მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > „ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ“ (მათე 5, 6)

„ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ“ (მათე 5, 6)


4-01-2017, 11:49

 

   განსხვავებულია ყოველი კაცის ხორციელი სურვილი საკვების მიმართ, და ყოველ კაცს თავის ნებისამებრ სწადია ზოგს - ტკბილი, ზოგს - ცხიმიანი; ზოგი ხილისმოყვარეა, ზოგი - ღვინისა... ასეა სულიერ საქმეებშიც; ყველას სურვილი ერთნაირი არ არის, ვიღაც ამსოფლიურ დიდებას მიელტვის ან სიმდიდრეს ან სანოვაგეთა სიმრავლეს ან ხორციელ ვნებათაგანაა ძლეული; და არიან სხვები, რომელთაც აქვთ წადიერება და სიყვარული კეთილისა. რომელია ის სათნოება, რომელსაც სიმართლე უწოდა უფალმა? მან სიმართლე უწოდა ერთად შეკრებილ სათნოებებს და ღვთის მცნებების აღსრულებას და მისთვის თქვა: „ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწყუროდის" და თქვა არა სხვა რამის, არამედ სიმართლის შესახებ, რათა მისი მსურველნი, მისი წადიერნი და მისთვის მწყურვალნი განძღენ. ღვთისმსახურთა სიმტკიცესა და სათნოების განუქარვებლობას განძღომა უწოდა უფალმა, რამეთუ ხორციელ საქმეთა აღსრულება ფუჭი და ამაოა და გახვრეტილ ქვევრს ავსებს იგი, ვინც ხორციელ გულის თქმებს აღასრულებს. რადგან მას, ვინც დღეს ჭამა ან სმა ან რომელიმე სურვილი აისრულა, ხვალ არაფერი დარჩება ამისაგან, ყოველივე წარხდება და ამაო იქნება, ხოლო სიმართლის მოქმედთა და ღვთისმსახურთა ყოველი შრომა და საქმე მტკიცეა და შეურყეველი და ყველაფერი მათთვის სასარგებლო და სულიერი ასაკის ამაღორძინებელი იქნება. ნეტარ არიან, ვისაც შია და სწყურია ქალწულობა, რადგან იგინი განძღებიან სიწმიდის მშვენიერებით, ნეტარ არიან ვისაც შია და სწყურია მოწყალება, რადგან იგინი განძღებიან სიკეთის საზღაურით, როცა ისმენ: „მოვედით, კურთხეულნო, მამისა ჩემისანო" (მათ. 25, 24), ნეტარ არიან, ვისაც შია და სწყურია სიყვარული, რადგან იგინი განძღებიან განუზომელი სიტკბოებით. ასევე ნეტარ არიან ყოვლისა სათნოებისა და ყოვლისა სიმართლისათვის მშიერნი და წადიერნი, რადგან განძღებიან სიმართლის ნაყოფით და არა ხორციელი საკვებით, რომელიც ამოივსება - მუცელი მოსძაგდებათ, და როცა დაცარიელდება, - ისევ მოშივდებათ. სულიერი სიმაძღრე კი არასოდეს განილევა, იგი მტკიცეა და წარუვალი, არც სიტკბოების სურვილს მოიძაგებს, არამედ მარადის სასურველი და საწადელია ღვთიისმოყვარეთათვის. ყოველი სიკეთისაგან შეკრებილ სათნოებას უფალმა სიმართლე უწოდა და ანგარების წინააღმდგომელ ერთ სათნოებასაც სიმართლე ეწოდება. სურდა რა მოწყალების ქმნა არა ნატაცებისაგან, არცა მოხვეჭილისა და ანგარებისაგან, არამედ სიმართლისაგან, ამიტომ შენატრის უფალი მათ, ვისაც ისე სურის სიმართლე, როგორც მშიერსა და მწყურვალს - საჭმელი და სასმელი. უფლის სიტყვები სულიერ ჯილდოსაც მოასწავებს და ხორციელსაც, აგრეთვე სიტყვებით „იგინი განძღენ", პირველთქმული სიტყვის ძალას გვასწავლის და ხილულ მისაგებელსაც გამოაჩინებს. ბევრს ჰგონია, რომ ანგარებით შეკრებს სიმდიდრეს და მოიპოვებს უზრუნველ ყოფას, მათ უფალი ასწავლის, რომ ამას მხოლოდ სიმართლით შეძლებს. სიმართლის მოქმედს ნუ ეშინია სიგლახაკისა, გინა შიმშილისა, რამეთუ სიმართლის მაძიებელს ყოველივე უცდომელად და უშიშრად მიეცემა. ამიტომ შევიტკბოთ სიმართლე სრულიად: ყოველი სათნოების ერთობა და განყოფილი სიმართლეც, - არასადა მიხუეჭა ან ვნება მოყვასისა, არამედ საკუთარის მიცემა ქუელის - საქმისათვის. ვიყოთ მშიერი და მწყურვალი ჭეშმარიტი სიმართლისათვის, სიკეთისათვის, უზეშთაესი და უსაწადელესი სიკეთისათვის, რომელიც უფალი ჩვენი, იესო ქრისტეა, რომელიც ღვთისა მიერ გვექმნა სიბრძნედ, სიმართლედ, სიწმიდედ, გამოხსნად, ისაც ნეტარი და ერთადერთი ძლიერი მეუფე მეუფეთა და უფალი უფლებათა, ერთადერთი, ვინც უკვდავია და მიუწვდომელ ნათელშია თანა მამით და სული წმიდითურთ, თავად იგია ჩვენი მშვიდობა, რომელმაც შექმნა ორი, ვითარცა ერთი და შუა კედელი ზღუდისა დაარღვია, რამეთუ მის მიერ მივეახლებით ერთითა სულითა ზეციურ მამას და იგი გვექმნება ზეციურ პურად და ცხოველ წყლად, რომელიც სწყუროდა ნეტარ დავითს და ამბობდა: „ვითარცა სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო ძლიერო და ცხოველო, ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა" (ფსალმ. 41. 2-3). ვგონებ, მან პირველივე ისწავლა სულიწმიდის მადლით აღთქმული უფლის ეს მცნება და განუძღომელი განძღომა ამ სიკეთით. ამიტომ ღაღადყო: „ხოლო მე სიმართლით ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებითა დიდებისა შენისაითა" (ფსალმ. 16. 15). ეს არის ჭეშმარიტი სიმართლე და ჭეშმარიტი კეთილი სიტყვა და ძალი ღვთისა, რომელმაც „დაფარნა ცანი შუენიერებითა მისითა", ვითარცა ამბობს ამბაკუმი (ამბ. 3.3). და ჭეშმარიტად ნეტარ არიან მშიერნი და მწყურვალნი სიმართლისათვის, რადგან ისინი განძღებიან განუძღომელი სიკეთით, როცა მათზე აღსრულდება უფლის უტყუარი აღთქმა: „რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამან ჩემმან შეიყუაროს იგი და მოვიდეთ მისა სულით წმიდითურთ და სავანე მის თანა ვყოთ" (იოან. 14. 23).


წმიდა იოანე ოქროპირი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება