მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა მამები იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის თაობაზე
წმინდა მამები იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის თაობაზე26-10-2016, 00:07 |
ზოგიერთი ლიბერალის აზრით, მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ იესო ქრისტემ მხოლოდ მართლები, მხოლოდ მისი მორწმუნენი და მომლოდნელი აღმოიყვანა ჯოჯოხეთიდან, არის ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც მარტო წმ. იპოლიტე რომაელი ამბობს, დანარჩენი წმინდა მამები კი სხვა ვერსიებს ავითარებენ. ჯერ კიდევ პავლე მოციქული ბრძანებდა: „ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესო ქრისტესითა, რომელ-იგი წინასწარ განჰმზადა ღმერთმან სალხინებლად სარწმუნოებითა თვისითა მით პირველთა ცოდვათა" (რომ. 3. 25). წმ. თეოფანე დაყუდებული ამ მუხლს შემდეგნაირად განმარტავს: „სიტყვა ღმერთის განხორციელებამდე ღმერთმა ცოდვილთ მიტევება არა მათი მადლისა და კაცთმოყვარების გათვალისწინებით, არამედ სამომავლო რწმენისამებრ თავისი ძის სისხლის განწმენდელი ძალით უწყალობა, როცა შთავიდა უფალი ჯოჯოხეთში და უქადაგა მისდამი რწმენისამებრ გამოხსნა, გამოსყიდვა და განწმენდა. ...მიტევება და ცხონება ეძლევა არა განურჩევლად მადლის სიუხვისა, არამედ მას, სარწმუნოებით მიიღო ეს წყალობა..., ვინაიდან აცხონებს მხოლოდ მას, ვინც ფლობს უფალ იესო ქრისტეს სარწმუნოებას".1 ცხადია, იესო ქრისტეს, ვით მესიის რწმენასა და მოლოდინს, ფლობდნენ ძველი აღთქმის ეპოქის მართლები, წინასწარმეტყველები, პატრიარქები და მათი თანამოაზრე ადამიანები. მაგრამ სჯობს თავად წმინდა მამებს მოვუსმინოთ: წმ. ირინეოს ლიონელი: „უფალი შთავიდა ჯოჯოხეთში, იქაც იქადაგა თავისი მოსვლისა და მორწმუნეთათვის ცოდვათა მიტევების შესახებ, ხოლო მისი ყველამ ირწმუნა, ვინც კი სასოებდა მას (ქრისტეს), ე.ი. თავისი მოსვლა ახარა მართლებს, წინასწარმეტყველებსა და პატრიარქებს, რომლებიც, ჩვენსავით ემსახურებოდნენ უფალს და მიუტევა მათ ცოდვები".2 წმ. ეფრემ ასური: „როდესაც ქრისტე ეახლა ქვესკნელის ტყვეობაში მყოფთ, იხილა ცრემლმორეული ადამი, იხილა სისხლით, ვით საფარველით დაფარული აბელი, იხილა ნოე სიმართლით განშვენებული... იხილა ყოველი მართალი, წინასწარმეტყველი, უქადაგა მათ - ეს მე ვარ".3 წმ. კირილე იერუსალიმელი: „იგი (ქრისტე) შთახდა ჯოჯოხეთს მართალთა განთავისუფლებისთვის... მაშინ შეკრბენ წმინდა წინასწარმეტყველები და მოსე სჯულისმდებელი, აბრაამი, ისააკი, იაკობი, დავითი, სამუელი და ესაია, იოანე ნათლისმცემელი... გამოსხნილია ყველა მართალი, ვისაც სიკვდილი ეწია, რადგან ქადაგებულ მეფეს შეეფერებოდა გამხდარიყო კეთილმქადაგებელთა გამომხსნელი. მაშინ ყოველმა მართალმა თქვა: „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი..." ხოლო ღმერთსა მადლი, რომელმან მომცა ჩუენ ძლევაჲ ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩუენისა" (1 კორ. 15. 55-56).4 წმ. ათანასე ალექსანდრიელი: „უფალმა მხოლოდ მათ უქადაგა, თავიანთი ცხოვრების ჟამს, ხორცში მყოფობისას რომ შეინარჩუნეს მადლი სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობისა".5 წმ. იოანე დამასკელი: „როგორც დედამიწაზე მყოფთათვის აღმობრწინდა სიმართლის მზე, მსგავსადვე, წყვდიადსა და სიკვდილის მახეში მყოფთათვისაც გამობრწინდა ქრისტეს ნათელი, ისე, როგორც ამქვეყნად მყოფთათვის იქადაგა უფალმა მშვიდობა, ტყვეთა განთავისუფლება და ბრმათა თვალთახილვა, ასევე ძველი აღთქმის მართლებისთვის გახდა იგი საწინდარი მარადიული ცხოვრებისა, ხოლო ურწმუნოთათვის - ურწმუნოებაში მხილებისა".6 წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: „ქრისტემ ჯოჯოხეთში მყოფებთან შთასვლით, განურჩევლად ყოველი როდი აცხოვნა, არამედ მხოლოდ მორწმუნენი".7 ნეტარი იერონიმე: „მაცხოვარი ჯოჯოხეთში შთახდა, რათა თავისთან ერთად ძლევაშემოსილად აღეყვანა იქიდან ზეცად დატყვევებულ წმინდანთა სულები".8 ღირსი იოანე კასიანე: „შთახდა რა ჯოჯოხეთს, ქრისტემ... რკინის კარები შემუსრა, ჯოჯოხეთის ბნელგარესკნელში მყოფი წმინდა ტყვეები გაათავისუფლა და თავისთან ერთად ცად აღიყვანა".9 წმ. მღვდელმთავარი ეპიფანე კვიპრელი: „და რაო, ყველას იხსნის თუ არა ღმერთი, როცა ჯოჯოხეთში შთახდება? არა, იქიდანაც მხოლოდ მორწმუნეებს გაათავისუფლებს".10 წმ. რომის პაპი გრიგოლ დიოლოღონი: „როცა თქვენ აქედან გაემგზავრეთ (წერს კონსტანტინოპოლელ სამღვდელო პირს), შევიტყვე, რომ თურმე ამბობდით, თითქოს ყოვლადძლიერმა უფალმა და მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, ჯოჯოხეთში ჩასვლის შემდეგ ყველა, ვინც იგი ღმერთად აღიარა, დამსახურებული სასჯელისაგან გაათავისუფლა. მე მინდა, ძმებო, რომ ამაზე სულ სხვა აზრი გქონდეთ. კერძოდ, რომ ჯოჯოხეთში ჩასულმა უფალმა თავისი მადლით მხოლოდ ისინი გაათავისუფლა, ვისაც სწამდა, რომ იგი მოვიდოდა, ამასთან, მისი მცნებების თანახმად ცხოვრობდა. რამეთუ ვიცით, რომ უფლის განხორციელების შემდეგაც ვერც ერთი მათგანი ვერ მოიპოვებს ცხონებას, ვისაც ღმერთი სწამს, მაგრამ რწმენის შესაბამისად არ ცხოვრობს. ხომ ითქვა: „რომელმან თქუას, ვითარმედ ვიცან იგი, და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუვარ არს და ჭეშმარიტება არა არს მის თანა" (1 იონ. 2. 4); „სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს" (იაკ. 2. 26). ამგვარად, თუკი დღეს მორწმუნენი კეთილ საქმეთა გარეშე ვერ ცხონდებიან, ურწმუნონი და დასჯილნი კი ჯოჯოხეთს შთახდომილი უფლის მიერ კეთილ საქმეთა გარეშეც ცხონდებიან, მაშინ მათი ხვედრი, ვისაც არ უხილავს განხორციელებული ქრისტე, ბევრად უკეთესი ყოფილა იმათ ხვედრზე, ვინც უკვე განხორციელების საიდუმლოს შემდეგ დაიბადა. და რა უგუნურებაა ასე ფიქრი და ასე მსჯელობა, მოწმობს თვით უფალი, როცა თავის მოწაფეებს ეუბნება: „მრავალთა წინასწარმეტყველთა და მეფეთა უნდა ხილვაჲ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა" (ლუკა 10. 24). მაგრამ იმისათვის, რომ დიდხანს არ შეგაწყინოთ თავი ჩემი მსჯელობით, გირჩევთ წაიკითხოთ, რა დაწერა ფილასტრიოსმა ამ მწვალებლობაზე თავის წიგნში „მწვალებლობათა შესახებ": „არიან მწვალებლები, რომლებიც ამბობენ, თითქოს უფალმა ჯოჯოხეთს შთახდომის შემდეგ იქადაგა თავისი თავის შესახებ უკვე მათი სიკვდილის შემდეგ, რათა იინი, ვინც მას იქ აღიარებენ, ცხონდნენ, როცა ეს ეწინააღმდეგება დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს: „ჯოჯოხეთს შინა ვინა აღგიაროს შენ" (ფსალმ. 6. 6), ასევე მოციქულის სიტყვებს: „რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ" (რომ. 2. 12). ფილასტრიოსის სიტყვებს ეთანხმება ნეტარი ავგუსტინეც თავის წიგნში მწვალებლობათა შესახებ. ამგვარად, დაუფიქრდით ყოველივე ამას და ნუ მიიღებთ ნურაფერს, იმის გარდა, რასაც კათოლიკე ეკლესიის ჭეშმარიტი სარწმუნოება გვასწავლის".11 ნეტარი ავგუსტინე: „... სამსჯავროს დღე კი ახლოვდებოდა ვითარცა წარღვნა, რომლის დროსაც ყველა უკეთური წარწყმდა... ქრისტე შთახდა ჯოჯოხეთს კეთილთა სანუგეშოდ ან სხვათა შესაგონებლადაც, ასე რომ, პირველთ თავისდა საცხოვნებლად სწამთ, ხოლო მეორეთ თავისდა დასასჯელად არ სწამთ".12 წმ. ნიკოლოზ კავასილა: „იქ ვეღარ იმეგობრებ, ვერ განგეღება ყურთასმენა, ვერ შეიმოსები საქორწინე სამოსლით და მისთანებით, რაც გვესაჭიროება საიქიო საქორწინო ჭერქვეშ. საამისოდ მზადების ადგილი ამქვეყნიური ცხოვრებაა, ხოლო ვინც ვერ შეიძენს ყოველივე ამას ამქვეყნიდან გასვლამდე, მას საიქიო მარადიულ ცხოვრებასთან არაფერი საერთო არ ექნება".13 ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი: „მათ, ვინც სწორად გაატარა თავისი მიწიერი ცხოვრების დრო, მაშინაც მიიღეს ცხონება უფლის ჯოჯოხეთს შთახდომით, როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ფიქრობს. იგი ამბობს: „ქრისტე, რომელიც ჯოჯოხეთში მყოფთ გამოეცხადა, უკლებლივ ყველას კი არ აცხონებს, არამედ მხოლოდ მორწმუნეებს". რადგან თითოეულის ნებაზე იყო დამოკიდებული, რომ არ დარჩენილიყო უგრძნობელი შემოქმედის მდიდარი ნიჭის მიმართ, არამედ თავისი თავი ღვთის სახიერების ღირსად წარმოეჩინა".14 ტოლედის 625 წლის საეკლესიო კრება: „იგი (ქრისტე) ჯოჯოხეთს შთახდა, რათა იქ მყოფი წმინდანები გამოეყვანა". VIII საუკუნის შუა წლებში პაპმა ბონიფაციუსმა მწვალებლობაში დასდო ბრალი ირლანდიელ ბერ კლიმენტის, რომელიც ამტკიცებდა, თითქოს ჯოჯოხეთში ჩასულმა ქრისტემ იქიდან ყველა გაათავისუფლა - მორწმუნენიც და წარმართნიც. რომის 745 წლის საეკლესიო კრებამ, რომელიც პაპმა ბონიფაციუსმა მოიწვია, დაგმო კლიმენტი და აღიარა, რომ უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა არა იმისათვის, რომ იქიდან წყეულნი გაეთავისუფლებინა და ჯოჯოხეთი დაერღვია, არამედ იმისათვის, რომ მისი წინამავალი მართალნი გაეთავისუფლებინა".15 წმ. დიმიტრი როსტოველი: „როცა უფალი ჩვენი, რომელმაც კაცობრივი ბუნება შეიმოსა, ზეცად აღვიდა, მყისვე უჩვენა კაცთა მთელ მოდგმას გზა ზეცისაკენ. ამ გზას დაადგნენ ქრისტეს კვალდაკვალ ჯოჯოხეთიდან გამოყვანილ მამამთავართა და წინასწარმეტყველთა სულები".16 წმ. ფილარეტ მოსკოველი: „უფალი იესო ქრისტე ჯოჯოხეთს შთახდა იმისათვის, რომ იქაც ექადაგა სიკვდილის ძლევა და გაეთავისუფლებინა სულები, რომლებიც სარწმუნოებით მოელოდნენ მის მოსვლას".17 წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი): „უხილავ ეკლესიას ეკუთვნის ყველა ქრისტიანი, რომელიც ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში აღესრულა ბოლო ოცი საუკუნის მანძილზე, ასევე ძველი აღთქმის მართალნი, რომლებიც უფალმა თავისი ჯოჯოხეთს შთახდომის დროს გამოიხსნა".18 წმ. ინოკენტი ხერსინელი: „მაცხოვარი ჩვენი თავად შთახდა ჯოჯოხეთს თავისი ნებით და თავისი ხელმწიფებით, შთახდა მარტო, რათა ამოეყვანა იქიდან ყველა, ვინც სარწმუნოებით მოელოდა მის მოსვლას".19 წმ. გრიგოლ პალამა: „უფალი შთავიდა ჯოჯოხეთში, რათა განანათლოს იქ, წყვდიადში მყოფნი, სულით განაცოცხლოს მისდამი მორწმუნენი".20 ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, ვინაიდან ეს მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის ჭეშმარიტი სწავლებაა, მაგრამ არის კი ამის საჭიროება? (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
1Феофана Затворника. Толкование посланий Ап. Павла. Послания Римлянам. გვ. 203. 2Св. Ириней Лионский. Против Ересей. Кн. 4. Гл. 27. გვ. 391. 3Св. Ефрем. Творения. М. 1859. Ч.3. გვ. 685. იხ. Дьяченко. 4Вечны ли адские муки. Максимов. Православие.ру. 5იხ. Гр. Дьяченко. Уроки и примери Христианской Веры. СПБ. 1902. Т1. 6И. Дамаскии. Точное изложение православной веры. М. 2000. Гл. 29. 7Св. Григорий Богослов. Творения. М. 1844. Ч.4. Слово 45. გვ. 179. 8www. Вера Православная. ასევეwww. Agmsarebeli.ge. 9იქვე, საიტზე. 10იქვე, საიტზე. 11იქვე, საიტზე. 12Августин Иппоиский. Послания. 13Николай Кавасила. Семь слов о жизни во Христе. გვ. 2. 14www. Вера православная. Кого вывел Христос из Ада. 15იქვე. 16იქვე. 17აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმო. 18იქვე. 19იქვე. 20Григорий Палама, Гомилии. 1965. გვ. 161. უკან დაბრუნება |