მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეოთხე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 1)

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეოთხე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 1)


11-11-2016, 00:03

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეოთხე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 1)


მეოთხე მცნება - „მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე და ჰქმენ მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა"

 

 

   გახსოვდეს მუდამ შაბათი დღე, რათა წმინდად დაიცვა იგი. იშრომე ექვსი დღის განმავლობაში და აკეთე შენი საქმე, მეშვიდე დღე კი მიუძღვენი უფალს. ამ მცნებას ყველანი ვარღვევთ, ხშირად ცოდვის გაუთვითცნობიერებლად, დაუფიქრებლად და, მაშასადამე, არც სინანულს განვიცდით უფლის წინაშე!

   ვეცადოთ ამ მცნების დედააზრს ახლა ჩავწვდეთ, ჩავიხედოთ საკუთარ სულში და თუ შევცოდეთ, ვაღიაროთ და მოვინანიოთ.

   ამ მცნებამ, უპირველესად, დაგვიწესა პატიოსნად ვიმუშაოთ ექვსი დღე. და ჩვენც, ვისაც შრომის უნარი გაგვაჩნია, ვშრომობთ, მაგრამ როგორ? უკვე ორშაბათის მიჯნაზე მრავალ ჩვენგანს ხასიათი უფუჭდება: „ხვალ სამუშაო დღეა... სამსახურში უნდა წავიდე", - ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ: „უფალო, გვაკურთხე სამუშაო კვირის დასაწყებად", ვფიქრობთ: „ოჰ, როდის მოვა კვლავ შაბათი... ოჰ, როდის გავალ პენსიაში...", ბევრი სამუშაოს შესრულება თუ გვიწევს, ვწუწუნებთ, ვოხრავთ. ყველანაირად ვცდილობთ, თავი ავარიდოთ საქმეს, რისთვისაც ხელფასს გვიხდიან და ეს ხდება ჩვენივე უსაქმურობის, პირადი საქმეების ან უბრალოდ, თანამშრომლებთან ხანგრძლივად ჭორაობის გამო. ვმუშაობთ არა სინდისიერად, არამედ უფროსობის თვალის ასახვევად, რათა დავმალოთ არამუყაითობა და ავიცილოთ საყვედური. ჩვენ კი ოდნავადაც არ გვაღელვებს ასეთი მუშაობისთვის მშვიდად ავიღოთ ხელფასი. ღმერთო! ჩვენ უკმაყოფილონიც ვართ, ცოტას რომ გვიხდიან და არ გვაწინაურებენ. ხოლო თუკი ვინმე, მათ შორის უფროსთაგანი, შენიშვნას მოგვცემს, მაშინვე იბადება წყენა ცრემლებით, ისტერიკით, უხეშობითა და თავხედობით მის მიმართ, ვინც მიგვითითა, აგრეთვე მინიშნებებით იმათზე, ვინც, ჩვენი აზრით, ჩვენზე უარესად მუშაობს.

   იქნებ რომელიმე თქვენგანს დაუცინია, ან უპატივცემულოდ მოპყრობია იმ თანამშრომლებს, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ხოლო თქვენ ბრალს სდებთ მლიქვნელობით ნდობის მოპოვებაში?! იქნებ ეცადეთ ყველაზე უსიამოვნო, მძიმე ან ნაკლებ ხელსაყრელი სამუშაო სხვებზე გადაგებარებინათ? მოინანიეთ, ვინც საკუთარ თავს იცნობს აღსარების ამ მამხილებელ სიტყვებში.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   შრომისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო უხერხულია საკუთარ თავს ქრისტიანს ვუწოდებდეთ სამსახურში, სადაც ფულს ვიღებთ, რათა მოვიპოვოთ პური ჩვენი არსობისა.

   და კიდეც: ხომ არ გავურბივართ ჩვენ საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობებს ტაძარში წასვლის საბაბით? ან ჩვენ, ქრისტიანები, ავადმყოფობის ბიულეტენს მკურნალობის ნაცვლად, ტაძრებსა და მონასტრების მოსანახულებლად ხომ არ ვიყენებთ? თუ ვინმე ასე მოქცეულა, მოინანიეთ უფლის წინაშე თვალთმაქცობისათვის. ჩვენს შორის მოიპოვებიან ისეთებიც, რომლებიც, როცა შვებულებით ჩადიან წმინდა ადგილების მოსანახულებლად, იმდენად იტაცებთ, რომ თვითნებურად აცდენენ სამსახურს და ამაზე მღვდლის ლოცვა-კურთხევასაც ითხოვენ, რითაც აცდუნებენ მღვდელსაც და უფალსაც. მოინანიეთ, ვინც ყოველივე ამაში დამნაშავეა უფლის წინაშე.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   თქვენს შორის, აღსარებაზე მდგომთაგან იქნებ ისეთი ქრისტიანები არიან, რომლებიც განზრახ გაურბიან საზოგადოებრივ შრომას ყალბი, მოგონილი ავადმყოფობით ან ისეთი ავადმყოფობით, რომელიც სავსებით იძლევა შრომის შესაძლებლობას.

   ექიმთა კომისია, ჩვეულებრივი ადამიანები, შეიძლება ზოგჯერ მოატყუოთ ავადმყოფობის სიმულაციით, მაგრამ უფლის წინაშე დაფარული არა არის რა! ეკლესია არასოდეს შეიწყნარებდა მუქთახორობას. „ვინც არ მუშაობს, არც ჭამს" - ეს პავლე მოციქულის ეპისტოლეს სიტყვებია, მიმართული ჯერ კიდევ პირველი ქრისტიანებისადმი.

   მოინანიეთ, ვისაც სინდისი გქენჯნით და დაუყოვნებლივ შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესი.

   არსებობენ ისეთი ქრისტიანებიც, რომლებიც გარდა იმისა, რომ თვითონ არ მუშაობენ, იმათ განიკითხავენ, ვინც საკუთარი არსებობისათვის შრომობს, ცდილობს სიბერეში პენსიით უზრუნველყოს თავი. განიკითხავენ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე და თავიანთი უკიდურესი უფერულობის წყალობით ბედავენ მათ სამუშაოს „ქაჯური" დაუძახონ.

   მოინანიეთ, თუ თქვენს შორის მოიპოვებიან ასეთი ცოდვილნი!

   ეკლესიის მსახურნო, მონასტერთა სავანეების მკვიდრნო, სიხარულით, უსაზღვრო გულმოდგინებითა და სიყვარულით ასრულებთ თუ არა დადგენილ მორჩილებას? ხომ არ ბუზღუნებთ თქვენს წინამძღვრებზე, როცა მორჩილებისაკენ მოგვიწოდებენ, ხომ არ ცდილობთ თავის არიდებას დადგენილ მორჩილებებზე სიჯიუტის, მოსვენების ან სიამაყის გამო? ხომ არ თვლით, რომ თქვენს მიერ აღსრულებული მორჩილება თქვენთვის დამამცირებელია? მოინანიეთ უფლის წინაშე, თუ თქვენ საკუთარ თავს იცნობთ მონაზვნური ცხოვრების ამ უმართაობაში;

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   როგორ ვატარებთ დღე მეშვიდეს, ანუ კვირას და გამოსასვლელ დღეებს, რომლებიც უნდა მივუძღვნათ უფალს? დიახ, ჩვენ დიდი ხანია ავურიეთ ყველა დღე, უფალო, ჩვენ მთლიანად გადავეშვით ყოფით ამაოებაში! არ ძალგვიძს მოვწყდეთ პრობლემებსა და საშინაო საქმეებს, რომლებიც შთანთქავენ ჩვენს დროსა და ძალებს. ჩვენ არასდროს გვცალია, დრო არაფრისთვის გვრჩება, განსაკუთრებით ლოცვისა და კეთილი საქმეებისათვის.

   რომელი ჩვენგანი ასრულებს ყოველდღიურად და ყურადღებით დილისა თუ საღამოს ლოცვებს წესების მიხედვით?

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, ჩვენ, ვისაც „არ გვცალია"!

   არასოდეს დაფიქრებულხართ იმაზე, რომ დილის ლოცვებზე დახარჯული ნახევარი საათის მეოხებით მთელი დღის განმავლობაში განიცდით სულიერ გაჯანსაღებას. სახარებიდან ცალკეული თავებისა თუ ეპისტოლეების წაკითხვით საქმეები უკეთ აეწყობა, გონებაში ბევრად ჯანსაღი გადაწყვეტილებები მოგივათ, გამოგიჩნდებიან საქმეში მხარდამჭერებიც - მხოლოდ ამის შესახებ უფალს დილით უნდა შესთხოვოთ, იგივე უნდა გააკეთოთ ძილის წინ, საღამოს კვლავ უნდა ილოცოთ 20-30 წუთი... და მიხვდებით, რომ უფალს ძალუძს ძილის რამდენიმე საათის განმავლობაში აღგიდგინოს ძალები, შეგმატოს სიმხნევე, ყოველივე ამის შემდეგ რომელ ჩვენგანს შეუძლია, ამტკიცოს, რომ დროებით დასასვენებლად მიძინებისას სამუდამო ძილით არ დაიძინებს! თავის ერთ-ერთ ლოცვაში, რომელიც საღამოს ლოცვებშია ჩართული, წმინდა იოანე დამასკელი ასე ბრძანებს: „მეუფეო კაცთმოყვარეო, ნუთუ სარეცელი ესე კუბოდ ჩემდა მექმნების?!"

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ჩვენ იმდენად ჩაგვითრია ცხოვრების მორევმა და პრობლემებმა, რომ არც კი გვახსოვს სიკვდილი; თუნდაც კვირიდან ერთი დღე ამოგლიჯეთ საკუთარი სული საქმეთა ამ გიჟური რბოლიდან. „დღე მეშვიდე" მიუძღვენით უფალს მისივე მცნების მიხედვით.

   და თქვენ თვითომვე დარწმუნდებით, როგორ მოწესრიგდება თქვენი ცხოვრება, უფალი მოგივლენთ თქვენ ლოცვა-კურთხევას სამუშაოზე, ოჯახზე, სახლზე, მთელ შენს მიწიერ მოღვაწეობაზე.

   შენი მცნების წარსული დარღვევებისთვის მოგვიტევე ჩვენ, უფალო!

   თუკი ჩვენ არ ვშრომობთ კვირაობით და სადღესასწაულო დღეებში, მაინც ვცოდავთ ტაძარში წაუსვლელობით სიზარმაცის გამო. იცით რას გვეუბნება მე-6 მსოფლიო კრების მე-80 კანონი? თუკი ერისკაცი, რომელსაც არ გააჩნია რაიმე განსაკუთრებული გასაჭირი ან დაბრკოლება და სამი კვირის მანძილზე არ მივა ეკლესიაში, დაკლებულ იქნეს წმიდა საიდუმლოთა ზიარებისაგან.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   მრავალი აქ მდგომარეთაგანი საკუთარ თავს ალბათ ასეთი აზრებით ამშვიდებს: „ჩვენ ხომ ტაძარში დავდივართ და თანაც, უფრო ხშირად, ვიდრე კვირაში ერთ დღეს".

   სიარულით კი დავდივართ... მაგრამ როგორ ვიქცევით ტაძარში? (გაგრძელება...)

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება