მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა იუსტინე ფილოსოფოსის კერძო აზრის თაობაზე

წმინდა იუსტინე ფილოსოფოსის კერძო აზრის თაობაზე


25-10-2016, 00:07

 


   თავიანთი კონცეფციის გასამყარებლად ლიბერალებს მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში შემოაქვთ ასეთი თეზა: წარმართ ფილოსოფოსთა სულები, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრების დროს სიკეთეს აკეთებდნენ და გარკვეულწილად აკრიტიკებდნენ კიდეც მრავალღმერთიანობას, იმქვეყნად შეიცნობენ ქრისტეს და ცხონდებიან. ლიბერალები უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ქრისტემ ჯოჯოხეთიდან მხოლოდ იმ ადამიანთა სულები ამოიყვანა, რომლებსაც სიცოცხლეში სწამდათ ქრისტე, ვით მესია. მათი ლოგიკის თანახმად ეკლესია თითქოს გვიმალავს, რა არის ცხონებასთან პირდაპირ დაკავშირებული. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) შენიშნავს: „ქრისტეს ჯოჯოხეთიდან არ გამოუყვანია პითაგორას, პლატონისა და სოკრატეს, ბუდასა და ზორატუსტრას ან მათ მიმდევართა სულები. მრავალი მათგანი ხომ არა მარტო კეთილი ქველმოქმედი, არამედ ამასოფელს განრიდებული მოღვაწე იყო. განა ქრისტე არ იტყოდა, ჯოჯოხეთში უდიდესმა წარმართმა მოაზროვნეებმა და გმირებმა რომ შეიცნეს იგი - თავიანთი მესია და გაჰყვნენ მას?"

   ლიბერალები ყველანაირად ცდილობენ წარმართი ფილოსოფოსები ძველი აღთქმის შვილებად წარმოაჩინონ. საამისოდ ხელჩასაკიდი საბუთი წმინდა იუსტინე ფილოსოფოსის ნაშრომში მოიძიეს. სოტერეოლოგიური უზუსტობები, დაშვებული იუსტინე ფილოსოფოსის მიერ, ლიბერალებმა ეკლესიის სწავლებად გაასაღეს. აღსანიშნავია, რომ არც ერთ სარწმუნოებრივ-აღმსარებლურ ძეგლში მსგავსი აზრი არ მეორდება. იგულისხმება შემდეგ სტრიქონში გამოკვეთილი მოსაზრება:

   „ქრისტე არის სიტყვა, რომელსაც კაცობრიობის მთელი მოდგმა მიეკუთვნება. ისინი, რომლებიც ცხოვრობდნენ სიტყვასთან თანხმობაში, თუმც უღმერთოებად მიიჩნევიან, არსებითად არიან ქრისტიანები. ელინთა შორის ასეთია - სოკრატე, ჰერაკლიტე და მათი მსგავსნი".1

   არაერთმა თანამედროვე ღვთისმეტყველმა გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ „წმ. იუსტინე ბოლომდე ვერ განთავისუფლდა წარმართული ფილოსოფიის ზეგავლენისაგან, კერძოდ პლატონიზმისა და სტოიციზმისაგან. შესაძლოა სოტერეოლოგიურ და დოგმატურ საკითხებში ჯერ კიდევ დაუმუშავებელმა ტერმინოლოგიამ განაპირობა უზუსტობა მის განსაზღვრებებში. ასეა თუ ისე, ტრინიტარულ საკითხებში წმინდა მამა უშვებდა სუბორდინაციის პრინციპს, ძის დაკნინებას მამის წინაშე, რითაც ამცირებდა ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის მნიშვნლობას ცხონების საკითხში".2

   ამ თვალსაზრისით, საფუძვლიანი შეფასებაა მოცემული მღვდელი გიორგის (მაქსიმოვი) ნაშრომში. მაგრამ ვიდრე მამა გიორგის შეფასებას გავეცნობით, ვიტყვით, რომ ზოგადად მამებისეულ თხზულებებში ვხედავთ ერთ მხრივ, ღრმა სულიერი სიმაღლეების გამოვლინებებს, მეორე მხრივ - ადამიანურ არასრულყოფილებასა და შეზღუდულობას. კრებსითობის გამოვლინებად ყოველთვის მიიჩნეოდა პრინციპი: წმინდა მამათა ერთსულოვანი ან მამათა უმრავლესობის სწავლება (წმ. ბიკენტი ლირინელი). ასე რომ, ცალკეული მამის მოსაზრება, თუკი ის არ ექვემდებარება აღნიშნულ პრინციპს, რჩება კერძო აზრად, რომელსაც არ იღებს ეკლესია.

   მღვდელი გიორგი (მაქსიმოვი) კი შენიშნავს, რომ წმინდა იუსტინეს მიერ გამოთქმულ აზრში პირდაპირ ვიგულისხმოთ წარმართები და ის, რომ კერპთაყვანისმცემლები ცხონდებიან, არ შეიძლება. „წმ. იუსტინესათვის აღნიშნული ფილოსოფოსები იყვნენ მაგალითი იმისა, რომ წარმართულ გარემოში მცხოვრებმა მოაზროვნეებმა უარყვეს წარმართი ღმერთების თაყვანისცემა (ამიტომაც ამბობს: „უღმერთოებად მიიჩნევიან"). „სოკრატე, ხელმძღვანელობდა რა ჭეშმარიტი გონებითა და კვლევით, გადაწყვიტა გამოეყვანა ადამიანები დემონების მსახურებიდან".3; წმინდა იუსტინეს სჯეროდა, რომ მათ ძველი აღთქმა ეცოდინებოდათ: „ყველაფერში, რაზეც ფილოსოფოსები საუბრობენ - სულის უკვდავება, სასჯელი სიკვდილის შემდგომ, ზეცის ჭვრეტა თუ სხვა, ისინი წინასწარმეტყველებებით ხელმძღვანელობენ - მათი მეშვეობით შეეძლოთ ფილოსოფოსებს ამ საკითხების გააზრება და გადმოცემა".4

   რაც შეეხება სახელდობრ წარმართობასა და წარმართებს: წმინდა იუსტინე პირდაპირ წერდა: „ჯერ კიდევ ძველად ბოროტი დემონები ღიად ეცხადებოდნენ, შეურაცხყოფდნენ ქალებს, ყმაწვილებს, საშინელებებს ატრიალებდნენ მათ თავზე. ვინც გონებით არ იაზრებდა მათ მოქმედებებს, შიშით თვზარი ეცემოდა და არ უწყოდა, რომ ესენი იყვნენ ბოროტი დემონები და მათ ღმერთებს უწოდებდა"5, „დემონები მხოლოდ იმას ცდილობდნენ, რომ ადამიანები შემოქმედი ღმერთისა და მხოლოდშობილი ქრისტე ღმერთისაგან განეშორებინათ"6; აპოლოგეტი შეგვაგონებს მათი ხვედრის შესახებაც, რომლებიც დემონებს მიენდნენ: „უწმინდურთა სხეულებს, რომლებსაც უნარი აქვთ მარადიული შეგრძნებისა, ღმერთი დემონებთან ერთად მარადიულ ცეცხლში გაგზავნის".7

   წმინდა მამების კვალდაკვალ მოწამე იუსტინე ფილოსოფოსიც გვასწავლის, რომ ნათლისღება ცხონების ერთადერთი გზაა. ის იშველიებს ქრისტეს სიტყვებს: „ვინც არ იშვეს წყლისა და სულისა, სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს".8 და კიდევ აი რას წერს: „მხოლოდ ნათლისღებას ძალუძს მონანულის განწმენდა, ის სიცოცხლის წყალია"9"10.

   როგორც ხედავთ, წმ. იუსტინე ფილოსოფოსი ძირითად საკითხებში ეკლესიის სწავლებას გამოხატავს. წმინდა მოწამე მკაფიოდ ამბობს, რომ „ნათლისღების გარეშე ვერავინ ცხონდება", მაგრამ ლიბერალებს სურთ ის წარმოაჩინონ თავისიანად, რომელიც ამბობს „ნათლისღების გარეშეც შეიძლება ცხონება".

   უნდა აღინიშნოს ერთიც: წმ. იუსტინე ფილოსოფოსი წმინდანია როგორც მოწამე და არა როგორც ფილოსოფოსი. ეკლესიამ კი არ მიიღო, არამედ თანაუგრძნო მის საღვთისმეტყველო უზუსტობებს. აქვე უნდა ითქვას შემდეგი: 2000 წ. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრავალი მოწამის კანონიზირება მოახდინა და თან დასძინა, რომ მათი მოწამეობრივი ღვაწლი არ ნიშნავს მათივე ეკლესიოლოგიურ შეხედულებათა და პოზიციათა მიღება - გაზიარებას.

   გარდა ამისა, წმ. იუსტინე ფილოსოფოსი გახლდათ ერთადერთი კანონიზირებული ავტორი, რომელმაც ეს კერძო აზრი გამოხატა. ის, რომ აღნიშნული მოსაზრება არ ყოფილა მიღებული ეკლესიის სისავსის მიერ, დასტურდება 1084 წ. კონსტანტინოპოლის კრების მეხუთე ანათემიზმით: „მას, ვინც ირწმუნება, თითქოს ბერძენი ფილოსოფოსები, აქაც და მომავალ სამსჯავროზეც, იმათზე მეტად სათნონი არიან, რომლებმაც, მართლმადიდებლობის მიუხედავად ადამიანური სისუსტისა და არცოდნის გამო შესცოდეს, ანათემა". ცხადია, წმ. იუსტინე არ ამბობდა, რომ სოკრატე და ჰერაკლიტე შემცოდე ქრისტიანებზე მეტად სათნონი იყვნენ, მაგრამ აღნიშნულ დადგენილებაში არ რჩება ადგილი იდეისთვის ფილოსოფოსებზე, ვით „ქრისტემდე მყოფ ქრისტიანებზე".

   წმ. იოანე ოქროპირიც, სხვა წმინდა მამების მსგავსად, იწონებდა ზოგიერთი ძველი ფილოსოფოსის მიერ პოლითეიზმის კრიტიკას, მაგრამ ის შორს იყო აზრისაგან, მიენიჭებინა მათთვის ცხონება. სოკრატეს შესახებ წმინდა ოქროპირი წერდა: „სოკრატე ყველაფერს ამპარტავნობით აკეთებს. თქვენ რომ მის სწავლებას იცნობდეთ, დაგანახებდით, რამდენი პირფერობაა როგორც სოკრატეში, ისე მის სწავლებაში".11

   პითაგორას შესახებ კი წმინდანი წერდა, რომ მან „არათუ არანაირი სარგებელი არ მოუტანა კაცობრიობას, არამედ ძლიერ ავნო კიდეც მას". ოქროპირმა პითაგორას სწავლებას „სატანური სისაძაგლე" უწოდა.12

   როგორც ვხედავთ, წმ. იუსტინე ფილოსოფოსის პიროვნული შეხედულება მიუღებელია ეკლესიისათვის. ლიბერალები კი ჯიუტად ცდილობენ წარმოგვიჩინონ ის, ვით მამებისეული და ძველი ეკლესიის სწავლება, რაც, რა თქმა უნდა, მორიგი მარცხით დასრულდება.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

1Св. Иустин Философ. Творения. М 1995. გვ. 76.

2Арх. Рафаил (Карелин). О современном неогностицизме.

3Св. Иустин Философ. Творения. გვ. 35.

4იქვე გვ. 74.

5იქვე გვ. 35.

6იქვე გვ. 89.

7იქვე გვ. 82.

8იქვე გვ. 92.

9იქვე გვ. 155.

10Вне Церкви нет спасения. Диак. Георгий Максимов.

11Св. Иоанн Злотоуст. Беседы на книгу деяния. გვ. 36.

12იქვე გვ. 37.


უკან დაბრუნება