაუკარგავს ღირსების განცდა. ასეთი მაგალითები მრავლადაა წმინდანთა ცხოვრებაში. ამიტომ მართლმადიდებელი ქრისტიანი უდიდეს მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს წმინდანთა ცხოვრებების გაცნობას, კითხვას. ღირსი სერაფიმე საროველიც სწორედ ამას ამბობს: „ჩვენ ქრისტიანობის ისტორია უბრლო პატივმოყვარული ცნობისმოყვარეობით არ უნდა ვიკითხოთ, არამედ უნდა დავინახოთ, რა ქარიშხლები გამოვლეს ეკლესიამ და ეკლესიის წევრებმა ყველა დროში. მოვიხვეჭოთ ძალა, მოშურნეობა და სიბრძნე, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ქარიშხლების გადატანისა და საკუთარი თავის მართვისათვის".2 ახალი აღთქმის ეპოქა მდიდარია ქრისტესთვის მოწამეობრივი აღსასრულის მაგალითებით. პავლე მოციქულის სიტყვისამებრ: „არცა სიკუდილმან, არც ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავართა, არცა ძალთა, არცა ამა სოფელმან... შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყვარულსა ღმრთისასა, რომელი არს ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩუენისა" (რომ. 8. 38-39). ასეთ აღმსარებლობას ხშირად ჯალათებიც კი მოჰყავდა გონს და მერე ისინიც კი უშიშრად აღიარებდნენ ჭეშმარიტებას. ამიტომ ბრძანა მაცხოვარმა: „კლდესა ზედა (წმინდა მამები კლდეში სარწმუნოებას მოიაზრებდნენ) აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათ. 16. 18). თუ ყურადღებას ეკლესიის ისტორიის თვალსაწიერიდან, თავდადებული აღმსარებლებიდან ჩვენს ეპოქაზე გადმოვიტანთ, აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს დავინახავთ. ჩვენ არა მხოლოდ არ გვსურს ჩვენი სარწმუნოების ვაჟკაცურად აღიარება, არამედ პირიქით - ხშირად მონდომებულად ვმალავთ საკუთარ ქრისტიანულ მსოფლხედვას, თითქოს გვრცხვენია რაღაცის. ზოგს პირჯვრის გამოსახვისაც რცხვენია, ვაითუ ვინმე ნაცნობმა სკეპტიკოსმა ან ათეისტმა დამინახოსო. უცნაური სილაჩრეა! წარმოიდგინეთ: ქრისტიანს არ სურს უცნაურად გამოიყურებოდეს სკეპტიკოსის თვალში. მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) კი პირიქით გვმოძღვრავს: „ქრისტიანი არ შეიძლება ცოტა უცნაურად არ ჩანდეს საზოგადოებაში". ეს იმიტომ, რომ ჩვენი სარწმუნოება ვერ ერგება ამა სოფლის რიტმს. შესაბმისად, არც ჭეშმარიტი ქრისტიანი შეიძლება მოერგოს ამა სოფელს, იმიტომ რომ, ის „არაამსოფლიური" უნდა იყოს. მართლმადიდებლობის წინააღმდეგ საშინელი ბრძოლაა გაჩაღებული. მკაფიოდ გამოჩნდა, როგორი უდიერებით ვეპყრობით ჩვენი თავდადებული წინაპრების სარწმუნოებას. დღეს, როგორც არასდროს მანამდე, გავრცელდა სარწმუნოებრივი გულგრილობა და თვითნებური მიდგომა უმნიშვნელოვანესი დოგმატური სწავლების მიმართ. თვით სასულიერო პირებსაც კი დაეტყოთ რელიგიური სკეპტიციზმი და ინდეფერნტიზმი. წმინდა ეგნატემ (ბრიანჩანინოვი) მეცხრამეტე საუკუნეშივე იგრძნო ამ საზარელი სენის გავრცელების საშიშროება. ერთ-ერთ წერილში იგი ამბობს: „განსაცდელები, რომლებიც ქრისტეს მცირე სამწყსოს ოდითგანვე ევლინებოდა, სულ სხვადასხვა სახისაა. თავიდან ქრისტიანებს აშკარად დევნიდნენ... შემდგომ აშკარა დევნილობა უფრო დახვეწილი ფორმით შეიცვალა, მაგრამ ამას ყველა ვერ ხვდებოდა, განწმენდილთათვის კი სრულიად ცხადი იყო: ქრისტიანებისაგან ქრისტეს უარყოფას კი არა, მწვალებლობის მიღებას მოითხოვდნენ. ეს სულისათვის ისეთივე წარმმწყმენდელია, როგორც აშკარა უარყოფა ღვთისა. ეს იყო არა პირდაპირ უსჯულოების, არამედ ბოროტმსახურების მოთხოვნა. მოგვიანებით დევნა კიდევ უფრო დაიხვეწა: ქრისტეს მორწმუნენი ნებაზე მიუშვეს, ქრისტეს მცნებების მიხედვით ცხოვრება კი - უარყვეს, და ამ მცნებათა საპირისპირო ცხოვრება წესად გაიხადეს. სწორედ, ამის გამო სარწმუნოება ვერასგზით ვერ გადავა დაწყებითიდან ქმედითში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება იგი ცხოველმყოფელი, ანუ სულიერი. „სარწმუნოება თვინიერ საქმეთა" ანუ ქრისტეს მცნებათა შესრულების გარეშე მკვდარ არს... მსგავსი გაურკვევლობა და დაბნეულობა დაუფლებია ბევრს, ვინც თავის თავს ქრისტიანად, ხშირად ეკლესიის მწყემსადაც კი მიიჩნევს: ზოგიერთ მათგანს სახარებაში ჩამოთვლილი სასწაულებისა არ სჯერა, მეორეს კი - უარყოფს, ზოგს დემონების არსებობა ეეჭვება, ვისაც სარწმუნოებრივი საქმეები ბუნებრივი საქმეებისაგან ვერ გაურჩევია, ჰგონია, რომ ყველა ცხონდება თავის კეთილ საქმეთა გამო და ა.შ. იშვიათად მოისმენთ ვინმესგან ღმერთის ჭეშმარიტ სიტყვას, ყალბს კი - საკმაოდ ხშირად გაიგონებთ".3 დღეს თვალნათლივ ვხედავთ, რომ აღსრულდა წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის წინასწარმეტყველება. ბევრ სასულიერო პირს თუ ერისკაცს მართლმადიდებელი ფორმალურად ჰქვია, სულით ისინი უფრო მეტად მწვალებლებს მოგვაგონებენ - ხან პაპისტური, ხან პროტესტანტული, ხან კი პანეკუმენისტური შეხედულებებისკენ იხრებიან.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
1Прот. Н. Стеллицкий. Нравственное Православное Богословие. М. 2011, с. 132. 2ღირსი სერაფიმე საროველი. „უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნენ". 3Св. Игнатий Брианчанинов. Писма. СПБ. 2002. უკან დაბრუნება |