მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > თარგმანებაი მათეს სახარებისაი
თარგმანებაი მათეს სახარებისაი27-02-2017, 00:09 |
„ნეტარ არიან დევნულნი სიმართლისათვის, რამთუ მათი არს სასუფეველი ცათაი" (მათე 5, 10)
ვინ არიან სიმართლისათვის დევნულნი? პირველნი - მოციქულები და მოწამენი, რომლებიც სარწმუნოებისათვის იდევნენ კერპთაყვანისმცემლთა და ჰურიათაგან, აგრეთვე ის, ვინც მწვალებელთაგან იქმნა დევნილი ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის, მერე ყოველნი დევნილნი სიწმინდისა და სათნოებისათვის, დახმარებისა და გლახაკთა შეწევნისათვის, ღვთისმსახურებისა და საღმრთო მცნებათა აღსრულებისათვის, რადგან სიმართლის თქმით ყოველივე საღმრთო საქმე შემოკრიბა. და რომლებიც ამ კეთილი საქმის, ღვთისმსახურებისა და ჭეშმარიტებისათვის იდევნენ, ნეტარ არიან რამეთუ „მათი არს სასუფეველი ცათაი".
„ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყვედრიდნენ და გდევნიდნენ და თქუან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა" (მათე 5, 11-12)
ოდეს იტყვიან თქვენს მიმართ: გრძნეულნი ხართ, მაცდურნი, აღმაშფოთებელნი ერისა, მატყუარები და სხვათა, მსგავსთა ამათთა გიწოდებენ ჩემს გამო, ნეტარ იქმნებით. უცხო და ახალი სწავლა შემოიღო უფალმა, რაიც საწყინოდ უჩნს სხვას და გაურბის, მორწმუნისათვის სასურველი უნდა იყოს: სიგლახაკე და გლოვა, დევნილება და ბოროტთა სიტყვათა დაწამება, უცხო და ახალი იყო ასეთი სწავლა, მაგრამ თავად მან თქვა და დაარწმუნა არა მხოლოდ თორმეტი ან ოცი, ან ასი და ათასი, არამედ მთელი კაცობრიობა. ესმოდა ერს ეს უცხო და ძნელი სწავლა, უკვირდა მისი მოძღვრება - თქვა მახარებელმა. ასეთი იყო სახიერი მოძღვრის ძალა, ხოლო, რომ არ ვიფიქროთ, ჩვენს მიმართ ნათქვამი ყოველი ბოროტი სიტყვის გამო ნეტარებას დავიმსახურებთ, უფალმა ორი მიზეზი თქვა: „სიცრუით ჩემთვისო", როცა ბოროტ სიტყვას ქრისტესათვის დაგვწამებენ და მეორე - ბოროტი სიტყვა არა ჭეშმარიტი, არამედ სიცრუით და ტყუილით იქნება დაწამებული, რაშიც ცილისწამებაა. თუ ეს ორი მიზეზი არ იქნება, არამედ ჭეშმარიტად ამხელენ ჩვენს ბოროტ მოქმედებას, უბედურების ღირსნი ვიქნებით და არა ნეტარებისა. მათ კი, ვისაც უფლისათვის დასწამებენ ცილს და დევნილ ჰყოფენ ჭეშმარიტებისა და ღვთისმსახურებისათვის, მიაგებს თვითონ უფალი: „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა". და თუ თითოეულ ნეტარებას არ მოსდევს სასუფეველის აღთქმა, ნუ გეუცხოება, ნუ შეწუხდები, რადგან, მართალია, სხვადასხვაფერი სახელები უწოდა მისაგებელთ, მაგრამ ყველა სასუფეველის მომასწავებელია, რადგან როცა თქვა: „მგლოვარენი ნუგეშისცემულნი იქმნენ, მოწყალენი შეიწყალნენ, წმიდათა გულითა ღმერთი იხილონ" და მშვიდობისმყოფელნი ძედ ღმრთისა „ეწოდნენ" ამით სხვას არარას მოასწავებდა, გარდა ცათა სასუფეველისა. ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ სულით გლახაკთათვის და სიმართლისათვის დევნილთათვისაა განმზადებული ცათა სასუფეველი, არამედ მათთვისაც, ვისაც სიმართლეშია და სწყურია, მათთვის ვინც მშვიდია და წრფელი, ვინც თავის ცოდვებს იგლოვს, და ყველასათვის, ვინც წმინდა მცნებებს აღასრულებს მათთვის ნეტარება განაწესა უფალმა, რათა იცოდე - მარადიულ კეთილს მოასწავებს, და თუ ვინმესთვის სიკეთე ბრძანა, ეს ჟამიერი კი არა, მარადიული აღთქმაა. ეს აღთქმა წარუვალი სუფევის მომასწავებელია იგი ნეტარების ღირსად ჰყოფს წარმავალ და საწუთრო ცხოვრებაში უძლურ და განქარვებად აჩრდილთა მსგავს ადამიანებს და სანატრელად მოუწოდებს მათ მარადიულ სასუფეველში.
წმიდა იოანე ოქროპირი Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |