მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ლაოდიკიელი ცრუმისიონერები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ლაოდიკიელი ცრუმისიონერები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე20-01-2021, 00:02 |
ღვთის მადლით, დღესაც არიან ქრისტიანები, რომლებიც ფილადელფიის ეკლესიის მსგავსად, ერთგულად ემსახურებიან მაცხოვარს. ლაოდიკიის პერიოდშიც ვიპოვით ისეთ გულმხურვალე, მოშურნე მართლმადიდებლებს, დროის სულს რომ არ ეთაყვანებიან. ამიტომ ლაოდიკიის ეკლესიისადმი მამხილებელ სიტყვაში უნდა განვჭვრიტოთ საფრთხე, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს საკუთარი ცხონების მიმართ ზერელე, უდიერი დამოკიდებულების ადამიანი. როგორც შევიტყვეთ, ლაოდიკიის ეკლესიისადმი წარმოთქმული არც ერთი სიტყვა არ გამოხატავს მისდამი კეთილგანწყობას. იბადება კითხვა: იმთავითვე იმყოფებოდა ლაოდიკიის ეკლესია ამგვარ სულიერ მდგომარეობაში თუ შემდეგ აღმოჩნდა? წმინდა წერილიდან ირკვევა, რომ შემდგომმა პერიოდში დაივიწყა მან ღვთის სიტყვა და მიეცა ამასოფლის საზრუნავთ. კარგი საწყისები ლაოდიკიის ეკლესიასაც ჰქონდა. პავლე მოციქულმა მას თავის დროზე ეპისტოლეთი მიმართა. მას სურდა კოლასელებისადმი მიძღვნილ ეპისტოლეს ლაოდიკიაშიც გაცნობოდნენ: „როცა ამ წერილს წაიკითხავენ თქვენთან, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკიელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, ხოლო რომელიც ლაოდიკიელთათვისაა გაგზავნილი, თქვენც წაიკითხეთ" (კოლ. 4, 16). როგორც ჩანს ლაოდიკიის ეკლესიამ თანდათანობით, ეტაპობრივად გადაუხვია ჭეშმარიტებას. ჩვენ დროშიც ყოველ მხარეს ვაწყდებით ლაოდიკურ სულისკვეთებას, გნებავთ ქრისტიანობას. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ქრისტიანობა არ იჩენს აქტიურობას. არსებობდა კი ოდესმე, ისტორიის მანძილზე, ამდენი ბიბლიური, საღვთისმეტყველო სკოლა ან მისიონერული მოღვაწეობა (ზოგადქრისტიანული მასშტაბით)? ათასობით ადამიანი იკრიბება საღვთისმეტყველო კონფერენციასა თუ სიმპოზიუმზე? მართლმადიდებელ ეკლესიაშიც და მის მიღმაც დღეს მრავალ ვხედავთ საკმაოდ აქტიურ მისიონერებს. ისინი საკმაოდ ნიჭიერი ორატორები და თეოლოგები არიან, ენერგიას არ იშურებენ თავიანთი ცოდნისა და სულისკვეთების მსემენელთათვის გასაზიარებლად, დადიან შეხვედრებზე, განიხილავენ კინოფილმებს, სულიერ საზრდოს პოულობენ არამართლმადიდებლურ ლიტერატურასა თუ მხატვრულ ფილმებში და ა.შ. მათი ბაგეებიდან მუდმივად ისმის მოწოდებები სიყვარულისა და მოყვასის სხვა აღმსარებლობის ადამიანთა რელიგიურ შეხედულებების დაფასებისაკენ, მაგრამ მათ ბაგეებს არა და არ დაცდება მართალმადიდებლური სწავლების პრინციპული დაცვის ქადაგება, დოგმატური სწავლებისა და წმინდა მამათა საღვთისმეტყველო განსაზღვრებების უკომპრომისო დაცვის მოწოდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ვერ გაიგონებთ ერეტიკოსთა მამხილებელ სიტყვას. ამ დროს ჩვენი მოსიყვარულე მისიონერები სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ მართლმადიდებლური სწავლების ერთგულ ქრისტიანთა მიმართ. მით უფრო მაშინ, როცა მამხილებელი სიტყვა, თუნდაც ირიბად, მათაც ეხებათ. თუკი მოიძებნებიან, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ყველაფრს თავის სახელს არქმევენ, ლაოდიკილები იმას კი არ იტყვიან, აი, ჭეშმარიტი გულმხურვალე მქადაგებელიო, არა! სავარაუდოდ ასე შეამკობენ მას: „რაღაცნაირი ჯიუტი, ხისტი, ფანატიზმისკენ მიდრეკილი ადამიანიაო!" ცოდვის თანაგრძნობა ლაოდიკიელთა გამორჩეული თვისებაა. შეხედულებათა და დოგმატურ სწავლებათა განსხვავების მიუხედავად, ეს „მისიონერები" ცუდს ვერაფერს ხედავენ იმაში, რომ გამართონ სიყვარულის დიალოგი მაშინაც, როდესაც ის დიდი ხანია საღვთისმეტყველო ჩიხშია მომწყვდეული. მეტიც: მართლმადიდებლური კანონების უხეში დარღვევით აღევლინება ერთობლივი ლოცვები ერეტიკოსებთან. ამდენად, ვფიქრობთ, მართებულია ამ ადამიანებს ცრუმისიონერები ეწოდოთ. ჩვენი დროის გამოჩენილმა პუბლიცისტმა და ღვთისმეტყველმა რ. ვერშილომ საფუძვლიანად შეისწავლა ცრუმისიონერობის ფენომენი და დაასკვნა: „ცრუმისიონერობა - მოდერნისტული პროექტია, რომელიც ქრისტიანს ინტელექტუალური თუ ზნეობრივი კუთხით მინიმალურ მოთხოვნებს უყენებს. ამავე დროს, ის პროპაგანდისტული მეთოდების ნაირსახეობაა, რომელიც ყალბი რელიგიური შეხედულებბით მართლმადიდებლობის ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. ცრუმისიონერიზმში მკაფიოდაა წარმოჩენილი ისეთი უარყოფითი მოვლენა, როგორიცაა რელიგიური ინდიფერნტიზმი, ე.ი. მისიონერულ მოღვაწეობას სარწმუნოებრივი და დოქტრინული საკითხებისადმი გულგრილი ადამიანები ეწევიან. დასავლეთის მაგალითზე მკაფიოდ წარმოჩნდა ცრუმისიონერობის ფიასკო თანამედროვე სეკულარულ საზოგადოებაში, რომელშიც თანამედროვე ევროპელი სულ უფრო ძლიერ მიილტვის აღმოსავლური (ისლამი, ინდუიზმი, ბუდიზმი და მისთ) კულტებისა და რელიგიებისაკენ".1 ამ სოფელს მორგებული მისიონერები მართლმადიდებელ ეკლესიაში XX ს-ში გამოჩნდნენ, როდესაც დაიბადა ლოზუნგი: „გამოვაცოცხლოთ ეკლესია". აქ დაახლოებით ისეთივე მოვლნაა, როგორიც პოლიტიკურ სფეროში - „ეკლესიის გამომცოცხლებლები" - საეკლესიო ბოლშევიკები არიან. ისინი ეკლესიას მიიჩნევენ კაცობრივ დაწესებულებად. ამიტომ მათ ლექსიკაში წინა პლანზეა ტერმინი „ეკლესიის გამოცოცხლება". ახალმოწამე მიხეილი (ნოვოსელოვი) მათ შესახებ წერდა: „მათი ნაწერებიდან და საქმეებიდან ვგებულობთ, რომ საჭიროა მხოლოდ ადამიანური ენერგია, ერთის მხრივ, და რიგი ცვლილებბისა საეკლესიო ორგანიზაციაში, მეორე მხრივ, რათა „დადამბლავებული" სხეული ეკლესიისა გაცოცხლდეს და იწყოს სწორად ფუნქციონირება. მათთვის ეკლესიის გამოცოცხლების წყარო საეკლესიო მოღვაწეები არიან - საჭიროა მხოლოდ ჭკვიანური შერჩევა ენერგიული მოღვაწეებისა, რომ გამოაცოცხლო, შეაგულიანო და აამოქმედო უსიცოცხლო ორგანიზაცია, რომელსაც ეკლესია ეწოდება".2 მარტოოდენ ენერგიული და ნიჭიერი მქადაგებლები რომ არ ყოფნის ამ საქმეს, მ. ნოვოსელოვმა თავად განგვიმარტა: „რომ ვილაპარაკოთ მრევლის ან ზოგადად საეკლესიო საზოგადოების გამოცოცხლებაზე, საჭიროა თავდაპირველად მკაფიო პასუხი გაეცეს კითხვას: რა არის ცხოვრება ქრისტიანული თვალსაზრისით? ნამდვილი ცხოვრება არის მარადიული ცხოვრება, ის კი უფლ იესო ქრისტეშია, რომელსაც წმინდა წერილში მარადიული „ცხოვრებაჲ" ეწოდება (იხ. იონ. 11. 25). ამდენად, საეკლესიო გამოცოცხლება არის გამოცოცხლება ქრისტეში, ღრმა წვდომა სულიერი სიმაღლეებისა, რომლებსაც ძე ღვთისას მეშვეობით ეზიარება მორწმუნე, პეტრე მოციქულის სიტყვით „საღმრთოსა მის ზიარ ბუნებისა" (2 პეტრ. 1. 4) ყოფნაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ცხოვრების მიზანი განღმრთოებაა. სანამ ქრისტიანი ამას არ გააცნობიერებს, მანამდე მის რელიგიურ და საეკლესიო ცხოვრებაში ყველაფერი გაურკვეველი, აბსურდული, არასწორი, ყალბი, უმიზნო იქნება".3 ერთი სიტყვით, ტერმინი „ეკლესიის გამოცოცხლება" გვთავაზობს სულიერი და ასკეტური მოღვაწეობიდან ცენტრის ამქვეყნიურ მეთოდიკასა და ინტერესებზე გადატანას. ე.ი. რელიგიური და მარადიული ინტერესები, ფასეულობები დროებითითა და მიწიერითაა ჩანაცვლებული. რ. ვერშილოსთან ასევე ვკითხულობთ, რომ ცრუმისიონერები, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ პროპაგანდის ძალას. საამისოდ მარჯვედ იყენებენ ინფორმაციის გავრცელების ყველანაირ საშუალებას. თუმცა... იქ ვერ მოისმენთ სარწმუნოებრივი საკითხების ძირეულ ანალიზს. სამაგიეროდ მრავლადაა ბედნიერ თუ უბედურ ადამიანთა ისტორიები, ლექსები თუ სიმღერები, ფილმების კომენტარები, დახვეწილი საუბრები თოქ-შოუებში და მისთ. ცრუმისიონერები ხშირად ქადაგებენ იქ, სადაც არ არის შესაფერისი სულიერი და ზნეობრივი გარემო. არსობრივად იქ, სადაც არ სურთ სარწმუნოების გათავისება. იდეოლოგიური თვალსაზრისით, ცრუმისიონერობა გახლავთ მცდელობა დაითანმო ურწმუნო ირწმუნოს სარწმუნოების გათავისების გარეშე. ცრუმისიონერი ესაუბრება მათ, ვისაც არ სურს სახარებისეული ჭეშმარიტების წვდომა. შედეგად იგი შეურაცხყოფს ჭეშმარიტებას - „უგებს მარგალიტებს ღორებს". ამიტომ, თუ ქრისტიანული ქადაგება გასაგებია მათთვის, ვისაც სურს მისი მოსმენა, ე.ი. ის მისავწდომია ყველასათვის - მსურველისა თუ არამსურველისათვის. ამდენად, ის, ვისაც არ სურს იხილოს, მოისმინოს და შინაგანად გულისხმაჰყოს, არ შეიძლება იყოს ქრისტიანული მისიის ობიექტი. რატომ? როგორც კი ის ღვთის სიტყვას მოისმენს, დასცინებს ან თავისი ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენებს მას. ჭეშმარიტი მისიისთვის მნიშვნელოვანია შემდეგ გარემოებათა არსებობა: 1) მზად არის კი ადამიანი მოისმინოს ჭეშმარიტება, 2) სურს კი ირწმუნოს ეკლესიის, თუ აპირებს ეკლესიის წიაღში ამსოფლიური მოთხოვნისამებრ ადამიანი მზად უნდა იყოს სულიერი ფერისცვალების და განსაცდელად არა თავად ჭეშმარიტების საკუთარი ახირებისამებრ ჩასანაცვლებლად. წმინდა მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული ამბობდა: „ადამიანები, რომლებიც ვერ იაზრებენ ქრისტიანობაში მტკიცედ დგომის საკითხს და ქრისტიანისთვის აუცილებელ მისწრაფებას სრულყოფილებისაკენ, სხვისთვის სახიფათო და თავიანთთვის დამღუპველ შეცდომაში ვარდებიან: იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი ქრისტიანული სწავლებისამებრ განაახლონ, ისინი თვით ქრისტიანობის თავისი ნებისამებრ განახლებას, ქრისტიანობისადმი მორჩილებას კი არა, ქრისტიანობის საკუთარი შეხედულებისადმი მორგებას ცდილობენ. რჩებიან რა უცვლელნი ფიქრობენ, რომ წინ მიდიან და ქრისტიანულ წესჩვეულებებსა და ეკლესიის კანონებში ცვლილებების შემოტანით სხვებსაც ხელს უმართავენ. ქრისტიანობა გადმოცემული სწავლების შენარჩუნებას მოითხოვს, ჩვენ კი ვაახლებთ და ვცვლით მას საკუთარი ნებისამებრ. ასე გამოდის, რომ არა საკუთარი თავის, არამედ ქრისტიანობის გამოსწორებას ვცდილობთ. ამით კი ჭეშმარიტი სრულყოფილების მიღწევის ყოველგვარი შესაძლებლობა გვერთმევა".4 რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ცრუმისიონერები სარგებლის ნაცვლად უარყოფით ემოციას იწვევენ მართლმორწმუნე ქრისტიანებში. ნეოფიტებს (ახალმოქცეულებს) კი - ყალბ მდგომარეობაში ამყოფებენ, ვინაიდან მათი ქადაგება პრინციპულად არ შეესაბამება სახარებისეულ სულსა და განწყობას. ამრიგად, ცრუმისიონერი გვთავაზობს მხოლოდ იმას, რაც სეკულატური სულით გამსჭვალულ ადამიანს სურს, რაც ამ ადამიანისთვის არის ხელსაყრელი. ამიტომ, სინამდვილეში იგი არა ჭეშმარიტი სიტყვის მქადაგებელი, არამედ მასობრივი კულტურის ერთ-ერთი ნაწილია, პროექტია. შედეგად, ცრუმისიონერები ეკლესიის წიაღში მასობრივი და მარგინალური კულტურის განმტარებლებად გვევლინებიან, ვინაიდან მართლმადიდებლობის დამახინჯებული ფორმით წარმოჩენა მართლმადიდებლობის მოდერნისტული რევიზიაა. მათი მიზანია, ეკლესიის წიაღში დაამკვიდრონ ადოგმატური აზროვნების პრინციპი. ისინი უბრლოდ ვალდებულად მიიჩნევენ თავს, გაანადგურონ ეკლესიაში დოგმატური ცნობიერება, რასაც სტერეოტიპად და ჩამორჩენილებად სახელდებენ. ცრუმისიონერი არ ამხელს თანამედროვე ეპოქის საკვანძო ცდომილებებს, ერეტიკულ სწავლებებს (პაპიზმი, პროტესტანტიზმი), ისინი მისთვის ასევ ეკლესიებია. მაგრამ ისინი ხშირად გვევლინებიან „იაღოველების" მრისხანე მამხილებლებად (ცხადია, ესეც სამხილებელია). მათი აზრით, უნდა შეიცვალოს მეთოდიკა, დამკიდრდეს თეოლოგიური და ისტორიული საკითხების ახლებური ხედვა. ისინი მუდმივად გაიძახიან, რომ ჩვენ უნდა გადავეჩვიოთ უკან, წარსულისაკენ ცქერას, რომ თანამედროვე სამყარო სულ სხვა კანონებითა და რეალობით ცხოვრობს. ერთი სიტყვით, თანამედროვე ქრისტიანებისაგან მინიმალურ დოგმატიზმსა და ზნეობას მოითხოვენ. ცრუმისიონერი ათავისუფლებს თავის ადეპტებს მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი პრინციპების სავალდებულო დაცვისაგან. ამიტომ მათი შემოქმედება შეუთავსებელთა შეთავსების მცდელობა: რელიგიასა, პოლიტიკასა, შოუ-გადაცემებისა და ა.შ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიწიერზე საუბრობენ ამაღლებულად, ხოლო ამაღლებულსა და სულიერზე - მიწიერად. თანამედროვე ადამიანი ამსოფლიური გამრყვნელი სულით დაღლილი და გამოფიტული, ეკლესიაში ეძებს ნუგეშს, სულის საზრდოს, იმას, რაც არ არის ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ცრუმისიონერის მოსმენის შემდეგ ასკვნის დამღუპველ აზრს: აქაც იგივეა, იგივე სული, მეთოდიკა, დამოკიდებულება, ეს ხომ ისედაც ნაცნობია. ამიტომ მისიონერი, რომელიც შეგნებულად თუ გაუცნობიერად არ წარმოაჩენს მართლმადიდებელი ეკლესიის რეალურ სახეს, სწავლებას, ასკეზს, სულიერ სიღრმეს, ის არ არის ნათელი და მარილი სოფლისა. არადა ისინი, ერთი შეხედვით ყველაფერს აკეთებენ ეკლესიურ ცხოვრების გამოცოცხლებისათვის, მრევლის მოსაზიდად: აწყობენ შეხვედრებს, სუფრებს, ექსკურსიებს, მაგრამ მათი საუბრის თემა მხოლოდ დადებითზე საუბრით შემოიფარგლება - არავითარი მხილება, შეგონება. თავის წრეში, რათა არავინ გააბრაზონ „დააბრკოლონ". მთავარია არავინ წავიდეს ჩვენგან, არ შეაწუხოს სინდისის ქენჯნამ, არ იგრძნოს თავი დისკომფორტულად. მაგრამ განა ასე მოქმედებდა მაცხოვარი, როდესაც ვიღაცას მისგან წასვლა სურდა? მან თავის მოწაფეებს ჰკითხა: „ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსვლა?" (იონ. 6. 67) ანუ: სურვილის შემთხვევაში მათ წასვლის ნებას აძლევდა. განა ჩვენც არ გვმართებს ამგვარად მოქცევა? მეორე მხრივ: მსგავს ცრუმისიონერთა მოსმენის შემდეგ ადამიანი ფიქრობს, რომ ასეთი ქრისტიანობა მეტად ესადაგება. ის ხომ სულაც არ ფიქრობს საკუთარი ცოდვისაგან განშორებას. ამავდროულად, შესანიშნავად კვებავს და აკმაყოფილებს ზოგადი განათლების მსურველთა მოთხოვნებს, ადამიანი როგორიც იყო ამასოფლისაგანი, ისეთივე რჩება. ერთი განსხვავებაა: ის უკვე ეკლესიის წიაღში მოიაზრებს თავს, ვინაიდან ვერანაირი ხელისშემშლელი გარემოება, მისი ამსოფლიური ცხოვრების წესის მამხილებელი, ვერ იპოვა „მისიონერულ ქადაგებაში".
დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
1Антимодернизм. ру. Р. Вершило. Лжемисионерство. 2М. Новоселов. Письма к Друзьям. М. 1999. 3იქვე მ. ნოვოსელოვთან. 4Св. Феофан Затворник. Письма. М. 2001. с. 57. უკან დაბრუნება |