მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > რა იგულისხმება ტერმინში “consensus partum”
რა იგულისხმება ტერმინში “consensus partum”27-10-2016, 00:07 |
თანამედროვე ლიბერალები, როგორც ვნახეთ, ყველანაირი ფორმით, მეთოდით ცდილობენ დათესონ წმ. მამათა სწავლების მიმართ უნდობლობის თესლი. თვალნათლივ წარმოჩნდა, რომ ციტატები წმ. მამათა თხზულებებიდან, არ შეესატყვისება მათ მოსაზრებას, უფრო მეტიც - ეწინააღმდეგება კიდეც მათ სწავლებას და იგნორირდება ისე, თითქოს საერთოდ არ არსებობსო. შემდეგ იწყება ციტატების „მონტაჟი", ტექსტების დანაწევრება, თანამედროვე თარგმანების შემთხვევაში შინაარსის შეცვლა, გაყალბება, რათა დაამკვიდრონ საკუთარი ცრუსწავლება. ცხადია, გამოუცდელი მკითხველისათვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ ნაშრომებში სახეცვლილი, ან შეგნებულად დამახინჯებულია წმინდა მამათა აზრები. როდესაც მსგავსი მეთოდიკა ვლინდება ეკლესიის წიაღში, მაშინ ეკლესია წმ. ბიკენტი ლირინელის სწავლებას მიმართავს. წმინდა მამა წერს: „თუ მავანი მიიჩნევს თავს ეკლესიის წევრად, ამავე დროს შემოაქვს ახალი სწავლება, მაშინ ქრისტიანი ვალდებულია მიმართოს ძველ მამებს, მას, ვინც არ არის ცბიერად გაყალბებული სიახლით, ხოლო თუ თავად ძველ ნაშრომებში შეინიშნება ორი ან სამი ადამიანის ცდომილება... მაშინ უნდა შევეცადოთ მცირერიცხოვანთა უგუნურ და უმართებულო მოსაზრებას ვამჯობინოთ ეკლესიის მთელი სისავსის გადაწყვეტილება. უმართებულობას ვაწყდებით იქ, სადაც ვერ ვპოულობთ ეკლესიის სისავსის გადაწყვეტილებას. ამ დროს უნდა შევეცადოთ შევადაროთ ეს შეხედულება ძველ, სხვადასხვა დროსა თუ სხვადასხვა ადგილას მყოფ მამათა სწავლებას, მამებისა, რომლებიც უთუოდ იმყოფებოდნენ რწმენასა და კათოლიკე ეკლესიის ერთობაში და იყვნენ პატივცემული მასწავლებლები. თუ აღნიშნული საკითხის შესახებ არა ერთს ან ორს, არამედ ყველას ერთსულოვნად ეპყრათ მართებული სწავლება, წერილობით გადასცემდნენ, იუწყებოდნენ ღიად, ხშირად, მტკიცედ, მაშინ გულისხმავყოთ, რომ ამ სწავლებას უნდა დავუჯეროთ ყოველგვარი ეჭვის გარეშე".1 წმინდა მამები ქამის ცოდვად მიიჩნევდნენ წმინდანის იმ აზრის ციტირებას, რომელიც მართლმადიდებელ სწავლებას არ შეესაბამებოდა, ანუ: როდესაც რომელიმე წმინდა მამას რაიმე კონკრეტულ საკითხზე კერძო აზრი აქვს, არ ეგების ის შენი შეხედულების გასამყარებლად გამოიყენო. წმიდა მღვდელმთავარი ფოტი ამის შესახებ წერს: „10 ან 20 მამაც კი ერთს რომ ამბობდეს, ხოლო 600 და მრავალი სხვა მას არ იზიარებდეს, ვინ შეურაცხყოფს მამებს: ისინი, რომლებიც კრების საწინააღმდეგო პირად მოსაზრებას გამოთქვამენ, თუ ისინი, რომლებიც თავის დამცველად მრავალ წმინდა მამას ირჩევენ?"2 სწორედ უმრავლესი წმინდა მამის აზრს, რომელიც სრულად გამოხატავს წმინდა ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაში ლათინური ტერმინი consensus partum, ანუ წმიდა მამათა ერთსულოვანი გადაწყვეტილება ეწოდება. ეკლესიის სწავლების თანახმად, არ არსებობს წინააღმდეგობა წმინდა მამათა საგანძურში. დოგმატური გადმოცემები წმინდა მამათა თხზულებებში ერთი მთლიანობაა. თუ კარგად დავაკვირდებით, იოლად შევნიშნავთ, რომ ერთმანეთისაგან დროითა და სივრცით დაშორებულ წმინდა მამების აზრი ერთი უწყვეტი სულიერი ჯაჭვია. ამას ვგულისხმობთ consensus partum - ში. მაგრამ თანამედროვე ლიბერალები ძალიან დიდი მონდომებით ცდილობენ პატროლოგიაში, წმინდა მამათა თხზულებებში იპოვონ ისეთი აზრი, შეხედულება, რომელიც უარყოფილია ეკლესიის მიერ. ამ პრინციპს „თეოლოგუმენი" ეწოდება. ჩვენი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მამებისეულ სწავლებაში შესაძლებელია იყოს შეცდომები, წინააღმდეგობები და უზუსტობები. თავინთი მცდარი აზრის გასამყარებლად ისინი წმიდა მამათა თხზულებებიდან შეგნებულად გამოცალკევებულ, დანაწევრებულ ან სრულიად საპირისპირო სწავლების მომხრე მამას მოიხმობენ ხოლმე. (ეს საკითხი საფუძვლიანად განვიხილეთ ჩვენი წიგნის „ჭეშმარიტი სარწმუნოება" ორ ქვეთავში: 1) „წმინდა მამათა დისკრედიტაციის მცდელობანი"; 2) „მართლმადიდებლური" თეოლოგუმენი.) ამჯერად, იმ ცრუსწავლების მიმდევრებად, რომ ქრისტემ ჯოჯოხეთიდან არა მხოლოდ მართლები, არამედ აღმსარებლობისა და მსოფლმხედველობის განურჩევლად ყველა აღმოიყვანა, ისეთი დიდი წმინდა მამები სახელდვეს, როგორებიც არიან წმ. იოანე ოქროპირი, წმ. იოანე დამასკელი, წმ. მაქსიმე აღმსარებელი, წმ. ირინეოს ლიონელი და სხვა. მსგავსი ამაზრზენი ცრუბრალდება დღეს გვესმის ეკლესიის ამბიონებიდან, კათედრებიდან, ლექციებზე, სოციალურ ქსელებში - საკმაოდ გამოჩენილი მქადაგებლების მიერ. ამ შემთხვევაში აშკარაა უცხო ქვეყნების მოდერნისტულად მოაზროვნე თეოლოგებისა თუ სასულიერო პირების ნაშრომების მიბაძვა. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში წარმოვაჩინეთ, რომ არც ერთი აღმოსავლეთის წმინდა მამა, მით უფრო ზემოთ ხსენებული წმინდა მამები, არ იზიარებდნენ აღნიშნულ ცრუსწავლებას. ერთადერთი წმინდანი, რომლის ნაშრომში შეინიშნება მსგავსი შეხედულება, გახლავთ წმ. იუსტინე ფილოსოფოსი. მისი კონკრეტული სწავლება კერძო აზრად მიიჩნია წმინდა ეკლესიამ, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.* დოგმატური სწავლების განსაზღვრების დროს მხოლოდ წმიდა მამათა ერთსულოვანი აზრი (consensus patrum) გამოდგება. მხოლოდ ასეთი სწავლებაა ყველასათვის მისაღები, ვით უცდომელი კანონი და მისი შესრულება მაცხოვნებელი მნიშვნელობისაა. ვინც წმიდა მამათა თხზულებებს მრუდედ განმარტავს, მათ მნიშვნელობას შეცვლის ან დააკნინებს, უმძიმეს ცოდვას სჩადის, ვინაიდან წმინდა ბიკენტი ლირინელის სიტყვით: გვწამს ისე, როგორც „ყველას, ყველგან, ყოველთვის" მართლმადიდებელ ეკლესიაში.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
1Прп. Викентий. Памятые записка Перегрина. 1. 3. 2ციტ. Св. Даниил (Сисоев). Теологумен в Современном Богословии. 2002 г. *ცხადია, კერძო აზრი სხვა წმინდანებსაც ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ კონკრეტულ თემატიკის ირგვლივ მიმოვიხილავთ საკითხს. უკან დაბრუნება |