მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > საოცარი ბერი
საოცარი ბერი10-01-2017, 00:06 |
მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 მაისი იყო, დღე ნესტიანი და მოღუშული გამოდგა. კონსტანტინეპოლის თავზე დაკიდებული ნაღვლიანი ღრუბლებიდან დროგამოშვებით მძიმე, ცივ წვეთებად უშენდა წვიმა, ქუჩებში ყველაფერი ნისლში გახვეულიყო და პირქუში შუადღე მწუხრს უფრო მიაგავდა. თითქმის ასეთივე ნესტიანი, ცივი და პირქუში იყო დაბალჭერიანი, ბნელი სარდაფი, სადაც ხელოსანი ნიკოლოზი თავი მოხუც ცოლთან ერთად ცხოვრობდა. სიბერემ და ავადმყოფობამ ერთ დროს საკმაოდ შეძლებული ადამიანების, კეთილდღეობა დაშრიტა. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გაეყიდათ, დიდი ხანია გაყიდეს, დარჩა მხოლოდ ის, რასაც ყველაზე მცირე მოთხოვნილების მქონე მყიდველიც არ შეიძენს და ერთი ხალიჩა, რომელსაც ბევრი ძვირფასი მოგონება უკავშირდებოდა. გათოშილი და ცუდი კვებით დასუსტებული მოხუცები ნაღვლიანად საუბრობდნენ. ისინი უკვე შეეგუენ თავიანთ მდგომარეობას, არ წუწუნებენ მძიმე ხვედრის გამო, მაგრამ ხვალ წმ. ნიკოლოზის დღესასწაულია, მათ კი ხურდაც არ გააჩნიათ, რომ ეკლესიაში სანთელი იყიდონ... არადა წინა წლებში, ისინი განსაკუთრებულად დღესასწაულობდნენ თავიანთი ზეციური მფარველის ხსენების დღეს. დიდხანს დარდობდნენ მოხუცები და უეცრად ცოლი ბედნიერმა აზრმა გააცისკროვნა: - შენც იცი, - უთხრა ქმარს, - ორივე მოვხუცდით და სიკვდილიც ახლოსაა. როგორ არ ვცეთ თაყვანი, შესაძლოა უკანასკნელადაც, წმ. ნიკოლოზის ხსოვნას? აიღე და გაყიდე ხალიჩა, ახალგაზრდობის ბედნიერ დღეებს უიმისოდაც მოვიგონებთ, ხოლო ბებერ სხეულს როგორმე ხალიჩის გარეშეც გავითბობ, თუმცა, იგი ამ ცივ ღამეებში ჩემი ერთადერთი საფარველი იყო. ნიკოლოზი სიხარულით დათანხმდა, აიღო ხალიჩა და ბაზრობაზე წავიდა. აქ მას ბერი მიუახლოვდა და დაინტერესდა, რას ყიდდა იგი. - ხალიჩას ვყიდი. - უპასუხა ნიკოლოზმა. - რამდენს ითხოვ? - ახალი რვა ოქრო ღირდა, ახლა კი რასაც მომცემენ, ყაბულს ვარ. - ექვსი ოქრო საკმარისია? გაოცებული ბერის გულუხვობით, რომელიც გაცვეთილსა და გახუნებულ ხალიჩაში ასე ძვირს იხდიდა, ნიკოლოზი სიხარულით დათანხმდა. ბერმა ფული გადაიხადა, აიღო ხალიჩა და წავიდა, ნიკოლოზი კი სეფისკვერის, ღვინის, სანთლებისა და საკმევლის საყიდლად გაეშურა. ის იყო დაქანცული მოხუცი სახლს მიუახლოვდა, რომ კართან ცოლი გამოეგება და საყვედურებით აავსო, უწოდებდა მატყუარას, ძუნწს, რომელსაც ხალიჩის გაყიდვა დაენანა. გაოგნებული ნიკოლოზი შედგა, ნავაჭრის ნაწილი ხელიდან გაუვარდა, კიდევ უფრო გაოცდა ცოლი, რომელმაც დაინახა, რომ ნიკოლოზი ნავაჭრით გამოცხადდა. - 15 წუთიც არ იქნებოდა შენი წასვლიდან გასული, - ამოღერღა ქალმა, - კაკუნი გაისმა და ვიღაც ბერი შემოვიდა. „მე თქვენი ქმრის ძველი მეგობარი ვარ, - თქვა მან, - მისი დავალებით მოგიტანეთ ეს ხალიჩა..." და მეც ვიფიქრე, რომ შენ გადაწყვეტილება შეცვალე და არ გაყიდე იგი... ნიკოლოზი გაოგნებული იდგა. - ბერი მაღალი იყო, - განაგრძობდა ცოლი, - თეთრით მოსილი, დიდებული და ნათელი სახით. ის ვიღაცას ჰგავდა... დიახ, დიახ... ის - ნამდვილად წმიდა ნიკოლოზია, ასე გამოსახავენ მას ხატებზე! ეს ის იყო! ახლა კი გაახსენდა ნიკოლოზს, როგორი გაოცებით შესცქეროდნენ გარშემომყოფნი, როცა იგი მყიდველს ესაუბრებოდა. ყველაფერი ნათელი გახდა და ცოლ-ქმარი მიხვდა ვინ იყო ის საოცარი ბერი, რომელმაც შეიძინა და დააბრუნა ხალიჩა. ათრთოლებულნი დაეშვნენ მუხლებზე და ადიდებდნენ წმიდა და საკვირველმოქმედ ნიკოლოზს.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |