მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 25 იანვარი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა ტატიანასი და მის თანა რომში წამებულთა (+226-235)
25 იანვარი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა ტატიანასი და მის თანა რომში წამებულთა (+226-235)24-01-2022, 16:26 |
წმიდა მოწამე ტატიანა დიდგვაროვან რომაელთა ოჯახში დაიბადა. მამამისი ფარული ქრისტიანი იყო და ასულიც ღვთისა და ეკლესიის ერთგულებით აღზარდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა ტატიანამ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა და უფლის სადიდებლად ეცხოვრა. მან დიაკონისად დაიწყო მსახურება ერთ-ერთ ტაძარში, ლოცვითა და მარხვით იწვრთნიდა სულს, ავადმყოფებს უვლიდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა. როცა რომში თექვსმეტი წლის ალექსანდრე სევერი (222-235) გამეფდა, ქვეყნის მმართველობის სადავეები ქრისტიანთა უბოროტესმა მტერმა, ულპიანემ ჩაიგდო ხელში და მართლმადიდებლების სასტიკი დევნა დაიწყო. შეიპყრეს დიაკონისა ტატიანაც, აპოლონის ტაძარში მიიყვანეს და აიძულებდნენ, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. ქალწულმა გულმხურვალე ლოცვით შემწეობა სთხოვა უფალს. ლოცვის პასუხად უეცრად საშინლად შეინძრა მიწა, კერპი დაიმსხვრა, ტაძრის ნაწილი ჩამოიქცა და ქურუმები და წარმართნი ქვეშ მოიყოლა, შემდეგ საშინელი გოდების ხმა გაისმა და კერპში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა დატოვა იქაურობა . ყველამ ცხადად დაინახა, თუ როგორ გაიელვა ჰაერში მისმა ბნელმა აჩრდილმა. გამხეცებულმა უსჯულოებმა სასტიკად გვემეს წმიდანი. თვალები დათხარეს, ის კი მოთმინებით იტანდა ტკივილებს და უფალს შესთხოვდა, სულიერი თვალები აეხილა მისი მტანჯველებისათვის. ყოვლადსახიერმა ღმერთმა შეისმინა მხევლის ვედრება და ჯალათებმა ცხადად დაინახეს, თუ როგორ შემოერტყნენ მას მცველებად ანგელოზები, თან ზეციდან მარტვილისადმი მიმართული უფლის სიტყვებიც გაიგონეს. სასწაულით უსჯულოებმა ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს, ფეხებში ჩაუვარდნენ ტატიანას და პატიება სთხოვეს. რვავე ჯალათყოფილი ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. მოწამეებმა საკუთარი სისხლით ნათელიღეს. მეორე დღეს უღმერთოებმა წმიდა ტატიანას ტანჯვა განაგრძეს: გააშიშვლეს, სასტიკად გვემეს და სხეული სამართებლით დაუსერეს. მაშინ მოხდა კიდევ ერთი სასწაული: ქრისტეს ტარიგის ჭრილობებიდან რძემ გადმოხეთქა და ირგვლივ კეთილსურნელება დაიფრქვა. ჯალათებს ძალა გამოეცალათ და განაცხადეს, ვიღაც უხილავი რკინის ჯოხით გვცემსო. ცხრა მათგანი იქვე გარდაიცვალა. წმიდა ქალწული საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც მთელი ღამე ლოცვად იდგა და ანგელოზებთან ერთად ადიდებდა უფალს. დილით ტატიანა კვლავ სამსჯავროზე გაიყვანეს. მტარველები გაოგნდნენ, როცა იხილეს, რომ მას წამების კვალი არც ეტყობოდა, პირიქით, კიდევ უფრო გამშვენებული ჩანდა და პირისახე უწინდელზე მეტად უბრწყინავდა. ქალწულმოწამეს მოსთხოვეს დიანას კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა. როცა საკერპოში მიიყვანეს, წმიდანმა პირჯვარი გადაისახა და სასოებით ჰხადა უფალს. უეცრად მეხისტეხამ გააყრუა იქაურობა და კერპი, წინაგამზადებული ძღვენი და ქურუმები ზეციურმა ცეცხლმა დაანახშირა. ვერც ამ სასწაულმა ვერ მოიყვანა გონს უღმერთოები: მათ ტატიანა კვლავ საშინლად აწამეს და საკანში ჩააბრუნეს, სადაც ისევ უფლის ანგელოზები გამოეცხადნენ მას და დაუამეს წყლულები. მეორე დილით მოწამე ცირკში მიიყვანეს, დამშეული ლომი გამოუშვეს მის დასაგლეჯად, მაგრამ მხეცმა მას არაფერი ავნო და მორჩილად აულოკა ფეხები. ამის შემდეგ ტატიანა კოცონში ჩააგდეს და როცა ალმაც არ დაწვა, წარმართებმა იფიქრეს, საქმე ჯადოქართან გვაქვსო. ნეტარი დედისთვის „მაგიური ძალა” რომ გამოეცალათ, მას თმები მოაკვეცეს და ზევსის ტაძარში გამოკეტეს. მესამე დღეს წარმართთა ბრბოთი გარშემორტყმული ქურუმები მივიდნენ მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად და კარები გააღეს, მაგრამ კერპი დამსხვრეული დაუხვდათ. სიხარულით გაცისკროვნებული ტატიანა ადიდებდა უფალს. ვერანაირმა სატანჯველმა ვერ მოდრიკა ქრისტეს მხნე აღმსარებელი, ამიტომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წმიდა ქალწულმოწამესთან ერთად თავი მოკვეთეს მის კეთილმსახურ მამასაც.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |