მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > ქორწინება კურთხეულია ღვთის მიერ

ქორწინება კურთხეულია ღვთის მიერ


24-10-2016, 00:07

 
   ნეოწარმართები, გნოსტიკური სექტების მსგავსად, ირწმუნებიან, რომ ოჯახური, ცოლ-ქმრული ცხოვრება არის არაბუნებრივი და მიუღებელი ქრისტიანული თვალსაზრისით.
   ეკლესიამ იმთავითვე უგულებელყო ყოველგვარი ნეგატიური დამოკიდებულება ქორწინებისადმი და აკურთხა მეუღლებრივი ცხოვრება. საკმარისია გავიხსენოთ მაცხოვრის პირველი სასწაული, როდესაც კანას გალილეაში წყალი ღვინოდ აქცია. ქორწინების შესახებ მაცხოვარი ბრძანებს: „ამისათვის დაუტევოს კაცმან მამაჲ თვისი და დედაჲ თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა. და იყვნენ ორნივე ერთ ხორც. რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნ" (მარკ. 10. 7-10). ბიბლიის პირველივე სტრიქონებიდან ჩანს, რომ ღმერთი აკურთხებს მამაკაცისა და დედაკაცის ერთობლივ ცხოვრებას: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხნა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა..." (დაბად. 1. 27-28). პავლე მოციქული ბრძანებს: „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმა" (ებრ. 13. 4). იმავე პავლე მოციქულის ეპისტოლეში კაცისა და ქალის შეუღლება ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობას შეადარა, და თან დასძინა, რომ „საიდუმლო ესე დიდ არს" (ეფ. 5. 32).
   ნეოწარმართები თავისი არგუმენტის გასამყარებლად პავლე მოციქულის შემდეგ სიტყვებს იშველიებენ: „უმჯობეს არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე არა-ხებაჲ" (1 კორ. 7. 1). ისინი შეცდომით განმარტავენ ამ წინადადებას. თითქოს მოციქული ქორწინებას ღმერთთან მიახლების ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნევდეს. ყოველივე გასაგები ხდება ტექსტის ბოლომდე ჩაკითხვისამებრ: „ხოლო სიძვისათვის, კაცად-კაცადსა თვისი ცოლი ესვენ, და თვითოეულსა თვისი ქმარი ესვინ. ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემედინ, ეგრეცა ცოლი-ქმარსა. ცოლი თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი. ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაიმე, ჟამ რავდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კვალად ურთიერთსავე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინობითა თქუენითა... რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი; არამედ კაცად-კაცადსა თვისი მადლი აქუს ღმრთისაგან, რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ. ვეტყვ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: კეთილ არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე, ხოლო უკუეთუ ვერ დაითმენნ, იქორწინნედ; რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განხურვება" (1 კორ. 7. 2-9). ანუ ვისაც სურს სრულიად საკუთარი თავი მიუძღვნას ღმერთს, შეიკავოს თავი ქორწინებისაგან და შეუდგეს მონაზვნურ, ქალწულებრივ ცხოვრებას. მაგრამ ეს მოწოდება ყველას არ ეხება, მხოლოდ მათ, ვისაც ხელეწიფება მსგავსი ღვაწლი, თავშეკავება და მონაზვნურ ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზება. როგორც თავად უფალმა ბრძანა: „რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითაგან დედისა თვისისა საჭურისნი იშვნენ; და არიან საჭურისნი რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფეველისათვის ცათასა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ" (მათ. 19. 12). დანარჩენებისთვის, ე.ი. უმრავლესი ქრისტიანებისთვის, ღმერთმა სხვა გზა გვარგუნა, რასაც კანონიერ ქორწინებას ვუწოდებთ, ხოლო უკანონო თანაცხოვრება, კანონიერი ქორწინების მიღმა კავშირები, ეკლესიის მიერ მკაცრად იკრძალება.
   მართლმადიდებლური იდეალი - მყარი მრავალშვილიანი ოჯახია, რომელიც გამყარებულია მშობლებისა და შვილების სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე. ასეთი ოჯახი ჯანსაღი ერისა და ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. წმ. პაისი ათონელი ოჯახის შესახებ ბრძანებს: „ერში ერთადერთი ფასეულობა - ოჯახია. თუ ოჯახს საფრთხე ემუქრება, მაშინ სამყაროც განწირულია. პირველ რიგში, შენი სიყვარული ოჯახისადმი გამოავლინე. თუ ოჯახი დაინგრევა, მაშინ სასულიერო და სამონაზვნო ცხოვრებაც მიჰყვება მას, ვინაიდან კეთილმორწმუნე ოჯახი იძლევა ღვთისსათნო ნაყოფს".
   ამრიგად, არ არსებობს დასაყრდენი წმინდა წერილში იმ მოსაზრებისა, თითქოს ქორწინება არ იყოს კურთხეული ღვთის მიერ. თანამედროვე ნეოწარმართები, გარეგნულად ქრისტიანობით შენიღბულნი, ძველი გნოსტიკოსების მსგავსად მოქმედებენ; გარეგნულად მართლმორწმუნე ქრისტიანებად მოაქვთ თავი, შინაგანად კი ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ცრუსწავლებებს ავრცელებენ; ხელს არ უწყობენ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც სწორედ რომ გახლავთ ქვაკუთხედი ჩვენი ერის გადარჩენისა და კეთილდღეობისა.


Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება