მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეშვიდე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 1)

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეშვიდე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 1)


25-11-2016, 00:07

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეშვიდე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 1)

 

მეშვიდე მცნება - „არა იმრუშო" 

 

   ეს მცნება კრძალავს ისეთ ცოდვებს, როგორიცაა:

   1. უხამსობა აზრებში, საუბრებსა თუ ქმედებებში;

   2. მრუშობა;

   3. სისხლის აღრევა.

 

   ცოდვები ამ მცნების წინააღმდეგ ძალიან საშიშია. საშიშია თავისი სისაძაგლით, შედეგებითა და არაჩვეულებრივი მასშტაბებით. ამ ცოდვებისაგან გამოწვეული ავადმყოფობა ადრეული ასაკიდან ტანჯავს და თვით სიკვდილამდე სდევს ადამიანს.

   ამ ცდუნებების სახით მაინც რატომ ებრძვის ეშმაკი ასე ადამიანს? იმიტომ, რომ მისთვის აუტანელია ჩვენი ხსნა. მან ჩვენზე უკეთ იცის ჭეშმარიტება მოციქულის სიტყვებისა:

   „არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა... სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ" (I კორ. 6, 9-10).

   ამ მცნების საწინააღმდეგო ცოდვები იმდენად ბილწია და გადამდები, რომ წმინდა მოციქული უხერხულად თვლის ქრისტიანების წინაშე მათზე ლაპარაკს. მხოლოდ სინანულის აუცილებლობა გვაიძულებს ყურადღება მივაპყროთ უფლის წინაშე ჩვენი სინდისის ამ დანაშაულს. რადგან ჩვენი სხეული არის ტაძარი სულიწმიდისა, ამიტომ ცოლქმრული თუ უმანკო ცხოვრების შებღალვით ჩვენი არსებიდან განიდევნება სული ღვთისა და ეძლევა ადგილი ეშმაკს.

   ჩვენზე, ქრისტიანებად სახელდებულებზე, უდიდესი პასუხისმგებლობა ძევს. ჩვენ გამოსყიდული ვართ უდიდესი სასყიდლით - ღვთის ძის შეუფასებელი სისხლით, იმისათვის, რათა სულითა და ხორცით ვემსახუროთ უფალს.

   მაგრამ როგორ შეურაცხყოფას ვაყენებთ მას, თუკი სიწმინდისათვის ღვთის მიერ გამოსყიდულ სხეულებს ვბილწავთ საძაგელი, ავხორცი გულისთქმებით.

   „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ განხრწნეს იგიცა ღმერთმან" (I კორ. 3, 16-17).

   ეს ხომ თვით ისტორიით დასტურდება: ცნობილია, რომ ამ ცოდვის მეტისმეტი გავრცელების გამო ადამიანთა მოდგმა მსოფლიო წარღვნით განადგურდა. პირისაგან მიწისა აღიგავა ორი უმდიდრესი ქალაქი - სოდომი და გომორი, რამეთუ ამ ქალაქების უკეთურმა მიდრეკილებებმა უფლის ხანგრძლივ მოთმინებასაც კი გადააჭარბეს!

   ამჟამად, თუკი ცავიხედავთ საკუთარ სულში და გადავხედავთ გარემომცველ სინამდვილეს, ხომ არ ვიმსახურებთ ამ უბედური ქალაქების ხვედრს ჩვენივე მანკიერი არსებობისათვის? დიდხანს ეყოფა კი უფალს მოთმინება? მოვინანიოთ უფლის წინაშე ღრმა ურვითა და უმჯობესია - ცხარე ცრემლით!

   აი, ყველაზე მოკლე ჩამონათვალი ამ სახის ცოდვებისა, ქვემოთ თითოეულ მათგანზე ვისაუბრებთ და თუკი სული დამძიმებული გაქვთ რომელიმე აქ ჩამოთვლილი ცოდვით, მოინანიეთ, შესთხოვეთ უფალს განწმენდა სიბილწეთაგან!

   უფალო, ვცოდავთ შენს წინაშე სხვადასხვა სახით გამოვლენილი ავხორცობით: ესაა უწმინდურ განზრახვათა ქონა, უმსგავსო საუბრები, ტკბობა, იმ სურვილების გამოვლენა, რაც იწვევს სულში ავხორცულ აღგზნებას. და ჯერ კიდევ საშინელი ცოდვის განუხორციელებლად. საკუთარ გულში ვმრუშობთ.

   მოინანიეთ უფლის წინაშე! ყველანი დამნაშავენი ხართ!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   უფალო, ადამიანები ვცოდავთ მაშინაც, როცა ვარღვევთ საკუთარ უმანკოებას; მეტისმეტად თავისუფლად ვექცევით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს, ბინძურად ვეხებით, ვესიყვარულებით, ავხორცულად ვუმზერთ ლამაზ სახეებს, ვბილწსიტყვაობთ, ვმრუშობთ სასიყვარულო სიმრერებითა და უსირცხვილო ტონის რხევით. გასაკუთრებით სცოდავს თანამედროვე ახალგაზრდობა - თავაშვებულო ცეკვებით, კეკლუცობით, წუთიერი გატაცებებით, მაჭანკლობით, მეტისმეტი სიახლოვით, მეტისმეტი სიმაძღრითა და მემთვრალეობით, უხამსი ლიტერატურის კითხვით, რაც გზას აძლევს აღმგზნები და ცოდვილი წარმოდგენების გაჩენას, მაცდუნებელ სანახაობათა ცქერით, ისეთი კინოფილმებისა და პიესების ნახვით, რომლებიც ამ ცოდვის შხამით არის მოწამლული, ზედმტი კოპწიაობითა და მოურიდებელი შემოსვით, სხვათა მოხიბვლისა და შეცდენის მეტისმეტი სურვილით, საკუთარ თავში ღვთის ხატების უჩვეულო დამახინჯებით თუ ათასნაირი კოსმეტიკის, ხელოვნური გამშვენიერების გმოყენებით.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   მთელი ჩვენი არსებობა ასეთი გულისთქმებითაა განმსჭვალული, რომლებიც ფარულად თუ აშკარად მოქმედებს ჩვენზე. იმისდა მიუხედავად, ვაცნობიერებთ თუ არა საკუთარ ცოდვილობას, ჩვენ ყველანი მაინც დამნაშავენი ვართ მასში უფლის წინაშე.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   არსებობს სიძვის აშკარა ცოდვებიც: იქნებ მონანულთა შორის ვინმე ისეთი ცოლქმრული კავშირით ცხოვრობს, რომლიც ეკლესიის საიდუმლოთი არ არის კურთხეული? მოინანიეთ სინანულის წრფელი ცრემლებით, რამეთუ სიცოცხლეს მრუშობაში ატარებთ! შესთხოვეთ უფალს, თქვენი ქორწინება აკურთხოს ეკლესიის საიდუმლოთი, მიუხედავად იმისა, რა ასაკშიც უნდა იყოთ!

   თქვენ კი, რომელნიც ეკლესიის კურთხეული ქორწინებით ცხოვრობთ, შეამოწმეთ საკუთარი სინდისი - ხომ არ შეგიცოდავთ, თუნდაც საკუთარ გულში, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა მიმართ უწმინდური წარმოსახვებით, რომ არაფერი ვთქვათ უკვე სიძვით აშკარა დაცემაზე? იქნებ ზომაგადასული ხორციელი ტკბობით შესცოდეთ უფალს? ქორწინებაში ხომ ქრისტიანი ვალდებულია დაიცვას თავშეკავება და უბიწოება - თავი შეიკავოს მარხვების დროს, კვირაობითა და სადღესასწაულო დღეებში.

   მოინანიეთ უფლის წინაშე!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! (გაგრძელება...)

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება