მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მერვე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 2)
როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მერვე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 2)29-11-2016, 00:07 |
ჩვენ ვცოდავთ მაშინაც, როდესაც ვაიძულებთ ადამიანებს გადაგვიხადონ ფული ან გაგვიკეთონ საჩუქრები! შეიძლება რომელიმე თქვენგანი ღამეს ათევინებს თავის ნათესავებსა და მახლობლებს, რომლებიც ჩამოვიდნენ წმინდა ადგილების მოსანახულებლად?! ხომ არ იქცევით ისე, რომ მათ იძულებულს ხდით, გადაგიხადონ ფული ანდა რაიმე გაჩუქონ, ანდა თხოულობთ მათგან არაჩვეულებრივ მოპყრობას და განსაკუთრებულ პატივისცემას? მოინანიეთ უფლის წინაშე! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! და თუ თქვენ არა გაქვთ საშუალება უანგაროდ მიიღოთ სტუმრები, მოასვენოთ და დაანაყროთ, ეცადეთ მაინც, რომ არ იყოთ უნამუსო გამომძალველები! ეცადეთ, შესაძლებლობის ფარგლებში ქრისტიანულად მიიღოთ სტუმრები! ხომ არ მიგიყენებიათ ზიანი თქვენი მახლობლის ქონებისათვის, შეგნებულად, შურის გამო; ვინმე ხომ არ წაგიქეზებიათ? ხომ არ გაგითელიათ სხვისი ბოსტანი? ხომ არ მოგიწამლავთ, ან გიცემიათ მეზობლის ცხოველები... წყლით ხომ არ დაგიტბორიათ სხვისი ნათესები? იქნებ რაიმე ეშმაკობით ან ავი განზრახვით დაგიბრკოლებიათ სხვისი სასარგებლო საქმე? თუ თქვენ გაქვთ ასეთი მძიმე ცოდვა, აუცილებლად აუნაზღაურეთ ზარალი და შეურიგდით... მოინანიეთ! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! ჩვენ განვიკითხავთ მუქთახორებს, მივუთითებთ მათზე, ვლანძღავთ, მაგრამ ჩვენც ხომ ყველა მუქთახორები ვართ! რომელი ჩვენგანი არის თავის სამუშაო ადგილზე ბოლომდე კეთილსინდისიერად, ანდა - მორჩილებაში? სრულად ხელფასის აღებაზე რომელი ჩვენგანი ამბობს უარს? უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! მერვე მცნების წინააღმდეგ ცოდვაა აგრეთვე საეკლესიო ქონების მოპარვა და მითვისება: სულ მცირედის, სანთლის ნამწვის წაღებაც კი არ შეიძლება ტაძრიდან, ეკლესიიდან... მოინანიეთ! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! იცოდეთ, რომ საეკლესიო თუ სამონასტრო ქონება, რომელიც სახლში შეგაქვთ, გაღვივებული ცეცხლია! არსებობს ამ ცოდვის ერთი სახეობა: მევახშეობა, ანუ აუცილებელი ნივთების თუ კვების პროდუქტების ზედმეტ ფასებში გაყიდვა. თანამედროვე ყოფაში ამას სპეკულაცია ეწოდება. თუ ქრისტიანთაგან ვინმე ეწევა ამ სამარცხვინო საქმიანობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს უკეთური საქმე და ცრემლებით მოინანიეთ უფლის წინაშე საკუთარი სიხარბე და გაუმაძღრობა. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! ხომ არ მოგითხოვიათ ფული ან ნივთები „მოჩვენებითი" საჭიროებისათვის - გამოგონილი გაჭირვებული ადამიანებისათვის. ეკლესია-მონასტრებისათვის საკუთარი გამორჩენის მიზნით? თუ ასეთი ვინმე არის დღეს აღმსარებლებს შორის, დაუყოვნებლივ მოინანიეთ უფლის წინაშე და სასწრაფოდ შეწყვიტეთ ბოროტი ტყუილი და ეცადეთ აანაზღაუროთ მოპარული იმით, რომ დაეხმაროთ ნამდვილად გაჭირვებულებს... მოინანიეთ უფლის წინაშე! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! უფლის მერვე მცნება გვიკრძალავს ფულთან დაკავშირებულ ყოველგვარ აზარტულ თამაშებს. ყოველგვარი თამაში, მით უმეტეს ფულზე - ცოდვაა. თუ რომელიმე თქვენგანი გატაცებული ხართ ბანქოს თამაშით, ან კარგავთ ძვირფას დროს ნებისმიერ აზარტულ თამაშობაზე, მოინანიეთ უფლის წინაშე. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! მეტად აღარ გაეკაროთ ამგვარ საქმიანობას! ეს არ თხოულობს დიდ გმირობას, საჭიროა მხოლოდ მკაცრად მოვეკიდოთ ამ საქმეს. უნდა შევიგნოთ, რომ ქრისტიანისათვის სამარცხვინოა ფუჭად დროის ხარჯვა და თანაც აზარტში შესვლა, საკუთარი სულის გაწვალება და უფლის განრისხება. ნუთუ ჩვენ უფრო ღირსეული საქმე არა გვაქვს, ვიდრე ბანქოს ან დომინოს თამაშია? უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! რომელიმე თქვენგანს ქრთამი ხომ არ აუღია? სამუშაოზე ვინმე ხომ არ გაუნაწყენებია პრემიის ან ჯილდოს არასწორი განაწილებით? ვინმე ხომ არ გაგინთავისუფლებიათ უსამართლოდ სამსახურიდან?! მოინანიეთ, ვინც ამაში ცოდვილი ხართ! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! იქნებ იძუნწეთ რაიმე კეთილ საქმეზე, ხარჯი არ გასწიეთ? არ დაეხმარეთ მოკეთეს? არ შეამკვეთ ეკლესია-მონასტრები? უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! ჩვენ ვცოდავთ აგრეთვე, როდესაც გვაქვს ზედმეტი ნივთები, არა საჭიროებისათვის, არამედ ფუფუნებისთვის. აი, გვაქვს ჩვენ ერთი პალტო ან კაბა... აუცილებლად ვიძენთ მის შესაფერ ფეხსაცმელსაც. ერთი სიტყვით, ჩვენ ვაგროვებთ არასაჭირო ფუფუნების საგნებს. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! მეორეს შეიძლება სხვა უკიდურესობა სჭირდეს - არაფერს საკუთარი თავისთვის არ იმეტებდეს, ეს სიძუნწეა. ესეც ამ მცნების დარღვევა. ხვა კი ტრაბახობს, რომ არ არის მიჩვეული ფულის დათვლას, უკანასკნელ კაპიკამდე ქარს ატანს - ეს ფლანგვის ცოდვაა. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! ჩვენ ვცოდავთ მაშინაც, როდესაც სხვებს ვერ ვიცავთ წინასწარ ზარალისაგან, ვიცოდით კი, რომ ეს დაემართებოდათ. გაჭირვებასა და უბედურებაში ხომ არ გვისარგებლია დაზარალებულის დაბნეულობითა და გამოუვალი მდგომარეობით? ხომ არაფერი მოგვიპარავს ხანძრისას, წყალდიდობისას, ანდა რომელიმე სტიქიური უბედურებისას? ხომ არ გამოგვირთმევია ძალით გასამრჯელო დაზარლებულისათვის? თუ თქვენ ეს შეგემთხვათ, მოინანიეთ უფლის წინაშე! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, სასტიკებს, ანგარებიანებს და უმოწყალოებს! და თუ ყველა ამ ზემოჩამოთვლილ დანაშაულებათაგან მერვე მცნების წინააღმდეგ ჩვენ თავისუფალი ვართ, მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ მატერიალურ ღირებულებათა მიღმა უფალი ადამიანს აჯილდოებს სხვადასხვა ტალანტითა და შესაძლებლობებით. დაგიხარჯავთ ისინი მოყვასის სასარგებლოდ? მიხმარებიხართ კეთილი რჩევით? მოგიქცევიათ ჭეშმარიტების გზაზე დაბნეული? ანუგეშებდით უბედურებაში? და საერთოდ, ვცხოვრობთ ჩვენ ადამიანებისათვის, თუ ვცხოვრობთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ჩაკირულები ეგოიზმში? ჰკითხეთ თქვენს სინდისს და თუ იგი გქენჯნით, მოინანიეთ უფლის წინაშე! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |