მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პირფერობა

პირფერობა


23-12-2016, 00:07

 

   თანამედროვე ლაოდიკიელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიშან-თვისება პიროფერობაა. მაცხოვარი მათეს სახარების ოცდამესამე თავში დაწვრილებით აღწერს პირფერი ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტს და ბრალს სდებს ფარისევლებს, რომ „ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩუენებლად კაცთა" (მათ. 23. 3-5, 14, 23-24). სახარების ეს მონაკვეთები სურათია პირფერი ადამიანისა, რომელიც გარეგნულად წრფელი ჩანს, შინაგნად კი სავსეა პირმოთნეობითა და უსამართლობით.

   როგორ ჩნდება სულში პირფერობა?

   მღვდელმოწამე ბასილი (კინეშემკი) მის წარმომშობ ორ მიზეზზე საუბრობს:

   1) დამახინჯებული სულიერი ხედვისას ადამიანისათვის ყოფიერების ცენტრი არა ღმერთი, არამედ მიწიერი ინტერესებია, როდესაც რელიგია იმ ინტერესთა მიღწევის საშუალება ხდება, ჩნდება პირფერობა, რაც ჭეშმარიტი მოწოდების - ღვთის ერთგული მსახურების დაკარგვის შედეგია. ცხადია, ასეთი ადამიანები არიან როგორც ფარისევლებში, რომელთა შესახებაც მაცხოვარი ამბობს: „დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისასა არა ეძებთ" (იონ. 5, 44), ისე თანამედროვე ქრისტიანებში. მაგრამ ასეთი უკიდურესი პირფერები, რომლებიც თავიანთ რელიგიურ მოღვაწეობას შეგნებული ცბიერებით იწყებენ, იმთავითვე მალავენ საკუთარ მერკანტელურ ინტერესებსა და მიზნებს, შედარებით ნაკლებია.

   2) გაცილებით ხშირია შემთხვვბი, როდესაც პირფერობა სულიერი უდებების შედეგად ყალიბდება. საქმე ისაა, რომ ღვთის გულწრფელი მსახურება ადამიანისაგან საკუთარ თავზე სისტემურ მუშაობას მოითხოვს. ეს კი იოლი არ გახლავთ. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ზედაპირული სულიერი ცხოვრების მიმართ ზარმაცი (უდები) ადამიანი რლიგიურ მოვალეობათა მარტოოდენ გარეგნული შესრულებით კმაყოფილდება. ადამიანი იწყებს ღვთის მოტყუილებას. გარეგნული მსახურება ნელ-ნელა ჩვევად ექცევა, რაც პირფერობის განვითარების საწინდარია.

   თავდაპირველად ადამიანი სინდისის ქენჯნას გრძნობს, ვინაიდან შინაგანად განიცდის, რომ მისი მსახურება არაწმიდაა, ყალბია. ხელშემწყობია უკეთური აზრების მოზღვავება, რომლებიც ჩვენს დამშვიდებას იწყებენ: რომ თითქოს ყველაფერი არც თუ ისე ცუდადაა, რომ სრული სიწმინდისა და სრულყოფილების მიღწევა ადამიანისთვის მიუწვდომელია, რომ ღმერთი მოწყალეა და ყოველივეს შეგვინდობს. დაბოლოს, მოვალეობათა გარეგნული აღსრულება ლამის ისეთ სათნოებად ეჩვენება, რომლითაც ცხონდება კიდეც ადამიანი. აი, ასეთნაირად იმშვიდებს თავს პირფერი.

   რადგან ღვთის გარეგნული მსახურება არ იძლევა სულიერ ნუგეშს, საბრალო პირფერი იძულებულია ღვთისსათნო მსახურებისაგან მომდინარე სიხარული სხვა რამით ჩაანაცვლოს. მსგავსი კონპენსაციის ძიებას ადამიანი დიდებისმოყვარეობასა თუ ყოფითი ცხოვრების სხვა მახასიათებელში იწყებს. იგი მოჩვენბითი სიწმინდისა და ღირსების აღიარებას მოითხოვს გარშემომყოფთაგან. ამ დროიდან პირფერის უპირველესი საზრუნავი მხოლოდ ერთი რამეა: თავი სათნო ადამიანად წარმოაჩინოს! მასზე დაკისრებული რელიგიური მოვალეობების გულწრფელ აღსრულებას ის მხოლოდ მაშინ იწყებს, როდესაც თვალს ადევნებენ.1

   ამრიგად, რელიგიური პირფერობა გახლავთ სულიერი ტყუილი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადამიანი ტყუის როგორც ღმერთთან, მოყვასთან, ისე საკუთარ თავთანაც. სწორედ ესაა ძირითადი საფრთხე თანამედროვე ქრისტიანებისა, რომელთა ცხოვრების წესი პირფერობა და მლიქვნელობა გახდა.

   მლიქვნელობის შესახებაც უნდა ვთქვათ.

 

 

 

დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

 

 

1Свщ. Муч. Василий (Кинешемский). Беседы на Евангелие от Марка. М. 2013. გვ. 176.


უკან დაბრუნება