მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > პატერიკი - ერისკაცის ღვაწლი

პატერიკი - ერისკაცის ღვაწლი


14-11-2016, 00:07

 

წმინდა მამათა ცხოვრება სულიერი საზრდო და მიბაძვის ამოუწურავი წყარო იყო და იქნება ყველა დროის ქრისტიანისათვის. წმინდა მამებმა მიაღწიეს მიზანს, მათ დაიმკვიდრეს მარადიული ნეტარება. წმინდა მოღვაწეთა ცხოვრება გვიდასტურებს, რომ მათი აზროვნება, გრძნობა და ყოველი მოქმედება ღვთისსათნო იყო. წმინდანები სულიწმინდის მატარებელი ჭურჭლები იყვნენ და ვინც მათი ცხოვრებით ხელმძღვანელობს, ეჭვგარეშეა, სულიწმინდით ხელმძღვანელობს. თითოეული წმინდანის ცხოვრება ერთ-ერთი გზაა ცხონებისაკენ.

   ყველა წმინდანის ღვაწლი სახარებაზეა დაფუძნებული. სახარების მცნებები მოკლეა. წმინდანთა ცხოვრება კი გვიჩვენებს, თუ როგორ ასრულებდნენ წმინდანები მცნებებს ცხოვრების სხვადასხვა პირობებში.

   წმინდანთა ცხოვრება და ცალკეული ცხოვრებისეული მაგალითები სამკურნალო საშუალებების მსგავსია. მათი შესწავლით ქრისტიანს თავისი სულიერი სნეულებისაგან გადამრჩენი საშუალების მოპოვება შეუძლია.

   ამასთანავე მკითხველს შევახსენებთ, რომ წმინდანთა მრავალი გარეგნული ღვაწლი შეუძლებელია მიბაძვის საგნად იქცეს; რადგან ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალები ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ძველი დროის ქრისტიანებისა. ეკლესიის მასწავლებელი წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) მოგვითხრობს რა ამბა (მამაო) ივისარიონის ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ, წერს: „ამბა ივისარიონის ღვაწლი განსაკუთრებულ ღვაწლს მიეკუთვნება, რომლის შესრულება ღვთისაგან გამორჩეული ადამიანების ხვედრია და განსაკუთრებული მოწოდების გარეშე თვითნებური მიბაძვა კატეგორიულად აკრძალულია".

   წმ. გრიგოლის (დვოესლოვი) აზრით, მკითხველისათვის წმინდანთა ცხოვრებას ორგვარი სარგებელი მოაქვს: ერთი ის, რომ მათი ცხოვრების მაგალითი ადამიანში მარადიული ცხოვრების სიყვარულს აღვივებს; მეორე ის, რომ თუ ადამიანი რომელიმე სათნოებას ხედავს საკუთა თავში. წაკითხვისთანავე დამდაბლდება, რადგან წმინდანთან ღვაწლი ბევრად უფრო აღმატებული იყო.


ინტერნეტჟურნალ  „Xareba.net" - ის რედაქცია 


   1) გალატიის ქალაქ ანკირში დიდაზნური სევერიანე და მისი ცოლი ვოსპირია გავიცანი. ისინი იმდენად იყვნენ აღჭურვილნი მომავალი ცხოვრების იმედით, რომ თითქოსდა საკუთარ შვილებზე არც ზრუნავდნენ. მრავალშვილიანობის (6 შვილი) მიუხედავად, ისინი მონაგებს შვილებს როდი აძლევდნენ (რა თქმა უნდა, დაოჯახებულების გამონაკლისით), არამედ ღარიბ-ღატაკებს უწილადებდნენ. შვილებს კი ასე ეუბნებოდნენ: „ჩვენი სიკვდილის შემდეგ ყოველივე თქვენია, ხოლო სანამ ცოცხლები ვართ, შემოსავალს ეკლესია-მონასტრებს და გაჭირვებულებს გავუნაწილებთ. მათი ლოცვა, შვილებო, თქვენც და ჩვენც დროებითის ნაცვლად მარადიულ ცხოვრებას მოგვანიჭებს". და აი, კიდევ რა სათნოება იყო მათში: როდესაც ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო, სევერიანემ ცოლთან ერთად თავის მამულებში ღარიბ-ღატაკთათვის საცხოვრებლები გახსნა და მთელი მარაგი მათ დაურიგდა. ყურადსაღებია ისიც, რომ სიმდიდრის მიუხედავად, ცოლ-ქმარს ძალიან მოკრძალებული ცხოვრების წესი ჰქონდათ. მათი შესამოსი ძალიან უბრალო და იაფფასიანი იყო, საკვებს კი უბრალოს იღებდნენ, თანაც მცირე რაოდენობით. ღვთის წინაშე სიწმინდით ცხოვრობდნენ და უმეტეს დროს შრომასა და მდუმარებაში ატარებდნენ. ამგვარი სათნო ცხოვრების გამო ღვთისაგან მათთვის გამზადებული მარადიული ნეტარება დაიმკვიდრეს.

   2) ამბა (მამაო) იოანე ორ ბერთან ერთად ამბა ნიკოლოზს ეწვია. მღვიმეში შესულებმა მასთან ერთი ერისკაცი იხილეს. მამებს შორის სულის სასარგებლო საუბარი გაიმართა. ამბა ნიკოლოზმა საუბარში ჩართვა ერისკაცსაც სთხოვა. უკანასკნელი შემოთავაზებულზე თავმდაბლად უარს ამბობდა. მაგრამ წმინდა მამამ კვლავაც თხოვნით მიმართა ერისკაცს. მაშინ მან მიუგო: „უკვე ოცდაორი წელი გავიდა, რაც მზის ჩასვლამდე, შაბათ-კვირის გარდა, საკვები არ მიმიღია. თხუთმეტი წელიწადია მოჯამაგირედ ერთ მდიდარ, მაგრამ არასამართლიან და ძუნწ ადამიანთან ვცხოვრობ. მას ჩემთვის საზღაურის გადახდა არ სურს და ხშირად შეურაცხყოფასაც მაყენებს. მაგრამ მე ამგვარად ვინუგეშებ თავს: „თეოდორე, თუ ამ ადამიანთა ცხოვრებას აიტან, მაშინ ის შენ ამქვეყნიური საზღაურის ნაცვლად ზეციურ ნეტარებას მოგაგებს. ჩემი სხეული დღემდე წმინდად, ქალისაგან შეუხებლად მაქვს შენარჩუნებული". ამ ამბის მოსმენით ყველამ დიდი სულიერი სარგებელი მივიღეთ.

   3) ორი მეუდაბნოე მამა ღმერთს მათი სულიერი დონის შეფასებას ევედრებოდა. ზეციდან მათთვის ხმა გაისმა: „ეგვიპტის ერთ სოფელში ერისკაცი, სახელით ევქარისტი, და მისი ცოლი მარიამი ცხოვრობს, მათ სულიერ დონემდე თქვენ ჯერ არ მიგიღწევიათ". მამებმა იმ სოფელში წასვლა და ერისკაცის პოვნა გადაწყვიტეს. ევქარისტის ოჯახში მისულ მამებს მისი მეუღლე დაუხვდათ. მარიამმა მამები სახლში მიიწვია, სარამოთი კი ევქარისტიც მოვიდა. მამების დანახვისთანავე მან ფეხების დასაბანი წყალი მოიტანა და ტრაპეზის გამზადებას შეუდგა. მამებმა მიმართეს: არ ვიგემებთ არაფერს, სანამ შენი ცხოვრების შესახებ არ მოგვითხრობო. ევქარისტი თავმდაბლობით ამბობდა: - მე მწყემსი ვარ, ეს კი ჩემი ცოლია. მაშინ მამებმა ღვთის გამოცხადების შესახებ უამბეს. ამის მოსმენით შეშინებულმა თხრობა დიწყო: - ეს ცხვრები მშობლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ. თუ, ღვთის წყალობით, შემოსავალი გვრჩება, სამ ნაწილად ვყოფთ: ერთს ღარიბებისათვის, მეორეს - მწირთათვის, ხოლო მესამეს ჩვენთვის ვიტოვებთ. ოჯახის შექმნის დღიდან მე და ჩემი ცოლი ერთმანეთს არ შევხებივართ და დღემდე ქალწულებას ვინარჩუნებთ. (ეს ღვაწლი გამონაკლის შემთხვევებს ეკუთვნის. რედ.). დღემდე ამის შესახებ არც ერთ ადამიანს არ სმენია. ამ ამბის მოსმენით გაკვირვებული მამები ღვთის დიდებით საკუთარ სამყოფელს დაუბრუნდნენ.




Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება