მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეშვიდე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 2)

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეშვიდე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 2)


27-11-2016, 00:07

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეშვიდე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 2)

 

   მეუღლეებო, ხომ არ მიგიყვანიათ თქვენი ქმარი ან ცოლი საკუთარი თავშეუკავებლობით გარყვნილებამდე? ამის შემდეგ ნუთუ იმედი გაქვთ რაიმე ბედნიერებისა ცოლქმრულ ცხოვრებაში?

   და კიდევ ერთი - გაყრილ მეუღლეებთან ცოლქმრული ურთიერთობა მრუშობაა!

   ამის შესახებ თვით უფალმა მოგვცა ჭეშმარიტი სწავლება, როცა შეეკითხნენ: „ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳისი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა" (მათ. 5. 32).

   თქვენ კი თავს იმართლებთ: „ის ხომ თავისუფალია, ისინი გაყრილები არიან".

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   იქნებ ვინმემ შეაცდინა ვინმე, თავბრუ დაახვია თავისი დაპირებებით, დაარწმუნა, რომ ჩვენს საუკუნეში ყველა ასე ცხოვრობს, იქნებ, მოატყუა და გააცურა რომელიმე გულუბრყვილო გოგონა? არადა, როგორ აცარიელებს ადამიანს ეს წუთიერი, ნაადრევი სიახლოვე! ნუთუ გართობასა ან უბრლოდ ცნობისმოყვარეობის გამო, ან კიდევ წუთისოფლის მოდის აყოლისა და წუთიერ ვნებათა აფეთქების გამო ღირს კი ყმაწვილმა ან ქალიშვილმა გაიძარცვოს საკუთარი თავი? შედეგად კი რა? მწარე სასოწარკვეთა, სინდისის ქენჯნა და სრული მორალური მოშლა.

   ყოველ საუკუნეში მშვენიერი იყო და იქნება საკუთარი სჯულის სიწმინდის, უბიწოების, უმანკოების შენარჩუნება, რაც მტკიცე საძირკვლად ედება ოჯახურ ტაძარს, რომელსაც ქრისტიანული ოჯახი წარმოადგენს.

   მოინანიეთ უფლის წინაშე თქვენ, ვინც არ შეინარჩუნეთ და ნაადრევად გახრწნით საკუთარი უმანკოება!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ვინც ქორწინების გარეშე ცხოვრობთ და უგუნურებისა და სულიერი სიბნელის გამო უარყოფთ წმინდა ქორწინებას, ჩაიხედეთ საკუთარ გულში, შეეკითხეთ საკუთარ სინდისს, თქვენი უბიწოება დიდი ხანია ხომ არ გაიხრწნა მრუში შეხედულებებით? თქვენი სული ხომ არ არის შეპყრობილი ავხორცობის ყველანაირი ცოდვით?

   მოინანიეთ უფლის წინაშე!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ან იქნებ საკუთარი ჯანმრთელობა და ცხოვრება გაანადგურეთ ონანიზმის ან სხვა ამდაგვარი ცოდვით? მოინანიეთ უფლის წინაშე!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   თუკი რაიმე ამძიმებს თქვენს სინდისს, აუცილებლად უნდა განწმინდოთ იგი გულწრფელი მონანიებით - გწამდეთ, რომ ასეთები უკუგდებული არ იქნებიან წმინდა ბრძიმისაგან. მოუნანიებელი, მომაკვდინებელი ცოდვა არა მარტო ამზადებს სულს ჯოჯოხეთისათვის, არამედ სიცოცხლეშიც დამანგრეველად მოქმედებს ადამიანზე.

   ბერი ბარსანოფ ოპტინელი ამბობს: „ასე უჭირავს სატანას კაპიტალი თავის ხელებში, საიდანაც პროცენტებსაც იღებს". გჯეროდეთ, რომ ცოდვის გულწრფელი მონანიება მთლიანად ანგრევს ყველა ბორკილს, რითაც შეკრულია საბრალო ცოდვილი. თუკი არ მოგინანიებიათ მეშვიდე მცნების საწინააღმდეგო რაიმე საიდუმლო ცოდვა, მოიკრიბეთ გამბედაობა და აღიარეთ ყველაფერი მოძღვართან ჯვრისა და სახარების წინაშე!

   იჩქარეთ, რამეთუ უფალმა ბრძანა: „როგორსაც გპოვებთ, ისეთს განგსჯით!"

   მეშვიდე მცნების საწინააღმდეგო კიდევ ერთი ცოდვა არსებობს - ეს არის სისხლის აღრევა, ანუ ცოდვა, როცა ცოლქმრული კავშირი ახლო ნათესავები ერთიანდებიან. აი, რას ამბობს ამ სამარცხვინო ცოდვის შესახებ წმინდა მოციქული პავლე: „ყოვლადვე ისმის, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა" (I კორ. 5, 1).

   ასეთი ცოდვა დამღუპველად მოქმედებს არა მარტო უფლის სჯულის დამრღვევბზე, არამედ გამოუსწორებელი ზიანი მოაქვს შთამომავლობისათვისაც. გონებაჩლუნგობა, საერთო ფსიქიკური სისუსტე, სხეული ნაკლოვანებები - ეს ყველაფერი არის სამწუხარო შედეგები ბუნების კანონების საწინააღმდეგო - ნათესაური საქორწინო კავშირებისა.

   მაინც, რას ნიშნავს იცხოვრო უმწიკვლოდ?

   ნეტარმა მიტროპოლიტმა ფილარეტ მოსკოველმა ასე განსაზღვრა უმწიკვლოდ ცხოვრება: „იცხოვრო წმინდად, ნიშნავს, არავითარ სიამოვნებას არ დაემონო, შეინარჩუნო საღი გონება, რომელიც არ არის დასნეულებული ბილწი აზრებით, იქონიო გული, რომელიც არ არის დასნეულებული ბილწი სურვილებით, სხეული, რომელიც არ არის გახრწნილი უწმინდური საქმეებით".

   იქნებ ვინმემ გაიფიქროს: „ეს რა ცხოვრებაა უსიხარულო, თუკი სიამოვნებანი იკრძალება?" არამც და არამც! არც ჯანსაღი აზროვნება, არც რწმენა ქრისტესი არ გვიკრძალავს უვნებელ გართობასა და მხიარულებას, ისინი აუცილებელიც კია საქმეთაგან დასასვენებლად.

   რწმენისა და ღვთისმოსაობის ჭეშმარიტი მასწავლებელი წმინდა იოანე ოქროპირი ასე წერს მიწიერ გასართობებსა და სიამოვნებებზე: „თუკი გინდა მიიღო სიამოვნება, გაისეირნე ბაღებში, შეხედე მორბენალ მდინარეებს, ტბებს, დატკბი ყვავილების სილამაზით, მოისმინე ჭრიჭინების სიმღერა, მოინახულე წმინდა ადგილები. აქ შენ იპოვი სიჯანსაღეს სხეულისათვის და სარგებელს სულისათვის და არავითარ ზიანს არ მიიღებ. ამ სიამოვნებისათვის არასოდეს განიცდი სინანულის გრძნობას, რომელიც ცოდვილ სანახაობათა ნახვის შემდეგ იბადება. თუ გყავთ მეუღლე, გყავთ ბვშვები, ნუთუ რამე შეედრება ამ სიამოვნებას? გაქვთ სახლი, გყავთ მეგობრები - სიწმინდესთან შენივთებულ ამ ნეტარებებს უდიდესი სარგებელი მოაქვთ. თავად განსაჯე, რა უნდა იყოს მეუღლეზე და ბავშვებზე უფრო სანეტარო, ვისაც სურს უმწიკვლოდ გაატაროს ცხოვრება?"

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! (გაგრძელება...)

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება