მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (პირველი მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 3)

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (პირველი მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 3)


4-11-2016, 00:07

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (პირველი მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 3)

 


 

   უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!

   პირველი მცნების წინაშე სცოდავენ აგრეთვე ჯადოქრები, გრძნეულები, მჩხიბავები, მკითხავები - ყველა ისინი, რომელთაც მიატოვეს ღმრთის ძალის რწმენა და ქმნილი საიდუმლო ძალები იწამეს, კერძოდ - ბოროტი ძალები. ისინი მიისწრაფიან მათთან კავშირისაკენ სხვების საზიანოდ. თუ არის თქვენს შორის ასეთი ცოდვილი, ცხარე ცრემლებით პირადად უნდა მოინანიოს უფლის წინაშე!

   ჯადოქრობაში მონაწილეთ ეკლესია ოცი წლით განაშორებს, ისინი გატოლებული არიან მკვლელებს, ხოლო მოურჯულებლებსა და მოუნანიებლებს საერთოდ განაგდებს.

   თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ ახლა ყველას შეუძლია გადააბიჯოს ეკლესიის ზღურბლს და მიეახლოს წმიდა ბარძიმს. ადამიანებმა მღვდელი შეიძლება მოატყუონ, ღმრთის მოტყუება კი ვის ან როგორ შეუძლია?! ჩვენ აღსარების დასაწყისში ვლაპარკობდით, თუ როგორ შეიძლება შინაგანად განვაშოროთ ჩვენი თავი ეკლესიას; თუნდაც გარეგნულად არ გამოვიოდეთ ტაძრიდან - მადლი მაინც გაგვშორდება. ასეთი უღირსობით მიღებული ქრისტეს წმიდა საიდუმლოს მაგალითია იუდას ზიარება.

   შეინანეთ, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, სანამ სიკვდილი არ მოაგხლებიათ და საბოლოოდ ბოროტ დემონთა ხელში არ ჩავარდნილხართ, რომლებითაც აქამდე მეგობრობდით და დახმარებისათვის მიმართავდით. რა საშინელებაა! არადა, წმიდა ნათლობის ჟამს ეშმაკსა და მის ყველა საქმეზე უარის მთქმელი ქრისტიანი კვლავ შედის მასთან კავშირში. ან კიდევ, ბედავს უშიშრად შეუერთდეს ქრისტეს, მონანიებელი და შეუცვლელი მიეახლება წმიდა ზიარებას! თქვენ, აქ მდგომარენი, ნუ იფიქრებთ, რომ მარტო სხვები სცოდავენ და ჩვენ, მადლობა უფალს, არ ვჯადოქრობთ! თუ რომელიმე თქვენგანმა იმკითხავა, ანდა დახმარებისათვის შემლოცველს მიმართა, ანდა იმკურნალა, ანდა მკურნალობისთვის სხვას ურჩია მიემართა მისთვის, სცოდავს არა ნაკლებ თვით ჯადოქარზე, რადგან ღმრთის რწმენა მიატოვა და ამგვარი ადამიანების დახმარებაზე დაამყარა იმედი.

   ასეთ პიროვნებებს წმიდა ეკლესია ზიარებისაგან ოთხ-ხუთ წელიწადს განაყენებს.

   უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!

   ჩვენ გაგვაჩნია ისეთი ეკლესიოლოგიური საიდუმლონი, როგორიც არის ზეთის კურთხევა, რომელიც ეკლესიაში დაწესებულია სნეულებათა განსაკურნავად. ჩვენ გვაქვს აგრეთვე უდიდესი სიწმინდე - ნაკურთხი წყალო, გვაქვს არტოსი (სააღდგომო პური), ბოლოსდაბოლოს ჩვენ ზიარების საიდუმლოთი ვუერთდბით თვით ღმერთს! ამისი მცირედ გვწამს, მაგრამ აი, „შემლოცველთან" გაქცევა უფრო ქმედით და სარწმუნო საშუალებად გვეჩვენება.

   უფალო, ჩვენ სრულიად შევიშალეთ და გავიხლართეთ ცნებებში: სად არის სინათლე და სად - სიბნელე, სად სიმართლე და სად - ტყუილი!

   უფალო, ჩვენ იქამდე შევიშალეთ, რომ ვმკითხაობთ წმიდა სახარებასა და ბიბლიაზე დაყრდნობით, იმის ნაცვლად, რომ ჭეშმარიტი რწმენა შევისწავლოთ. ჩვენ ვმკითხაობთ ბანქოზე, შესაძლოა, რომელიმე თქვენგანი სპირიტიზმითაა გატაცებული, ატრიალებს თეფშს და იძახებს რაღაც სულს (ნათელია, რომ არაწმიდა სულს), ეკითხება მას მომავალ ბედსა და მოვლენებზე. შეინანეთ უფალთან!

   უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!

   ეს ყველაფერი ურწმუნეობაა ღმრთის განგებისადმი, ესაა კადნიერი ცნობისმოყვარეობა, ღმრთის იმედის უქონლობა.

   ბევრი თქვენგანი საღმრთო სჯულის პირველი მცნების წინაშე სცოდავს იმით, რომ ადამიანი ღმერთზე მეტად უყვარს. ხშირია, როდესაც ამბობენ: „თუ ის მოკვდება, ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ექნება, მთელი ჩემი სიცოცხლე მასშია"... ე.ი. ადამიანში და არა ღმერთში, რომელმაც სიცოცხლე გაიღო ჩვენთვის!

   უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!

   ზოგჯერ ასეთი სიტყვებიც შეიძლება გაიგონოთ: „მე ცხოველები უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ადამიანები". რა უგუნურებაა! მართალია: „ნეტარია ის, ვინც პირუტყვსაც შეიწყნარებს", მაგრამ მთელი ჩვენი სიყვარული ვუძღვნათ ცხოველებს - ცოდვაა. ვინც ამაში შესცოდეთ, მოინანიეთ უფალთან!

   უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!

   საღმრთო სჯულის პირველი მცნების საწინააღმდეგო ცოდვებია: კაცთმაამებლობა და კაცთმოიმედობა. მაინც რითაა ასე საშინელი კაცთმაამებლობა და პირფერობა, რომ წმიდა წერილი ამბობს: „კაცი სისხლისმღვრელი და პირმოთნე უკადრისია უფლისათვის".

   ეს იმიტომ, რომ: „ჩვენი სიტყვებით ვატყუებთ მათ, ვისაც ვეპირფერებით, შექებით ვაუბედურებთ და დამნაშავე ვხდებით მათი მომავალი ხვედრის გამო, რადგან ისინი ჩვენ გვენდობოდნენ, ჩვენ კი პირფერობით ვაცდუნეთ ისინი", - ამბობს წმიდა ბასილი დიდი.

   შესაძლებელია, რომელიმე თქვენგანი ისე აამებდეს ადამიანს, რომ ღმერთად იხდიდეს მას. ახლანდელ დროში დედა ფეხქვეშ ეგება შვილებს და ხშირად მათი გულის მოსაგებად არაფრად აგდებს ღმრთის წინაშე თავის მოვალეობას. კვირადღეს უნდა წავიდეს ტაძარში, მაგრამ აი, ქალაქიდან ჩამოვიდნენ მისი შვილები და დედაც მთვრალი შვილის ან სიძის გულისთვის რჩება სახლში. არავითარი ზარალი არ მიადგებოდა მათ ნათესაურ ურთიერთობებს, თუ დედა ორი საათით ეკლესიაში წავიდოდა.

   რა თქმა უნდა, ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ ერთი დღე, ერთადერთი შემთხვევა, მაშინ მათი სიყვარულის გულისთვის სახლში რომ დარჩენილიყო, არ შესცოდავდა, მაგრამ ეს თითქმის ყოველ კვირა დღეს მეორდება და დგანან ტაძრები, განსაკუთრებით, სოფლებში, ცარიელები, არა იმიტომ, რომ მის გარშემო უსჯულოები ცხოვრობენ, არამედ ჩვენი უუნარობის გამო - ვიცხოვროთ ქრისტიანულად. უფრო მეტ პატივისცემას არ დაიმსახურებდა დედა, შვილებს რომ სცოდნოდათ, რომ დედა, მართალია, მათი გულისათვის ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ კვირადღეს მას აქვს უფლება ორი საათით წავიდეს ეკლესიაში.

   უფალო, შეგვინდევ ჩვენ!

   კაცთმოიმედობის ცოდვა მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან ხშირად ვენდობით ჩვენს თავს, ჩვენს ძალებს, ლოცვას, მარხვას, სხვადასხვა ღვაწლს, საკუთარ ცრუსიკეთეებს და მთლიანად გვავიწყდება, რომ მხოლოდ ღმრთის მადლის წყალობით შეიძლება გადავრჩეთ. ხშირად ღმერთზე მეტად სხვებზე ვამყარებთ იმედს, რითაც მეორე პლანზე გადაგვყავს ჩვენს ცხოვრებაში ღმერთი და მხოლოდ მაშინ მივმართავთ მას დახმარებისათვის, როდესაც ყველა სხვა გზა უკვე მოსინჯული გვაქვს. ვერც კი წარმოვიდგენთ, რა მძიმეა ეს ცოდვა და როგორ განარისხებს იგი ღმერთს!

   „წყეულია კაცი, - ამბობს უფალი იერემია წინასწარმეტყველის პირით, - რომელსაც ადამიანის იმედი აქვს" (იერ. 17, 5).

   უფალო, შეგვინდევ ჩვენ, რამეთუ არც კი გვესმოდა, რომ ამით შენს რისხვას ვიწვევდით, მოინანიეთ უფლის წინაშე!

   მესამე მოვალეობა, ჩვენთვის განწესებული:

   საღმრთო სჯულის პირვლი მცნებით თაყვანი ვსცეთ ღმერთს, ვემსახუროთ მას, მაგალითად, ეკლესიური და სახლში დაწესებული ლოცვებით, მზრუნვლობითა და მონდომებით აღვასრულოთ მისი მცნებები.

   უფალო! ყველანი ცოდვილი ვართ შენს წინაშე საშინაო ლოცვების უგულებელყოფის, საკუთარი ცხოვრებისადმი დაუდევარი და უყურადღებო მოპყრობის გამო.

   ჩავიხედოთ საკუთარ თავში!

   რომელი თქვენგანი, მას შემდეგ, რაც დილით ყურადღებით წაიკითხავს ლოცვებს, მთელი დღის განმავლობაში მიზნად ისახავს, ასიამოვნოს ღმერთს მისი მცნებების აღსრულებით?!

   სად არის უფალი?! თუკი წავიკითხეთ ლოცვა, გონება ჩვენი უკვე მთლიანად ჩაძირულია ცხოვრებისეულ საზრუნავში, ცოტას თუ გაახსენდება: მე ხომ ქრისტიანი ვარ, აი, დღეს შეიძლება სხვადასხვა ვითარებაში მოხვდე, როგორღაც ღმრთის შეწევნით იქნებ წმინდად განევლო დღე სიმშვიდითა და უცოდველად. სად არის ასეთი ღმრთისმოსავი აზრები?! თვალის გახელასაც ვერ ვასწრებთ, რომ უკვე ყველაფერი გვაღიზიანებს: ვეუხეშებით დედას, რომელიც თითქმის ერთი საათით ადრე ადგა, რათა სამუშაოზე წასვლაში დაგვხმარებოდა. ოთახში, როგორც მხეცი გალიაში, ისე დავდივართ, მეზობელს არ შევხედავთ, ისე გამოვცრით კბილებში გამარჯობას, კარებს მოვიჯახუნებთ, ვუყვირით ბავშვებს, რომლებიც, შესაძლებელია, ჭირვეულობენ, ისინი ხომ გააღვიძეს და გამთენიას მიჰყავთ ხალხით გაჭედილ ტრანსპორტში, მაშინ საერთოდ ვკარგავთ ადამიანის სახეს! იქ გრძელდება ჩვენი გაღიზიანება, ვჭიდაობთ, ვიგინებით და ისეთი სიტყვებით ვგესლავთ ერთმანეთს, თითქოს ირგვლივ მხოლოდ მოსისხლე მტრები იდგნენ, ოდნავადაც არ გვსურს, დავითმინოთ უხერხულობა და უსიამოვნება!

   უფალო, თითქმის აი, ასე ვიწყებთ ყოველ ჩვენს დღეს.

   უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ! (გაგრძელება...)

 

 

Xareba.net – ის რედაქცია 


უკან დაბრუნება