მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეცხრე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეცხრე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი


2-12-2016, 00:06

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეცხრე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი 

მეცხრე მცნება - „არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუითა" 

 

   ჩვენ იმდენად ვართ დაავადებული ამ მცნების საწინააღმდეგო ვნებით, რომ არათუ დღე, საათიც კი არ გადის ისე, რომ არ შევცოდოთ.

   ეს არის ვნება ჩვენი ცოდვილი სულისა, ბოროტი გულისთქმისაგან ნაკვები და წარმოთქმული ავი ენით. ამიტომ შევსწიროთ უფალს გულწრფელი აღსარება.

   ამ მცნებით ჩვენ, ქრისტიანებს, გვეკრძალება ყოველგვარი სიცრუე მთელი მისი გამოვლინებით. სიცრუის მამა - ეშმაკია და ამიტომ არასოდეს გამართლდება ტყუილი. დავაკვირდეთ საკუთარ ცხოვრებასაც, შევიცნოთ, ვეხვევით თუ არა სიცრუეში, გვჭირდება თუ არ გვჭირდება. არავინ გვექაჩება ენაზე და ჩვენ თვითონაც არ ვიცით, რატომ ვეხვევით უსაფუძვლო სიცრუის შარავანდედში, ვიგონებთ ათასაგვარ არარსებულ ამბავს.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ახლა სხვისი განკითხვა და ჭორი? ჩვენ, ალბათ, ისე ხშირად არ ვისუნთქავთ ჰაერს, როგორც ვკიცხავთ და ვაკრიტიკებთ სხვას, როგორც სიტყვით, ისე ფიქრით. განკითხვა - სამწუხაროდ, ესაა ჩვენი საყვარელი საგანი საუბრისა. უფალმა აკი თქვა: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ". მაგრამ ჩვენ როდი გვახსოვს ეს, ისე ვართ ჩამხრჩვალი სხვისი განკიცხვისა თუ კრიტიკის მორევში. ჩვენ უამისოდ ვერ წარმოგვიდგენია საკუთარი სიცოცხლე, შეიკრიბებიან სამნი ან ორნი და ვერც კი მოასწრებენ პირის გახსნას რაიმეს სათქმელად, რომ უკვე იწყებენ სხვის ძაგებას, ხოლო ფიქრი სხვისი გაკიცხვის გარეშე ხომ სრულებით წარმოუდგენელია ჩვენთვის.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   მოვუსმინოთ ღვთის სიყვარულით ნაკვებ ბრძენ ადამიანებს:

   ამხელდა რა მოყვასის ზნეობრივ დაცემას, ერთმა შესანიშნავმა მოძღვარმა ბრძანა: „ერთ-ერთი ჩვენი მოყვასი დაეცა მძიმე ცოდვით და თუ თქვენ ჭეშმარიტად ხართ გამსჭვალული ქრისტეს სიყვარულით, მომეცით ნება, გამოვთქვა ის შთაბეჭდილება, რომელიც უნდა მოახდინოს ამ დაცემამ. ის დაეცა, მაგრამ თქვენ, მისი გამკიცხველნი, ნუთუ არასოდეს სცოდავთ? ნუთუ გესიამოვნებათ თქვენ, თუკი თქვენი წარსულის კიცხვას მოჰყვებიან? ნუთუ არ გამშვიდებთ იმის გაფიქრება, რომ თქვენი დაცემა სამუდამოდ შეერწყა დავიწყების მარადისობას?"

   თქვენი ცხოვრება - იტყვით თქვენ - თავისუფალი იყო მძიმე ცოდვებისაგან. გეთანხმებით. მაგრამ ვის უნდა უმადლოდეთ ამისთვის? თუ თქვენ არ შეგმთხვევიათ ისეთი რამ, რასაც ცოდვის ჩადენა შეიძლება მოჰყოლოდა? ეს კარგი. მაგრამ ნუთუ თქვენი გული არ მიისწრაფვოდა დამღუპველი ვნებისაკენ. ათასჯერ! ნუთუ არ სწყუროდა, არ სურდა ის? მაშინ, თუკი გაბედავთ, გადაგვიშალეთ თქვენი სულიერი ცხოვრება. გვიამბეთ იმ მიჩქმალული ფიქრებისა თუ აზრების შესახებ, რომელთაც ასე გულმოდგინედ უმალავთ კაცთა თვალს. გვიამბეთ იმ დაფარული სურვილების, სწრაფვისა თუ პატივმოყვარეობათა შემოტევებზე, რომელთა შესახებაც ეჭვითაც არავინ არაფერი იცის. ეს თქვენი დამღუპველი სულიერი ზრახვანი ძეხორციელს არ უხილავს და ამიტომ თქვენი გარეგანი ცხოვრება ჩვეული პატივითა და სიწმინდის შარავანდედით მოსილი მოედინება. ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ, როდესაც თქვენი სული ამგვარ ბოროტ ზრახვათა არეალში იყო მოქცეული ხორციელად, რეალურადაც მოგევლინათ საცდური მთელი თავისი მიწიერი სიცხოველითა და მომხიბვლელობით, რა დაგემართებოდათ თქვენ? ნუთუ აშკარად არ შესცოდავდით? სად წავიდოდა მაშინ სიამაყე თქვენი უმწიკვლო წარსულისა და ცხოვრების გამო? წარმოვიდგინოთ, რომ მაშინ ვიღაც, მომსწრე თქვენი დაცემისა, ისე გამხელთ და გაგკიცხავთ, როგორც ახლა თქვენ განიკითხავთ შეცოდებულს. რას იგრძნობდა თქვენი გული?

   უფალმა დაგინდოთ და შეგიწყალოთ თავისი სიკეთის გამო. ათასი გარემოება, უფლის ნებით, ხელს უშლიდა თქვენს დაცემას, მაგრამ მერწმუნეთ, რომ თუკი უფალი თქვენი ინსტიქტებისა და ბუნებრივი მოთხოვნილებების ამარა დაგტოვებთ, დაიღუპებით, ცოდვაში ჩაიხრჩვებით და თუკი ახლა გადაურჩით დაცემას, თქვენი დამსახურება როდია!

   თქვენი მოყვასი დაეცა, მაგრამ იცით თქვენ მისი ცხოვრების ისტორია? იცით, როგორი უმეცრება და სიავე მოიცავდა მისი ცხოვრების გზას, როგორი საცთური უსაფრდებოდა, უბნელებდა ჭეშმარიტების ნათელს? იცით თქვენ, რომ ცოდვით დაცემის საბედისწერო მომენტში მას სწორედ მეგობრის, მოყვასის დასახმარებლად გამოწვდილი ხელი აკლდა, ის ხელი, რომელიც იხსნიდა მას და ეს ხლი შეიძლება თქვენი ყოფილიყო?

   თქვენი ახლობელი დაეცა, მაგრამ მან როდი იცოდა იმდენი, რამდენიც თქვენ იცით. ჰქონდა კი მას თქვენსავით ლოცვებით, სიწმინდითა და სხვისი დამოძღვრით გავლილი წარსული, რომელიც დაიცავდა მას ცოდვებისაგან? ეზიარა კი იგი თქვენსავით აკვნიდან უფლის მადლსა და ლოცვებს, ცრემლს სათნოებისა და ქრისტიანი დედის დარიგებებს? შეასწავლეს კი მას თქვენსავით სიცოცხლის დასწყისიდანვე სახარების ჭეშმარიტება, უხილავს კი ოდესმე მას ჯვარი, რომელიც იხსნიდა მას, მოუსმენია კი მას იმდენი გამაფრთხილებელი დარიგებანი, რამდენიც თქვენ?

   ასე რომ, უფლისათვის, რომელიც ყველაფერს წონის თავის ჭეშმარიტების სასწორზე, ვინ უფრო დამნაშავეა: ის, თუ - თქვენ, ვისაც ამდენი მოგეცათ, ვის უფრო მეტი სიმკაცრით განსჯის?

   აი, ძმებო, როგორი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს თქვენი ახლობლის შეცოდებამ. მისივე დაცემა უნდა იყოს დამაფიქრებელი თქვენთვის თქვენსავე თავისა და სულიერი ზრახვებისათვის. იგი უნდა იქცეს თქვენთვის უფლისადმი თაყვანისცემისა და მორჩილების ბიძგის მიმცემ, მთავარ ფაქტორად. ერთი კეთილშობილური ზრახვა ბადებს მეორეს. ესაა გულწრფელი და ღრმა თანაგრძნობა იმ მოყვასის მიმართ, რომელიც სიავის, ცოდვის მსხვერპლი გახდა.

   სიწმიდითაა მოსილი სახარების ის თავები, რომლებიც მოგვითხრობენ ჩვენი მხსნელის შობას, განსაკუთრებით გამოირჩევა ის ჰიმნები, რომლითაც ანგელოზები ბეთლემს მესიის მოვლინებას ახარებენ. როგორი გულის ამაჩუყებელია ის ფაქტი, რომ ანგელოზები, ეს უცოდველი, სუფთა არსებანი, პირველნი გამოხატავენ და განიცდიან ცოდვილი კაცობრიობის გამომსხნელი ქრისტეს მოვლინების სიხარულს და ჩვენი გამოხსნისათვის ადიდებენ ღმერთს. ასე რომ, რაც უფრო ახლოს ვართ ღმერთთან და რაც უფრო წმინდაა ჩვენი სიყვარული მის მიმართ, მით უფრო მძაფრად განვიცდით სხვის მიმართ თანაგრძნობას. თუმცა, რატომ მოვიხმობთ ანგელოზების მაგალითს, როდესაც თვითონ ის, ვისაც თაყვანს სცემენ მოგვები და ანგელოზები, ვისაც წმიდა წერილი ჭეშმარიტსა და მართალს უწოდებს, ყოველთვის განმსჭვლულია სიკეთითა და თანაგრძნობით ცოდვილთა მიმართ.

   და თუ ისინი, ვინც უცოდველნი და წმიდანი არიან ჭეშმარიტად, მუდამ მზად არიან შეიწყალონ და შეიბრალონ დამნაშავე და ცოდვილი მოყვასი, ჩვენ, ცოდვილნი და დაცემულნი, მით უფრო უნდა განვიმსჭვალოთ სიკეთით დაცემული მოყვასის მიმართ.

   აი, როგორ უნდა ფიქრობდეს ქრისტიანი ადამიანი.

   მაინც, როდის დაედება სათავე ჩვენივე გამოსწორებას? როდის ამოვდებთ ლაგამს საკუთარ ენას? არადა, უამრავმა ჩვენგანმა გადააბიჯა ნახევარ საუკუნეს და ახლოვდება ჟამი დასასრულისა.

   „დასდევ, უფალო, საცოჲ პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა", თუნდაც სიცოცხლის დასასრულს.

   მეცხრე მცნება გვიკრძალავს მოყვასის ცილისწამებას, რადგან ცილისწამება ახლობელის ყველაზე აღმაშფოთებელი შეურაცხყოფაა! ცილისწამება მკვლლობის ტოლფასია! დააკვირდით, როგორ ლოცულობს დავით წინასწარმეტყველი: „უფალო, დამიფარე ადამიანთა ცილისწამებისაგან, რათა დავიცვა მცნებანი შენი?!"

   თუკი ცილი დასწამეთ ადამიანს საზოგადოების თვალში - მოინანიეთ ცრემლთა ღვრით, გულწრფელად ითხოვეთ შენობა, როგორც რეალურმა მკვლელმა და დაუყოვნებლივ გააუქმეთ ცილისმწამებლური განცხადებები, რათა უფალმა ინებოს და თქვენმა საქციელმა გამოუსწორებელი ზიანი არ მოგიტანოთ.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   არანაკლებ ცოდავს ის, ვისაც უყვარს ფარულად საუბრების მოსმენა, თვალთვალი, სხვისი წერილების კითხვა. მოინანიეთ უფლის წინაშე, ვინც ამ საძაგელი ვნებითაა შეპყრობილი!

   ქრისტიანისათვის, ვინც უფლის ნებითაა სახელდებული, შემზარავია ასეთი სიმხდალით დაცემა, რამეთუ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ზღვარი დაუდოთ ასეთ სამარცხვინო ქმედებებს.

   უფალო, დაგვეხმარე თავი დავაღწიოთ ამ ვნებას და მოგვიტევე ჩვენი წარსული!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   იქნებ, ამჟამად სინანულში მყოფთაგან, რომელიმემ გათქვა სხვისი სისუსტეები, ცოდვები, სახელი გაუტეხა მოყვასს, მოინანიეთ უფლის წინაშე. ეს არის ცოდვა დაცემულისა, რომელმაც არ დაფარა საკუთარი მამის სიშიშვლე.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ამ მცნებით იკრძალება უქმად მეტყველება, რაც დედაა განკითხვისა, ყბედობისა, ჭორაობისა, შეურაცხმყოფელი დაცინვებისა ახლობლებისადმი, ფუჭსიტყვაობისა.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ - ყველანი ჩაფლული ვართ ამ ვნებებში.

   იქნებ, ბოროტ ცილისწამებებს უგდებთ ყურს ან თვითონ იგონებთ რაიმე მავნებელ ჭორებს და ავრცელებთ ქალაქში? იქნებ გიყვართ მიყურადება და ჭორების შეგროვება, რითაც ვკვებავთ საკუთარ ავადმყოფურ ცნობისმოყვარეობას და ნაცვლად უფლის სიტყვისა და ლოცვისა, გონებას ამ ცოდვებით ვასაზრდოებთ. მოინანიეთ უფლის წინაშე!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი" - გვმოძღვრავს უფლის სიტყვა. ჩვენ კი ადამიანებს ერთმანეთს ვუპირისპირებთ ენის მიტან-მოტანით, ნაცვლად იმისა, რომ მშვიდობის მყოფობის გამო დავდუმდეთ.

   ხშირად, როგორც იტყვიან, სიმართლეს პირში მივახლით ხოლმე, როცა ეს საჭირო არ არის და რასაც სიკეთის ნაცვლად წყენა, შეურაცხყოფა, ზიანი მოაქვს.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, უაზრო „სიმართლის მოყვარეთ!"

   დაბოლოს, უფალო, ჩვენ არ ვფლობთ გულწრფელობას, სიწრფელეს, უბრალოებას, მდუმარებას და ამიტომაც ყოველ საათში ვცოდავთ, შეურაცხყოფას ვაყენებთ მოყვასს და შენც, უფალო, რითაც საშინლად ვარღვევთ შენი სჯულის მეცხრე მცნებას. (გაგრძელება...)

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება