მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > რაში ცდებიან მართლმადიდებელი ეკუმენისტები (ნაწილი II)
რაში ცდებიან მართლმადიდებელი ეკუმენისტები (ნაწილი II)31-10-2016, 00:02 |
წმ. სერაფიმე სობოლევი
სულიწმიდის მადლი - საგანძური ჩვენი ეკლესიისა, არ შეიძლება არსებობდეს პროტესტანტიზმში, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ მირონცხების საიდუმლო. „მართლმადიდებლური აღმსარებლობის" მოწმობით, ნათლისღების შედეგად მხოლოდ ცოდვებისაგან ვიწმინდებით, ვკვდებით ამქვეყნიოური ცხოვრებისთვის და სულიწმიდით ვღორძინდებით ახალი და წმინდა ცხოვრებისათვის. მაგრამ ეს უკანასკნელი შესაძლებელია მხოლოდ იმ მადლის მეშვეობით, რომელიც გვენიჭება მირონცხების საიდუმლოთი. ამ საიდუმლოთი გვეძლევა მადლი სულიწმიდისა თავისი მადლმოსილი ნიჭებით, რომლებიც გვაძლიერებენ სულიერ ცხოვრებაში. მადლმოსილი წმინდა ცხოვრება შეუძლებელია ჰქონდეს არამართლმადიდებელ ქრისტიანს, მათ რომც გააჩნდეთ მირონცხების საიდუმლო, მართლმადიდებლობისაგან ერესში გასვლის შედეგად, ეს საიდუმლო არანამდვილი და არამაცხოვნებელია. ამრიგად, ცდებიან მართლმადიდებელი ეკუმენისტები, როდესაც წმინდა ეკლესიის წევრებად მოიაზრებენ ერეტიკოსებს. ერთ-ერთი ეკუმენისტი ლიდერი ამბობს: „ისინი წმინდანებად ღვთის მადლითა და სიყვარულის ურთიერთობით გახდებიან". აქ მართლმადიდებელი ეკუმენისტები ერთმანეთში ურევენ მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეული წევრის ცოდვასა და ადამიანურ უძლურებას სახვაგვარადმადიდებელ ქრისტიანებთან, მათ „ეკლესიებთან", ვინაიდან მცდარად მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებლებიცა და ერეტიკოსებიც ღვთის მადლის მეშვეობითა და სიყვარულის ურთიერთობით, და არა ჭეშმარიტი სწავლების საფუძველზე, გახდებიან წმინდანები. მაგრამ მათ შორის უზარმაზარი განსხვავებაა. მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, რაგინდ მძიმე ცოდვაში არ უნდა აღმოჩნდეს, სინანულის საიდუმლოს მეშვეობით, მაცხოვნებელი მადლით ყოველთვის შეუძლია მიაღწიოს ჭეშმარიტ და სრულყოფილ სიწმინდეს მადლში. მაგრამ ერეტიკოსს თუ ერეტიკულ ორგანიზაციას ეს მადლი არასდროს ექნებათ, ვიდრე არ შეინანებენ თავიანთ ცრუსწავლებას და შეუდგებიან მართლმადიდებლობას, იმიტომ რომ მათთან არ მოქმედებს მირონცხების საიდუმლო, შედეგად მადლი სულიწმიდისა. რაგვარ ღვთის მადლსა და წმინდანობაზე საუბრობენ მართლმადიდებელი ეკუმენისტები არამართლმადიდებლებთან მიმართებით? ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებით, სულიწმიდის მადლი ორი სახით ცლინდება: 1) გარეგნული მზრუნველობის, ადამიანების ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევის მომზადების სახით; 2) შინაგანი, აღმაღორძინებელი, მაცხოვნებელი მადლის სახით, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედებს. ცხადია, მართლმადიდებელი ეკუმენისტები ერეტიკოსების წმინდანობას სიყვარულის ურთიერთობაზე საუბრისას, არ გულისხმობენ პირველი მადლის გარეგნული სახით გამოვლინებას, ვინაიდან ის მათ წმინდანებად ვერ გახდის. მაშასადამე, აქ შინაგანი, მაცხოვნებელი მადლი იგულისხმება. მაგრამ მაცხოვნებელი მადლი არამართლმადიდებლებს ან საერთოდ არა აქვთ, ან არ მოქმედებს მათთან, შედეგად არ აცხოვნებს და არ შექმნის წმინდანად. ამრიგად, ვერც ერთი, ვერც მეორე სახის მადლი არამართლმადიდებელ ქრისტიანებს ვერ აცხოვნებს. ამდენად, მართლმადიდებელი ეკუმენისტები ამაოდ საუბრობენ ერეტიკოსების მადლმოსილებასა და სიწმინდეზე. გარდა ამისა, განა არამართლმადიდებელი შეიძლება გახდეს წმინდანი „სიყვარულის ურთიერთობით"? რომც არსებობდეს სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა მართლმადიდებლისა ერეტიკოსისადმი, ის მათთვის სასიამოვნო მოგონებას არ აღემატება. ხოლო იმისათვის, რომ გახდეს წმინდანი, ერეტიკოსი არა მხოლოდ უნდა შეუერთდეს მართლმადიდებელ ეკლესიას, და აღიქვას მისი მაცხოვნებელი მადლი, არამედ უნდა შეუდგეს: ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას, უკომპრომისო ბრძოლას ცოდვებთან და ვნებებთან, ღვთაებრივი მცნებების აღსრულებას, ვიწრო და ეკლიანი გზით სვლას. მხოლოდ ამის შედეგად ქრისტიანი, მადლის მეშვეობით, ხდება წმინდანი. ამდენად, მართლმადიდებელი ეკუმენისტების სიტყვები ერეტიკოსების მადლმოსილების, წმინდანობისა და სიყვარულის შესახებ უსაფუძვლო და უდიდეს ცდომილებად უნდა მივიჩნიოთ. (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |