მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეოთხე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 2)
როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეოთხე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 2)13-11-2016, 07:15 |
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! ტაძრის კარიბჭეს ყოველგვარი შიშისა და მოკრძალების გარეშე ვაბიჯებთ. სადღაც ხალხში ვეჩრებით, ვჯიკაობთ, ვილანძღებით, ვიღრინებით და ვჩხუბობთ კიდეც ტაძარში. გონს მოდით! თითოეულ ტაძარს თავის მფარველი ანგელოზი ჰყავს, რომელიც უხილავ ქარტიაზე იწერს ტაძარში შემსვლელის ქცევას. ტაძარი - ეს არის ადგილი ღვთის განსაკუთრებული მყოფობისა დედამიწაზე. ეს არის ზეცა ამქვეყნად! ამიტომაც გასაგებია, თუ როგორ მოკრძალებითა და შიშით უნდა გადავაბიჯოთ საეკლესიო კარიბჭეს ჩვენ, უდიდესმა ცოდვილებმა, როგორი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ ამ წმინდა ადგილას. ამის ნაცვლად კი როგორ ვიქცევით?! აი, ტაძარში ჩვენი ქცევის ზოგიერთი შეუწყნარებელი უმსგავსობა: მრავალი იმათგანი, რომელიც მუდმივად დადის ერთსა და იმავე ტაძარში, რატომღაც თვლის, რომ მათ აქ „თავიანთი", პირდაპირ „ნაყიდი" ადგილები აქვთ. წარმოიდგინეთ, რას გააკეთებთ, როდესაც „თქვენი" ადგილი ვიღაცის მიერ უკვე დაკავებული დაგხვდებათ იმისგან, ვინც თქვენზე ადრე მივიდა ტაძარში. ნუთუ იმედოვნებთ, რომ თუ შეურაცხყოფას მიაყენებთ ან გაანაწყენებთ ადამიანს იმით, რომ დაატოვებინებთ „თქვენს" ადგილს, ხოლო შემდეგ იმავე ადგილას შუბლს გაიტეხთ ქვის იატაკზე ლოცვით, თუნდაც ერთი თქვენი ლოცვისმიერი ამოსუნთქვა მიაღწევს უფლამდის? შეიგნეთ, რომ ასეთი ახირების გამო, გარდა ლოცვისა, ვერაფერს მოიმკით, რადგან ასეთი „ადგილებისათვის" საქმე ხშირად ნამდვილ შეტაკებამდეც მისულა. კარგია, იდგეთ რომელიღაც განსაზღვრულ ადგილას, ამისათვის ადრე მიდით და მშვიდად დადექით საყვარელ ადგილას, ხოლო თუ ვინმეს მიერ უკვე დაკავებული დაგხვდათ, შეურიგდით ბედს, დაუთმეთ სიყვარულით და უფალი კიდევ უფრო მეტად შეგეწევათ. დაიმახსოვრე, რომ ეს ცარიელი სიტყვები კი არა, უცილობელი ჭეშმარიტებაა: განდევნო ადამიანი ამა თუ იმ აბაბით - ამით უფალსაც განაგდებ, მხოლოდ სატანას გაამხიარულებ, ღვთისგან კი ვერაფერს მიიღებ. დაუთმე სიყვარულით მოყვასს შენსას - ასეთ ლოცვას უფალი არა მხოლოდ მიიღებს, არამედ შეიძლება ღირს გყოს, ილოცო გულმხურვალედ. ამ აღსარების შემდეგ დაიწყეთ გამოსწორება. თავიდან, რასაკვირველია, გაგიჭირდებათ, მაგრამ შემდეგ მადლიერებით გაიხსენებთ ამ აღსარებას. ახლა დროა, ნამდვილად დროა ჩვენ, ჭაღარათმიანებმა დავიწყოთ სულიერ საგნებში გარკვევა, საკუთარ თავს მლოცველებად წარმოვიდგენთ, ვცხოვრობთ მონასტრებისა და ტაძრების ახლოს, მაგრამ შეიძლება ყველა ჩვენი გარჯა ამაო იყოს ტაძარში ამგვარი მოქცევის გამო და ამისათვის, გარდა განკითხვისა, უფლისაგან ვერაფერს მივიღებთ. არსებობს კიდევ ტაძარში ქცევის ერთი სნეულება. ზოგიერთებს უძლურებისა და ავადმყოფობის გამო ფეხზე დგომა ლიტურგიის დროს უჭირთ. ასეთნი როგორღაც იქვე ეწყობიან დასაჯდომად. უფალი გულთამხილავია და თავად უწყის ადამიანის სხეულებრივი უძლურება. ამიტომ თქვენ, ვისაც ძალა და ჯანმრთელობა გაგაჩნიათ, არ განიკითხოთ ისინი - მოხუცი იყოს, თუნდაც ახალგაზრდა. არ უსაყვედუროთ, არანაირად არ მისცეთ შენიშვნა. ეს მათი სინდისის საქმეა. ახალგაზრდაც შესაძლებელია სრული ინვალიდი იყოს. ერთი ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა ჩვენს მონასტერში, შეძრწუნებული მიყვებოდა, თუ საღმრთო ლიტურგიის დროს, თანაც მის ყველაზე მთავარ ნაწილში ანუ ევქარისტიული კანონის მიმდინარეობისას, ერთმა ხანშიშესულმა ქალმა როგორ წამოაგდო ადგილიდან შედარებით ახალგაზრდა ქალი. მას ფეხზე წყლულის გამო არ შეეძლო დგომა, მაგრამ მიუხედავად მისი ჩუმი მავედრებელი თვალებისა, გაისმა განაწყენებულის საშინელი სიტყვები: „დაგლპობოდეს ეგ ფეხი და საერთოდ მოგწყვეტოდეს!" შემდეგ, თითქოს არაფერიო, ამ ქალმა გადაიწერა პირჯვარი, თაყვანი სცა უფალს, „მამაო ჩვენოც" იგალობა და შეიძლება წმინდა საიდუმლოებებსაც ეზიარა. ამის მოყოლაც საშინელია და მოსმენაც! ჩვენთანაც ხშირია ტაძრებში მსგავსი არაადამიანური, სატანური დიალოგები, უფრო მეტიც, შეურაცხყოფას მივაყენებთ ადამიანს ტაძარში, ვაწყენინებთ ჩვენი დაუფიქრებელი შენიშვნებით და შემდეგ თვალთმაქცურად დავასრულებთ ჩვენს განაჩენს მოჩვენებით-შემრიგებლური სიტყვებით: „შემინდე მე, ცოდვილს!" ეს ჟღერს როგორც თავხედური დაცინვა: „მომიტევე, რაც არ უნდა იყოსო". აი, როგორი ვერაგია ადამიანური ბუნება! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! გონს მოდით! არ მისცეთ ტაძარში თავისუფლება საკუთარ ბოროტ ენას! გახსოვდეთ, რომ უფალი ხანგრძლივად ითმენს, რამეთუ „საშიშია მოხვედრა ხელში უფლისა ცხოველისა". საჭიროა, გვახსოვდეს კიდევ ერთი ცოდვა - ტაძრისადმი უკრძალველი დამოკიდებულება. ბავშვებისათვის რთულია მრავალსაათიანი სამონასტრო მსახურების ფეხზე მოსმენა. ისინი, ჩვეულებრივ, გმორბიან ქუჩაში და ტაძრის ახლომახლო ცელქობენ. გარდა იმისა, რომ არღვევენ წმინდა სავანის მყუდროებას, ამავე დროს ხელს უშლიან ლოცვაში იმათ, რომელთაც სივიწროვის ან ავადმყოფობის გამო არ შეუძლიათ ტაძარში დგომა და ღვთისმსახურების გაღებული სარკმლიდან თუ კარებიდან ისმენენ. ბავშვები ხომ ბავშვები არიან. მათთვის დამახასიათებელია მოძრაობა და ჟრიამული, მაგრამ დაე, ბავშვებმა ირბინონ და ითამაშონ მონასტრის კედლებს გარეთ. წმინდა ადგილისადმი მოწოწება და კრძალვა მათ ბავშვობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ. თუკი თქვენ, ბებიებო, დედებო, დეიდებო, ბავშვიც წამოიყვანეთ ტაძარში, მაშინ თვალყური უნდა ადევნოთ მათ ქცევას, ჯერ კიდევ სახლში უნდა აუხსნათ, რომ ტაძარი - ეს წმინდა ადგილია, სავანე კი არ არის თამაშის და ცელქობის ადგილი. მის წინ გავლის დროსაც კი საჭიროა განსაკუთრებული განწყობილება და განსაკუთრებული, მოკრძალებული სიარული. უფალო, მოგვიტევე ჩვენი უკრძალველობა! თვითონ მოურიდებელნი ვართ, ბავშვებს კი მოვუწოდებთ ამისაკენ. უფლის სჯულის მეოთხე მცნების წინააღმდეგ ჩვენ ვცოდავთ აგრეთვე მარხვების დაუცველობით, ისინი ხომ წმინდა ეკლესიის მიერაა დადგენილი. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! ჩვენ არ ვიცავთ ხორციელ მარხვასაც, რაც გულისხმობს თავის შეკავებას განსაზღვრული სახეობის საკვებისაგან განსაზღვრული დროის განმავლობაში. მაგრამ, თუკი გარკვეულ დონეზე და ხარისხით ინახავთ გარეგნულ მარხვას, არ გაამაყდეთ და არ შეიქოთ საკუთარი თავი, რამეთუ „ჭეშმარიტი მარხვა მოიაზრებს ბოროტებისაგან განდგომას, ენის ალაგმვას, მრისხანების დაოკებას, ავხორცობისაგან განშორებას, სიცრუის, აღთქმის გამტეხობისა და მისთანანის აღკვეთას". რომელი ჩვენგანი მარხულობს ასე? აქ ყველანი მოურჯულებელი და მოუნანიებლი ცოდვილნი ვართ. მარხვის ამ მთავარი არის შესახებ არც კი ვფიქრობთ. ხორციელ მარხვას ზოგიერთი თვითნებურად იტვირთებს ხოლმე არადადგენილ დროს და ხელახლა სცოდავს, რითაც არღვევს საეკლესიო წესდებას ლოცვა-კურთხევის გარეშე. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! სადღესასწაულო დღეებში საეკლესიო წესდება ტრაპეზზე სიუხვის უფლებას იძლევა, ხოლო დიდი დღესასწაულების დროს კი - „დიდი სიუხვის" უფლებასაც. ცოდვის გარეშე შეიძლება დღესასწაულზე გემრიელად შეექცე. შედარებით მეტხანს გაჩერდე სუფრასთან, წახვიდე სტუმრად ან საკუთარ სახლში მიიღო სტუმრები. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთოთ უფლის სადიდებლად. იქნებ, რომელიმე თქვენგანი დღესასწაულზე პირუტყვულ დონემდე დავიდა ვახშმობისა თუ სიმთვრალის დროს? ან მიეცა სახის გართობას, რომელიღაც აზარტულ თამაშს, იქნებ უყურებდა ქრისტიანისათვის შეუფერებლ დადგმებსა თუ კინოსურათებს, ან იქნებ მთელი დღე ტელევიზორთან იჯდა ან კარტის თამაშში კლავდა დროს?! განსაკუთრებით ახალგაზრდობა! იქნებ თავაშვებულ, ველურ ცეკვებს თუ სიმღერებს ეძლეოდით, მოინანიეთ უფლის წინაშე! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! ჩვენ კი, ქრისტიანები, ძალიან უნდა გვუფრთხილდეთ მუშაობისაგან თავისუფალ სადღესასწაულო დროს. უნდა ვიკითხოთ წმინდა მამების სულის მხსნელი წიგნები, მოვინახულოთ ავადმყოფი, ჩვენთან მოვიპატიჟოთ მარტოხელა ადამიანი, რომელიც გათბება ჩვენი გულითადი სტუმართმოყვარეობის სითბოთი, მოვინახულოთ უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანი, თუნდაც სიტყვით ან თუ შესაძლებელია საქმითაც დავეხმაროთ მას, ვინც ამ მომენტში უძლურია უსიამოვნებათა, ავადმყოფობათა ან მატერიალური გასაჭირის სიმძიმის დათმენით. ნეტარია, ვინც ასე ატარებს დღესასწაულებს! ხოლო ვინც ცოდვილია, მოინანიეთ! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |