მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ეკლესიის გარეშე ცხონება შეუძლებელია - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ეკლესიის გარეშე ცხონება შეუძლებელია - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)10-03-2018, 00:07 |
ჩვენი ასწლეულის მეორე ნახევარში ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში არაჩვეულებრივი შემთხვევა მოხდა: პარლამენტის მრავალსართულიანმა შენობამ, რომელიც ტექნიკის ყველა წესითა და კანონით იყო აშენებული, უეცრად, უხილავი მიზეზების გამო, დაწევა დაიწყო. თავდაპირველად მეცნიერები ვერ ხვდებოდნენ, რაში იყო საქმე. ვერც ნიადაგის წყლები, ვერც სეისმური ძვრები ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ შენობა ნელ-ნელა აგრძელებდა ნგრევას. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ფუნდამენტის ქვეშ ტერმიტების უზარმაზარი რაოდენობა დაბინავდა და მრავალი წლის განმავლობაში ითრევდნენ შენობის საფუძველს. რაღაც მსგავსი ჩვენს ეკლესიურ გარემოშიც შეინიშნება: გაჩნდნენ უხილავი ძალები, რომელთაც (შესაძლოა, ვერც აცნობიერებდნენ ამას), თანდათანობით და ჯიუტად ეკლესიის სწავლების დამახინჯება და დისკრედიტირება დაისახეს მიზნად, რითაც შეუმჩნევლად ცვლიან მართლმადიდებლურ მენტალიტეტს. ეს დამანგრეველი ძალები მთელ მსოფლიოში მოქმედებენ: ისინი პირდაპირ არ ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლურ დოგმატებსა და კანონებს, მაგრამ სურთ, ისინი თავისი ინტერპრეტაციის ქვეშ მოაქციონ, მოახვიონ განსხვავებული აზრი, შექმნან ადოგმატური რელიგია - ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, ეკლესია კანონების გარეშე - და თანდათანობით მიიყვანონ ადამიანები იმ დასკვნამდე, რომ მთელი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება - მხოლოდ სახარებისეული სწავლების გვიანდელი დანართი, რომ ძირითადი და უმთავრესი - სიკეთე და მოწყალებაა, ხოლო დანარჩენს არა აქვს მნიშვნლობა. ჩნდება რეალური საშიშროება იმისა, რომ მთელ მსოფლიოში სურთ შექმნან ახალი, ლიბერალური ქრისტიანობა, რომელშიც თავად ქრისტე წარმოდგენილი იქნება არა როგორც მსხნელი სოფლისა, არამედ როგორც ზნეობის მასწავლებელი, რომელმაც გოლგოთის მსხვერპლით კი არ გამოისყიდა ადამიანების ცოდვები, არამედ მხოლოდ თავდადების მაგალითი გვიჩვენა. მათ სურთ, ქრისტიანობას თავისი ისტორიული ფესვები მოაცილონ, გაანადგურონ მისი მისტიკური სიღრმე და მთავარი მიზნის - ღმერთთან ერთობის ნაცვლად, დასახონ სხვა - ადამიანებისადმი მსახურების, ხოლო სინამდვილეში - ადამიანების ვნებების მსახურების მიზანი. უკვე უფრო და უფრო ხმამაღლა გაისმის ხმები, რომ სახარება პირდაპირ არ უნდა იქნას გაგებული, - ეს ბუნებაზე ძალადობაა, მარადიული სატანჯველისა და დემონების არსებობის რწმენა - ავადმყოფური წარმოდგენა; თავად სინანულს ისინი რაღაც გადახრად, უაზრო თვითგვემად მიიჩნევენ; ხანგრძლივ ლოცვებს - დროის დაკარგვად, რომელიც მოყვასისადმი მსახურებისათვის უნდა გამოგვეყენებინა და ა.შ. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ტენდენციები პროტესტანტიზმში გამოვლინდა, და მისმა მწარე მაგალითმა უნდა გამოგვაფხიზლოს და გამოგვაღვიძოს. მართლმადიდებლობა სულიერი ჭეშმარიტებაა. ლიბერალებს არანაირი ჭეშმარიტება არ სჭირდებათ. ისინი მიიჩნევნ, რომ ადამიანებისათვის უნდა შეიქმნას პირობები, რომლის დროსაც, რაც შეიძლება სრულად, განხორციელდება მისი სურვილები, მათ შორის ვნებებიც. სახარება ნათელია, რომელსაც ვერ უძლებენ ცოდვებით დამძიმებული ადამიანები, მათ სურთ ძალადობის მეშვეობით ან ჩააქრონ ეს ნათელი ან დაამახინჯონ ქრისტიანობის არსი. სანამ არსებობს ქრისტეს სწავლება, მსოფლიო განისჯება და იმხილება მის მიერ, და რომელ ცოდვილს სურს სარკეში თავისი მახინჯი სახის ხილვა, შეგრძნება იმისა, რომ ამსოფლიური ფილოსოფია - საღორის ფილოსოფიაა, რომლის უმთავრესი კეთილდღეობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ღორს ნარჩენების ვარცლთან ჰქონდეს მისასვლელი. უფალი ამბობს, რომ სოფელი ესე ბოროტებასა ზედა დევს. ჭეშმარიტი ეკლესია და ჭეშმარიტი სარწმუნოება ყოველთვის დევნილი იქნება. წარმართები ქრისტიანების სისხლიან დევნას ასევე ჰუმანისტური და ლიბერალური პოზიციით აწყობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ქრისტიანები - ადამიანთმოძულენი არიან, რომ ისინი საკუთარ თავსაც და სხვებსაც ცხოვრების სიხარულს ართმევენ. ქრისტიანების დოგმატებისადმი ერთგულებას წარმართები ფანატიზმად მიიჩნევდნენ. ზოგიერთ წარმართ ცეზარს გააჩნდა პროექტი, ქრისტეს გამოსახულება პანთეონში - ღმერთების ტაძარში შეეტანა და მისი, როგორც ერთ-ერთ ღვთაების, თაყვანისცემა დაედგინა, ანუ ქრისტიანობისა და წარმართობის გაერთიანება სურდა. ქრისტიანების ყველაზე საშინელი დევნის დროს, იმპერატორ დეოკლიტიანეს ეპოქაში ბეთანიის მმართველმა ფელიქსმა დაწერა წიგნი, სადაც არწმუნებდა ქრისტიანებს, რომ წარმართებსა და მათ შორის დიდი განსხვავება არ არის, და კომპრომისულ გადაწყვეტილებას სთავაზობდა: ქრისტიანები თაყვანს სცემენ ქრისტეს, მაგრამ მასთან ერთად წარმართულ ღმერთებსაც. როდესაც ის დარწმუნდა, რომ ამ ჩანაფიქრიდან არაფერი გამოვიდოდა, ის ქრისტიანების ყველაზე საშინელი მდევნელი გახდა, თავად იგონებდა ტანჯვის ახალ-ახალ მეთოდებსა და დეოკლიტიანეს უფრო ძლიერი სისასტიკისაკენ მოუწოდებდა. ეკლესიამ, რომელიც დაფუძნებულია მოწამეთა სისხლზე, არა მხოლოდ გაუძლო დევნას, არამედ გაიმარჯვა კიდეც. შემდეგ ეკლესიის მთავარი მოწინააღმდეგენი გნოსტიკური ერესები გახდნენ. ერთნი უკიდურეს ასკეტიზმს მოითხოვდნენ, ისინი ადამიანის სხეულს ბოროტების საწყისად და დემონის ქმნილებად მიიჩნევდნენ, ხოლო სხვა გნოსტიკოსები საპირისპირო უკიდურესობაში ვარდებოდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ ადამიანის სული ღვთაებრივია, ამიტომ სხეულით ჩადენილი ცოდვა უმნიშვნელოა ადამიანისათვის. ეს გახდა მოწოდება ყოველივეს ნებადართვისკენ. ყოველი სექტა მოციქულებრივი გადმოცემის დამახინჯებაა, ეს საკუთარი წარმოდგენების ფუნდამენტზე ახალი ქრისტიანობის მშენებლობის სურვილია, ეს სულიერიდან ფშვინვიერისაკენ გადასვლაა. რაციონალისტური სექტები თავის შეზღუდულ გონებას წმიდა გადმოცემაზე მაღლა აყენებენ. ცრუმისტიკური სექტები სულიწმიდის მადლს ფშვინვიერი, ემოციონალური მდგომარეობით, ფსიქიკური აღმგზნებებითა და ექსტაზით ანაცვლებენ. შემდეგ ჩნდება ახალი მტერი - ეს არის თეოსოფია, რომელიც ამბობს, რომ ყველა რელიგია ცენტრისაკენ მიმართული რადიუსია. თეოსოფიისათვის ერთიანი ჭეშმარიტება არ არსებობს. ის წარმართული მრავალღმერთიანობის გამეორებაა. ქრისტე ზოროასტრთან და ბუდასთან ერთად ერთიან რაკურსში განიხილება. ქრისტიანობა არა ყველა ერის ჭეშმარიტებად, არამედ რეგიონალურ რელიგიად ცხადდება. თანამედროვე ეკუმენიზმი თეოსოფიის კერძო სახეა, სადაც თანასწორობის პრინციპი ჯერ კიდევ არა ყველა რელიგიაზე, არამედ ჯერ მხოლოდ კონფესიებზე ვრცელდება. ჩვენ შეიძლება გვითხრან: „გნოსტიკოსებისა და თეოსოფების შეხედულებები არ არის დამახასიათებელი ჩვენი ეკლესიისათვის; ჩვენ გვწამს ქრისტესი როგორც ძე ღვთისასი და მსოფლიოს მხსნელისა". მაგრამ ჩვენ სხვა რამეზე გვსურს მივუთითოთ - იმაზე, რომ ტერმიტები ამოძრავდა ეკლესიის ფუნდამენტის ქვეშ. ეკლესიური აზროვნების კოროზია უკვე დაწყებულია და ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე შეიძლება პერსპექტივა აღმოჩნდეს შორეული, მაგრამ მაინც პერსპექტივა, უკვე რეალიზებული პროტესტანტულ სექტებში. როდესაც ტერმიტები ანგრევენ შენობას, არ უნდა დავიმშვიდოთ თავი იმით, რომ ნგრევის პროცესი ჯერ უმნიშვნელოა, რომ ეს მწერები მცირე ზომისაა, ხოლო ეკლესიის კედლები მძლავრი და შეურყეველია. მართალია, თავად ეკლესიას ვერ დაამარცხებენ ტერმიტები, იმიტომ რომ ის ქრისტეს აღთქმაზეა დაფუძნებული, მაგრამ რამდენი საცდური შემოვა მათი მეშვეობით ეკლესიაში? რატომ ცდილობენ ასე დაჟინებით ეკლესიური ტრადიციის შეცვლას, წმიდა გადმოცემებიდან განშორებას, შეუერთებლის შეერთებას - ქრისტეს სულისკვეთებისა და ამსოფლიური სულისკვეთებისა? რატომ სურთ ასეთი დაჟინებით კალენდრის შეცვლა, ეკლესიური ენის შეცვლა და ა.შ.? თუ კედლიდან ერთი ქვა გამოვარდება, მეორეც იოლი გამოსაძრობი იქნება. ამიტომ მართლმადიდებლობაში არ უნდა შეიცვალოს ისიც კი, რაც ყველაზე უმნიშვნელო გვეჩვენება. მოდერნიზმი და ლიბერალიზმი - ქრიტიანობის მტრებია, რომლებთანაც მოლაპარაკება არ შეიძლება. ყოველ დათმობას ისინი თავის გამარჯვებად აღიქვამენ და კიდევ უფრო აძლიერებენ ეკლესიაზე თავდასხმას. ყველაზე საშიში ისაა, რომ ლიბერალური იდეების ქადაგება სასულიერო შესამოსელით შემოსილმა ადამიანებმა დაიწყეს. უკვე მართლმადიდებელი მღვდლების გარემოში შეგვიძლია მოვისმინოთ პოლემიკა იმის შესახებ, რომელია უკეთესი - მართლმადიდებლობა თუ კათოლიციზმი, ცხონდებიან თუ არა მუსლიმანები, შეგვიძლია თუ არა მოვიპოვოთ სამოთხე ნათლობის გარეშე. ეს იგივე თეოსოფიაა, მხოლოდ უფრო შენიღბული ფორმით. ვინც თქვა „ა", მან ადრე თუ გვიან უნდა თქვას „ბ"; ვინც დღეს აშკარად ამბობს იმას, რომ ნათლობის გარეშე და ა.შ. შესაძლებელია ცხონება, ის ადრე თუ გვიან იტყვის, რომ შეიძლება ცხონდე ქრისტეს გარეშე საკუთარი სათნოებებით. გავიხსენოთ, ფარისევლებს მიაჩნდათ, რომ ისინი უკვე გადარჩენილნი იყვნენ თავიანთი კეთილი საქმეებისა და აბრაამის შთამომავლობის გამო, ხოლო დაასრულეს იმით, რომ არა მხოლოდ უარყვეს, არამედ ჯვარს აცვეს ქრისტე.
წიგნიდან: „Векторы Духовности" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |