მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მერვე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 1)

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მერვე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 1)


28-11-2016, 00:03

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მერვე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 1)

 

მერვე მცნება - „არა იპარო" 

 

   ქურდობა მძიმე ცოდვაა, ამ სენით შეპყრობილნი მოკლებული არიან ცათა სასუფეველს.

   „არცა მპარავთა... არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ" - ამბობს წმ. მოციქული პავლე (I კორ. 6, 10).

   ცხადია, პროფესიონალი ქურდები, თაღლითები და მძარცველები ჩვენს აღმსარებლებს შორის, საბედნიეროდ, არ არიან! მაგრამ, სულ მცირედიც, მალულად აღებული, რომელიც შენ არ გეკუთვნის, იგივე ქურდობაა.

   გაიხსენე: ხომ არ ცდუნებულხართ რაიმეთი, „რაც ცუდად იდო", ხომ არ აიღეთ რაიმე სამუშაოზე ოჯახში გამოსაყენებლად? ჩვენ ამას არ ვთვლით ცოდვად, მაგრამ ეს აშკარად ქურდობა და ძარცვაა! აგრეთვე, ხომ არ მოგიტანიათ ასეთი რამ თქვენი ბავშვებისათვის, ხომ არ გისწავლებიათ მათთვის, რომ შეიძლება სამუშაოდან რაიმეს მოპარვა და სახლში წამოღება - ეს ქურდობაა! მოინანიეთ!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ხომ არ გაცდუნათ რაიმემ კერძო თუ სახელმწიფო ბაღში, ბოსტანში, მინდორში - ესეც ქურდობაა, მოინანიეთ, უფალო, მოგვიტევე!

   შეიძლება თქვენ ისარგებლეთ სახელმწიფო ტრანსპორტით და მგზავრობისა არ გადაიხადეთ? ამგვარადაც მსჯელობენ: სალოცავად მივდივარ ღვთისმშობელთან, და დაე, მან უფასოდ მამგზავროს! ადრე სალოცავში ფეხით დადიოდნენ, ახლა კი დასაშვებად მიაჩნიათ უფასოდ მგზავრობა! - ეს ქურდობაა!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილებს და წვრილმან ქურდებს!

   ხომ არ მოგიპარავთ ელექტროენერგია სახელმწიფოსათვის?

   ხომ არ „გიფოკუსიათ" ელექტრომრიცხველის მიმართ? - ეს სამარცხვინოა ქრისტიანისათვის!

   უფალო! მოგვიტევე ჩვენ, წვრილმან ქურდებს!

   საზოგადოებრივი კვებისა და ვაჭრობის მუშაკებო, ანდა ბაზარში ვინც ყიდის საკუთარი შრომით მოწეულ ჭარბ პროდუქტს! რომელიმე თქვენგანს ხომ არ მოუტყუებია წონაში, ხურდაში ან ხომ არ გაუყიდია გაფუჭებული საქონელი?

   მოინანიეთ უფლის წინაშე!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   დღეიდან ნუღარ დაანაგვიანებთ საკუთარ სინდისსა და ხელებს ნაპარავით! ასეთი საშუალებით დაგროვილი ქონება არ მოგიტანთ არც მატერიალურ და არც სულიერ სარგებლობას, პირიქით, მტვრად იქცევა თქვენი მონაგარი და არ გექნებათ სიმშვიდე. და რა სირცხვილია, უფალ იესო ქრისტეს, მისი წმინდანებისა და ანგელოზების წინაშე, როდესაც ქრისტიან ქურდს დაიჭერენ?!

   თუ საკუთარი შრომით შეძენილი საჭმელი, ტანსაცმელი ან ავეჯი იმაზე მეტი აქვს ქრისტიანს, ვიდრე საჭიროა, ცოდვაა! მოინნიეთ!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   იქნებ რომელიმე თქვენგანი მუშაობს საბავშვო დაწესებულებაში, ატყუებს ანდა ზომაზე ნაკლებს აჭმევს ბავშვებს, ეს ხომ უკვე ნამდვილი დანაშაულია! მოინანიეთ!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ხომ არ გითაღლითია? ხომ არ შეგიპარებიათ ძველი ხურდა, ხომ არ აგიღიათ გამყიდველისაგან, რომელიც შეცდა თქვენს სასარგებლოდ?

   ხომ არ დაგიმალავთ ან მიგითვისებიათ მოპარული ან ნაპოვნი ნივთები? თუ იპოვე რაიმე, უნდა მოძებნო დამკარგავი, მოინანიეთ!

   უფლო, მოგვიტევე ჩვენ, სხვის ქონებაზე დახარბებულებს!

   შეიძლება, თქვენ იყიდეთ ნივთი, რომლიც იცოდით, რომ მოპარული იყო, ან იყიდეთ რაიმე ლოთისაგან, რომელმაც საკუთარი ოჯახი გაქურდა. გონს მოდით! გახსოვდეთ, რომ მოპარული ნივთის ყიდვით თქვენ თანამონაწილე ხდებით ქურდისა. არასოდეს შეიტანოთ ასეთი ნივთი სახლში, და თუ ასე მოქცეულხართ, გულწრფელად მოინანიეთ!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ხელი ხომ არ მოგიწერიათ, ან ხომ არ გისარგებლიათ რაიმე ყალბი დოკუმენტით?

   შეიძლება არ გადაიხადეთ ვალები, ან დააგვიანეთ იმ მოტივით, თითქოს თქვენ არ გაქვთ, ან ცოტა გაქვთ ფული, სინამდვილეში კი იძუნწეთ და არ გადაიხადეთ სესხი? სასწრაფოდ გადაიხადეთ ვალები, თუ საშუალება გაქვთ, დღესვე მიეცით ვალი, ან აღუთქვით უფალს, რომ უახლოეს მომავალში იზამთ ამას. მხოლოდ მაშინ იქნება მონანიება სრული. საერთოდ, ქრისტიანი უნდა ჩაეტიოს იმ ჩარჩოებში, რისი სახსარიც გააჩნია. მან უნდა იცხოვროს მოკრძალებულად და მისი სულიც იქნება დამშვიდებული.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ჩვენ აგრეთვე ვცოდავთ სახელმწიფო ქონებისადმი უყაირათო მოპყრობით. თუ სახელმწიფო ჩვენ გვანდობს თავის ქონებას სარგებლობისათვის, ჩვენ ვალდებული ვართ, მას მოვეპყრათ უკეთ, ვიდრე საკუთარს. არ გატყდეს, არ დაიკარგოს, არ გაფუჭდეს, შეამოწმეთ საკუთარი თავი; ასე ეპყრობით სახაზინო, სახელმწიფო თუ სხვის ნივთებს? მოინანიეთ უფლის წინაშე!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! (გაგრძელება...)

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება