მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > რაში ცდებიან მართლმადიდებელი ეკუმენისტები (ნაწილი III)
რაში ცდებიან მართლმადიდებელი ეკუმენისტები (ნაწილი III)3-11-2016, 00:06 |
წმ. სერაფიმე სობოლევი
მართლმადიდებელი ეკუმენისტების მიერ არამართლმადიდებლებისადმი ეკლესიის სახელწოდების მინიჭება არ გახლავთ უბრალო გაურკვევლობა. მსგავსი ცდომილების აღიარება არსობრივად მართლმადიდებელი ეკლესიის სარწმუნოების უგულებელყოფას ნიშნავს. დედაეკლესია ჩვენგან ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო სარწმუნოების აღიარებას მოითხოვს, რათა ეკლესიის ყველა ეს თვისება მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას მივუსადაგოთ. მაგრამ მართლმადიდებელ ეკუმენისტებს არ სურთ ეკლესიის სწავლების მორჩილება და წარმოუდგენლად ამახინჯებენ მრწამსის მეცხრე წევრს. შედეგად, ჭეშმარიტების სიცრუესთან, მართლმადიდებლობის - ერესებთან ბუნებრივი აღრევა ხორციელდება. შესაბამისად, მართლმადიდებელი ეკუმენისტები, ამავდროულად ეკუმენისტური „ეკლესიის", ე.ი. მსოფლიო ერეტიკული საზოგადოებების წევრებიც ხდებიან. მათ უნდა ახსოვდეთ ქრისტეს სიტყვები: „ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზვერე და წარმართი" (მათ. 18. 17).
მართლმადიდებელი ეკუმენისტების მიერ ეკლესიის სწავლებისადმი დაუმორჩილებლობა ნიშნავს განაცხადო, რომ „ეკლესიებს შორის არსებული განმყოფი კედლები ხელს უშლის ქრისტესთან კავშირს და ვერ აღწევენ ზეცას".
მაგრამ ეს განმყოფი კედლები, ე.ი. მართლმადიდებელი ეკლესიის ერეტიკოსებისაგან განშორება მსოფლიო კრებებზე დაიწყო. ყოველივე მართლმადიდებლური სარწმუნოების ერესებისაგან დაცვის მიზნით ხორციელდებოდა. მსგავსი განყოფა თვით ქრისტესაგანაა ნაანდერძევი: „ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშვიდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყვ თქუენ, არამედ განყოფად" (ლუკ. 12. 51).
ამასვე ადასტურებს უფლის მიერ მოციქულებისა და მათი მემკვიდრე ეპისკოპოსებისადმი ნათქვამი სიტყვები: „ამინ გეტყვი თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (18, 18). როგორც ვხედავთ, მსგავსი განყოფა სათნოა ღვთისთვის. ისმის კითხვა: რაგვარად ვერ აღწევს ზეცამდე, როდესაც ეკლესიის სწავლება თავად ქრისტეს სიტყვებს ეფუძნება?
გარდა ამისა, მსოფლიო კრებებზე ერეტიკოსების ანათემები, დოგმატური განჩინებები მოციქულთა კრების საფუძველზე ხორციელდება: „ჯერ უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა" (საქმე. 15. 28). ამრიგად, ერეტიკოსებისადმი მსგავსი მიდგომა არა მხოლოდ მსოფლიო კრებებიდან, არამედ მოციქულებიდან ე.ი. სულიწმიდისაგანაა. ნიშანდობლივია მაცხოვრის სიტყვები აღდგომის შემდეგ თქმული მოწაფეებისადმი: „მიიღეთ სული წმიდა. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ" (იონ. 20. 22-23). ცხადია, ქრისტეს სიტყვებზე დაფუძნებული მსოფლიო კრებების ანათემები სულიწმიდისა და ეკლესიისაგან ერთდეროულად ედებათ ერეტიკოსებს. ისმის კითხვა: შეიძლება მსგავსი დოგმატური განყოფანი ვერ აღწევდნენ სულიწმიდამდე და იყოს მისგან მომავალი? (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |