მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ფარისევლობაა გერქვას მართლმადიდებელი და არ იყო ქრისტიანი
ფარისევლობაა გერქვას მართლმადიდებელი და არ იყო ქრისტიანი5-01-2017, 00:07 |
მამა სერაფიმემ მისიონერული მოღვაწეობა მართლმადიდებლობის მოდერნიზმის განმაახლებლობისა და ეკუმენიზმისაგან დაცვით დაიწყო. მისი პირველი ნაბიჯი სარბიელზე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. შემდეგში თვითონ წერდა: „რაც მეტს იგებ ქრისტიანული რწმენისა და სულიერი ცხოვრების შესახებ, მით უფრო ხედავ საკუთარ შეცდომებს და ბუნებრივი სურვილი გიჩნდება „სწორად" მოიქცე. გადიოდა წლები და თავად დარწმუნდა საკუთარი შთაბეჭდილების ზედაპირულობაში, მაგრამ მისი ძირითადი პრინციპები, ცხოვრების ფილოსოფია არ შეცვლილა. სიცოცხლის ბოლომდე მის პოზიციას საერთო არაფერი ჰქონია არც მოდერნისტებთან, არც ეკუმენისტებთან, არც ახალმესტილეებთან. წლების შემდეგ იგი დარწმუნდა, რა მწარეა „ზემართლობის" სენი და მიხვდა, რომ ადამიანებს რაღაც უფრო მნიშვნელოვნი სჭირდებათ, რადგან დადგა ის ბოლო ჟამი, როცა „განხმეს სიყვარული მრავალთა" (მათე. 24, 12). მამა სერაფიმე გულისმიერი მართლმადიდებლობის მქადაგებელი გახდა - ეს იყო მისი სიცოცხლის ბოლო წლების მთავარი არსი. „ჭეშმრიტი ქრისტიანობა" მართალი შეხედულებებისა და აზრების ნაკრები არაა, ეს არაა საკმარისი სულის გადასარჩენად", - წერდა მამა სერაფიმე და მოჰყავდა წმ. ტიხონ ზადონელის გამონათქვამი: „მავანმა რომ თქვას, ჭეშმარიტი რწმენა სწორი სწავლებისა და წმინდა დოგმატების აღმსარებლობააო, მართალს იტყვის, იმიტომ, რომ ეკლესიის ერთგული უთუოდ უნდა აღიარებდეს მართლმადიდებლური დოგმატების შინაარსის ჭეშმარიტებას, მაგრამ მხოლოდ ამის ცოდნა და აღიარება არ გახდის ადამიანს ჭეშმარიტ ქრისტიანად. მართლმადიდებლური დოგმატებისა და სწავლების აღმსარებლობა ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოების აუცილებელი ნიშანთვისებაა, მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება ყოველთვის არ მდგომარეობს მხოლოდ მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში. მართალი დოგმატების ცოდნას გონება იტევს, ცოდნას, რომლიც ხშირად უნაყოფო, ქედმაღალი და ამპარტავნულია. ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენა კი გულშია და ნაყოფიერი, მოსიყვარულე, მომთმენი, ლმობიერი, კაცთმოყვარე, თანამგრძნობი, სიმართლესმოწყურებული და სიმართლით გუმაძღარია. ამსოფლიურ ვნებას მოშორებული ერთ ღმერთს ესწრაფვის, ყოვლთვის ზეციურსა და უკვდავს მიელტვის და ეძებს, ყოველგვარი ცოდვის საპირისპიროდ იღვწის, ღმერთს ევედრება და განუწყვეტლივ შეწევნას ითხოვს". იგი საკუთარ აზრს ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებითაც ამტკიცებდა: ქრისტიანული რწმენა სიყვარულით აღსრულდება. სარწმუნოება სიყვარულის გარეშე - ეშმაკისგანაა! წმ. იაკობ მოციქული ეპისტოლეში მიუთითებდა: „ეშმაკთაც სწამთ და სრძწიან მისგან" (იაკობი 2, 19). მამა სერაფიმე აგრძელებდა: „ამგვარად, წმ. ტიხონი გვაძლევს მართლმადიდებლობის საწყისის განმარტებას. ის „ცხოველი და სულის განმატფობელი" უნდა იყოს და არა აბსტრაქტული ცივი თეორია, სარწმუნოებას ცხოვრება ასწავლის და არა სკოლა. მამა სერაფიმე შინაგანი „გულისმიერი" მართლმადიდებლობის ქადაგებისას აფრთხილებდა ყველას, თავი დაეცვათ „შინაგანი სიბრძნით გატაცებისაგან". იგი წერდა: „გერქვას მართლმადიდებელი და შენი ცხოვრების წესით არ იყო ქრისტიანი - ფარისევლობაა (ამას სხვას ვერაფერს დაარქმევ), ჩაეჭიდო საეკლესიო კანონის ბწკარებს და ჭეშმარიტი ქრისტიანობის ცხოველმყოფელი სული კი დაკარგო". ამგვარ დაშტამპულ, ვიწრო შეხედულებებს მამა სერაფიმემ „წესდების მონობა" და „სიმართლის დაავადება" უწოდა. ეს სენი, როგორც თვითონ აღნიშნავდა, გადამდები იყო ახალგაზრდებში, როგორც ახალმოქცეულებში, ასევე ძირძველ მართლმადიდებლებში, „ზემართალი" მოძღვრები რთულ კითხვებზე უბრალო პასუხებს იძლევიან, რითაც ფრიად იზიდავენ იმათ, ვინც ჯერ არ განმტკიცებულა. ბევრი ახალმოქცეული „სიმართლისკენ" ისე ისწრაფვის, როგორც ჩვილი - საწოვარასკენ. ჩემის აზრით, სულის გადასარჩენად მათთვის უფრო სასარგებლო იქნება, თავი შეიკავონ „წესდების ავადმყოფური დაცვისგან" და აქცენტი სიმდაბლეზე გააკეთონ. „ეკლესიაში მათ კარიერა მერყევ, თუმცა გარეგნულად ლამაზ საძირკველზე გაიკეთეს, იმ წინაპირობაზე, თითქოს ეკლესიისთვის მთავარი საფრთხე არასაკმარისი სიმკაცრეა. მაგრამ არა, ჭეშმარიტი საფრთხე უფრო ღრმადაა დაფარული - ეს მართლმადიდებლობის სურნელის დაკარგვაა, რასაც ისინი, მიუხედავად მათი სიმკაცრისა, თვითონ უწყობენ ხელს. იგი ვერ გადაგვარჩენს, სანამ არ „შევეხებით" და „გემოს არ გავუგებთ" მართლმადიდებლობას". „სიმართლით დაავადების" საშიშროება ბევრს ემუქრებოდა - ეს უდიდესი ცდუნებაა ბოლო ჟამი მართლმადიდებლებისთვის, როცა „კაცობრივი სიყვარული ნელდება". მართლმადიდებლობა ნიშნავს მართალ სარწმუნოებას, ასე, რომ სიმართლე ჩვენი სარწმუნოების ცნებაში დევს. მამა სერაფიმეს წინაშე თანამედროვეობის საკვანძო საკითხი იდგა: „როგორ დარჩე მართლმადიდებელ მორწმუნედ და არ ჩავარდე საკუთარი სიმართლით ტკბობაში? ამ კითხვის პასუხის პოვნით მამა სერაფიმე თანამედროვეთ ჩიხიდან მართლმადიდებლობის გზაზე გამოსვლაში დაეხმარა. ის თავად პირისპირ შეეჯახა „მართალთა" ექსტრემიზმს. ასე რომ არ ყოფილიყო, მისი სტატიები ნაკლებად სასარგებლო იქნებოდა. საკუთარი გამოცდილების გაზიარებით იგი დაეხმარა ადამიანებს, არ დაეშვათ იგივე შეცდომა. მისი თანამედროვეებისადმი მიმართვაც გამომაფხიზლებელ გაფრთხილებად ჟღერს - თავი შორს დაიჭირონ მერყევი განმაახლებლებისაგან, კანონის ბრმად აღსრულებისაგან, მხოლოდ შინაგნი „ტრადიციონალიზმისგან", რომელსაც ძირითადი არსი - სიყვარული აკლია! „ნებისმიერი საბურველის ქვეშ შეიძლება იმალებოდეს სიყალბე", - წერდა იგი. არ შეიძლება დავაკანონოთ ამ ბრძოლის მნიშვნელობა მამა სერაფიმეს სულიერი ზრდის საქმეში, მანაც ხომ „მართლმადიდებლობის მოშურნეობით დაიწყო. მისთვის აუცილებელი იყო ამ თავგამოდების არსის გათავისება, მრავალწლიანი ტანჯვით სავსე გზის გავლა სწორი პასუხის მისაღებად, რათა ქრისტიანობის არსისთვის გონებისმიერი გაგება ჩამოეცილებინა, რაც მხოლოდ „რჩეულებს" ხელეწიფებათ. მან ეს შეძლო და მიაღწია თვისებების იშვიათ შერწყმას: იგი გახდა ჭეშმარიტებისათვის შეუპოვარი მებრძოლი, თან შეინარჩუნა თანაგრძნობით სავსე, კეთილი მართლმადიდებლური გული. სწორედ ეს თვისებები განასხვავებენ ერთმანეთისგან „მკვდარი წესდების მოშურნეებსა" და ცოცხალი ტრადიციის ჭეშმარიტ მატარებლებს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ მღვდელმონაზონი სერაფიმე, არქიეპისკოპოსი იოანე. მამა სერაფიმე წერდა: „ჩვენ, ვისაც ტრადიციული ბიზანტიური ხატწერა მოგვწონს, შეიძლება თანამედროვე სტილის ხატები ავითვალწუნოთ. ეს ეხება საეკლესიო გალობასაც, არქიტექტურასაც, შეუგნებლად მარხვის შენახვასაც, მეტანიებსაც და ა.შ. ხშირად გარეგნული მხარე გვიზიდავს, ვკარგავთ კავშირს ტრადიციასთან, წინაპრებთან, ვინც ჩვენამდე მოიტანა მართლმადიდებლობა! „გარეგნული სიბრძნე" ჩასაფრებული გვყავს ლოცვის, სასულიერო წიგნების კითხვის დროსაც. საკუთარი ვნებების მახეში ადვილად ვებმებით. აი რას ამბობდა ამის შესახებ მამა სერაფიმე: ახლა მოდაში შემოვიდა იესუს ლოცვაში „წვრთნა", „სათნოებათმოყვარების" კითხვა, წმ. მამების შრომებიდან ციტატების დამოწმება. ამით ვერ გადავრჩებით - ეს სარწმუნოების მხოლოდ გარეგნული მხარეა, საშუალება, რომელმაც შეიძლება გვიშველოს, თუკი სწორად გამოვიყენებთ. თუ თქვენ გსურთ, ეზიაროთ მხოლოდ „ფიცხელ გრძნობას", საბოლოოდ ქრისტესთან კი არა, ანტიქრისტესთან მიხვალთ. მამა სერაფიმე იზიარებდა წმ. ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) შეხედულებებს: „მხოლოდ ის, ვინც გულით გრძნობს ცათა სასუფეველს, იცნობს დედამიწაზე მოსვლისას ანტიქრისტეს, ხოლო „ზემართალნი" პირიქით, იოლი მსხვერპლი შეიქმებიან". იგი იხსენებდა ვლ. სოლოვიოვის „მოთხრობას ანტიქრისტეს შესახებ", სადაც ანტიქრისტეს, ტრადიციების დამცველ მართლმადიდებელთა მოსაზიდად, ქრისტიანული სიძველეების მუზეუმს ხსნის, სადაც „მხეცის სახე" (გამოცხ. 13, 14). ბიზანტიური ხატწერის ტრადიციების დაცვით შეიძლება დაიწეროს. დაე, ეს ამბავი ჩვენთვის გამოსაფხიზლებელ გახსენებად იქცეს, - წერდა მ. სერაფიმე, - ანტიქრისტე უნდა იქნას აღქმული, როგორც სულიერი მოვლენა. რატომ მოუნდება სამყაროს მისი თაყვანისცემა? იმიტომ, რომ მასში არის ის, რაც გამოხმაურებას პოვებს თითოეულის სულში, იქ, სადაც ადგილი არ ექნება ქრისტეს. და თუ, ღმერთმა დაგვიფაროს, და ჩვენც ვეთაყვანეთ მას, ე.ი. ჩვენ მიგვიზიდა რაღაც გარეგნულმა, ქრისტიანობისმაგვარმა, ანტიქრისტე ხომ ქრისტეს „შეცვლას", მის მიმსგავსებას ეცდება.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |