მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > მთავარანგელოზი გაბრიელი

მთავარანგელოზი გაბრიელი


7-04-2017, 00:07

მთავარანგელოზი გაბრიელი

 

   ჩვენი ცხოვრების გზის მაუწყებელ, ღვთის უდიდეს მსახურსა და წმიდა ქალწულ მარიამის მახარებელ მთავარანგელოზ გაბრიელს განსაკუთრებულად ვადიდებთ. მან შეატყობინა მოსეს ქვეყნიერების, პირველი ადამიანის - ადამის შექმნის, მისი ცხოვრებისა და შემდგომი პატრიარქების შესახებ. მან გაუმხილა დანიელ წინასწარმეტყველს იესუ ქრისტეს პირველი მოსვლისა და ქალწულ მარიამისაგან მისი განკაცების შესახებ. ის ეახლა მართალ, მწუხარებაში მყოფ და ღვთისადმი მლოცველს ანას და უთხრა მას: „ანა, ანა! შეისმინა შენი ლოცვა ღმერთმა, შენმა ვედრებამ განვლო ღრუბლებს შორის, შენმა ცრემლებმა მაიღწია ღმერთთან, და შენ შვა ქალწული ზე კურთხეული, მისგან იკურთხება ყველა ერი დედამიწისა, მისგან მიეცემა ცხონება კაცობრიობას, მისი სახელი მარიამი იქნება".

   ასევე მთავარანგელოზი გაბრიელი ეახლა მართალ იოაკიმეს, რომელიც უდაბნოში მარხულობდა და აუწყა ის, რაც წმიდა ანას: „რომ მათ ეყოლებოდათ ქალწული, ოდითგანვე გამორჩეული დედად ქრისტესა, რომელიც კაცობრიობას მხსნელად მოევლინება".

   მთავარანგელოზი ქალწულ მარიამის მფარველად იყო დადგენილი და როდესაც ის მიყვანილ იქნა ტაძარში, ყოველდღიურად მიჰქონდა მასთან საკვები.

   მთავარანგელოზი გაბრიელი ეახლა მღვდელ ზაქარიას და იოანე წინასწარმეტყველისა და წინამორბედის დაბადების შესახებ აუწყა.

   გაბრიელი იყო მახარებელი ქალწულ მარიამისა ნაზარეთში ძე ღვთისას სულიწმიდისაგან მასში ჩასხვის შესახებ. ხოლო როდესაც მაცხოვარი დაიბადა ბეთლემში, მთავარანგელოზმა გაბრიელმა მწყემსებს, რომელნიც ღამით თავის ცხვრის ფარას დარაჯობდნენ, აუწყა: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქვენ სიხარულს დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს უფალი, ქალაქსა დავითისსა".

   ხოლო შემდეგ მრავალ ზეციურ ძალთა და ანგელოზთან ერთად იგალობა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".

   მთავარანგელოზი გაბრიელი მარადიული მეოხია კაცობრიობისა ღვთის წინაშე. მისი ლოცვით, დაე, ღმერთმა ღირს გვყოს, მარადჟამ ვადიდებდეთ მას სასუფეველში. ამინ.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება