მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მლიქვნელობა
მლიქვნელობა24-12-2016, 00:07 |
მლიქვნელობა თანამედროვე ლაოდიკიელების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სენია. მას ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამ სენმა შეაღწია საზოგადოების თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის მორწმუნე საზოგადოებაშიც. ეს ცოდვა იმდენად მზაკვრული და გულარძნილია, რომ ადამიანთა უმეტესობა მას საკუთარ თავში ვერ ამჩნევს, სამაგიეროდ ადვილად ამჩნევს სხვებში და შესაბამისი სიტყვებით ამკობს კიდეც და განიკითხავს მათ. ერთი სიტყვით, ამ ცოდვამ დაიპყრო თანამედროვე ადამიანი, იქცა მისი ცხოვრების განუყრელ ნაწილად და მეტიც - ცხოვრების წესად. ისმის კითხვა: როგორ შევნიშნოთ მლიქვნელი ადამიანი, რომ მისგან არ დავზიანდეთ? გამოუცდელი ადამიანისთვის ეს თითქმის შეუძლებელია. მლიქვნელმა საკმაოდ კარგად იცის ადამიანის ფსიქოლოგია, მიდრეკილებები, სურვილები და „სუსტი წერტილები". ის სწორედ ამ სისუსტეებს იყენებს თავისი გეგმის განსახორციელებლად. მისი საუბრის სტილი არ განსხვავდება სხვა ჩვეულებრივი ადამიანის საუბრის სტილისაგან, თუმცა ოდნავ მეტად არტისტული და ემოციურია - სურს, სათანადო ეფექტი მოახდინოს. ის ცდილობს სასურველი თემები ტელეფონით არ განიხილოს, მიზნის მისაღწევი „საჭირო ემოცია", რომ არ დაიკარგოს. მლიქვნელი თითქოს უშუალოა საზოგადოებასთან ურთიერთობაში თითქოს კეთილგანწყობილიც არის ყველას მიმართ და ცდილობს არ გამორჩეს არანაირ სასიკეთო ღონისძიებას თუ ინიციატივას. თუმცა: ეს მხოლოდ გარეგნული მხარეა. შინაგანად მლიქვნელი პატივმოყვარეა და პირველობა სურს. ის ამბიციურია და ყოველ ღონეს ხმარობს სხვებზე მეტი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ასეთი მლიქვნელი ეკლესიაში თავის მოძღვარს ელაქუცება, უყვება ახალ ამბებს, აწვდის სხვადასხვაგვარ ინფორმაციას, ჩუქნის საჩუქრებს და ამავე დროს, შეუმჩნევლად, ისე რომ „ცოდვა არ გამჟღავნდეს", უარყოფითად მოიხსენებს მის „კონკურენტს", საუბრის ბოლოს კი კვლავ დადებითად შეაფასებს, რათა კონსპირაცია სრულიად იყოს დაცული. სამწუხაროდ, იმავეს ვაწყდებით ზოგირთი სასულიერო პირის მაღალ იერარქთან ურთიერთობის დროსაც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ სენმა მოიცვა მთელი საზოგადოება, მისი ყოველი სტრუქტურა. ამ მხრივ არც სკოლა და უმაღლესი სასწავლებელია გამონაკლისი. უფროსების მლიქვნელობითი „წარმატებების მაგალითით", ბავშვები იგივეს იმეორებენ, მლიქვნელი ბავშვების უმეტესობას ახასიათებთ ზარმაცობა, უცოდინარობა და გაუნათლებლობა და, ამავე დროს პრეტენზიულობა, ამბიცია - იყოს პირველი და წარმატებული. სწორედ აქ იჩენს თავს მლიქვნელობა და პირფერობა. მიზნის მისაღწევად ასეთი ბავშვები, მათ შორის სტუდენტები, ნებისმიერ იოლ საშუალებას ეძებენ. ამ დროს შეინიშნება მოსყიდვა, დასმენა, ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება, ტყუილი და ზოგ შემთხვევაში უფრო უარესიც, თუმცა ეს სხვა სასაუბრო თემაა. ამ ვითარებაში შრომისმოყვარე, მაგრამ მორიდებული ბუნების ბავშვი, იჩაგრება. ის შესაძლოა სტრესულ, დეპრესიულ მდგომარეობაშიც იყოს, რაც უარყოფითად აისახება მის სულიერ მდგომარეობაზე, ზოგადად მის ჯანმრთელობაზე. სიტუაციას ზოგჯერ ამძიმებს ის ვითარება, როდესაც მლიქვნელ - პირფერთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ამ დროს ბავშვი ნამდვილად გაუსაძლის მდგომარეობაში ვარდება. რასაკვირველია, მასწავლებლთა და ლექტორთა მცდარი დამოკიდებულებაცაა ხაზგასმული, თუმცა ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამ სნეულ ნიადაგზე გაზრდილი ბავშვები მოგვიანებით სამსახურს პოულობენ და კარიერულ ზრდაზე იწყებენ ფიქრს. სამსახურებრივ ეტაპზე მიზანი უფრო ფასეული ხდება; გავლენის მოპოვება, დაწინაურება და, რა თქმა უნდა, „მისი უდიდებულესობა ფულის" მოპოვება. ამ დროს კი ნამდვილად იწყება მლიქვნელი სულის ზეიმი. „მიზანი ამართლებს საშუალებებს", - პირველი წესი ხდება. იეზუიტურ სულისკვეთებით შეპყრობილი ადამიანები სიცრუეს, პირფერობას და მლიქვნელობას მიზნის მისაღწევად და ძირითად იარაღად იყენებენ. ეს ქმედებები, როგორც წესი, ფარულად ხორციელდება. თითქოს კეთილი განზრახვის მიზნით უფროსის „ინფორმირება", რეალურად დასმენა ხდება. აქ უპრიანია გავიხსენოთ წმინდა ტიხონ ზადონელის სიტყვები: „პირფერს ენაზე თაფლი აქვს, გულში კი ღვარძლს ატარებს - სიტყვით მშვიდობას გპირდება, საქმით კი მახვილს გიმზადებს". ამ დროს უფროსის დამოკიდებულება პატიოსანი, ნიჭიერი და მშრომელი კოლეგის მიმართ იცვლება. იგი ამის მიზეზს ვერ ხვდება. პატიოსანი მშრომელი იგნორირბულია, საქმისაგან იზორილებული, იგი განიცდის კომუნიკაციის და ინფორმაციის ნაკლებობას, მისი ინიციატივები უგულებელყოფილ - უკუგდებულია. იქმნება ილუზია თითქოს ის არ არსებობს. მლიქვნელი კი გვერდით დგას, გისმენს, თითქოს გგულშემატკივრობს, მაგრამ ამ დროს მისი გავლენა მატულობს და გულის სიღრმეში ხარობს, რადგან საწადელს მიაღწია - კონკურენტი ჩამოიშორა. მლიქვნელი პოტენციური ქურდია. ზარმაცობის გამო მას ცოდნა არა აქვს. წინსვლა კი შრომას, ცოდნას და გარკვეულწილად თავდადებას მოითხოვს. სწორედ ამ დროს მჟღავნდება მლიქვნელის ორმაგი სტანდარტი. ის პირფერულად მეგობრობს თავის თანამშრომელთან და ამ დროს იპარავს იდეებს, ინიციატივებს, ნაშრომებს. შემდეგ კი ოდნავი სახეცვლილებით უფროსებთან წარადგენს. წარმატებაც გარანტირებულია. ბუნებრივია ისმის კითხვა: თქვენ, პატივცემულო მშობლებო, მასწავლებლებო, დირექტორებო და სასულიერო პირებო, რომელთაც მშვენივრად გესმით მლიქვნლობის დამღუპველი არსი - ესაა ცოდვის და ხრწნადი სულისკვეთების გამრავლება, ერის გადაგვარება. რატომ არ ებრძვით მლიქვნელის სულისკვეთებას? რატომ ახალისებთ უმსგავსობას? რატომ გეშინიათ სიმართლის აღიარება? რატომ ჩაგრავთ პატიოსან ადამიანებს? იმიტომ ხომ არა, რომ ეს ცოდვა თქვენშიც შემოიჭრა, ან იქნებ, თქვენც ამ გზით მიაღწიეთ წარმატებას?! ცხადია, ეს სენი მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში. უკვე დიდი ხანია ვიმკით მის დამღუპველ შედეგებს. გახრწნის პროცესი საგანგაშო მასშტაბებს იღებს და დასასრული თითქოს არ ჩანს. მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ საზარელ ცოდვასთან შინაგანი ბრძოლაა საჭირო, რათა არ მოვიწიოთ სასჯელი. „ნუ იქნებით ორპირი და მლიქვნელი, - ამბობს წმინდა მარკოზ მოსაგრე, - ანუ სიტყვით ერთს ამბობდე და გულში სხვა გქონდეს: რამეთუ ასეთი წმინდა წერილის მიხედვით წყევას ექვემდებარება" (ზირ. 28. 15). მათ გასამხნევებლად, ვინც მლიქვნელთა და პირფერთა ხრიკებისაგან იჩაგრება, ვიტყვით: ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ცხოვრება ღვთის განგებით ვითარდება. რომ სიწმინდე, წესიერება და პატიოსნება იყო, არის და იქნება ის მთავარი ღირებულებანი, რამაც დღემდე მოგვიყვანა. უნდა გვახსოვდეს, რომ, მიუხედავად სიმართლის დევნისა, ქრისტიანი ბრძოლას არ წყვეტდა და პირიქით, უფრო მეტი მოშურნეობით განაგრძობდა მას. ასევე გვწამს, რომ სწორედ ქრისტიანული სათნოებებით ცხოვრება და მცნებების აღსრულება შეგვეწევა ამ ბრძოლის ველზე. „მაშ მხნე იყვენით".
დავით ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |