მთავარი > შეიცანი ჟამი > დროის ნიშნების შესახებ
დროის ნიშნების შესახებ17-07-2012, 19:00 |
ჩემო ძვირფასო მეგობრებო!
ყოველთვის არსებობდნენ და ეხლაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩასწვდნენ მომავალს. დაადგინონ მომავალი მოვლენების ზუსტი დრო. მავანთა იმედის გაცრუების მიუხედავად, ამგვარი ძიების სურვილი მრავალი ადამიანის სულში დღესაც გრძელდება. ჩემთვის საერთოდ მიუღებელია ბოლო ჟამის ზუსტი დროის ცოდნა. მიუღებელია, ასე ვთქვად, ორგანულად. ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ღვთის სიტყვის უავტორიტეტულესი დარიგება: „არა თქვენი არს ცნობაი ჟამთა და წელთა, რომელნი იგი მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა" _ უპასუხა მაცხოვარმა მოციქულებს შეკითხვაზე: „უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაელსა?" (საქმ. 1.6.7).
„ხოლო ჟამთათვის და წელთა, ძმანო, არა გვიხმს მიწერად თქვენდა, რამეთუ თქვენ თვით გამოწვლილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისა, ვითარცა მპარავი ღამისა, ეგრეთ მოიწევის" (1 თეს. 5.1.-2).
მაგრამ იმავე ღმერთმა, რომელმაც აუკრძალა მოციქულებს „წელთა და ჟამთა" გამოცნობა, უთხრა ერთხელ ფარისეველებს და სადუკეველებს: „ორგულნო, პირი სამე ცისაი იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთნი ვერ გიცნობიეს გულისხმისყოფად". (მათ. 16.3).
მაშასადამე, ერთი არის ბოლო ჟამის გამოთვლის მისწრაფება, ხოლო მეორე - დროის ნიშნების გამოცნობა. თუ პირველი იკრძალება, მეორე მცნებად მოგვეცა:
დავიწყოთ მაცხოვრის სიტყვებით: „... ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქვენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ, მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდნენ. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი; იხილეთ და ნუ შეძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული; რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაი მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად. ხოლო ეს ყოველი დასაბამი სალმობათაი არს. მაშინ მიგცნენ თქვენ ჭირსა და მოგწყვიდნენ თქვენ, და იყვნეთ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათვის. და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა - განსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას. და მრავალნი ცრუ - წინასწარმეტყველნი აღდგენ და აცთუნებდნენ მრავალთა. და განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად იგი ცხოვნდეს." (მათ. 24.4-14).
მაშ ასე, სოფლის აღსასრულის წინ, სახარება მთელს მსოფლიოში იქადაგება, მაგრამ „მორაივიდეს ძე კაცისაი, პოვოსმეა სარწმუნოებაი ქვეყანასა ზედა." (ლუკა. 18.8).
ამ კითხვაზე პასუხობს ღვთაებრივი პავლე მოციქული თიმოთეს მიმართ ეპისტოლეში: „ხოლო სული წმინდაი ცხადად იტყვის, რამეთუ უკანასკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღვრებასა ეშმაკთასა". (1 ტიმ. 4.1).
„ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკანასკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. და იყვნენ კაცნი თავის მოყვარე, ვერცხლის მოყვარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყვარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულისთქუმის მოყვარე უფროის, ვიდრე ღმრთის მოყვარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაი და ძალსა მისსა უარყოფდენ და ამათგანცა განეშორე..." (2 ტიმ. 3.1-6).
მოციქულთა საუკუნიდან გადავინაცვლოთ წმინდა მამათა ეპოქის დასაწყისისაკენ და მოვისმინოთ ზოგიერთი მოღვაწის წინასწარმეტყველება. დავიწყოთ წმინდა ანტონი დიდის სიტყვით:
„დადგება დრო, საყვარელო შვილო ჩემო, როდესაც მონაზვნები მიატოვებენ უდაბნოს და დიდი ქალაქებისაკენ გაემართებიან, სადაც უდაბნოს გამოქვაბულებისა და ვიწრო კელიების ნაცვლად ააგებენ ამაყ შენობებს, რომლებიც მეფეთა სასახლეებს გაუტოლდება; თავმდაბლობა შეიცვლება ამპარტავნებით; მრავალნი იამაყებენ ცოდნით, მაგრამ მშრალი, კეთილ საქმეებს მოკლებული ცოდნით, სიყვარული გაგრილდება; თავშეკავების ნაცვლად, განმრავლდება ნაყროვანება, და მრავალი მათგანი ძვირფას ცხოვრებას ისურვებს, არა ნაკლებ თვით ერისკაცებისა, რომელთაგანაც მონაზვნები შესამოსელის გარდა, არაფრით განსხვავდებიან."
რამდენიმე საუკუნის შემდეგ ქრისტიანობის მომავალი ხვედრის შესახებ ნეტარი ნიფონტი კონსტანტინეპოლელის წინასწარმეტყველება გაიჟღერებს. ერთმა ძმამ ჰკითხა მას „როგორც ეხლაა განმრავლებული წმინდანები მსოფლიოში, ასევე იქნება სოფლის აღსასრულის ჟამს?" წმინდა მამამ უპასუხა: „შვილო ჩემო, ქვეყნის აღსასრულამდე არ მოაკლდებიან უფლის წინასწარმეტყველნი, ისევე როგორც სატანის მსახურნი. უკანასკნელ ჟამს ისინი, ვინც ჭეშმარიტად ემსახურებიან ღმერთს, მშვიდობიანად დაჰფარავენ თავს ადამიანთაგან და არ მოახდენენ მათ შორის ნიშნებსა და სასწაულებს, როგორც ახლანდელ დროში, არამედ ივლიან იმ მოძღვრების გზით, რომელიც სიმდაბლითაა შეზავებული და ცათა სასუფეველში სასწაულებით სახელგანთქმულ მამებზე დიდნი აღმოჩნდებიან; იმიტომ, რომ იმ დროს არავინ მოახდენს ადამიანთა თვალწინ სასწაულებს, რომლებიც აღანთებენ და განამხნევებენ ხალხს გულმოდგინე მოღვაწეობისათვის. სამღვდელო საყდრების მყრობელნი სრულიად გამოუცდელნი იქნებიან მთელ მსოფლიოში და არ ეცოდინებათ სათნოების ხელოვნება, ასეთივენი იქნებიან ბერების წინამძღვარნიც, რამეთუ ყველანი დამხობილნი იქნებიან გემოთმოყვარეობითა და დიდების მოყვარეობით; ადამიანთათვის დამაბრკოლებელნი უფრო იქნებიან, ვიდრე სამაგალითონი; ამიტომაც სათნოება კიდევ უფრო მეტად იქნება უგულებელყოფილი; ვერცხლისმოყვარება იმეფებს მაშინ და ვაი ბერებს, ოქროთი გამდიდრებულებს, რამეთუ ასეთები იქნებიან საყვერდრელნი უფლისათვის და ვერ იხილავენ ცხოველი ღმერთის სახეს."
ღვთის უდიდესი რჩეული წმინდა მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი, დაწვრილებით განიხილავდა რა თავისი თანამედროვეების სულიერ მდგომარეობას, ამბობდა: „სიფრთხილე გვმართებს, რათა ქრისტიანული ცხოვრება, საიდუმლოებები, სულიერება შეუმჩნევლად არ განეშოროს ისეთ საზოგადოებას, რომელსაც არ ძალუძს ამ შეუფასებელი საგანძურის დაცვა."
რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ რუსეთის უდიდესი წმინდანი სერაფიმ საროველი ეკლესიის სავალალო მომავლის შესახებ წინასწარმეტყველებდა:
„უფალმა გამომიცხადა, რომ დადგება დრო, როდესაც რუსეთის მღვდელმთავრები დასხვა სასულიერო პირები მართლმადიდებლობის მთელი სიწმინდით დაცვას უგულებელყოფენ და ამისათვის ღვთის რისხვა დაატყდებათ თავს, სამი დღე ვიდექი და შევთხოვდი უფალს მათ შეწყალებას და ვევედრებოდი, რომ მათი დასჯის ნაცვლად მე, გლახაკი სერაფიმე, არ შევეშვი ცათა სასუფეველში, მაგრამ უფალმა არ შეისმინა ჩემი თხოვნა და ბრძანა, რომ არ შეიწყალებს მათ, რადგან დაიწყებენ კაცობრივი მოძღვრებებისა და მცნებების სწავლებას, ხოლო მათი გული შორს იქნება ღმრთისაგან."
თითქოს წმინდა სერაფიმეს სამწუხარო წინასწარმეტყველებას ადასტურებს უკვე ჩვენი თაობის ღვთივგამორჩეული, მართლმადიდებლური მოღვაწეობის მკაცრ სკოლა განვლილი მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი (1807-1867). იგი თავის ძმას წერდა: „უმაღლესი წოდების იერარქებს შორის ქრისტიანობის სუსტი, ბნელი, მცდარი, არასწორი, სიტყვასიტყვიერი გაგება შემორჩა, რომელიც კვლავ სულიერ ცხოვრებას ქრისტიანულ საზოგადოებაში და ანადგურებს მას."
სხვა პირისადმი მიმართულ წერილში ეპ. ეგნატე ამბობდა: „ცხვრის ტყავში გახვეული მგლები თავისი საქმეებითა და ნაყოფით გამოიცნობიან. მძიმე სანახავია, თუ ვის ხელთ აღმოჩნდა ქრისტეს სამწყსო, ვის მიეცა მათი ხელმძღვანელობისა და ცხონების საკითხი."
„რელიგიური თვალსაზრისით ვკითხულობთ ეპ. ეგნატეს სხვა წერილში ჩვენი დრო ერთობ მძიმეა. მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და სხვადასხვაგვარმა განდგომილებამ ფართო გასაქანი ჰპოვა არაჩვეულებრივი ენერგიითა და თავისუფლებით მოქმედება დაიწყო."
ეპისკოპოს ეგნატეს ენაცვლება იმავე წელს გარდაცვლილი მოსკოვის მიტროპოლიტი ფილატერი (1762-1867). მოგაწვდით ციტატას ეპისკოპოს ინოკენტისადმი მიმართული წერილიდან.
„ოჰ, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ! როგორ ჰგავს ჩვენი დრო ბოლო ჟამს! მარილი განქარდა. სინოდში ყოფნის დროს დიდი შიშითა და მწუხარებით ვუცქერდი ისეთი ადამიანების მრავალფეროვნებას, რომლებიც ხარისხის ახსნას იმსახურებენ."
გადავდივარ სხვა, თითქმის ჩვენს თანამედროვე, კარგად ცნობილი ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებულის (1815-1894) გამონათქვამებზე.
„მიმოვიხედოთ ჩვენს ირგვლივ! სამწუხაროა არა მხოლოდ ზნეობრივი გარყვნილება, არამედ მართლმადიდებლური აღმსარებლობისაგან განდგომილება. გსმენიათ კი ოდესმე ღვთის გმობა რუსეთში?! ხოლო დღეს, არა მხოლოდ ფიქრობენ, არამედ საუბრობენ, წერენ და ბეჭდავენ მრავალ ღვთისგმობას."
შემდეგი აზრი ეპ. თეოფანემ 1871 წელს გამოთქვა: „ჩვენს დროში მრავალი ჩვენი მოქალაქე განუდგა სარწმუნოებას: ერთი ნაწელი ურწმუნოებაში იმყოფება, მეორე ნაწილი პროტესტანტიზმში ჩაეფლო, მესამე თავისი ცრურწმენისა და სპირიტიზმის შერწყმას ლამობს. ბოროტება იზრდება; ურწმუნოებისა და ბოროტებისადმი რწმენა თავს გავიდა; რწმენა და მართლმადიდებლობა სუსტდება. ნუთუ ვერ მოვეგებით გონს? ღმერთო! შეგვიწყალე და დაგვიფარე შენი სამართლიანი რისხვისაგან!"
„თუ ჩვენში არ შეიცვლება აღზრდისა და საზოგადოების წესჩვეულებები, მაშინ უფრო და უფრო შემცირდება ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ბოლოს საერთოდ დასრულდება: მხოლოდ ქრისტიანული სახელწოდება დარჩება, ხოლო ქრისტიანული სული არ იარსებებს."
ვასრულებ ამ წერილს ჩემო მეგობრებო ჩვენი დღეების უდიდესი მნათობის მამა იოანე კრონშტადტელის სიტყვებით: „ცოდვები უსაზღვროდ განმრავლდა. მშვიდად ცხოვრების საშუალება აღარ გვაქვს. ღვთის ეკლესიავ, სძალო ქრისტესო, გაბრწყინდი, რათა ნათლად მიეგებო შენს მშვენიერ, უხრწნელ, მარადიულ სიძეს".
ახალმოწამე ა. ნოვოსელოვი უკან დაბრუნება |