მთავარი > თანამედროვე მამები, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > გრაფის ასული ანა ორლოვა - მონაზონი აგნია
გრაფის ასული ანა ორლოვა - მონაზონი აგნია20-02-2017, 00:06 |
გრაფ ალექსი გრიგორის ძე ორლოვის ასული ანა ორლოვა დაიბადა 1784 წლის 2 მაისს. და უკვე ერთი წლის ასაკში დაკარგა დედა ავდოტია ნიკოლოზის ასული. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გრაფმა ალექსიმ მთელი ყურადღება გოგონას აღზრდაზე გადაიტანა. მან მოიპატიჟა ყველაზე განათლებული პედაგოგები და ასევე დიდ ყურადღებას აქცევდა ანას რელიგიურ განათლებას. 1808 წლის 24 დეკემბერს გრაფი ორლოვი გარდაიცვალა. მშობლის გარდაცვალებით თავზარდაცემულმა გრაფის ასულმა გონება დაკარგა და თოთხმეტი საათის განმავლობაში სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. გონზე მოსულმა შავი კაბა შეიმოსა, მუხლი მოიდრიკა ხატის წინაშე და ხალხის თანდასწრებით თქვა: „უფალო! შენ წაიყვანე დედაჩემი რომელსაც არ ვიცნობდი, ახლა შენ ინებე მამის წაყვანა, აწ იყავი მათ ნაცვალდ და წარმართე ცხოვრება ჩემი ნებისაებრ შენისა". ახლაგაზრდა გრაფის ასულმა ნუგეში ლოცვაში ჰპოვა და მოსალოცად კიევო-პეჩორის ლავრაში და როსტოვში გაემართა. დიმიტრი როსტოველის საფლავთან იგი შეხვდა მღვდელმონაზონ ამფილოქსს, რომელიც თავისი მკაცრი მოღვაწეობითა და კეთილგონიერებით იყო ცნობილი. ამ ღვთივგანბრძნობილმა მამამ თავისი ბრძნული რჩევა-დარიგებით მნიშვნელოვნად იმოქმედა გრაფის ასულზე. როდოვიდან დაბრუნებულმა ანამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ წუთისოფელი მხოლოდ მარადისობისათვის მოსამზადებელი ადგილია, რომ არც სიმდიდრეს, არც დიდგვაროვნებასა და წოდებას არ მოაქვს ადამიანისთვის სიმშვიდე და მხოლოდ რწმენა და ღვთისადმი სიყვარული მოგვანიჭებს მშვიდობას ამ ქვეყნად და ნეტარ ცხოვრებას მარადისობაში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მამა ამფილოქსთან, შეხვედრის შემდეგ გრაფი ასულის ცხოვრება სრულიად შეიცვალა. დაივიწყა რა თავისი დიდებული წარმოშობა, განათლება, აღზრდა, დიდგვაროვან ადამიანებთან სიახლოვე და იმპერატორის სასახლის უბრალოებით მორიდებული სიტყვით, ქრისტიანული ყურადღებით ყველას მიმართ, განურჩევლად წოდებისა, ასაკისა თუ წარმოშობისა, არავის და არასოდეს არ უნახავს იგი განრისხებული ან მოწყენილი. ღარიბ - ღატაკთა დიდი რაოდენობა იკრიბებოდა მისი სახლის წინ და არც ერთი მათგანი დახმარებისა და ნუგეშის გარეშე არ მიდიოდა. ცხოვრებაში ყოველივეს: სიხარულს, წყენას, სიამოვნებასა და გულისტკივილს მორჩილებითა და ღვთისადმი უსაზღვრო მადლიერებით ღებულობდა. და ყველგან ხედავდა ღვთის ყოვლისშემძლე განგებას. ლოცვაში იმდენად გულმოდგინე იყო, რომ თითქმის არასოდეს გრძნობდა დაღლას, თუმცა საათობით მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ღმერთს. მამა ამფილოქის გარდაცვალების შემდეგ გრაფის ასულის წინაშე მოძღვრის არჩევის ჟამი დადგა. მან რჩევისათვის ეპისკოპოს ინოკენტის მიმართა, რომელიც ასევე განთქმული იყო მართლმადიდებლური ღვაწლით. ეპისკოპოსთან შეხვედრისას მეუფემ მღვდელმონაზონი ფოტი ურჩია, რომელიც მისი სულიერი შვილი იყო, სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი, ამჟამად კი აკადემიის ლექტორი და სულიერი მოღვაწე. იმ დროისათვის, როდესაც გრაფის ასული ხვდება მღვდელმონაზონ ფოტის, რუსეთის დედაქალაქში ფსევდოქრისტიანული და „დასავლურ - მისტიკური" გარემო ტრიალებდა. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ რუსეთში მრავლად გაჩნდა მასონური ლოჟები და სხვა საეჭვო ორგანიზაციები. თავისუფლად იბეჭდებოდა და ითარგმნებოდა გნოსტიკური და სექტანტური ლიტერატურა. „ეკუმენური სალონები" ავრცელებდნენ ანტიმართლმადიდებლურ სწავლებას „იდუმალი" ქრისტიანობის შესახებ. რამაც ფართო განვითარება ჰპოვა რუსეთის მაღალ წრეებში. ცენზურა მთლიანად თავად გოლიცინს ექვემდებარებოდა, რომელიც ხელს უწყობდა ყოველგვარ „მისტიკურ" მიმდინარეობებს. და თავისი ავი გავლენით წმინდა სინოდზე ზემოქმედებდა და მართლმადიდებლობას ზიანს აყენებდა. მრავალი, ვინც ჭეშმარიტ ქრისტიანად ითვლებოდა, ცდუნდა იმ დროს, ენდობოდა რა მეტად თავიანთ რელიგიურ გრძნობებს, ვიდრე ეკლესიის ავტორიტეტს, ეკლესიის წიაღში შექმნეს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო „ახალი სულიერება". სწორედ ამ დროს გვევლინება არქიმანდრიტი ფოტი მართლმადიდებლობის მოშურნე დამცველად. მან ბევრი იბრძოლა და თვით მეფე დაარწმუნა, რომ რუსეთი დიდი საფრთხის წინაშე იდგა. გრაფის ასულმა ანა ორლოვმა მამა ფოტიში იპოვა არა მარტო სულიერი მოძღვარი, არამედ თავისი საქველმოქმედო საქმიანობის დიდი შემწე. იგი წერდა: „მან მიიპყრო ჩემი ყურადღება თავისი უშიშარი და დაუღალავი შრომით მართლმადიდებლობის დასაცავად. ყველანი მის წინააღმდეგ იყვნენ, განსაკუთრებით დიდგვაროვანნი. იგი ამას არ შეუშინდა და განაგრძობდა ანტიქრისტიანული სწავლების მხილებას. მისი წერილები მოციქულთა ეპისტოლეებს ჰგავდა. როდესაც ახლოს გავიცანი, დავრწმუნდი, რომ იგი აბსოლუტურად არაფერს ეძებდა თავისი თავისთვის", ამიტომაც ანა ორლოვა სრული შეგნებით გახდება მამა ფოტის პირველი დამხმარე. მამა ფოტიმ შეისწავლა იმ დროისათვის გავრცელებული არაქრისტიანული ლიტერატურა, გაუკეთა მართლმადიდებლური კომენტარი და ეს კოლექცია მეფე ალექსანდრე I-ს გაუგზავნა. მამა ფოტიმ სახალხოდ დაგმო არა მარტო მასონური ლოჟები და იდუმალი საზოგადოებები, არამედ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ბიბლიური საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავდა მართლმადიდებლობის ნაცვლად ინტერსექტანტური „ქრისტიანობის" გავრცელებას. საზოგადოებრივმა აქტიურობამ, რასაკვირველია, ალექსანდრე I-ის ყურადღება მიიპყრო, რომელიც ბოლო წლებში ერიდებოდა თავის „ლიბერალურ" ახალგაზრდულ მისწრაფებებს და სურდა პირადად შეხვედროდა მამა ფოტის. ეჭვგარეშეა, რომ არქიმანდრიტ ფოტის უდიდესი გავლენა ჰქონდა მეფეზე. პირველი შეხვედრის დროს მან გააფრთხილა მეფე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მოუწოდა, მართლმადიდებლობის სადარაჯოზე დამდგარიყო და ანტიმართლმადიდებლური საზოგადოებები აეკრძალა. მათი საუბრიდან ერთი კვირის შემდეგ ალექსანდრე პავლეს ძემ გამოსცა ბრძანება, სადაც მასონურ ლოჟებსა და სექტანტურ საზოგადოებებს ეკრძალებოდათ რუსეთში მოღვაწეობა. მეორე საუბრის შემდეგ მამა ფოტის რჩევით მეფემ აკრძალა ანტიმართლმადიდებლური ლიტერატურის შემოტანა და გავრცელება. ალექსანდრე I-მ აიტაცა მამა ფოტის გამოთქმა: „უფალმა დაამხო ხილული ნაპოლეონი, დაე თქვენი მეშვეობით დაამხოს უხილავი ნაპოლეონი!" რუსეთში ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ ალექსანდრე I-მა თავისი „გარდაცვალების" ინსცენირება მოაწყო და ბოლო 39 წელი განდეგილად იცხოვრა თეოდორ კუზმას ძის სახელით. შემონახულია თეოდორ კუზმას ძის წერილები, სადაც რუსეთის გადამრჩენად არქიმანდრიტ ფოტის ასახელებს. და მართლაც, არცერთ ადამიანს არ უღვაწია ასე გულმოდგინედ იმ პერიოდში, როგორც მას. მამა ფოტი გარდაიცვალა 1838 წლის 26 თებერვალს და დაკრძალულია ნოვგოროდში. ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში გრაფის ასული ანა ცხოვრობდა იურიევის მონასტრის მახლობლად და თითქმის ყოველდღიურად ესწრებოდა ღვთისმსახურებას, მწუხრსა და ღვთისმშობლის დაუჯდომელს. დიდ მარხვაში დღის მეტ ნაწილს ეკლესიაში ატარებდა. ღამით კი განმარტოვდებოდა და შუაღამიანს კითხულობდა. ამ დღეებში მისი ღვაწლი ძველი განდეგილების ღვაწლს უტოლდებოდა: მარხვის პირველ კვირას იგი არაფერს ჭამდა სეფიკვერის გარდა. წმინდა ზიარებას ღებულობდა ყოველ შაბათსა და კვირას. ამ დღეებში იგი ღამის ორ საათზე დგებოდა და სამისათვის ცისკრის ლოცვას ესწრებოდა, შემდეგ ეზიარებოდა. დღეს, როდესაც ეზიარებოდა, ნეტარებისა და სულის ზეიმის დღეს უწოდებდა. მან, უარყო ამსოფლიური სიამოვნებანი, მაგრამ ასრულდა თავის მოვალეობა საზოგადოებისა და სამეფო კარის წინაშე. გრაფის ასული სიხარულით ღებულობდა სტუმრებს, თუმცა თვითონ არ უყვარდა სხვებთან სტუმრობა. საზოგადოებაში არც სიტყვით, არც საქმით არ ამჟღავნებდა თავის მოღვაწე ცხოვრებას. ვინც მას მდიდრულ დარბაზებში ხვდებოდა, აზრადაც არ მოსდიოდა, რომ იგი დღის უმეტეს ნაწილს ლოცვასა და ღვთივსათნო საქმიანობაში ატარებდა. იგი ხშირად სტუმრობდა მონასტრებს. ერთ-ერთი მოლოცვის დროს, კიევში, მიძინების დღესასწაულის შემდეგ, მამა თელოთეს შეხვდა. ღვთივგანბრძნობილი მამა კელიას ალაგებდა და ჭურჭელს რეცხავდა. გრაფი ასული რომ დაინახა, გაუხარდა: „ოჰ, რა კარგ დროზე მოხვედი, ჩემო ძვირფასო, ძალიან გთხოვ, ჩადი დნეპრის პირას და ჭურჭელი გამირეცხე" და ყველაზე ჭუჭყიანი ჭურჭელი მიაწოდა. ანა ალექსის ასულმა მხოლოდ გაიღიმა, ყოველგვარი პროტესტის გარეშე აიღო ჭურჭელი და მდინარისაკენ გაემართა, სადაც ყოყმანის გარეშე, ძვირფასეულობებით მორთული ხელებით შეუდგა ქოთნების რეცხვას. მსახურები მოშორებით იდგნენ და გაკვირვებას ვერ მალავდნენ. ანა ალექსის ასული გამოირჩეოდა მონასტრებისადმი განსაკუთრებული მხრდაჭერით და ქველმოქმედებით. ცნობილია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ანა ორლოვამ მონასტრებსა და ეკლესიებს დაახლოებით 25 მილიონი რუბლი შესწირა ამ თანხის ეკვივალენტი გაცილებით მეტია დღევანდელთან შედარებით, არ არის აღრიცხული, რამდენი მილიონი დახარჯა გაჭირვებულთა დახმარებაზე და სხვა საქველმოქმედო მიზნებზე. გარდაცვალების შემდეგ მან 340 მონასტერს (თითოეულს) 5000 რუბლი დაუტოვა, ზოგ მონასტერს კი მეტიც. 48 კათედრალურ ტაძარს გაეგზავნა 3000 რუბლი და 6000 რუბლი - რუსეთის ყველა ეპარქიას. ძნელად მოიპოვება კერძო პირი, ვინც ასეთი ძღვენი შესწირა ღმერთს. ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ გრაფის ასული ფარული მონაზონი იყო. დღეს უკვე ეს ინფორმაცია საიდუმლოს არ წარმოადგენს. ანა ალექსის ასულის გარდაცვალების შემდეგ მის სალოცავ ოთახში ნახეს დიდი სახარება. ვერცხლითა და ოქროთი შემკული სახარების ბოლო გვერდზე საინტერესო წარწერა აღმოაჩინეს: „ღმერთმა გაკურთხოს ჩემო ქრისტეს მიერ საყვარელო დაო აინგა: დაე, დაგეხმაროს ეს წიგნი ღვთის ნების აღსრულებაში... ასევე ილოცე ჩემთვის და მიიღე ეს საჩუქარი ღვთისმშობლისაგან... სქემმონაზონი პარფენი 1848 წ. 22 აგვისტო. ალილუია". გასაგებია, რომ სახელი აინგა გრაფის ასულის მონაზვნური სახელი აგნია გახლავთ. იგი შებრუნებით არის დაწერილი, რათა საიდუმლო შენარჩუნებულიყო. ამავე სახარებაში, მეთორმეტე გვერდზე ასევე ნახსენებია სახელები აინგა და პარფენი. მკვლევართა აზრით სწორედ მამა პარფენიმ აღკვეცა იგი მონაზვნად. ეს ფაქტი და მრავალი სხვა მაგალითები არ ტოვებენ ეჭვს, რომ ანა ორლოვა მონაზონი იყო. სავარაუდოა, იგი 1845 წელს აღიკვეცა მონაზვნად და სწორედ ამ წმიდა წოდებაში პოულობდა ძალას ღვაწლისათვის. გრაფის ასული 64 წლის ასაკში, 1848 წლის 5 ოქტომბერს, სამშაბათს გარდაიცვალა. იგი დაასაფლავეს იურიევის მონასტერში, სადაც ჯერ კიდევ გარდაცვალებამდე, მისივე ბრძანებით მოუმზადეს მას საფლავი. მისი რწმენა, თავმდაბლობა, ღვთისმოსაობა და უსაზღვრო ქველმოქმედება არ შეიძლება დარჩეს უნაყოფო მაგალითად ქრისტიანთათვის. განუსვენე უფალო სულსა გრაფის ასულისა ანასი, იგივე მონაზონი აგნიასი და მიიღე იგი შორის რჩეულთა შენთა თანა.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |