მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეორე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 2)

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეორე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 2)


7-11-2016, 00:07

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეორე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 2)

 

   მეოთხე კერპი, რომელსაც არანაკლები გულმოდგინებით ვემსახურებით, ამპარტავნებაა.

   ამპარტავანი ადამიანი თავად ქმნის საკუთარ კერპს და ყველაზე მაღლა აყენებს მას. თითქმის ყველა ჩვენგანი ფიქრობს, რომ ჩვენ, მორწმუნე ქრისტიანებს, რომლებიც ხშირად დავდივართ ტაძარში, ეს ვნება არ გვჭირს.

   მრავალი ჩვენგანი თავს ყველაზე თავმდაბლად მიიჩნევს. მოდით ახლავე ჯვრისა და სახარების წინაშე შევამოწმოთ ჩვენი თავი. სიამაყე შეიცნობა საქმიდან, ისევე როგორც - ხე ნაყოფიდან. განა არ სურს ყოველ ჩვენგანს პატივი, დიდება და ქება? ბევრი თქვენგანი ალბათ ფიქრობს: „არა, ჩვენ არ ვეძებთ არც პატივს, არც ქებას, არც დიდებას..." მაშინ რატომ ვერ აგიტანიათ სულ მცირედი საყვედურები, შენიშვნები ისე, რომ არ გაბრაზდეთ და განრისხდეთ?!

   ეს იმიტომ, რომ ყოველი ჩვენგანი გულში თვლის, რომ ის „რაღაცაა" და ეს „რაღაც არანაკლებმნიშვნელოვანია", როგორც ხატოვნად თქვა წმიდა თეოფანე დაყუდებულმა. აი, როგორი თავმდაბლები ვართ სიტყვებით! ჩვენ არაფერი ვიცით, ჩვენ არაფერი ძალგვიძს, ჩვენ სულიერადაც უძლურები ვართ, ლოცვაც კი არ შეგვიძლია და ა.შ.

   თუ ვინმე, თუნდაც კეთილი განზრახვით, საქმის სასიკეთოდ გეტყვის თქვენს გამოუსადეგრობაზე, ან უცოდინარობაზე ამ სფეროში, ან კიდევ უფრო მეტი, ჩამოგაშორებთ საქმეს, მაშინ ყველა ჩვენი მოჩვენებითი სიმდაბლე მომენტალურად ქრება სულიდან და ვიწყებთ გაბრაზებას, ბუზღუნს, წუწუნს, აღშფოთებას, ლანძღვას: „რით ვართ სხვაზე ნაკლები? ჩემი არ ესმით, უსამართლოდ მექცევიან, მე ეს არ დამიმსახურებია!" და აი, ალაპარაკდა ჩვენი ამპარტავნებაც!

   უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!

   გვიყვარს, როდესაც ვმბრძანებლობთ, ვასწავლით, გვიყვარს სხვის საქმეში ჩარევა, ჩვენი ამპარტავნებით განვსჯით სხვებს და წარმოვიდგენთ, თითქოს სხვებზე უკეთესი ვიყოთ. ხოლო ზოგიერთი უტიფრად აქებს კიდეც საკუთარ თავს: „მე ესეც გავაკეთე, ისიც გავაკეთე, ყველაზე უკეთ გავაკეთე".

   უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!

   ჩვენი სიამაყით არავის გვინდა დავემორჩილოთ, იმათაც, ვის წინაშეც ვალდებული ვართ: არ ვემორჩილებით მშობლებს, რომლებიც ჩვენს აღზრდაზე ზრუნავენ, არ ვასრულებთ უფროსების ბრძანებას, ძნელად ვექვემდებარებით სამოქალაქო სამართალს. მხოლოდ საკუთარ შეხედულებას ვთვლით სარწმუნოდ, არაფრად მიგვაჩნია სხვისი ავტორიტეტი. და თუ ვინმე სიტყვით შეეხო ჩვენს ამპარტავნებას, რა გაგვაჩერებს, თუნდაც გარეგნული თავმდაბლობა, ვილაპარაკებთ იქამდე, სანამ უკანასკნელ სიტყვას არ ვიტყვით. კიდევ უფრო მეტი, ჩვენ მაშინვე არ ვწყნარდებით, სულ იმის სინანულში ვიქნებით, რომ ცოტა ვუთხარით და კიდევ ბევრი რამ უნდა გვეთქვა ჩვენი შეურაცხმყოფელისათვის. აი, ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი სირეგვენე, უფალო!

   ხოლო შეგონებას და მხილებას თვით სულიერი მამისას, აგრეთვე ახლობელი და კეთილმოსურნე ადამიანებისას ვერ ვიტანთ. ეს ჩამონათვალი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. ჩვენ ყველა ამპარტავნების სნეულებით ვართ შეპყრობილი, საკუთარი უგუნურებით გვავიწყდება, რომ ყოველი სიკეთე, რომელიც შეიძლება ჩვენში იყოს, ჩვენგან კი არა, ღმრთისგანაა.

   „ნუ ჩვენ, უფალო, არამედ სახელსა შენსა ეც დიდება", - ჩვენ კი უნდა გამოვტყდეთ, რომ პირიქით ვფიქრობთ: „საკუთრივ ჩემი „მე"-ს დიდება!" საშინელია ეს ყველაფერი, რადგან „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი".

   უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!

   უფალო, ჩვენ სნეული ვართ პატივმოყვარეობითაც, ანუ ფუჭი დიდებით. პატივმოყვარე თავადაც ვერ ამჩნევს რომ, სულში მუდმივად „ბუკსა ჰკრავს საკუთარი თავის წინაშე". წმიდა იოანე კიბისაღმწერელი პატივმოყვარე ქრისტიანებს კერპთაყვანისმცემლებს უწოდებს.

   პატივმოყვარეობა ისეთი დახვეწილი და საზიზღარი სახეა სულიერი სიამაყისა, რომ ის ცდილობს იყოს ყველა კეთილ საქმეში. მოისმინეთ, რას ამბობს ამ ცოდვის შესახებ წმიდა იოანე კიბისაღმწერელი და მოინანიეთ უფლის წინაშე, თუკი შეიცნობთ საკუთარ პატივმოყვარეობას ამ ხატებაში:

   „როდესაც, მაგალითად, ვინახავ მარხვას - ვპატივმოყვარეობ, როდესაც სხვებისგან დაფარულად ვმარხულობ და საჭმელს შევიკრძალავ - მაშინაც ვპატივმოყვარეობ კეთილგონიერებით. როდესაც ლამაზი ტანსაცმლით ვიმოსები - კვლავაც კეთილგონიერებით ვპატივმოყვარეობ, თუ პატივზე გავიმარჯვე და სიგლახაკე შევიმოსე - კვლავ ვპატივმოყვარეობ. ლაპარაკს ვიწყებ? პატივმოყვარეობის ზეგავლენას განვიცდი. დუმილს ვამჯობინებ? კვლავ მას ვეძლევი. საითაც არ უნდა მიატრიალო ეს მჩხვლეტავი, ეკლები ყოველთვის თავში ექცევა".

   უფალო, შეგვინდევ, ჩვენ ყველა ამ სნეულებით ვიტანჯებით!

   რა კვებავს პატივმოყვარეობას? ადამიანთა შექება.

   და როგორ გვიყვარს, რომ ადამიანებმა გვაქონ! და თუ ოდნავ გვრცხვენია, როცა პირში გვაქებენ, როგორ სურს მაშინ ჩვენს პატივმოყვარეობას, რომ ზურგს უკან გვაქონ და ჩვენზე კარგი იფიქრონ.

   პატივმოყვარეობის ნიადაგზე აღმოცენდება კიდევ ერთი ვნება - ფარისევლობა, ანუ მისწრაფება, წარმოადგინო საკუთარი თავი კეთილგონიერ ადამიანად, როგორიც სინამდვილეში არა ხარ. იქნებ რაიმე კეთილ საქმეს ანგარების მიზნით აკეთებდი სხვათა დასანახად? ასეთ საქმეებს არათუ არ მოაქვთ სარგებლობა, არამედ ღვთის რისხვა ატყდებათ თავს. „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო" - აი, რას ამბობს უფალი ასეთებზე.

   შეიძლება ძაძებითაც შეიმოსო, შეიძლება გულშეწუხებამდე მეტანიები აკეთო, შეიძლება მთელი შენი ქონებაც გასცე, მაგრამ თუ ეს ყველაფერი სხვის დასანახად კეთდება, ადამიანთა მხრიდან შესაქებად, ანდა თვითტკბობისათვის, მაშინ არავითარ სულიერ სარგებელს არ მიიღებთ. თუნდაც მცირე მსხვერპლი, მაგრამ მცნების აღსრულებით, „მთხოვნელს მიეცი, ოღონდ ფარულად, თუნდ მოკლე ლოცვები, ოღონდ არა დასანახად, თუნდაც ერთი ცრემლი სინანულისა, ოღონდ არა დასანახად, რომ მხოლოდ ღმერთი ხედავდეს, ვიდრე ფარისევლური ქველმოქმედება და სხვა დანარჩენი ღვაწლი.

   არის კიდევ ისეთი კერპი, რომელსაც ჭეშმარიტი ღმრთის ნაცვლად ვემსახურებით, რომლის თაყვანისცემით ჩვენ თავს ცოდვებსაც კი ვპატიობთ - ეს დროის სულის მონური მორჩილებაა. ჩვენ ამით ვცოდავთ და ვარღვევთ ღმრთისა და ეკლესიის მცნებებს, თავს იმით ვიმართლებთ, რომ „დღეს ყველა ასე იქცევა". გამოვჩხრიკოთ ჩვენი სინდისი, ვსცოდეთ თუ არა ამ ცოდვით?

   უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ! (გაგრძელება...)


   Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება