მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეხუთე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 2)

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეხუთე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 2)


17-11-2016, 00:07

 

   ჩვენ ვცოდავთ უფლის სჯულის მეხუთე მცნების წინაშე ნათესავებისადმი ცივი დამოკიდებულებით. ჩვენს შორის, საკუთარ თავს ქრისტიანებს რომ ვუწოდებთ, ხშირად გვესმის მსგავსი ფრაზები: „ვინ არიან ჩემთვის ჩემი ძმები, დები, ნათესავები. ისინი ხომ ჩემთვის უცხოზე უარესნი არიან!"

   არადა, მშობლებზე ზრუნვის შემდეგ, პირველ რიგში, ჩვენს ნათესავებზე უნდა ვზრუნავდეთ. ეს არის ჩვენი სისხლისმიერი მოვალეობა. ჩვენ ვამბობთ: „მათ ხომ ღმერთი არ სწამთ, არაფერი მაქვს მათთან საერთო". ასეთ შემთხვევაში, მით უფრო ვალდებული ვართ მათზე ვიზრუნოთ, რადგან ჩვენი სიყვარულის, კეთილი, კარგის მსურველი დამოკიდებულების მაგალითით მათში უნდა გავაღვიძოთ ინტერესი ქრისტიანობისადმი. ჩვენ კი, პირიქით, საპირისპიროდ განვეწყობით ხოლმე მათ მიმართ, ვემიჯნებით და გავურბივართ, როგორც კეთროვნებს. აი, როგორი ქრისტიანები ვართ!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   როდესაც შენს ოჯახში ვაჟიშვილს მოჰყავს რძალი ან ქალიშვილს - სიძე, როგორც ქრისტიანმა, ოჯახის ახალი წევრისადმი მეტად კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით შეგვიძლია გამოვავლინოთ, თუ რა არის ქრისტიანობა და ღვთისადმი რწმენა. ხოლო ზოგიერთებს, რომლებიც შესაძლებელია დღეს აღსარებას ამბობენ, ველური დედობრივი ეჭვიანობის გამო ისეთი განხეთქილება შეაქვთ ახალ ოჯახებში, რომ ღმერთმა დაიფაროს და, ნგრევამდე მიჰყავს ისინი! მოინანიეთ, ვინც ასეთ რამეში დამნაშავეა უფლის წინაშე!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ჩვენ თვითონ - მშობლებიც, უფლის სჯულის მეხუთე მცნების წინაშე ვცოდავთ საკუთარი შვილების უყურადღებო აღზრდით.

   ჩვენ იმდენად თავმოყვარენი გავხდით, რომ ბავშვების ყოლის სურვილიც არა გვაქვს, რათა მათი მოვლით თავი ზედმეტად არ დავტვირთოთ. დედების უმრავლესობას, მათ შორის ქრისტიანებსაც, მუშაობა ურჩევნიათ ბავშვების გაზრდას, რადგან ივიწყებენ სამოციქულოს სიტყვებს, რომ „ცოლი გადარჩება შვილების ყოლით", ანუ ბავშვების აღზრდით.

   იმავე ბავშვებს, რომლებსაც ვზრდით, ღვთისმოსაობის მაგალითს არ ვაძლევთ. უფრო მეტიც - პირიქით ხდება, როცა საკუთარი, ბოროტი მაგალითით ბავშვებს ვასწავლით სიცრუეს, თვალთმაქცობას, სიზარმაცეს, უფროსებისადმი უპატივცემულობას, ბილწ სიტყვებს. გარშემომყოფთდამი საკუთარი უსამართლო დამოკიდებულებით აქვთ გრძნობა სამართლიანობისა. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ არ გაიზარდნენ ისეთები, როგორებიც ჩვენ გვსურდა რომ ყოფილიყვნენ.

   ჩვენ გვეზარება ვილოცოთ ბავშვებისათვის, გვეზარება ხშირად ვაზიაროთ ახალშობილნი, გვეზარება მივიყვანოთ ბავშვი ტაძარში. ხშირად ვწუწუნებთ, რომ ამ უღმერთო საუკუნეში ძნელია ქრისტიანად შვილის აღზრდა. არადა, თუკი გრძნობთ საკუთარ სისუსტეს ამ სფეროში, რატომ არ მიმართავთ ყველაზე უმაღლესს? აზიარეთ ბავშვი რაც შეიძლება ხშირად და მერწმუნეთ, რომ ასეთი ბავშვის სული ვერ შეძლებს უფალთან ხშირი ერთობის დავიწყებას.

   მაგრამ, აქ კვლავ შეიძლება ჩავცვივდეთ წინააღმდეგობაში და სარგებლობის ნაცვლად ზიანი მივიღოთ. თქვენ მექანიკურად არ უნდა ატაროთ ბავშვი ზიარებაზე, როგორც კი ბავშვს გაუჩნდება რაღაცის შეცნობის უნარი, უნდა მივაჩვიოთ იგი სიხარულითა და მოკრძალებით ზიარებას. წმინდა ზიარებაზე ბავშვს არ უნდა ვუთხრათ ასეთი მკრეხელური სიტყვები: „წავიდეთ, მოძღვარი შენ ტკბილეულს მოგცემს" და ა.შ. ბავშვს უნდა ვუთხრათ სიმართლე: „წავიდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოებების საზიარებლად". ჩააცვით მას უკეთესად, რათა გარეგნულადაც განსაკუთრებული განწყობილება შევუქმნათ. თუკი შესაძლებელია, ბავშვმა ზიარებამდე თავი შეიკავოს საკვებისაგან, ამისათვის ბავშვი ადრეულად მიაჩვიეთ ლიტურგიას. ხშირად უზომო მშობლიური სიყვარული რომ ვერ აგვილაგმავს, ისე ვანებიერებთ ბავშვებს, რომ ნამდვილ ეგოისტ-მომხმარებლბს ვზრდით, რომელთაც არანაირი სურვილი არა აქვთ იმუშაონ და მიიღონ სპეციალობა. რაც გაგვაჩნია, დაუფიქრებლად მათ ვაძლევთ, შემდეგ კი ვწუწუნებთ, სიბერის დროს ისინი სახლიდან რატომ გვისტუმრებენ. თქვენ ხომ თვითონ გაზარდეთ ეგოისტები! ასე რომ, მოითმინეთ და გამოსთხოვეთ უფალს შენდობა თქვენი შვილების დასახიჩრებული სულების აღზრდისათვის.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   იქნებ, სიბრაზის დროს რომელიმე თქვენგანმა საკუთარი შვილები დაწყევლა? მშობლის წყევლა - საშინელებაა! ვაი იმ ბავშვებს, ვინც საკუთარი ქცევის გამო საკუთარ თავზე იწვნია მშობლის წყევლა! მაგრამ არანაკლებად ვაი მშობელს, რომელმაც დაწყევლა საკუთარი ბავშვები; იქნებ, მრისხანების ჟამს რომელიმე მშობელმა ისინი ბნელი ძალების ხელშიც გადასცა? ნუთუ დავივიწყეთ, რომ უხილავად მართლაც გვაკრავს სულების სამყარო - როგორც ბოროტი, ასევე კეთილი სულებისა. ვაი, თუ, უფლისაგან თავის ნებაზე მიშვების გამო საკუთარი ბავშვის სულს თქვენ თვითონ აგდებთ სატანის ხელში!

   მოინანიეთ, შესთხოვეთ უფალს პატიება, რათა თქვენი წყევლა წაშლილ იქნეს ღვთის მოწყალებით და იგი არ ემუქრებოდეს თქვენს შვილებს!

   როცა სულიერი მშობელი ხართ - ნათლობის საიდუმლობით ემბაზისმიერი ნათლია ანუ ნათლიმამა ან ნათლიდედა, როგორ ასრულებთ ნათლიის მოვალეობებს? თუ მხოლოდ მშობლებთან დამოყვრდით სასიამოვნო ურთიერთობების გასაუმჯობელებლად? ვეხმარებით თუ არა მშობლებს ჩვენი მონათლული ბავშვების რწმენისა და ღვთისმოსაობის განვითარებაში? მათთვის ჩვენ ხომ ემბაზის წინ გავემიჯნეთ სატანას და ყოველ მის საქმეს? ამის შესახებ არ უნდა გვავიწყდებოდეს და თუკი გარემოებათა გამო უშუალო მონაწილეობას ვერ მივიღებთ ნათლულების აღზრდაში, მოვალენი ვართ ვილოცოთ მათთვის. ჩვენ კი, როგორც საჭიროა, ისე არც ვლოცულობთ. და თუკი ისინი იზრდებიან ღვთისმგმობელებად ან უბრალოდ, ურწმუნო ადამიანებად, ამაში ჩვენ, დაუდევარ ქრისტიანებსა და ნათლიებს, ბუნებით მშობლებზე არანაკლები დანაშაული მიგვიძღვის.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   მაგრამ გამოსწორების იმედი სიკვდილამდე არსებობს. თუ დღეს უფალი შეგვინდობს ჩვენს დაუდევრობას და ჩვენც მთელი გულითა და რწმენით ვილოცებთ ნათლულებისათვის, შესაძლებელია უფლისაგან მათთვის მარადიული ნეტარება გამოვითხოვოთ.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება