მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ბევრი ვიფიქროთ და ცოტა ვილაპარაკოთ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ბევრი ვიფიქროთ და ცოტა ვილაპარაკოთ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)31-01-2017, 00:07 |
ბრძენთაბრძენი სოლომონი თავის ერთ-ერთ იგავში ამბობს: „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია" (იგ. 10, 1). იგავი მარტო იმას კი არ გვასწავლის, რომ უმართავი ენა აუცილებლად დაუშვებს შეცდომებსა და ლაფსუსებს, არამედ იმასაც, რომ მრავლისმეტყველება პირმშოა ამპარტავნებისა და უმეცრებისა. ამპარტავანი ადამიანი გონებაშეზღუდულია. მისი აზრით, მთელი სოფლის სიბრძნეს თვითონ ფლობს, ამიტომაც იგი თავს მოვალედ თვლის გაამდიდროს და გააბედნიეროს გარშემომყოფნი უხვი წყალობით. იგულისხმება, რა თქმა უნდა, არა ოქრო, არამედ სიტყვები. ამპარტავანს ვერ წარმოუდგენია, რომ მისი პატარა, შეზღუდული გონების მიღმა განფენილია უსაზღვრო სამყარო უხილავისა და შეუცნობადისა, როგორც პატარა კუნძულის გარშემო უსაზღვრო ოკეანე. არა როგორც სკეფსის ან აგნოსტიციზმი, არამედ როგორც საკუთარი შესაძლებლობების რეალური ხედვა. ამიტომაც რაც უფრო კულტურულია ადამიანი, მით უფრო ფრთხილია იგი სიტყვათა მიმართ. მით უფრო ხედავს საკუთარი დასკვნების პირობითობასა და მერყეობას, შეზღუდულობასა და უზუსტობას მიღებული ინფორმაციისა. ამიტომაც იგი ჯერ ფიქრობს და შემდეგ ლაპარაკობს. ფიქრი კი გაცილებით რთულია, ვიდრე ლაპარაკი. მოფიქრებისთვის და საკუთარი ნააზრევის შემოწმებისათვის საჭიროა დრო. ამიტომ, ასეთი ადამიანი, საუბრის დროს აკეთებს პაუზებს, ვიდრე უპასუხებდეს და საერთოდაც იგი უფრო მეტად ცდილობს გაიგოს რაიმე ახალი, ვიდრე სხვას რაიმე დააჯეროს. ამპარტავანს ჰგონია, რომ ცოდნის მხრივ, მას არავისაგან არაფერი აქვს შესაძენი. მას ღრმად სწამს საკუთარი აზრების უცდომელობა. როცა მას არ ეთანხმებიან, ძალიან სწყინს. ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივად, განაგრძობს ხოლმე საკუთარი აზრების განვრცობას ისე, რომ სულ არ ცდილობს ოპონენტს მოუსმინოს, რომელსაც წარამარა სიტყვას აწყვეტინებს. ასეთი ადამიანები ძირითადად არ ემორჩილებიან ლოგიკას. აქ ლოგიკის მაგივრობას სწევს მათი თავდაჯერებულობა საკუთარ სიმართლეში. თითქოს ადამიანი ბრიუზოვის „ასარგადონს" რეკლამირებს: „მე, მბრძანებელი ამქვეყნიურ ხელმწიფეთა და ხელმწიფე ასარგადონი, ვინაა ჩემზე აღმატებული? ვინ არის ჩემი სწორი? და აი, ვდგავარ მთვრალი ჩემი სიდიადით. „მე, მბრძანებელი ამქვეყნიურ მეფეთა და მეფე-ასარგადონი". როგორც ვთქვით, ფიქრისათვის დროა საჭირო, ე.ი. მდუმარება. დროზე ადრე თქმული სიტყვა მჟავე ყურძენს ჰგავს. ამიტომ ხშირად პარადოქსის შემსწრენი ვართ: ვინც ბევრს ფიქრობს, ცოტას ლაპარაკობს და ვინც ცოტას ფიქრობს - ლაპარაკობს ბევრს. ერთნი სიტყვას ლითონის მსგავსად გადაამუშავებენ, მეორენი კი სიტყვებს საპნის ბუშტებივით უშვებენ. რაც მეტ ინფორმაციას ფლობს ადამიანი, მით მეტი დრო სჭირდება მის გადასამუშავებლად, გასაგებად, ხოლო რაც უფრო ნაკლები იცის მან, მით ნაკლები დამამუხრუჭებლები გააჩნია. ადამიანი, რომელიც ბევრსა და თან სისტემატურად ლაპარაკობს, ნელ-ნელა ფიქრსაც გადაეჩვევა. კრილოვის იგავში „ორი კასრი" კასრთაგნ ერთი მშვიდად გორავს და ხმას არ გამოსცემს, რადგან სავსეა, მეორე კი - ხმაურით ეშვება, რადგან ცარიელია. ეს იგავი მოლაყბეებმა პირდ შეურაცხყოფად მიიღეს და საერთოდ არ სწავლობენ კრილოვს. ჯერ კიდევ კანტი შენიშნავდა ირონიით: „XX საუკუნის ყველაზე დიდი გამოგონება ისაა, იმსჯელო წიგნის შესახებ წაუკითხავადო". მოლაყბეს შეუძლია არა მარტო იმსჯელოს ყველაფრის შესახებ, არამედ იკამათოს და ამტკიცოს კიდეც, თუკი ისე მოხდა, რომ ფაქტები ეწინააღმდეგებიან მას, მით უარესი ფაქტებისათვის. ყველაფერი დიადი მდუმარებით აღესრულება: ასევეა შინაგანი ცხოვრება, რომელიც უმთავრესია რელიგიაში; დიდ აღმოჩენებსაც კი მეცნიერებაში, მდუმარება უძღოდა წინ. ნიუტონი და კიპლერი განდეგილი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ. მენდელეევი კვირაობით იკეტებოდა თავის სამუშაო ოთახში და არავის ღებულობდა. აინშტაინი ამბობდა, რომ ფარდობითოის თეორია მან შექმნა მარტოობაში, ტბაზე ნავით სეირნობისას, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სიცოცხლე დებატებსა და კამათში გაატარეს, არაფერი შეუქმნიათ ღირებული. უკეთეს შემთხვევაში, ისინი სხვისი იდეების პოპულარიზატორები თუ გახდნენ. ჩვენ მიგვითითებენ ანტიკურ ფილოსოფოსებზე, რომლებიც არეოპაგთან საჯარო კამათში იღებდნენ მონაწილეობას. მაგრამ პითაგორელები და პლატონელები სწავლობდნენ არა მარტო ლაპარაკს, არამედ მდუმარებასაც. უფრო მეტიც, პითაგორელები სამწლიანი მდუმარების შემდეგ ღებულობდნენ ახალ წევრებს. ჭკვიანი კაცი გაექცევა კამათს. მან იცის, რომ იდეები აქსიომატურია. ადამიანი შინაგანად მომზადებული უნდა იყოს მათ მისაღებად. მრავლისმეტყველება ძალას ართმევს ლოცვას. გონებას უკარგავს კონტროლის უნარს. სულს კი საშინლად აცამტვერებს და აამაყებს. ხშირად, მოუფიქრებელი სიტყვები და ცინიზმი ადამიანს მეგობრებს აკარგვინებს. მამების თქმით, მრავლისმეტყველებისას მადლი ტოვებს ადამიანს. ეს დანაკარგი კი ყველაზე დიდი დანაკარგია. მამები ამბობენ: „მდუმარება შეკრებს, სიტყვები კი განაბნევენ". მდუმარებისას ხდება ადამიანისა და ღმერთის შეხვედრა. უფალმა თქვა: „ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამეთუ ყოვლი სიტყვაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყვაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა" - ეს ყველა ზედმეტი, ცარიელი სიტყვის გამო. მრავლისმეტყველებაში კი რამდენი ბოროტი და ცრუ სიტყვაა. ამიტომ, საშინელ სამსჯავროზე მამხილებელნი იქნებიან ეს სიტყვები. წმ. მამები ამბობენ: „რაც არ იცი, ნუ ლაპარაკობ მის შესახებ. ნუ ამტკიცებ იმას, რომ რაშიც არა ხარ დარწმუნებული, ოლო რაც იცი, იმის შესახებ მოკლედ ისაუბრე". ჩვენ რომ ვიცოდეთ, როგორ გვიბრუნდება ჩვენი სიტყვები უკან, გაქანებული ბუმერანგივით, მაშინ გვეხსომებოდა, რომ ადამიანს მიეცა არა მარტო ენა, არამედ კბილებიც. არაა ადვილი მდუმარება. ერთი წმინდანი ამბობდა: „ლაპარაკი რომ ისწავლო, ამისათვის რამდენიმე წელია საჭირო. მე კი, უკვე ათწლეულებია ვსწავლობ მდუმარებას, და ჯერ კიდევ სრულყოფილად ვერ ავითვისე ეს ხელოვნება".
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |