მთავარი > სიმდაბლე, მთავარი გვედის ფოტო > ნუთუ ვერ ხედავ საკუთარ არარაობას?
ნუთუ ვერ ხედავ საკუთარ არარაობას?9-01-2017, 00:05 |
თავმდაბლობა და სიმშვიდე უდიდესი სათნოებაა. ასეთი დიდი და სახელგანთქმული მოსე ამ სათნოებამ გახადა. გონივრულ თავმდაბლობას ვერაფერი შეედრება, სწორედ ამიტომ მისგან დაიწყო ქრისტემ ნეტარებებით სწავლება და დიდებულ შენობას საფუძვლად თავმდაბლობა დაუდო. მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. თუ ვინმე მარხულობს, ლოცულობს, მოწყალებას გასცემს, მაგრამ ამას სიმდაბლის გარეშე, სიამაყით აკეთებს, ეს ძალზე ცუდია, ხოლო სიმდაბლით აღსრულებული სასურველი, საქები და კეთილსაიმედოა. მაშ, დავიმდაბლოთ თავი, ძვირფასებო. თუ ფხიზლად ვიქნებით, ეს სათნოება ძალზე ადვილი შესასრულებლი იქნება ჩვენთვის. მაინც, რამ უნდა გიბიძგოს ამპარტავნებისაკენ? ნუთუ ვერ ხედავ საკუთარ არარაობას? - საკუთარი ნების გაუკუღმართებას? საკუთარ აღსასრულზე და ცოდვების სიმრავლეზე დაფიქრდი. შეიძლება, დიდი საქმეები გიკეთებია და ამიტომ ქედმაღლობ? სწორედ ამიტომ კარგავ ყველაფერს. თავის დამდაბლებისთვის ცოდვილზე მეტად კეთილმსახური უნდა ზრუნავდეს. რატომ? იმიტომ, რომ ცოდვილს სინდისი აიძულებს დამდაბლებას, ხოლო სათნოებებით მოსილი, თუ საკუთარ თავზე ძალზედ არ ფხიზლობს, თითქოს ქარიშხლით ატაცებული ამაღლდება და მაშინვე ცნობილი ფარისევლის მდგომარეობაში აღმოჩნდება. შენ ღარიბებს ეხმარები, მაგრამ შენსას კი არა, უფლისას აძლევ, რომელიც მისი ყველა მონისთვის საერთოა. შეიძლება შენი წინაპრებიც ასეთი ღარიბები იყვნენ, ხოლო სიმდიდრე თუ გვერგო, შეიძლება ისევ დავკარგოთ. რაა სიმდიდრე? - ჩრდილი ცარიელი, კვამლი განქარვებადი, შეფერილობა ბალახისა. რატომ ქედმაღლობ ბალახით? ქურდებს, მრუშებს და სასაფლაოს მძარცველებსაც ხომ აქვთ სიმდიდრე? იქნებ მედიდურობ მომხვეჭველობაში შენი კავშირებით? ან გიყვარს პატივი? მაგრამ პატივისათვის მოწყალებაზე უფრო საიმედო საშუალება არ არსებობს, რამეთუ სიმდიდრით და თანამდებობებით მოპოვებული პატივი სხვებისთვის იძულებითი და საზიზღარია, ხოლო ქველმოქმედისთვის პატივის მიგება თავისუფალი ნებით და გაკითხული ადამიანების სინდისით ხდება. სწორედ ამიტომ მოწყალების მიმღებნი არასოდეს იფიქრებენ ამ პატივის წართმევაზე. თუკი მოწყალეთა მიმართ ადამიანები პატივისცემით არიან განმსჭვალულნი და ყოვლგვარ სიკეთეს უსურვებენ მათ, მაშინ დაუფიქრდი, კაცთმოყვარე მეუფისაგან როგორ ჯილდოს და გასამრჯელოს მიიღებენ. ვეძებოთ ეს სიმდიდრე - ულევი და სამარადისო, რამეთუ აქ პატივსა და დიდებას, ხოლო იმქვეყნად მარადიულ სიკეთეებს მოვიხვეჭთ.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |