მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > რატომ ვერ პოულობენ ადამიანები სიმშვიდესა და ბედნიერებას

რატომ ვერ პოულობენ ადამიანები სიმშვიდესა და ბედნიერებას


29-12-2013, 00:01
რატომ ვერ პოულობენ ადამიანები სიმშვიდესა და ბედნიერებას

   ადამიანთა დიდი ნაწილი, იმიტომ ვერ პოულობს ცხოვრებაში სიმშვიდეს და ბედნი-ერებას, რომ იქ არ ეძებს, სადაც შეიძლება ისინი იპოვოს.

   ღარიბი ადამიანი დიდებული სასახლის გვერდით ჩავლისას, დახარბებული შეჰყურებს მას, ამოოხვრით ეუბნება საკუთარ თავს: "აი, სად არის ბედნიერება! აქ ყველაფერია: საუკეთესო კერძები, ძვირფასი ტანისამოსი, მოსამსახურეები, მთელი ცხოვრების მანძილზე რომ არაფერი გაგიჭირდებათ და ცხოვრებით დატკბებით".

   ამ სასახლის პატრონი ღარიბის დანახვისას ასევე ჩაფიქრებული ამოიოხრებს: "აი, ვინ არის ბედნიერი! მისი ქოხისათვის უცხოა ყოველდღიური ფორიაქი, რომლითაც აღსავსეა სასახლე. მის ვიწრო სახლში, დაბალ ჭერქვეშ, მხოლოდ სიმრთელე და გულწრფელი მხიარულება თავსდება, აქ სხვების მაღალფარდოვან და ვითომდა დიდმნიშვნელოვან შეხედულებას არავინ ითვალისწინებს".

   გლეხკაცი თაყვანისცემლებით გარშემორტყმულ მაღალჩინოსანთან შეხვედრისას თავისთვის ფიქრობს: "როგორი ბედნიერია ის! მას ყველა პატივს მიაგებს, ემორჩილება, მისი სიტყვა კანონია, იჭერენ მის გამოხედვას, გამოიცნობენ აზრებს, სურვილებს". ხოლო მა-ღალჩინოსანი გლეხკაცის შემთხვევით დანახვისას ასევე ფიქრობს: "რა კარგად არის! მან არ იცის არც გაწბილება, არც გაცრუებული იმედები, არც მძიმე ბრძოლები ცოლისა და ხელქვეითების თავისმოყვარებასა და ანგარებისმოყვარეობასთან, არც შურის ვერაგი ზრახვები, რომლისგანაც ვერაფრით ვერ თავისუფლდება წარჩინებული ფენა". ყოველი მდგომარეობა მეტ სიხარულს, სიმშვიდესა და ბედნიერებას სხვაში ხედავს.

   საიდან მოდის საკუთარი მდგომარეობისადმი ასეთი უკმა-ყოფილება? მისი საწყისი, რა თქმა უნდა, ღრმად იმალება ჩვენს ბუნებაში, რომელიც შექმნილია უსასრულო სრულყოფისთვის, სრული ნეტარებისათვის, რომელიც ამჟამად არ არის და არც შეიძლება არსებობდეს დედამიწაზე. ეს გახლავთ ცხოვრებაზე არასწორი შეხედულების შედეგი და ცოცხალი რწმენის უკმარისობის თვალსაჩინო მოწმობა. ჩვენ მიწაზე ვეძებთ სამოთხეს, გვსურს ვიკვებოთ სიცოცხლის ხის ნაყოფით. გვავიწყდება, რომ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ნაყოფის გასინჯვის დღიდან სამოთხეში შესასვლელი ჩაკეტილია ცეცხლოვანი ქერუბიმების მიუახლოებელი მცველებით. საკუთარ თავში ღვთის ხატების შემბღალავებს გვინდა მთელი სამყარო თავისი სიმდიდრით მონურად გვემსახუროს. ხოლო სარწმუნოება გვასწავლის, რომ დედამიწა არის არა ნეტარების, არამედ სამოთხიდან განდევნილ დამნაშავეთა ადგილი, ზეციური სამშობლოსაკენ მოგზაურობის არე და არა მშვიდობიანი ნავსაყუდელი; შრომის, ღვაწლის, გარე და შინაგანი ბრძოლების ასპარეზი და არა საამო განსასვენებელი.

   მოვაკვდინოთ ჩვენი სურვილები, მივცეთ მათ სწორი, სარწმუ-ნოებრივი მიმართულება, მაშინ კმაყოფილი ვიქნებით, ვიპოვით სიმშვიდესა და სიხარულს ჩვენი ახლანდელი მდგომარეობის დროსაც კი.

   ხშირად აწმყოზე წუხილისას ისმის მისი შედარება წარსულთან. ამბობენ, ადრე უფრო უკეთესი დრო იყო, ადამიანები მეტად ბედნიერად და მშვიდად ცხოვრობდნენ. ამის დაჯერება არაა ძნელი. ისინი ნაკლებად ერთობოდნენ ოცნებებით, მათ უკეთ ესმოდათ ცხოვრების მნიშვნელობა, იმიტომ რომ მეტად მორწმუნეები იყვნენ. ნაკლებად ჰქონდათ ფუფუნებისადმი მიდრეკილება, რამეთუ ცოცხლად გრძნობდნენ ყოველივე მიწიერის არარაობას, მეტს ფიქრობდნენ სამუდამო განსასვენებელზე, ისინი მეტად მომთმენნი იყვნენ შრომასა და გაჭირვებაში. ცხოვრებისეულ სირთულეებს თვლიდნენ ღვთის განგებულებად, ამიტომ კი არ წუწუნებდნენ, არამედ ლოცულობდნენ და უფალი უმცირებდა მათ მრისხანე პერიოდს და უგზავნიდა განსვენების დღეებს. ამრიგად, რწმენა ადამიანებს უტკბილებდა ცხოვრებას, უმსუბუქებდა ტვირთს და კეთილმოაწყობდა მათ მყუდროებას. შენც შეხედე ყველა ცხოვრებისეულ მოვლენას და მდგომარეობას რწმენის თვალებით და ყველაფერში დაინახავ უფლის ხელს, დამდაბლდები და დაწყ-ნარდები.

 

გაზეთ "ხარებას" ბიბლიოთეკიდან



უკან დაბრუნება