მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეხუთე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 3)

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეხუთე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 3)


19-11-2016, 00:07

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეხუთე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 3)

 

   ჩვენ ვცოდავთ უფლის სჯულის მეხუთე მცნების წინაშე ხელმძღვანელობისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებით. აქ უკვე ყველანი ცოდვილები ვართ.

   იყო ხელმძღვანელი - ეს ძალიან რთულია. არ იფიქროთ, რომ ხელმძღვანელობა „არაფრის გაკეთებისათვის" იღებს მაღალ ხელფასს. უფროსს, სადაც უნდა იყოს, - სამსახურში, მონასტერში, სახელმწიფო აპარატში თუ უმაღლესი სასულიერო მმართველობის სფეროებში - აკისრია პასუხისმგებლობა არა მარტო მინდობილ საქმეზე, არამედ თითოეულ თანამშრომელზეც. რა უფლება გვაქვს განვიკითხოთ მათი მოქმედება?

   მონასტერში - უფროსებისადმი, ხელმძღვანელობისადმი, სულიერი მოძღვერებისადმი, ბერისადმი მორჩილება - ეს სულიერი კანონია. მონაზონი, რომელიც მიდის უსიტყვო მორჩილების გზით, აღწევს ხსნას. ეს არის პირდაპირი გზა სულიერი წარმატების მისაღწევად, რომელიც დავიწყებულია მონაზვნების მიერაც. არადა, სწორედ ამჟამად ასეთი მორჩილების გზით უნდა ვიდოდეს ერისკაციც.

   როცა უფროსს სიტყვას ვუბრუნებთ, ჩვენ დაუმორჩილებლობით ვაღიზინებთ მას, რითაც ვცოდავთ მეხუთე მცნების წინაშე. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ვისაც სურვილი არ გვაქვს არავის და არაფერს დავემორჩილოთ ჩვენივე უზომო სიამაყის, თავნებობისა და ჭირვეულობის გამო.

   მონანულთაგან, იქნებ, ამჟამად მონაწილეობს ვინმე ღვთისმსახურებაში: გალობს ან კლიროსზე კითხულობს, ამ დროს ხომ არ შეუცოდავს მას წინამძღვრისა თუ მომსახურე მღვდლის წინაშე დაუმორჩილებლობით? მსახურების დროს ხომ არ გაგიკეთებიათ უსარგებლო და უადგილო შენიშვნები, რითაც დაგირღვევიათ ტაძარში ლოცვის განწყობა და ღვთისმსახურების რიგიც კი? ხომ არ გაღიზიანებულხართ წინამძღვრის, მეწესდების, რეგენტის აუცილებელ მითითებებზე? შეგნებულად ხომ არ შეგიცვლიათ რაიმე კითხვისას თუ გალობისას ან ჯიბრით, სიბოროტით თუ გაბრაზებით რაიმე ხომ არ გაგიკეთებიათ კლიროსული მორჩილების ამ წმინდა საქმის დროს?

   მათ, ვინც მორჩილებით ან საკუთარი სურვილით (ასეთებს მოყვარულებს ეძახიან) მონაწილეობს საეკლესიო ღვთისმსახურებაში, ანდა ახსოვდეს: თუ გსურთ, აქედან მიიღოთ სულიერი სარგებელი და ასცდეთ ღვთის სასჯლეს, უპირველესად, აუცილებელია შეინარჩუნოთ მკაცრი დისციპლინა. სიტყვის შეუბრუნებლად დაემორჩილე წინამძღვარს, მომსახურე მღვდელს, მეწესდებეს, რეგენტს და ფსალმუნთა მკითხველს. არანაირი სახით არ დაარღვიო ღვთისმსახურების მიმდინარეობა, სიმდაბლით შეუერთე ჩვენი უბადრუკი სიტყვათა რიგი და გალობა უხილავ ანგელოზთა გუნდს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმჯობესია, არ დადგეთ კლიროსთან, უმჯობესია, ილოცოთ რომელიმე კუთხეში.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   მოინანიეთ, ვინც თავისი ქცევით დაარღვია ღვთისმსახურების მიმდინარეობის რიგი!

   თუკი უფალმა რომელიმე თქვენგანი უფროსად დაადგინა, ხელქვეითების მიმართ ლოიალური ან პირიქით, სასტიკი დამოკიდებულების გამო, ცოდვაში ხომ არ ვარდებით? იქნებ, თქვენი ხელმძღვანელური მოვალეობების გამო დაივიწყეთ, რომ თქვენს დაქვემდებარებაში ცოცხალი ადამიანები არიან, ცოცხალი სულებით და არავის მოუხსნია თქვენგან მოვალეობა, იყოთ ადამიანი ხელქვეითებთან დამოკიდებულებაში. ეს განსაკუთრებით მოგვეთხოვება ჩვენ, ქრისტიანებს! იქნებ გაანაწყენეთ თანამშრომლები მათდამი არათანაბარი დამოკიდებულების გამო, გყავთ თქვენი რჩეულები, რომელთაც ყველაფერს პატიობთ, ხოლო სხვებზე ამის გამო რისხვას ანთხევთ? იქნებ მოთმინებიდანაც გამოგყავთ თანამშრომელი წვრილმანებზე შარიანობით, ჩაციებით, უსამართლობით?

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   მეხუთე მცნების წინაშე ვცოდავთ ასევე ხნოვანებისადმი უპატივცემულობით. ჯან-ღონითა და ახალგაზრდობით ვსარგებლობთ და საკუთარ თავს უფლებას ვაძლევთ, ისე მოვექცეთ უფროსებს, თითქოს ისინი უკვე ადამიანები არ არიან. სიტყვა „პენსიონერი" ჩვენთვის როგორღაც დასაცინი გახდა. ხალხი, რომელმაც მთელი ცხოვრება იშრომა, გადაიტანა ომის საშინელება, ნგრევა, შიმშილი, საკუთარი მხრებით ატარა ურიცხვი ტანჯვა, უბედურება, სიძნელეები და სახელმწიფოსაგან მიიღო დამსახურებული უფლება დასვენებისა, მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ „ხელს უშლის" ახალგაზრდებს.

   „ოჰ, ეს პენსიონერები! ვერ დაეტევიან სახლში, რას დაწანწალებენ მაღაზიებსა და პოლიკლინიკებში და ტვირთავენ ქალაქის ტრანსპორტს, ანუ თქვენ აღარ გინდათ მეტი სიცოცხლე, თქვენ ჩვენ ხელს გვიშლით!.." - ნუთუ, რომელიმე ჩვენგანმა, ქრისტიანმა, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს, გაბედა, არა მარტო ხმამაღლა, არამედ პირდაპირ სახეში ეთქვა მოხუცებისათვის ასეთი გამანადგურებელი და საშინელი სიტყვები ან გაეფიქრა მაინც?!

   თუ თქვენ ამაშიც დამნაშავე ხართ, თქვენივე განმაცვიფრებელი სისასტიკისა და ელემენტარული გაუგებრობის გამო დაფიქრდით: როგორც წამი, ისე გაიელვებს ახალგაზრდობა, გაირბენს სიმწიფის ხანა, დადგება სიბერე და უკვე შენ დაგიწყებენ ყვირილს: „ნუ მიშლი ცხოვრებას!" - ამიტომ მოინანიეთ საკუთარი სისასტიკე და სიგიჟე!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ჩვენ ვცოდავთ, განსაკუთრებით ეკლესიებში მცხოვრები ბერ-მონაზვნები, უფლის სჯულის მეხუთე მცნების წინაშე კეთილისმყოფელებისადმი უმადურობით. ნებისმიერი მონასტერი დღეს ცხოვრობს ნებაყოფლობითი შეწირულობებით კეთილისმოქმედი მლოცველებისაგან, ანუ ეს ჩვენთვის „მომაბეზრებელი" მლოცველები - ჩვენი დამაპურებელნი და დამარწყულებელნი არიან.

   არადა, როგორ უნდა ვექცეოდეთ მათ, როგორ უნდა ვლოცულობდეთ მათთვის! მით უმეტეს, რომ ვცხოვრობთ კურთხეულ ადგილას. მიუხედავად საკუთარ ცდუნებათა, განა შეიძლება ჩვენი და იმათი მდგომარეობის შედარება? რა ეწევა მათ მონასტრის მოსანახულებლად? ამაოებისაგან, უხეშობისაგან, სოფლის სისასტიკისაგან განრიდების, ლოცვისას მობილიზებისა და დადგენილი ღვთისმსახურების მოსმენის სურვილი. და თუკი ჩვენი მიზეზით რომელიმე ჩვენი დმპურებელი, ჩვენი მწყალობელი, ვერ მიიღებს სასურველ სიმშვიდეს, მაშინ ვაი ჩვენ, „ქვრივ-ობლების სახლში გამკითხავებს".

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   კიდევ ვცოდავთ მეხუთე მცნების წინაშე ჩვენი სულიერი მამებისადმი, ეკლესიის მოძღვრებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებით.

   აქ ჩვენ იმდენად გავთავხედდით და იმხელა თავისუფლება მივეცით ბოროტ ენებს, რომ არ ვიწყალებთ სოფლის საწყალი მღვდლის ჭაღარას.

   იქნებ გავექცეთ კიდეც კურთხევას საიდუმლოებების მიღებასაც იმ მღვდლებისაგან, რომლებიც უღირსებად ჩაგვითვლია?

   მოინანიეთ, რამეთუ თქვენ შეურაცხყავით სულიწმიდა, რომელიც ყველაზე უღირსი მღვდლის მიერ აკურთხებს საიდუმლოებებს!

   იქნებ არ შეგისრულებიათ სულიერი მამის რჩევები და დადგენილებები, ან შეგიწუხებიათ იგი სხვა სულიერი შვილებისადმი თქვენი შურითა და ეჭვიანობით? შეამოწმეთ თქვენი თავი - თქვენს წარმოდგენაში თქვენთვის საყვარელი სულიერი მამა ხომ არ გადაეფარა ქრისტეს სახეს? ხომ არ შეგემთხვათ ასეთი უბედურება? მოინანიეთ და შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება სულიერი მამისადმი, სანამ საქმე არ მივიდა აღტაცებამდე, - მძიმე სულიერ ავადმყოფობამდე.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება