მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > მსოფლიო ისტორიის შვიდი ეპოქის დახასიათება

მსოფლიო ისტორიის შვიდი ეპოქის დახასიათება


25-02-2017, 00:07

 

 

   მსოფლიოს აღსასრულისა და ანტიქრისტეს გამოჩენის საკითხი ადრეც ხშირად აწუხებდა ქრისტიანულ საზოგადოებას. მისდამი ინტერესი ამჟამად ერთობ დიდია. პროგრესის მომლოდინე ადამიანებთან ერთად ხშირად შეხვდებით აპოკალიფსის ფურცლებში ჩაღრმავებულებსაც. მოისმენთ საიდუმლო ხილვების შესახებ, რომლებიც სოფლის აღსასრულს წინასწარმეტყველებენ. მსოფლიოს აღსასრულის მოახლოებას წმიდა სერაფიმე საროველის სახელს უკავშირებენ. ამის შესახებ მეტად პოპულარულ მქადაგებელს წმ. იოანე კრონშტანდტელსაც არაერთხელ უთქვამს.

   წინასწარმეტყველების თვალსაზრისით აპოკალიფსზე უფრო ამომწურავი წყარო არ მოიპოვება. მაგრამ იგი ერთობ რთული აღსაქმელია და არ შეიძლება, მხოლოდ უბრალოს ქრონოლოგიურ ჩამონათვალად იქნეს გაგებული. მიუხედავად ამისა, იოანე მოციქულის გამოცხადების ძირითად ნაწილში ქრონოლოგიური თანმიმდევრობა შეინიშნება. ამის შესაბამისად მსოფლიო ისტორია მაცხოვრის განკაცებიდან სოფლის აღსასრულამდე შვიდ ეპოქად შეიძლება დაიყოს.


   წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება პირდაპირი გაგებით მხოლოდ შვიდი ეკლესიისადმია მიმართული: ეფესოს, ზმირნის, პერღამის, თუატრის, სარდის, ფილადელფიის და ლავდიკიის. იბადება კითხვა: რატომ მიმართა მაცხოვარმა მხოლოდ შვიდ ეკლესიას? ამის შესახებ წმიდა ანდრია კესარიელი აპოკალიფსის განმარტებაში შენიშნავს: „ვინაითგან მრავალ იყვნეს ადგილ-ადგილ ეკლესიანი, ამან შვიდთა ოდენ მიუწერა და შვიდსა მის რიცხვისა მიერ ყოველთა ეკლესიათა ეტყვის". ანუ მაცხოვარი შვიდი ეკლესიის სახელით მსოფლიო ეკლესიას მიმართავს, რიცხვ შვიდს კი სიბოლური მნიშვნელობა გააჩნია. ამრიგად, გამოცხადების მიერ მოცემული შვიდი ეკლესიის დახასიათება მსოფლიო ეკლესიის არსებობის შვიდი თანმიმდევრული პერიოდის დახასიათებად უნდა მივიჩნიოთ.

   აღსანიშნავია ისიც, რომ ვერც ერთი ეპოქისათვის ვერ დავადგენთ ზუსტ საზღვრებს, რითაც შესაძლო გახდებოდა წინა ეპოქის გამოყოფა მომდევნოსაგან ყველა ეპოქა თავისი დროის ქრისტიანულ სულისკვეთებას გამოხატავს.

   პირველი - ეფესოს ეკლესიის ეპოქა

   მოციქულების ქადაგების პერიოდს მოიცავს, ანუ პერიოდს მაცხოვრის განკაცებიდან ქრისტიანთა პირველ დევნამდე. გამოცხადება დიდად აქებს ეფესოს ეკლესიის საქმიანობას: „ვიცნი საქმენი შენნი და შრომაი შენი და მოთმინებაი შენი და ვითარმედ ვერ ძალ-გიც ტვირთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყვიან თავთა თვისთა მოციქულად და არა არიან და ჰპოვებენ იგინი მტყუვარ" (გამოცხ. 2. 1).

   შევნიშნავ, რომ თავად სახელი „ეფეს" „სასურველს" ნიშნავს. ეფესოს ეკლესიას დიდ შეფასებას ანიჭებს მაცხოვარი მისთვის, რომ მან ჭეშმრიტი მოციქულები ცრუ მოციქულთაგან გაარჩია. მაგრამ გამოცხადება უკვე აძლევს ეკლესიას საყვედურს: „სიყვარული იგი შენი პირველი დაუტევე". შემდეგ მაცხოვარი ამბობს: „პირველი საქმენი ქმნენ; უკუეთუ არა, მოვალ ადრე და აღძვრა სასანთლე შენი ადგილისაგან თვისისა, უკუეთუ არა შეინანო" (გამოცხ. 2. 5). ეს მუქარა ზმირნის ეკლესიის ეპოქაში დევნის პერიოდში აღსრულდა. ამრიგად, პირველი აპოკალიფსური ეპოქა ათეული წლების, არა უმეტეს ასი წლის განმავლობაში გრძელდება.

   მეორე - ზმირნის ეკლესიის ეპოქა

   ზმირნის ეკლესიის ეპოქა თავისი სიმბოლური მნიშვნელობით დევნას ნიშნავს. ღვთის სიტყვა ზმირნის ეკლესიას, ანუ მეორე ეპოქის ქრისტიანების მოსალოდნელი დევნის დაწყებას მოასწავებს და ანუგეშებს მათ: „ნუ გეშინის საქმეთა მათგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა ეშმაკსა ეგულების თქვენგანთაი შთაგდებად საპყრობილესა, რაითა გამოიცადნეთ ათ დღე" (გმოცხ. 2. 10). ეს უკანასკნელი გამონათქვამი ქრისტიანთა ათ დევნას უნდა დავუკავშიროთ. დევნა მოხდა: 1. ნერონის დროს 64 წელს, 2. დომიციანეს - 91 წელს, 3. ტარაიანეს - 98 წელს, 4. მარკ ავრელის - 177 წელს, 5. სეპტიმე სევერის - 202 წელს, 6. დეკის - 250 წელს, 7. ვალერიანის - 257 წელს, 8. ავრელიანეს - 275 წელს, 9. დიოკლეტიანეს - 903 წელს და 10. მაქსიმიანეს დროს - 311 წელს. ქრისტიანებისათვის მეტად მძიმე ზმირნის ეპოქა დაახლოებით კონსტანტინე დიდის პერიოდამდე, ანუ 200 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ყურადსაღებია, რომ გამოცხადება არც ერთ საყვედურს არ აძლევს ზმირნის ეკლესიას. მხოლოდ ეუბნება: „ვიცნი საქმენი შენნი და ჭირი". ეშმაკთან ბრძოლაში გამარჯვებულთ კი მეორე სიკვდილისაგან ხსნას ჰპირდება: „რომელმან სძლოს, არა ევნოს მას სიკვდილისა მისგან მეორისა" (გამოცხ. 2, 9-11).

   მესამე - პერღამის ეკლესიის ეპოქა 

   ნიშანდობლივია იმით, რომ ეკლესია ცხოვრობს იქ, „სადა-იგი ეშმაკი მკვიდრ არს" (გმოცხ. 2. 13). ამ პერიოდში, ეტყობა, სერიოზული ცვლილებები მოხდა, რამაც ძალიან გაართულა ეკლესიის მდგომარეობა. დიდი სირთულის მიუხედავად, ეკლესიამ მტკიცედ დაიცვა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რის გამოც მაცხოვარისაგან განსაკუთრებული ქების ღირსი გახდა.

   ამ პერიოდში სხვადასხვა მწვალებლობის არსებობის გამო ეკლესიას მრავალი საყვედური მიეცა. მაგრამ მაცხოვარი ანუგეშებს ეკლესიას: „მოვალ შენდა ადრე და ბრძოლ-ვყო მათ თანა მახვილითა პირისა ჩემისათა". ამიტომ პერღამის ეპოქა ეჭვგარეშე მსოფლიო კრებების ეპოქად უნდა მივიჩნიოთ, რომლებზეც დამარცხდნენ ერეტიკოსები.

   მეოთხე - თუატრის ეკლესიის ეპოქა

   თუატრის ეკლესიის ეპოქა ახალი ისტორიის პერიოდს - XIII – XIV საუკუნეებს მოიცავს. გამოცხადება ამ პერიოდის ეკლესიას სიყვარულსა და სარწმუნოებას უქებს: „ვიცნი საქმენი შენნი და სიყვარული და სარწმუნოებაი შენი და მსახურებაი და მოთმინებაი და საქმენი შენნი უკანასკნელნი უმრავლესნი პირველისა" (გამოცხ. 2. 19), მაგრამ მაცხოვარი კვლავ საყვედურობს ამ ეპოქას გავრცელებული მწვალებლობებისა და გარყვნილების გამო. ასევე გამოცხადება „სიახლის" ძიებისაგან მორიდებას გვირჩევს. „არამედ რომელი გაქუს, დაიმჭირეთ ვიდრემდის მოვიდე" (გამოცხ. 6. 2. 25). ამ სიტყვებით გვახსენებს, რომ ჭეშმარიტება განცხადებულია და გამოკვლევას არ საჭიროებს.

   საერთო ჯამში თუატრის ეპოქა ღვთის საქმეს ემსახურება, რადგან აპოკალიფსის მას წარმართებზე ხელმწიფებას ჰპირდება: „მივსცე მას ხელმწიფებაი წარმართთა ზედა და ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისათა" (გამოცხ. 2. 26-27).

   მეხუთე - სარდის ეკლესიის ეპოქა

   სარდის ეკლესიის ეპოქა სამწუხარო ეპოქებს მიეკუთვნება. ამ პერიოდის აპოკალიფსური დახასიათება თითქოსდა ჩვენს ფსევდოქრისტიანულ სახეს წარმოგვიჩენს: „ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ სახელი გაქვს და ცხოველ ხარ და მკუდარ ხარ" (გამოცხ. 3. 1).

   მაცხოვარი ვერანაირ ნუგეშს ვერ ჰპოულობს სარდის პერიოდისათვის. ის მხოლოდ სინანულისაკენ მოუწოდებს და მუქარით შეაგონებს მას: „იხსენებთ უკუეთუ არა მღვიძარე იყო, მოვიდე შენ ზედა, ვითარცა მპარავი, და ვერ სცნა, რომელსა ჟამსა მოვიდე შენ ზედა" (გამოცხ. 3. 3).

   მიუხედავად ესოდენ მძიმე მდგომარეობისა, სარდის ეპოქის ქრისტიანული სამყარო საბოლოოდ ჯერ არ დაღუპულა. მასში კიდევ უდიდესი აღმავლობის ძალია დაფარული, რომლის ხვედრი ფილადელფიის ეპოქას ერგო.

   მეექვსე - ფილადელფიის ეკლესიის ეპოქა

   სარდის ეპოქის დაცემის მიუხედავად, ქრისტიანობის მსოფლიო მისია ამით როდი მთავრდება. მას უდიდესი სულიერი აღმავლობა მოჰყვება, რადგან ფილადელფიის ეკლესიას აპოკალიფსის არც ერთ საყვედურს არ ეუბნება, მხოლოდ და მხოლოდ ქებით იხსენიებს მას. აღსანიშნავია, რომ ამ პატივის ღირსი პირველი ეპოქაც კი არ გამხდარა, არამედ მხოლოდ მეორე (მოწამეობრივი) და მეექვსე, რომელიც სიმბოლური მნიშვნელობით ძმურ სიყვარულს ნიშნავს.

   ამ პერიოდში ეკლესია მცირერიცხოვანი იქნება, მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნებს ღვთის სიტყვას: „რამეთუ მცირე ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყვაი ჩემი და არა უვარ-ჰყავ სახელი ჩემი" (გამოცხ. 3. 8). ჯილდოდ ამ ღვაწლისა ებრაელების ეკლესიისაკენ მოქცევა იქნება. ყურადსაღებია გამოცხადების ეს სიტყვები: „აჰა ესერა მიგცემ კრებულისგან ეშმაკისა, რომელნი იტყვიან თავსა თვისსა ჰურიად, და არა არიან, არამედ ტყუვიან, აჰა ესერა ვყვნე იგინი, რაითა მოვიდენ და თაყვანის-გცენ წინაშე ფერხთა შენთა და ცნან, რამეთუ შეგიყუარე შენ" (გამოცხ. 3. 9).

   ამასთანავე, მაცხოვარი ფილადელფიის ეკლესიას „ჟამისა მის განსაცდელისაგან" დაცვას ჰპირდება, რომელიც მთელ დედამიწაზე იქნება. ეს კი უკვე ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულის მაუწყებელია. მაცხოვარი ამგვარად მიმართავს ფილადელფიის ეკლესიას. „მოვალ ადრე, იპყარ, რომელ-ეგე გაქუს, რაითა არავინ მიგიღოს გვირგვინი შენი" (გამოცხ. 3. 11). სავარაუდოა, რომ მრავალნი, სახელად „ქრისტიანები", სულიერად უფრო და უფრო დაეცემიან, რადგან მსოფლიო მეშვიდე ლავდიკიის ეპოქაში გადადი, რომლის შესახებაც მაცხოვარი ამბობს: „მეგუმების აღმოგდებაი შენი პირისაგან ჩემისა" (გამოცხ. 3. 16).

   მეშვიდე - ლავდიკიის ეკლესიის ეპოქა

   ლავდიკიის ეკლესიის ეპოქა ყველაზე საბრალო ეპოქაა ეპოქებს შორის. დასრულდება იგი უდიდესი უბედურებით, ანტიქრისტეს მოსვლითა და გამეფებით. შემდეგ კი დადგება სოფლის აღსასრული.



მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება