მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტიანული ოჯახის დანიშნულება

ქრისტიანული ოჯახის დანიშნულება


3-01-2017, 00:07

 

   ჩვენს დროში ნაკლებად თუ გვხვდება ღვთისმოსავი ოჯახები. ბევრნი, თითქოს საერთოდ მოკლებულნი არიან ღვთის კურთხევას. ცოლ-ქმარს შორის გაუთავებელი უთანხმოება და ჩხუბია, ხან რომელიმე მათგანი უზნეოდ იქცევა, მშობლები შვილების გამო ტირიან, შვილები კი ვერ ხედავენ მშობლებში იმას, რაც სურთ. სადღაც ურწმუნოება შეიჭრა ოჯახში და მისი საუკეთესო წევრები დაასნეულა. ყველას თვალწინ არსებობენ უბედური ოჯახები, სადაც ვიღაცამ თავი მოიკლა - ზოგმა არეული ცხოვრების გამო, ზოგმა კი აუსრულებელი სურვილების მიზეზით. გასაოცარია, რომ ეს ყველაფერი, მატერიალური სიუხვის პირობებში ხდება. მაშინ, როცა უნდა იცხოვრო, გაიხარო და ღმერთს მადლობა შესწირო, ისინი არცერთს აკეთებენ, არამედ სამუდამო წარსაწყმედელს თვითონ ირჩევენ, თითქოს ამისთვის დაიბადნენ.

   რა მიზეზით ხდება ასეთი სამწუხარო მოვლენები? მიზეზი ბევრი შეიძლება დასახელდეს, მაგრამ დანაშაულის ძირითადი სიმძიმე მშობლებს ეკისრებათ - მათ თავიანთ შვილებს რწმენის სული არ შთაბერეს. შეიძლება ამის გაკეთება არ უნდოდათ - ღვთისმოსავობისა და მყარი ზნეობრივი შეხედულებების არქონას თავად განიცდიდნენ. მშობლები მხურვალედ და გულითადად უნდა ლოცულობდნენ შვილებისთვის, მაგრამ რა ლოცვა ექნებათ მცირედმორწმუნეებს? ჭეშმარიტ ლოცვას მხოლოდ გულწრფელი რწმენა შობს. მორწმუნე, კეთილმსახური მშობლები, რა თქმა უნდა, ლოცულობენ, მაგრამ რისთვის? მათი შვილები ჯანმრთელები, კმაყოფილები, ბედნიერები რომ იყვნენ და საქმეში წარმატება ჰქონდეთ? ამაზეც უნდა ვილოცოთ, მაგრამ განა ესაა მთავარი? ცხოვრებისეული საქმეების წარმატებულ მართვაზე და სიმდიდრეზე უფრო საჭირო სულიერი კეთილგანწყობა და ცხონებისათვის მხურვალე მოშურნეობაა. ეს სულის წვაა, მისი ღვთიმოსავობისაკენ სწრაფვა. აი, ჭეშმარიტად ბედნიერი ადამიანი, მაგრამ ყველაფერ ამისთვის საუკეთესო მშობლებიც კი იშვიათად ლოცულობენ. ვაჟი ცუდად სწავლობს, ქალიშვილი ულამაზოა, მისი ხელსაყრელი დაბინავების იმედი არაა - მათ ეს ანადგურებს, ამაზე სტკივათ გული, მაგრმ ის, რომ შვილებს ქრისტიანული სულიერი ღირებულებები არ მოუხვეჭიათ, რომ მათ ბევრი არასწორი შეხედულება ჩამოუყალიბდათ, ამის მიმართ გულგრილნი არიან. მათ შემდეგ როგორ იარსებებენ ბავშვები არასაკმარისი საარსებო საშუალებებით, ამაზე ბევრს ფიქრობენ, ხოლო თავიანთი ზნეობით ცხონებასთან ახლოს თუ დგანან, ეს ნაკლებად აღელვებთ.

   თანამედროვე ოჯახების უმეტესობის მთავარი უბედურება ისაა, რომ მათი ცხოვრება მართლმადიდებელი სარწმუნოების სულისა და ეკლესიის გარეშე მიედინება. ყველაფერი, რაც ეკლესიას და სარწმუნოებას ეხება, ოჯახებს სულ უფრო ნაკლებად აინტერესებთ, ადრე ოჯახებში, ამა თუ იმ დღესასწაულის შემობრძანებაზე, აღტაცებით საუბრობდნენ, დღეს კი სამხიარულო საღამოს მოლოდინით ინუგეშებენ თავს; პატარა ბავშვებიც კი მკაცრად იცავდნენ მარხვას, ახლა კი ბევრ ოჯახში მისი ხსენებაც არაა, როგორც დიდებს, ისე მათ შემყურე ბავშვებსაც, არ ძალუძთ მარხვის შენახვა დიდმარხვის პირველ და ბოლო შვიდეულშიც კი. წმინდანთა ცხოვრებაზე როგორც უფროსებს, ისე პატარებს, ხშირად წარმოდგენაც არა აქვთ. ასე ცხოვრობენ ოჯახები, რომლებიც თავს მართლმადიდებლებს, ქრისტიანებს უწოდებენ.

   მშობლებო, დროის სულისკვეთებას ნუ აყვებით, ეკლესიისა და სარწმუნოების სულით იცხოვრეთ. შეეცადეთ, თავად მოიხვეჭოთ ღვთისმოსავი სული და თქვენი შვილები იმავე სულით აღზარდოთ, გახსოვდეთ წმინდა მცნებები, გიყვარდეთ საშინაო და საეკლესიო ლოცვები, მწუხარების ჟამს სასოს ნუ წარიკვეთთ, სიხარულის და ბედნიერების დროს ღმერთს მადლობდეთ.

„... და იყვნენ ორივე იგი ერთ ხორც"

   მეუღლებრივი კავშირი, ხოლო აქედან - ოჯახური ცხოვრება, უფალმა ღმერთმა ჯერ კიდევ სამოთხეში დაადგინა და აკურთხა: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დეაკაცდ შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას" (დბ. 1, 27-28). როცა ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, განკაცდა, ცოლ-ქმრული კანონი მანაც დაამოწმა.

   „დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვიი და შეეყოს ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც. ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ხორც" (მათ. 19, 5-6). ადამიანებისთვის რომ ეჩვენებინა როგორ პატივს იმსახურებს მეუღლეობრივი კავშირი, გალილეის კანაში, ქორწილში ყოფნა, მან თავად კეთილინება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მოსწავლეებთან ერთად.

   ეს სულის კავშირი, თითქოს, ერთ სულს, ერთ ცხოვრებას და ერთ არსებას წარმოქმნის. აი, რას ნიშნავს სიტყვები: „და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც". რისთვისაა ასეთი კავშირი? იმისთვის, რომ ორი სიცოცხლის ასეთი შერწმით საერთო ცხოვრება სავსე, მდიდრი და უკეთესი იყოს: რაც ქმარსა აქვს საუკეთესო, ცოლს გადაეცეს, ხოლო ცოლის საუკეთესო ქმარმა მიიღოს; მეუღლეებმა მჭიდრო და განუყრელი თანაცხოვრებით შეძლონ, საკუთარი სულიერი სრულყოფილებისათვის, მიწიერი ბედნიერებისათვის და ცხონებისათვის მეტი წარმატებით იღვაწონ. ღვთის სიტყვაც ამას გვასწავლის, რომ ქმარს ცოლით შეუძლია განიწმინდოს და ცოლს - ქმრით. აი, ის მაღალი მიზანი, რომელიც უპირველესად ცოლ-ქმრული კავშირისათვის ჯვრისწერის საიდუმლოში იკურთხევა! ამასთან ერთად კურთხეულია ამ კავშირის სხვა მიზანიც - ბავშვების შობა და მათი ქრისტიანული აღზრდა, რათა განმრავლდეს ღვთის სასუფეველი და განმრავლდნენ უფლის შემწეობით ცხონების მაძიებელნი.

 

მღვდელი ა. როჟდენსტვენსკი 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება