მთავარი > წმიდათა ცხოვრება, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > „შუშანიკის წამება“ და მისი ქრონოლოგია

„შუშანიკის წამება“ და მისი ქრონოლოგია


8-02-2017, 00:07

 

„იყო მერვესა წელსა მრ... სპარსთა მეფისასა" 

 

   ყველა მკვლევარი, ვინც კი ოდესმე შეჰხებია იაკობ ხუცესის აგიოგრაფიულ თხზულებას - „შუშანიკის წამებას", ბუნებრივად მიაპყრობდა თავის ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ნაწარმოებში, მიუხედავად იმისა, რომ იქ სხვადასხვა კონტექსტში ექვსგზის არის ნახსენები წმინდანი ქალის მარტვილობის თანამედროვე სპარსთა მეფე, ფაქტიურად, არ ჩანს მისი კონკრეტული ვინაობა (სახელი). სპეციალისტთა უმრავლესობა ამ მეფის სახელს, როგორც წესი „პეროზის" სახით აღადგენს.

   მკვლევართა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მარტვილობის შესავალშივე მოცემული ფრაზა: „იყო მერვესა წელსა მრ... სპარსთა მეფისასა", სადაც ბუნდოვანი იკითხვისი „მრ...", საყოველთაო აზრით, ირანის შაჰის - პეროზის (457/59-484 წწ.) სახელის ნაშთია. თუმცა, „პეროზ" - სახელის ტექსტში მოცემული „მრ" - იკითხვისთან დაკავშირების ფილოლოგიური მხარე დღემდე მაინც გადაუჭრელი დარჩა. „სპარსთა მეფის" კონკრეტული ვინაობის მიუთითებლად კი იაკობ ხუცესის ზემოაღნიშნულ ქრონოლოგიურ მითითებას რომ აზრი ეკარგება, ეს არავისთვის სადავო არ გახლავთ. ასევე ეჭვგარეშეა ისიც, რომ თხზულების ტექსტში პეროზ სპარსეთის მეფის სახელი უწინ აღნიშნული იყო, მოგვიანებით კი, ის რაღაც მიზეზით ბუნდოვანი და გაურკვეველი გახდა. ყოველ შემთხვევაში, „შუშანიკის წამების" სომხური ვრცელი და მოკლე რედაქციის შექმნის დრო, როგორც ეს გარემოება თავის დროზე სამართლიანად შენიშნა ივ. ჯავახიშვილმა, სპარსთა მეფის სახელი უკვე დაკარგული ან იმდენად დაზიანებული და გაუგებარი ყოფილა, რომ მოკლე სომხური რედაქციის უცნობ ავტორს თხზულების ქართულ დედანში მოცემულ სათარიღო მითითებაზე თავის თარგმანში ხელი საერთოდ აუღია, ხოლო ვრცელი სომხური რედაქციის შემოქმედს თავის მხრივ ის ზოგადი ფრაზით - „და იყო ჟამსა მეფობისა სპარსთაისასა" - შეუცვლია (ძველი ქართული საისტორიო მწერლობა. თხზ. 12 ტომა, ტ. VIII, თბ, 1977, გვ 62).

   იაკობ ხუცესის თხზულების ტექსტში სპარსეთის ანონიმი მეფის სახელის „პეროზ"-ად აღდგენისას ხელოვნურობას რომ ავარიდოთ თავი, ამისათვის საჭიროა მოიძებნოს რაციონალური ახსნა მისი „მრ..." - იკითხვისთან დაკავშირებისათვის. ამ ამოცანის გადაწყვეტის ერთ-ერთ საშუალებას V ს-ის სომეხი მემატიანის მოვსეს ხორენაცის ერთი ცნობის მაგალითზე ვპოულობთ. კერძოდ, დასახელებული სომეხი მწერალი, როდესაც სპარსეთის მეფე ვოლოგეს III-ის (148-192) ზეობის დროინდელ მოვლენებზე საუბრობს, აღნიშნავს შემდეგს: „... იმ ხანებში, როდესაც გარდაიცვალა რომაელთა მეფე ტიტე მეორე..., სპარსთა მეფემ რომაელთა სამფლობელო დალაშქრა და ამის გამო დაერქვა პეროზი, რაც ძლევაშემოსილს ნიშნავს, მანამდე კი ბერძნულად ვალეგესოსს ეძახდნენ, ხოლო მისი ადრინდელი სახელი რა იყო, მე არ ვიცი"-ო (მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ისტორია, თბ, 1948 გვ. 152). საშუალო სპარსულში სიტყვა „პეროზ" მართლაც ნიშნავს „ძლევამოსილს", „მძლეს", „გამარჯვებულს" (იხ. მ. ანდრონიკაშვილი. ირანულ - ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, თბ. 1966, გვ. 488). უაღრესად საყურადღებო ფაქტად გვესახება ის, რომ ტრადიციულად V ს-ის მწერლად მიჩნეული მოვსეს ხორენაცი, ანუ იაკობ ხუცესის თანამედროვე პირი, სპარსული „პეროზ" სიტყვის მნიშვნელობას სომხურ თარგმანში სთავაზობს მკითხველს. როგორც ქვემოთ ვიხილავთ, მსგავს ვითარებასთან გვაქვს საქმე იაკობ ხუცესის თხზულების ჩვენთვის სანტერესო ეპიზოდშიც.

   თუ სადავოს არ გავხდით სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულ იმ მოსაზრებას, რომ იაკობ ხუცესისეული „მრ"... იკითხვისის ქვეშ რეალურად სპარსეთის შაჰი პეროზია ნაგულისხმები, მაშინ პირველის შემთხვევაში ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს „პეროზ" - სიტყვის ძველი ქართული ექვივალენტური ტერმინის ნაშთთან. ძველ ქართულში მართლაც მოიძებნება საშუალო სპარსული „პეროზ" - ის სემანტიკურად შესატყვისი ისეთი ტერმინი, რომლის პირველი ორი ბგერა გახლავთ „მრ". ეს არის ძველ წერილობით ძეგლებში საკმაოდ იშვიათად ხმარებული სიტყვა „მრე". ის დამოწმებულია ძველი აღთქმის ერთ-ერთ ფსალმუნში: „ნუსადა თქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას" (12, 5), რომელიც წარმოდგენილი გახლავთ X-XI სს-ით დათარიღებულ ხელნაწერში. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, როგორც ფიქრობენ, ჩვენამდე მოღწეული სახით VIII ს-ში უნდა ჩამოყალიბებულიყო და იხმარებოდა წმ. გიორგი მთაწმინდელის სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლამდე, ანუ XI ს-მდე (მ. შანიძე. ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები, თბ. 1979; მცხეთური ხელნაწერი, თბ, 1983, გვ. 4). დავითის ფსალმუნის გვიანდელ ხელნაწერში ჩვენთვის საინტერესო ადგილას ტერმინი „მრე" შეცვლილია სიტყვით „მძლე". ამ უკანასკნელის დარად „მრე" ნიშნავს „მომრევს", „გამარჯვებულს", „ძლევამოსილს" (ილ. აბულაძე. ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ. 1973, გვ. 308).

   ამრიგად, ჩვენ მიერ განხილული მასალების საფუძველზე „შუშანიკის წამების" ტექსტში დაფიქსირებული იკითხვისი „მრ"... სრული უეჭველობით აღდგება, როგორც სიტყვა „მრე", რომელიც საშუალო სპარსული „პეროზ"-ის ძველ ქართულ სემანტიკურ შესატყვისობას წარმოადგენს. ცხადია, აღნიშნული კორექტივი გათვალისწინებული უნდა იქნას იაკობ ხუცესის თხზულების ყველა სამომავლო გამოცემაში.

   საშუალო სპარსული, „პეროზ"-სახელის ქართული შესატყვისის სახით ტექსტში გადმოღების ფაქტს, როგორც ასეთს, ადგილი შეიძლება ჰქონოდა იმ ისტორიულ ეპოქაში, როდესაც მისი სემანტიკა ჯერ კიდევ გასაგები იქნებოდა თხზულების ავტორის ან რედაქტორისათვის. ასეთ ეპოქად V-VIII სს-ის პერიოდი წარმოგვიდგება. მოვსეს ხორენაცის თხზულებიდან დამოწმებული ამ მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია დავუშვათ ის აზრი, რომ საშუალო სპარსული „პეროზ" - ის ძველი ქართული „მრე" - სიტყვით გადმოცემის ფაქტი საკუთრივ იაკობ ხუცესის პიროვნებასთან არის დასაკავშირებელი. მით უფრო, რომ, როგორც „შუშანიკის წამების" ცნობებით ირკვევა, ცურტავში და კონკრეტულად პიტიახშის კარზე სპარსელებიც იყვნენ წარმოდგენილნი, რომლებთან გარკვეული შეხება თავად იაკობ ხუცესს, როგორც პიტიახშის ოჯახთან დაახლოებულ პირს, უეჭველია, რომ ჰქონდა. ქვეყანაში (იბერიაში) იმჟამად გამეფებული ვითარების ფონზე მას, როგორც ფრიად განათლებულ ადამიანს, წესით და რიგით უნდა სცოდნოდა სპარსული ენაც, ხოლო თუ ხსენებული თარგმანის ფაქტს თხზულების ტექსტის უფრო გვიანდელ რომელიმე რედაქტორ - გადამწერლის დამსახურებად მივიჩნევდით, ეს მხოლოდ იმაზე იმეტყველებდა, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი VIII ს-ზე გვიან არ ჰქონია. აღნიშნული გარემოება იმ თვალსაზრისითაც არის საყურადღებო, რომ მისით ცხადად მჟღავნდება „შუშანიკის წამების" ანონიმური სომხური რედაქციების (ე.წ. ვრცელის და მოკლეს) დამოკიდებულების ფაქტი თხზულების ქართულ დედანზე. სრულიად აშკარაა, რომ სომხური რედაქციების თხზულების ისეთი ხელნაწერი ეპყრათ ხელთ, სადაც სპარსეთის მეფის კონკრეტული სახელი უკვე აღარ იკითხებოდა. სხვა მრავალთან ერთად ეს მცირე ნიუანსიც გამოდგება იმის ნათელსაყოფად, რომ „შუშანიკის წამების" ჩვენთვის ცნობილი სომხური რედაქციების ჩამოყალიბებას ადგილი ჰქონდა იაკობ ხუცესის თხზულების ტექსტის გადამუშავება - გადაკეთების ნიადაგზე არაუადრეს IX ს-ისა. იაკობის თხზულებაში მოცემული სხვა სათარიღო მონაცემების კვლევის ნიადაგზე გამოვლენილი რეალიებიც (იხ. ჩვენი „შუშანიკის წამების" ქრონოლოგიისათვის. საისტორიო ალმანახი „კლიო 11"", თბ. 2001, გვ. 62-84) აღნიშნული დასკვნის მართებულობას უჭერენ მხარს. რაც შეეხება პეროზ სპარსთა მეფის ზეობის მე-8 წელს, იგი, სადღეისოდ მიღებული აზრის თანახმად, 469 (495+8) წელს უდრის. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მეფის თანამედროვე ეპოქის ავტორი ლაზარე ფარპეცი (აგრეთვე XII ს-ის ქრონისტი მიხეილ სირიელი და სხვა) პეროზის ზეობის საწყის თარიღად შაჰ იეზდიგერდ II-ის გარდაცვალების წელს - 457 წელს აღიარებდა, ხოლო სასანიანთა იმპერიაში მეფეთა ზეობის წელთაღრიცხვა ყოველთვის არ იწყებოდა ახალი მეფის ფაქტიური აღსაყდრებიდან, არამედ, მას ზოგჯერ იწყებდნენ წინამორბედი ხელისუფალის სიკვდილის მომენტიდან, თანაც მეფეთა სიებში არ გაითვალისწინებოდა ძალაუფლებისათვის გამართული ბრძოლებით ან სხვა მიზეზით მმართველობებს შორის გაჩენილი დროის შუალედური მონაკვეთები და ამ მიზეზით მახინჯდებოდა აღნიშნული სიის შეფარდებითი ქრონოლოგია, ანუ ზეობის წლების რაოდენობრივი და რიგითი მონაცემები არ შეესაბამებოდნენ სინამდვილეს, იაკობ ხუცესის მითითება სპარსთა მეფის, ანუ პეროზის (იგივე „მრე" - ს) ზეობის მერვე წელზე რეალურად უნდა გულისხმობდეს 464 წლის თარიღს, რასაც თავის დროზე ვარაუდობდა კიდეც ივ. ჯავახიშვილი. როგორც შემდგომში ვიხილავთ ამას, „შუშანიკის წამების" ტექტში მოცემული სხვა ქრონოლოგიური მონაცემების ანალიზიც ადასტურებს აღნიშნული დასკვნის მართებულობას.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება