მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებელი ქრისტიანი ხშირად უნდა ეზიარებოდეს იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს (ნაწილი II)

მართლმადიდებელი ქრისტიანი ხშირად უნდა ეზიარებოდეს იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს (ნაწილი II)


14-01-2017, 00:09

 

   თუ ყურადღებით მივადევნებთ თვალს საღმრთო ლიტურგიის მსვლელობას, უეჭველად შევნიშნავთ, რომ ის თავიდან ბოლომდე მიზნად ისახავს ეკლესიაში შეკრებილ მორწმუნეთა ზიარებას და ამასვე მიუთითებს მთელი თავისი მსვლელობის მანძილზე, - რასაც ცხადყოფს მღვდელმსახურების დროს წარმოთქმული სიტყვა, მღვდლის საიდუმლო ლოცვები, ასამაღლებლები და საერთოდ, მთელი მღვდელმოქმედება და წესი ლიტურგიისა. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს.

   ლოცვა მორწმუნეთა 2: „მოეც მათ ყოვლადვე, შიშით და სიყვარულით მსახურთა შენთა, უბრლოდ და დაუსჯელად მოღებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა".

   ლოცვა, რომელიც მოსდევს მსხვერპლშეწირვას: „რაითა ექმნეს მიმღებელთა განსაფრთხობელად სულისა, მისატევებელად ცოდვათა", ანუ: რათა ეს წმინდა ძღვენი მორწმუნე მაზიარებლებს ექმნეს სულის განსაწმენდელად და ცოდვათა მისატევებელად.

   ზიარების წინა ლოცვა: „და ღირს მყვენ ჩვენ მტკიცითა ხელითა შენითა მოცემად ჩვენდა უხრწნელი ხორცი შენი და პატიოსანი სისხლი შენი და ჩვენ მიერ ყოველსა ერსა შენსა", ანუ: გაგვხადე ღირსი, უფალო, შენი მტკიცე ხელიდან მოვიღოთ წმინდა ხორცი და პატიოსანი სისხლი შენი და შემდეგ გადავცეთ შენს მორწმუნე ერს.

   ზემოთქმულ მიზანს ემსახურება აგრეთვე მღვდლის ასამაღლებელი, რომლის წარმოთქმისას იგი მაცხოვრის პირით მოუწოდებს ხალხს: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი და - „სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი..." და იმ დროსაც, როდესაც მღვდელი ბარძიმით ხელში საკურთხევლიდან ამბიონზე გამოდის, იგი საღმრთო ზიარებისკენ მოუწოდებს მორწმუნეებს და ხმამაღლა ღაღადებს: „შიშითა ღმრთისაითა, სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით", ანუ: მოდით ღმრთის შიშით, სარწმუნოებითა და სიყვარულით, და ეზიარეთ ღვთაებრივ საიდუმლოს.

   ზაირების შემდეგ მღვდელიც და ხალხიც მადლობას აღუვლენენ ღმერთს ამ დიდი მადლის მიღებისათვის; ხალხი ამბობს: „აღივსენ პირი ჩემი ქებითა შენითა, უფალო, რაითა უგალობდეთ დიდებასა შენსა; რამეთუ ღირს მყუენ ჩუენ ზიარებად წმიდათა შენთა საღმრთოთა, უკვდავთა და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა"; ეს ნიშნავს: „ჰოი, უფალო, დაე ჩვენი პირი შენდამი ქებით აღივსოს, რამეთუ ღირსი გაგვხადე ვზიარებოდით შენს წმინდა და უკვდავ საიდუმლოს"; მღვდელი კი ამბობს: „აღემართენით მიმღებელნი საღმრთოთა, წმიდათა, უხრწნელთა, უკუდავთა, ზეცისა ცხოველთა საშინელთა ქრისტეს საიდუმლოთა, ღირსებით ვმადლობდეთ უფალსა", ხოლო ეს ნიშნავს: „ძმებო, რაკი ყველანი სუფთა სინდისით ვეზიარეთ წმინდა და განმაცხოველებელ საიდუმლოს, მოდით, ერთად შევწიროთ ღმერთს მადლობა".

   თუ კარგად დავფიქრდებით, იმასაც შევნიშნავთ, რომ „ქერუბიმთას" საგალობელიც, რომელსაც ხალხი გალობს, ზიარებისთვის მზადებას წარმოადგენს, რამეთუ მასში ნათქვამია: „მოდით, ჩვენ, ყველამ, ვინც საიდუმლოდ მივემსგავსენით მრავალთვალ ქერუბიმებს და სამწმინდა საგალობელს შევსწირავთ ცხოველსმყოფელ სამებას, განვიწმინდოთ გონება ამსოფლიური ზრუნვისა და შფოთისაგან, რამეთუ საკუთარ სულში უნდა შევიწყნაროთ და უნდა ვეზიაროთ ყოველთა მეუფეს, რომელსაც ანგელოზთა წესნი უხილავად გარს ახვევიან".

   ზემოთქმულ მიზანს ემსახურება უფლის ლოცვაც, რომელიც მსხვერპლშეწირვის შემდეგ იკითხება, რამეთუ ამ ლოცვაში ქრისტიანები შესთხოვენ ღმერთს პურს არსობისას, პური არსობისა კი უმთავრესად წმინდა ზიარებას ნიშნავს.

   მაშ ასე, ყოველივე ამის საფუძველზე მე შეგთხოვთ, ძმანო, ღმრთის შიშითა და საკუთარი სინდისის მიყურადებით მიპასუხოთ შეკთხვაზე: განა ცხადზე უცხადესი არ არის, რომ ის ქრისტიანები, რომლებიც ლიტურგიაზე მოდიან, მოვალენი არიან ხშირად ეზიარონ? განა ვალად არ აწევთ მათ ამის გაკეთება, რათა წარმოჩნდეს ლიტურგია როგორც ზიარება, კრება და ტრაპეზი, და რათა ქრისტიანები იმის უარის მყოფელნი და გარდამაქცეველნი არ აღმოჩნდნენ, რისიც სწამთ და რასაც აღიარებენ? ხოლო თუკი ამას არ აკეთებენ - ანუ არ ეზიარებიან, როგორც ეს თვით მათგან შევიტყვეთ, მაშინ ვშიშობ, რომ სწორედ გარდამაქცეველნი არიან ისინი. ამიტომაც მე უკვე აღარ ვიცი, აქვს თუ არა ხალხს რაიმე წესი, კანონი, და მართებულია თუ არა ის, რომ მათ მღვდელი მოუწოდებდეს? უადგილო ხომ არ არის ამ შემთხვევაში მისი მოწოდება, ან წირვის დროს სხვა სიტყვები, ან საერთოდ მთელი მღვდელმოქმედება და წესი ლიტურგიისა? რამეთუ ყველა როგორც ერთი, განზე დგება და ქრისტიანთაგან არავინ მოიძებნება ისეთი, ვინც ლიტურგიის წეს-განგებას და მღვდლის ან უკეთ რომ ვთქვათ, ღმრთის მოწოდებას დამორჩილებოდა და ზიარებას მიიღებდა. არა, თითოეული მათგანი ცარიელი ხელებით შორდება სიწმინდეს, ახლოსაც კი არ ეკარება მას.

   ამიტომაც ღვთაებრივი ოქროპირი, რომელიც წმიდა კრებებსა და მოციქულთა კანონებს ეყრდნობა, ამასთან ერთად კი საღმრთო ლიტურგიის მღვდელმოქმედებასაც მიაპყრობს გონების თვალს და ხედავს რომ მთელი ეს მღვდელმოქმედება მორწმუნეთა ზიარებას ისახავს მიზნად, განაჩინებს შემდეგს: ის, ვინც წირვაზე მოდის და არ ეზიარება, თვით ტაძარში შემოსვლის ღირსიც კი არ არის.


   Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება